საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №302/ნ ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.11.2005 ძალადაკარგული 20.01.2009
ნომერი
№302/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470070000.22.035.007888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 08/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.170.000.22.035.007.888

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   

ბრძანება №302/ნ

2005 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების თანდართული მეთოდიკა.

2. ჩანაცვლებითი პროგრამების მომზადება, მათი ექსპერტიზა, მათ განხორციელებაზე მონიტორინგი და შედეგიანობის ანალიზი დაევალოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს (ლ.ბარამიძე).

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ნ. ფრუიძეს.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკა

    მუხლი 1. ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და მოქმედების სფერო

ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკა (შემდგომში – „ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 38ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებითი მკურნალობის დანერგვას საქართველოში.

    მუხლი 2. ჩანაცვლებითი მკურნალობა და მისი სახეები

1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ, რომლისადმიც განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი.

2. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის გამოიყენება ჩამანაცვლებელი ოპიოიდური პრეპარატი – სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ოპიოიდთა ჯგუფს.

3. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია:

ა) ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში;

ბ) ჩამანაცვლებელი პრეპარატით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში;

გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით;

დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით.

 მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები

1. ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია, აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტებისა და სხვა ინიექციური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია.

2. ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინოსოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში მყარი რემისიის მდგომარეობის მიღწევა.

3. აივინფიცირებულ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინიექციური გზით მოხმარების შეწყვეტა და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება.

4. ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებელთა მოზიდვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათი სანიტარიული განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის (აივ ინფექცია/შიდსზე, სიფილისზე და სხვ.) გამოკვლევის მიზნით.

5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პირთა რესოციალიზაციის მიზნით.

    მუხლი 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა  

1. ჩანაცვლების მკურნალობის პროგრამების განხორციელების უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიების მქონე სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული აქვს კონკრეტული ოპიოიდით ჩამანაცვლებელი მკურნალობის პროგრამა.

2. კონკრეტული პრეპარატით ჩანაცვლებითი პროგრამები მტკიცდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით.

3. პროგრამის განხორციელების მსურველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) საკუთრივ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა შესაბამისი სამკურნალორეაბილიტაციური ღონისძიებების სტანდარტებით;

ბ) დაწესებულების სალიცენზიო დოკუმენტაცია;

გ) ხელშეკრულებები ნარკოტიკული საშუალებების მომწოდებელთან;

დ) დარგის ექსპერტების რეკომენდაციები.

4. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება საექიმო-საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სამედიცინო კომისია) სამი ექიმი-ნარკოლოგის შემადგენლობით. კომისია მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს პაციენტთა მკურნალობის პროცესს.

5. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტურობის გაზრდისათვის, მათ მიმდინარეობაში წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტის ოპერატიულობის და განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები

ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძვლებია:

ა) ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთერთის არსებობა;

ბ) შემდეგი კრიტერიუმები:

ბ.ა) არანაკლებ 21 (მეთადონის შემთხვევაში 25) წლის ასაკისა; ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მინიმუმ 3 წლის, ამასთან, ინტრავენური მოხმარების, სულ მცირე, 1 წლის სტაჟის არსებობა; ოპიოიდური დამოკიდებულების სხვა მეთოდებით წარუმატებელი მკურნალობის, მინიმუმ, ერთი მცდელობის;

ბ.ბ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება;

ბ.გ) ორსულობა;

ბ.დ) სხვა განსაკუთრებული კლინიკურ-სოციალური მაჩვენებლების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 6. პაციენტთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვის წესი

1. პაციენტის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გარდა “ბ.დ” ქვეპუნქტისა.

2.(ამოღებულია).

3. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო კომისია განიხილავს პროგრამაში მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

4. განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ და მე-5 მუხლის “ბ.ა” ქვეპუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადრე ჩატარებული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო “ბ.ბ” და “ბ.გ” ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლებამოვალეობების შესახებ.

6. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვა წყდება კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 7. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება

1. თითოეული პაციენტის მკურნალობა წარმოებს ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი და ამტკიცებს სამედიცინო კომისია. ინდივიდუალური პროგრამა შეთანხმებული უნდა იყოს პაციენტთან.

2. ჩანაცვლებითი პრეპარატის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში და მტკიცდება საექიმო კომისიის მიერ.

3. ინდივიდუალური პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს კომპლექსურ სამედიცინო და ფსიქოსოციალურ დახმარებას.

4. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება სამკურნალო დაწესებულებაში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის კონტროლის ქვეშ.

5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში ამ უკანასკნელი დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არა უგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ ჩანაცვლებითი პროგრამის ხელმძღვანელობას და შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულებას უნდა გადაეცეს ჩამანაცვლებელი პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ულუფისა. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ ავადმყოფის სტაციონარულ ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება: წამლის ფორმა, პრეპარატის დოზირება, გადაცემული პრეპარატის რაოდენობა და სხვა სპეციფიკური საკითხები. პრეპარატის მიღების კონტროლი ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ, რის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ისტორიაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ადასტურებს განყოფილების გამგეც.

6. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის (მაქსიმუმ 2 დღის) მიწოდება ხორციელდება ექთნის მიერ. შესაძლებელია აგრეთვე ულუფის (არა უმეტეს 2 დღისა) გატანება პაციენტის ოჯახის წევრისთვის, მისი პირადი განცხადებისა და სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 7 დღისა.

7. პაციენტის ქალაქიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში სამედიცინო კომისიას აქვს უფლება ხელზე გაატანოს მხოლოდ 3 დღის ულუფა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 8. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული/ ფსიქოტროპული საშუალებების მიღების კონტროლი

1. ყოველი მორიგი ულუფის მიღებამდე უნდა მოხდეს პაციენტის მდგომარეობის შეფასება მედპერსონალის მიერ. საეჭვო შემთხვევებში ტარდება შარდის ქიმიურტოქსიკოლოგიური ანალიზი.

2. პროფილაქტიკური მიზნით უნდა ტარდებოდეს თითოეული პაციენტის შარდის შემთხვევითი გადამოწმება ნარკოტიკულ/ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3 ანალიზისა თვეში და არანაკლებ 2 ანალიზისა თვეში, ყოველი მომდევნო თვის განმავლობაში.

 

მუხლი 9. ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის კურსის დასრულება

ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება დეტოქსიკაციის კურსის ჩატარებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 10. ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის შეწყვეტა

1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტისგან დამოუკიდებელი მიზეზებით (თავისუფლების აღკვეთა, გამგზავრება და სხვ.) ან პროგრამიდან გარიცხვით.

2. პროგრამიდან გარიცხვის კრიტერიუმებია:

ა) რეჟიმის უხეში დარღვევა;

ბ)ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები;

გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა;

დ) მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის ხშირი უგულებელყოფა;

ე) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა.

3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ბარდება წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი სანქციების შესახებ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო კომისია განიხილავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს.

4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის მიმართ უხეში მოქცევა, ნარკოტიკების მოპარვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვ.) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ.

5. პროგრამიდან გარიცხვის შემთხვევაში პაციენტს უტარდება მოკლევადიანი (8-10დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი.

6.(ამოღებულია).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტო მბერი ს  ბრძანება №270/ნ-სსმIII,№145,24.10.2006წ.,მუხ.2011

    მუხლი 11. ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვისა და გაცემის წესები

ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ჩამანაცვლებელი პრეპარატის მიღება, შენახვა და გაცემა წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №302/ნ ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“, №302/ნ, 24.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 470070000.22.035.007888 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1431791-1/