საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2005 ძალადაკარგული 31.01.2006
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
480060000.22.300.007415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 19/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.060.000.22.030.007.415

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2005 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და მე-21 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. ზურაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის

დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

    მუხლი 2 

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

 

თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;

ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

თ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ი) საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებში არსებული საკონსულო-სავიზო პუნქტების საქმიანობის ხელმძღვანელობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა;

ნ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია;

ო) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება;

პ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოთხოვნა;

ჟ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება, მათი გადაცემის ორგანიზება;

რ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწსებულებების მუშაკთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

    მუხლი 6

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის კოორდინაცია, გაუწიოს მათ დახმარება მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საკონსულო სფეროში სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების შესახებ;

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებები საქართველოს საკონსულო პოლიტიკის შესახებ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები და გამართოს კონსულტაციები;

ე) შეიმუშაოს წინადადებები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა გახსნაზე;

ვ) გააფორმოს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების საკონსულო პატენტი;

ზ) გააფორმოს ეგზეკვატურა საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსულო დაწესებულებების მეთაურებისათვის;

თ) გაუკეთოს ანალიზი საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების და საკონსულო სამსახურების ანგარიშებს და სხვა საინფორმაციო მასალას, მოამზადოს დასკვნები, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება მათი განხორციელებისათვის;

ი) განახორციელოს ღონისძიებები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საკონსულო სამსახურთა თანამდებობის პირების უფლებების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დასაცავად;

კ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პასპორტების, სამგზავრო დოკუმენტების, სავიზო ეტიკეტების, აგრეთვე სხვა საკონსულო დოკუმენტაციის ფორმების ნიმუშების შემუშავებაში;

ლ) მოახდინოს საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვისას.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 9

დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე.

4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავენ და ზედამხედველობენ დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობენ დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  

      მუხლი 12

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საკონსულოსამართლებრივი სამმართველო;

ბ) საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო;

გ) საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო;

დ) სავიზო სამმართველო;

ე) სავიზო ინფორმაციის სამმართველო;

ვ) ზოგად საკონსულო საკითხთა სამმართველო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

    მუხლი 13

საკონსულო-სამართლებრივი სამმართველო ახორციელებს:

ა) საკონსულო სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

ბ) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებების შემუშავებას;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთოებების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სრულყოფას საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

დ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე დასკვნების მომზადებას;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ვ) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ზ) საკონსულო პატენტის მომზადებას;

თ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადებას;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევასა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიწოდებას;

კ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ლ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

    მუხლი 14

საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო ახორციელებს:

ა) წინადადებების შემუშავებას საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;

ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-ანალიზსა და აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატურ მომზადებას;

გ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ე) სავიზო საკითხების შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების ანალიზს;

ვ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადებას;

ზ) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადებას;

თ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლასა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობას;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლასა და რეკომენდაციების მომზადებას;

კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზსა და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადებას;

ლ) უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიულ და კვალიფიციურ მოგვარებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

    მუხლი 15

საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარებას;

გ) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემას, ჩამორთმევას, შენახვას, მათში ცვლილებების შეტანასა და გაუქმებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

    მუხლი 16

სავიზო სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათ გაუქმებას, ასევე საქართველოს საკონსულო-სავიზო პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემის კონტროლს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და გაუქმებას;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგად კოორდინაციას;

დ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ე) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომლობას;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირებას იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

     მუხლი 16​1

სავიზო ინფორმაციის სამმართველო ახორციელებს:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს;

ბ) საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;

გ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფას;

დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენელად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;

ე) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშო-რისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კუტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;

ზ) სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

    მუხლი 16​2.

ზოგად საკონსულო საკითხთა სამმართველო ახორციელებს:

ა) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციას;

ბ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვას;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში, გადმოსვენების ორგანიზებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარებას;

დ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისათვის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვისას დახმარების აღმოჩენას;

ე) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებას;

ვ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობას, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2005 წლის 3 ოქტომბერი ს ბრძანება №129-სსმIII,№117, 07.10.2005წ.,მუხ.1291

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №70, 11.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.300.007415 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1427418-1/