ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2012 ძალადაკარგული 28.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.162.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №31

  2012 წლის 13 მარტი

  ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე და 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

       მუხლი 1

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

      მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 31/01/2012, 200230000.35.162.016097).

        მუხლი 3

   1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   2. ამ დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე      ა. მაილაშვილი

შეტანილი ცვლილებები :

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 08.05.2012 წ.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

        დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

      მუხლი 1

 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტით.

      მუხლი 3

  ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0, 2 პროცენტი;

 ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0, 8 პროცენტი.

      მუხლი 4

 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

 ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული), გარდა ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საძოვრებისა – 5 ლარს;

 ბ) სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს (შირაქის) ტერიტორიაზე არსებული საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 7 ლარს;

 გ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

 დ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 82 ლარს;

 ე) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:

 ე.ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 5 ლარს;

 ე.ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 10 ლარს;

 ე.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №4 5 - ვებგვერდი, 08.05.2012 წ.

       მუხლი 5

 ამ დადგენილების მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს:

 ა) ქ. ახმეტაში – 0,3;

 ბ) მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,15.

    მუხლი 6

 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარზე) წელიწადში შეადგენს:

ა) ქ. ახმეტაში – 0,072 ლარს;

ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,036 ლარს.

       მუხლი 7

 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

      მუხლი 8

  1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით, ხოლო შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები – იმავე კოდექსის 206-ე მუხლით.

  2. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:

  ა) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (ფართობის მიუხედავად);

  ბ) მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები.

(მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).

  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 12.09.2012 წ.

 

 

 

    

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №31, 13.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.162.016116 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1612534-2/