საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 13.10.2021
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
190020060.22.027.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №160

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესი.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;

ბ) საგრანტო პროგრამა – საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;

გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;

დ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია;

ე) განმცხადებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, აგრეთვე, ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი), რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით;

ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული;

ზ) საგრანტო წინადადება – წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით;

თ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;

ი) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის;

კ) გრანტის მიმღები – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა;

ლ) გრანტის გამცემი – სამინისტრო, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით;

მ) საგრანტო საბჭო – მინისტრის მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო;

ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა;

ო) (ამოღებულია - 27.07.2021, №749).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 3. გრანტის გაცემის პრინციპები

გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.

    მუხლი 4. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო

სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და ასევე არასაბიუჯეტო რესურსების გამოყენებით.

    მუხლი 5. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება

1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. საგრანტო პროგრამა შედგება სამინისტროს სისტემის კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.

3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სამინისტრო ს მიერ გრანტის გაცემა;

ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;

გ) საგრანტო ვადას;

დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;

ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

ვ) დაფინანსების წყაროს.

4. სამინისტროს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, სამინისტროს სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 25.03.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის ბრძანება №432 - ვებგვერდი, 16.07.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 05.05.2020 წ.

 

მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა

საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული/დაზუსტებული ასიგნებების, საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან/და სხვა გარემოებების ცვლილება. საგრანტო პროგრამაში ცვლილება ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით, მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს კონკურსის მიმდინარეობისას საგრანტო საბჭო, ხოლო კონკურსის დასრულების შემდეგ – სამინისტროს ადმინისტრაცია ან/და სააგენტო. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის ბრძანება №432 - ვებგვერდი, 16.07.2019 წ.

    მუხლი 7. საგრანტო საბჭო

1. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, მინისტრი ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში - საბჭო).

2. საბჭოს შექმნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა, მათ შორის, საბჭოს სარეზერვო წევრები. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.

3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას, რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

4. (ამოღებულია - 06.06.2017, №236).

5. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მინისტრი აკისრებს საბჭოს ერთ-ერთ წევრს.

6. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს. თითოეულ წარდგენილ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე უფრო მეტმა წევრმა წარადგინა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება და არჩევის პროცედურა იწყება თავიდან.

7. საბჭო სხდომის ოქმის შედგენას აკისრებს საბჭოს აპარატის თანამშრომელს.

7​1. საბჭოს წევრის სარეზერვო წევრით ჩანაცვლება ხორციელდება ამ ბრძანების მე-10 მუხლის 4​1 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

8. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

9 . საბჭო:

ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს;

გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ;

დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან;

ე) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ;

ზ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;

თ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

10. საბჭო შედგება, სულ მცირე, ხუთი წევრისაგან.

11. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.

11​1. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

12. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც იგი დაინიშნა;

გ) საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მინისტრის გადაწყვეტილებით;

დ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად;

ე) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლოა შეწყდეს, თუ იგი გათავისუფლდა იმ თანამდებობიდან, რომელზე ყოფნის გამოც იქნა დანიშნული საბჭოს წევრად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

 

მუხლი 9. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ:

ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია;

ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;

გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;

დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;

ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.

2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;

დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;

3. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა. საბჭოს წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

4. (ამოღებულია - 15.08.2014, №42).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

    მუხლი 10. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღება

1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენაზე, აგრეთვე, საბჭოს წევრებისა და საბჭოს სარეზერვო წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე და საბჭოს აპარატი.

2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრებსა და საბჭოს სარეზერვო წევრებს სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ და სხდომის დღის წესრიგი გაეგზავნოთ წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით, გონივრული ვადით ადრე.

2​1. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში).

3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის 4​​3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საბჭო უფლებამოსილია განიხილის საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

4​1. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა, ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემცირდება ნახევარზე მეტად, საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში, ხმის უფლებით, საბჭოს სარეზერვო წევრების, სულ მცირე, იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ, რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით.

5. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

8. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს.

9. საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 ივლისის ბრძანება №750 - ვებგვერდი, 30.07.2021 წ.

