პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.03.2012 ძალადაკარგული 19.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.016769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 10.04.2013წ.

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესი შემდეგნაირად:

1. 2012 წლიდან პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის დაფინანსება განხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე (შემდგომში – სტუდენტი) გათვლილი ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით.

2. ვაუჩერის ოდენობა ერთ სტუდენტზე შეადგენს 1 000 (ერთი ათასი) ლარს და მისი გამოყენება შესაძლებელია პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ ან აკრედიტებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

3. პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსა და საფეხურებს, რომელთა დაფინანსებაც განხორციელდება ვაუჩერით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4. თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, სტუდენტი სწავლის საფასურს ფარავს სრულად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

5. ერთ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერი გაიცემა:

ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი);

ბ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე;

გ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს სწავლა შეწყვიტა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ან მიიღო სრული ზოგადი განათლება და სწავლა არ განაგრძო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დ) პირზე, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაიარა ტესტირება და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

ე) პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, რაც დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით. (ამოქმედდეს 2012 წლის 3 სექტემბრიდან)

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №340 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №377 - ვებგვერდი, 17.09.2012წ.

6. სტუდენტი, რომელიც არ განეკუთვნება ამ დადგენილების მე‑5 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსდება ვაუჩერის ოდენობის 70%-ით.

7. ამ დადგენილების მე‑6 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის თანადაფინანსების წესს ადგენს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

8. პირს ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ.

9. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერი არ გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტზე.

10. საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორი შესაბამის პროფესიებზე კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რეგისტრირებულთა სიას უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დარეგისტრირებული კანდიდატების სიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ერთიანი ეროვნული გამოცდების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან და დაზუსტებულ სიებს უგზავნის საინფორმაციო ცენტრს. საინფორმაციო ცენტრი 2 სამუშაო დღის ვადაში აწვდის დაზუსტებულ სიებს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემდგომ დაწესებულების ხელმძღვანელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით, 4 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას კონკრეტულ სპეციალობებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ და ბრძანების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის საინფორმაციო ცენტრს.

(ამოქმედდეს 2012 წლის 3 სექტემბრიდან)

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №340 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №377 - ვებგვერდი, 17.09.2012წ.

11. ამ დადგენილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანებების გამოცემის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ ხელმოწერილი სტუდენტთა სიები 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტს.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №340 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტი ვაუჩერით დასაფინანსებელ სტუდენტთა სიებს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს ვაუჩერის გადარიცხვის დაწყებამდე არა უგვიანეს 4 დღისა.

13. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის გარიცხვის შემთხვევაში ვაუჩერი რჩება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

14. სტუდენტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერი არ გადაჰყვება.

15. სტუდენტები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ დადგენილების ამოქმედებამდე და ფინანსდებოდნენ „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის №188 დადგენილებით, სწავლის დასრულებამდე დაფინანსდებიან შემდეგი პირობებით:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ყოველთვიური საფასური არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს;

ბ) სახელმწიფო ფარავს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ღირებულების 80%-ს;

გ) თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის სრულად;

დ) სახელმწიფო სრულად აფინანსებს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირთა სწავლას, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ზღვრულ ქულას.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის №188 დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“.

მუხლი 2​1.  ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესი შემდეგნაირად:

1. პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შენარჩუნებისა და მათი საქმიანობის მიმართულებათა გაფართოების, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებას უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გამოყოფის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღების მოთხოვნისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სათანადო დასაბუთებასა და გამოსაყოფი თანხის ოდენობას.

3. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის/ოდენობისაგან  განსხვავებული ოდენობით გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 10.04.2013წ.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑ მინისტრი            ნ. გილაური 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №340 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №377 - ვებგვერდი, 17.09.2012წ.

3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 10.04.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“, №96, 15.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016769 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1613925-3/