საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2011 ბოლო ცვლილება 27.02.2026
ნომერი
№229/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (23)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №229/ნ

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28​3 მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ა.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ის თანდართული დებულება.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯს „აიტის“წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №75/ნ ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან .

დ. შაშკინი

 

დანართი

+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 ივლისის ბრძანება №130/ნ - ვებგვერდი, 03.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №71/ნ - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  –  განათლების   მართვის   საინფორმაციო   სისტემის დებულება  

 

თავი I

ზოგადი დებულებანი 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა) წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. მართვის სისტემა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. მართვის სისტემა თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. მართვის სისტემას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. მართვის სისტემის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №1ა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 03.08.2021წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 29.03.2024 წ.

 

თავი II

მართვის სისტემის მისია, მიზნები და ფუნქციები

 

მუხლი 2. მართვის სისტემის მისია და მიზნები

1. მართვის სისტემის მისიაა საგანმანათლებლო სისტემის მოწინავე ტექნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფა, საუკეთესო განათლებისა და მართვისათვის.

2. მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში:

ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.

 

მუხლი 3. მართვის სისტემის ფუნქციები

1. მართვის სისტემის ფუნქციები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მართვის სისტემის ფუნქციებია:

ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

დ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

ე) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ზ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

თ) (ამოღებულია - 28.03.2024, №82/ნ);

ი) სრული ზოგადი განათლების დაფინანსების მიზნით,  ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

კ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაცია და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ნ) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების, მათ შორის, იმ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზე სწავლას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო,  გადარიცხვის მიზნით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სამინისტროსთვის წარდგენა;

ნ​1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ნ​2) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა;

ნ​3) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა;

ნ​4) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

ნ​5) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ნ​6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ნ​7) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;

ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

პ) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;

ჟ) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

რ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

ს) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩატარება;

ტ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

უ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

ფ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ქ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;

ღ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ღ​1) მართვის სისტემაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ღ​2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ღ​3) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ყ) თავის კომპეტენციაში შემავალი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. მართვის სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული მონაცემები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი,26.03.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 03.08.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 29.03.2024 წ.

 

თავი III

მართვის სისტემის მართვა და სტრუქტურა

 

მუხლი 4. მართვის სისტემის მართვა

1. მართვის სისტემას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მართვის სისტემის უფროსი.

3. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. მართვის სისტემის უფროსის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მართვის სისტემის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

5. მართვის სისტემის უფროსის მოადგილეების შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მართვის სისტემის უფროსი თავისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს მართვის სისტემის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

 

მუხლი 5. მართვის სისტემის უფროსის უფლება-მოვალეობები 

1. მართვის სისტემის უფროსი:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს მართვის სისტემის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს მართვის სისტემას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მართვის სისტემის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

გ) მართვის სისტემის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

დ)  უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართვის სისტემის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;

ე) ანაწილებს მოვალეობებს მართვის სისტემის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მართვის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) მართვის სისტემის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ზ) აკონტროლებს მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს მართვის სისტემის საშტატო განრიგს;

ლ) ამტკიცებს მართვის სისტემის შინაგანაწესსა და საქმისწარმოების წესს;

მ) მინისტრს წარუდგენს მართვის სისტემის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს;

ნ) ორგანიზებას უწევს მართვის სისტემის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას;

ო) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. მართვის სისტემის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მართვის სისტემის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება№149/ნ - ვებგვერდი, 31.08.2017წ.

 

მუხლი 6. მართვის სისტემის სტრუქტურა

1. მართვის სისტემა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტატისტიკის სამსახური;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;

გ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური;

დ) კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური;

ე) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახური;

ვ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ზ) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური;

თ) პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური.

3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სტრუქტურული ერთეული უშუალოდ ექვემდებარება მართვის სისტემის უფროსს ან მართვის სისტემის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

4.  მართვის სისტემის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილის შტატის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 15.02.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 24.10.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

 

მუხლი 7. სტატისტიკის სამსახური

მართვის სისტემის სტატისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

ბ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში ინფორმაციის შეგროვებისა და  შენახვის პროცესების ხელშეწყობა;

გ) მონაცემთა სანდოობის უზრუნველყოფა, მათი დამუშავება და ანალიზი;

დ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ე) განათლების სფეროში მიმდინარე კვლევების ინფორმაციული ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობელთა, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ზ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისათვის საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრა;

თ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ერთეულებისა და, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებების მართვის პროცესებისა და პროგრამების ინფორმაციული მხარდაჭერა;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის მომზადება და სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

 

მუხლი 8. პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური

პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ელექტრონული სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება;

გ) განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის შემუშავება;

დ) საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა;

ე) საინფორმაციო სისტემების ან/და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

 

მუხლი 9. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური

საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;

გ) შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა.