    მუხლი 11. ექსპერტის მოწვევა

1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო პროგრამის შემუშავების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან/და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე, რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება.

 3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა, ასევე დასკვნის დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას.

5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის.

    მუხლი 12. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენა

1. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს აპარატის თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად.

2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით (თუ ეს შესაძლებელია), რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად. თუ რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს.

3. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) დღის წესრიგი;

დ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

ე) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი;

ვ) განხილვის მოკლე აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სამინისტრო ს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში).

5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო პროგრამა დასამტკიცებლად წარდგენილია სააგენტოს მიერ, სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 25.03.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის ბრძანება №432 - ვებგვერდი, 16.07.2019 წ.

    მუხლი 13. საბჭოს აპარატი

1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ან/და სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი.

2. საბჭოს აპარატის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს აპარატი:

ა) წარმოდგენილი ინფორმაციის საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით წარუდგენს მასალებს საბჭოს.

ბ) სამინისტროს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას;

გ) ასრულებს საბჭოს წევრების მითითებებს;

დ) ასრულებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 25.03.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის ბრძანება №432 - ვებგვერდი, 16.07.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 14. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება

1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ.

2. საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან.

3. (ამოღებულია - 06.06.2017, №236).

4. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გრანტის გამცემის დასახელება;

ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;

გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ) შეფასების კრიტერიუმები;

ე) საგრანტო ვადა;

ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა;

ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;

თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი ;

ი) საგრანტო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესათანხმებლად იქნება წარდგენილი საქართველოს მთავრობასთან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 15. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. (ამოღებულია - 27.07.2021, №749).

3. (ამოღებულია - 11.01.2012, №7).

4. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული.

5. საბჭოს უფლება აქვს, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა, ასევე ცნობა მოვალეთა რეესტრიდან.

6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა 2 სამუშაო დღეში ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ცნობა საგადასახადო დავალიანების არსებობის ან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის წარმომდგენი განმცხადებლის დისკვალიფიკაციის თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 11.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

 

მუხლი 16. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა

1.საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ საბჭოსათვის წარსადგენ დოკუმენტთა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე:

ა) საგრანტო განაცხადის ფორმას და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით, რომელსაც ადგენს საგრანტო საბჭო და, რომელიც ქვეყნდება საგრანტო კონკურსის გამოცხადებისას;

ბ) განმცხადებლის დებულებას/წესდებას, თუ განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.

2. საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე.

4. საგრანტო განაცხადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობისას ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ შევსება/გასწორება დაუშვებელია. საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება კონკურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4​1. საბჭო უფლებამოსილია საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განმცხადებელს ამისათვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა.

4​​2. საგრანტო განაცხადის დაზუსტების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებელთან შეხვედრა. გადაწყვეტილებას განმცხადებლის საბჭოს სხდომაზე მოწვევის შესახებ იღებს საბჭო, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სხდომის დღეს და ამის შესახებ განმცხადებელს აცნობებს სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

4​​3. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს სამინისტროს/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. საბჭოს სხდომა, რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი, საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს, გარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული  პირებისა.

5. საბჭოს წევრები ცალ-ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან.

6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭო, გრანტის გამცემთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 11.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

 

მუხლი 17. საგრანტო განაცხადი

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 18. საგრანტო წინადადება

1. საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს:

ა) თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) შესაძლებლობით;

ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;

გ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;

დ) შესრულების ვადას;

ე) მოსალოდნელ შედეგს;

ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამიანური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ, თუ განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

ზ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებეას.

2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 19. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

1. საბჭო საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. შეფასების კრიტერიუმებს ადგენს საბჭო.

3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია:

ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი;

ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა;

გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება;

4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს.

5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ.

    მუხლი 20. საგრანტო განაცხადის შერჩევა

1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად:

ა) საგრანტო განაცხადები, რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი;

ბ) საგრანტო განაცხადები, რომლებიც უნდა იქნეს განხილული.

გ) საგრანტო განაცხადები, რომლებსაც აქვს ტექნიკური ხარვეზი და ექვემდებარება გამოსწორებას.

