ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.02.2012 ძალადაკარგული 31.08.2018
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 11

2012 წლის 23 თებერვალი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 18 . 12 .2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 06.07.2018წ.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს :

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 28 ივნისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 06. 07 .2018წ.

1. დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესი, თანახმად დანართი 1-ისა;

ბ) (ამოღებულია - 28.06.2018, №52)

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 18 . 12 .2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 28 ივნისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 06. 07 .2018წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5 -6 დადგენილება .

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. კირთაძე

დანართი 1

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 5 წლის 30 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 03.02 .201 5 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილება № 15 - ვებგვერდი, 26.06 .201 5 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 18 . 12 .2015წ.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი

წ ე ს ი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (შემდგომ ტექსტში – გეოგრაფიული ობიექტი) სახელდების წინამდებარე დამატებითი წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებით პირობებსა და პროცედურებს.

 

2. წინამდებარე დამატებითი წესის მიღების მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესებისა და პროცედურების დადგენა.


 

მუხლი 2. სახელდების პრინციპები

 

 

 

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:

ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;

ბ) ქვეყნის და ქალაქ ბათუმის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;

გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;

დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;

ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირების ხელშეწყობა;

ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;

ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;

თ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;

ი) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.


 

მუხლი 3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები

 

 

 

1. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ.: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის  (მაგ.: ქუთაისის ქუჩა) დასახელებას და სხვა.

 

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ინგლისურ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან), ან/და შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.


 

მუხლი 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების ინიციირება

 

 

 

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის საკრებულოს დასაბუთებული წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ქ.ბათუმის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

 

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება ;

ბ) ობიექტის აღწერა;

გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.


 

    მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განმხილველი კომისია

 

 

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს და შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას ადგენს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.


 

     მუხლი 6. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 

 

 

წინამდებარე წესში ცვლილებები ან/და დამატებები შედის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

                             დანართი 2

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

ქუჩების ნუმერაციის წესი

მუხლი 1

1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ქუჩის რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;

ბ) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4. ქუჩის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩის არსებული ნომრის შეცვლა, ქუჩაზე წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან ქუჩაზე არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება.

 

მუხლი 2

1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად განიხილავს და მასზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია (შემდგომში _ მერიის კომისია), რომლის შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

3. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება  არანაკლებ 7 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულ კომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.

4. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების მერიის კომისიაზე განსახილველად წარდგენის წესებს ბრძანებით განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

 

მუხლი 3

1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია მერიის კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).

2. კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ქუჩის ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ქუჩაზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს.

 3. კომისიის გადაწყვეტილება (დადებითი, უარყოფითი) უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.

 

მუხლი 4

1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს, ხოლო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირსა და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.               

2.  ამ მუხლის 1-ლი გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს ან/და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის (მერის მოადგილის) ან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის წერილით.       

3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის (მერის მოადგილის) ან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის წერილობითი მიმართვა და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს სესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისა და მის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისათვის.     

 

მუხლი 5

1. ქუჩის ნუმერაციის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს ასევე სხვა საშუალებები და მონაცემები.

2. განმცხადებელი ვალდებულია ქუჩის ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში და ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება, სათანადო დოკუმენტაციის კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.       

 

მუხლი 6

1. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ  მან არ გამოიწვიოს ერთი ქუჩის სხვადასხვა ნომრებს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.

2. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 65-ა, 65-ბ და ა.შ.)

3. ქუჩის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.

  4. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ქუჩის მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.  

 

მუხლი 7

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუქტით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, მოცემულ ქუჩაზე მცხოვრებთა  (ამ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა.   

 

მუხლი 8

1. კომისიის მიერ ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო ქუჩებისა და მოედნების სახელდების საკითხი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.

2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.            

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 23.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1597954-6/