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 26.03.2020წ.

 

მუხლი 10. კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური

კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ლოკალური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი;

დ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და მისი შესაბამისი ინსტრუმენტებით, კანონმდებლობით დადგენილილი წესით, უზრუნველყოფა.

ე) მონაცემთა დამუშავების ცენტრის, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი;

ვ) ელექტრონული სერვისების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა;

თ) ელექტრონული წესით, განხორციელებული საგამოცდო პროცესის და სხვა ცენტრალიზებული წესით ორგანიზებული ღონისძიებების, მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

 

მუხლი 11. სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახური

 სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროცესების კოორდინაცია და მხარდაჭერა;

ბ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესის კოორდინაცია;

ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;

თ) საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარების პროცესის კოორდინაცია;

კ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ლ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

მ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია;

ნ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

 

მუხლი 11​1. პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახური

პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის ფუქციებია:

ა) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება;

ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაცია და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ე)  სამინისტროს მიერ დადგენილი წესით,  უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება;

ვ) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების, მათ შორის, იმ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზე სწავლას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო,  გადარიცხვის მიზნით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სამინისტროსთვის წარდგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა;

ი) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ნ) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;

ო) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 15.02.2022წ.

 

მუხლი 12. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური

ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებით სამართალშემოქმედებითი საქმიანობა;

ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება. ასევე, სამართლებრივ აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

დ) სამართლებრივ დავებზე მართვის სისტემის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ე) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება/ვიზირება;

ვ) (ამოღებულია - 28.03.2024, №82/ნ);

ზ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

თ) საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) ადამიანური რესურსების მართვა და კოორდინაცია;

ლ) საქმისწარმოების ორგანიზება და კოორდინაცია;

მ) (ამოღებულია - 25.03.2020, №45/ნ);

ნ) შრომის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ო) მართვის სისტემაში დასაქმებულთა სწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;

პ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დამსაქმებლისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 26.03.2020წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 29.03.2024 წ.

 

მუხლი 13. ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური

მართვის სისტემის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა და  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვისა და ანგარიშგების  უზრუნველყოფა;

ბ) წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენის ორგანიზება და შესრულების კონტროლი;

გ) ფულადი სახსრების ხარჯვისა და მატერიალურ  ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა და კონტროლი;

დ) მართვის სისტემის ბალანზე რიცხული შენობა-ნაგებობათა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და ანგარიშგების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 13​1. შიდა აუდიტის სამსახური

1. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) მართვის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

დ) მართვის სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ე) შიდა აუდიტის განხორციელებამდე, შიდა აუდიტის ობიექტისთვის აუდიტორული  შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა;

ვ) შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) მართვის სისტემის უფროსის თანხმობის გარეშე, საქმიანობის განხორციელებისას გაცნობილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მართვის სისტემის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ი) მართვის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მართვის სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენა, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და მართვის სისტემის უფროსისთვის წარდგენა;

კ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით, მართვის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა.

2. მართვის სისტემაში შიდა აუდიტის ფუნქცია ხორციელდება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა მართვის სისტემის თანამშრომლებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 24.10.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

 

თავი IV

 

მართვის სისტემის ქონება და დაფინანსება , სახელმწიფო კონტროლი

 

მუხლი 14. მართვის სისტემის ქონება

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მართვის სისტემას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მართვის სისტემის ქონება აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსზე.

 

მუხლი 15. მართვის სისტემის დაფინანსება და ანგარიშგება

1. მართვის სისტემის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მართვის სისტემის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მართვის სისტემა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

3. მართვის სისტემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

4. მართვის სისტემის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

მუხლი 16. კონტროლი მართვის სისტემის საქმიანობაზე

1. მართვის სისტემამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები მართვის სისტემის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

 

თავი V

 

მართვის სისტემის რეორგანიზაცია , ლიკვიდაცია და უფლებამონაცვლეობა

 

მუხლი 17. მართვის სისტემის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია 

1. მართვის სისტემის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ.

2. მართვის სისტემის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

 

მუხლი 18. მართვის სისტემის უფლებამონაცვლეობა

მართვის სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლეს შემდეგ საკითხებში:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;

ე) (ამოღებულია - 28.03.2024, №82/ნ);

ვ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ზ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 15.07.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 29.03.2024 წ.

 

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

მუხლი 19. გარდამავალი დებულებანი

ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ​2“  და „ღ​3“ პუნქტების, ასევე, მე-11 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოქმედება ძალაშია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 19.07.2023წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №229/ნ, 30.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016266 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1548498-17/