4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით.

5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:

ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილებისათვის;

ა​1) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე;

ა​​2) განმცხადებელი არ გამოცხადდა ამ წესის მე-16 მუხლის 4​​2 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიერ დანიშნულ სხდომაზე, რის გამოც საბჭოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა დაზუსტების მიზნითაც განმცხადებელი მოწვეულ იქნა ამ სხდომაზე;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის;

გ) ერთი სუბიექტის მიერ ერთ ლოტზე წარმოდგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება;

დ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი;

ე) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.

6. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭოს მიერ განხორციელდება განმცხადებლის დისკვალიფიკაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 11.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

    მუხლი 21. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა

1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობითი ან ზეპირი) და/ან ექსპერტისაგან.

2. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს სხდომაზე შეფასებაში მონაწილე წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების ჯამის გაყოფით საბჭოს იმ წევრების რაოდენობაზე, რომელიც მონაწილეობას ღებულობს შეფასებაში (საშუალო არითმეტიკული).

3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს, თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ.

3​1. საგრანტო საბჭოს აქვს უფლება, მოთხოვნილზე დაბალი თანხით დააფინანსოს საგრანტო წინადადება.

3​2. თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ან ქულათა რეიტინგით მომდევნო განმცხადებლის გამარჯვებულად ცნობის შესახებ, თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.

4. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები, საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას. თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი, იგი ჩაითვლება მიღებულად.

5. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან.

6. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგრანტო საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკურსის ჩატარებას არსებითად განსხვავებული პირობებით, რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილება საგრანტო პროგრამაში ამ წესით დადგენილი წესით, საბჭო უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №749 - ვებგვერდი, 27.07.2021 წ .

    მუხლი 22. გადაწყვეტილების მიღების ვადა

საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 11.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

    მუხლი 23. გასაჩივრება

1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან/და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საბჭოს ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან/და სასამართლოში.

3. გრანტის გამცემის ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან საგრანტო ხელშეკრულების დადების პროცესს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჩერების გამომრიცხავი სხვა გარემოებები. თუ მოსალოდნელია გასაჩივრების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის გახანგრძლივება 1 თვეზე მეტი ხნით და შეჩერებულია შემდგომი პროცედურების განხორციელება, რაც საფრთხეს უქმნის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროულად დაწყებასა და შესრულებას, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

    მუხლი 24. საგრანტო ხელშეკრულების დადება

1. სამართლებრივი ურთიერთობა სამინისტრო სა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით.

2. საგრანტო ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

3. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება, გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯველად გამოვლენის შესახებ.

4. (ამოღებულია - 06.06.2017, №236).

5. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

6. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი, თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება.

8. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:

ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;

ბ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი;

გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ. სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

    მუხლი 25. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი

საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;

ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ;

გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;

დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

ე) სამინისტრო ს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს;

ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;

თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;

ი) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;

ლ) ანგარიშგების წესს;

მ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;

ნ) დავის გადაწყვეტის წესს;

ო) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას).

    მუხლი 26. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია.

2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.

    მუხლი 27. მონიტორინგი

1. სამინისტრო ადმინისტრაციის (დეპარტამენტი), ეკონომიკური დეპარტამენტის ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.

2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის:

ა) გრანტის მიმღების შესახებ;

ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ;

გ) გრანტის მოცულობის შესახებ;

დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;

ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ;

ვ) დანახარჯების შესახებ.

2​1. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. გრანტის გამცემი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების სახით) ან/და სააგენტო უფლებამოსილია, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 და 2​1 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან/და დამატებითი დასაბუთების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება.

4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 25.03.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 16.07.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 ივლისის ბრძანება №432 - ვებგვერდი, 16.07.2019 წ.

    მუხლი 28. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა

1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით.

2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე სამინისტრო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად.

3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით.

4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები.

    მუხლი 29. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება

თუ საგრანტო თანხის ხარჯვის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება გამოუყენებელი თანხები და თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს აუთვისებელი თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №160, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.016227 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1547084-10/