ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2012 ბოლო ცვლილება 21.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№390
სარეგისტრაციო კოდი
040110050.10.003.017062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2012 წლის 5 ივნისის №6377) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა“.

მუხლი 2. 2012 წლის 17 სექტემბრისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუთმოს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგზე არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა უფლება და ვალდებულება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი

 

ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ქონების მმართველის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა (შემდგომში – წესი და ფორმა) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებებს და მათი განხორციელების წესსა და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის, ფორმით პრივატიზებას/რეალიზაციასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, კერძოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ან სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზებას სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების რეალიზაციას/პრივატიზებას მესამე პირის მეშვეობით, განაწილებასა და განადგურებას;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემას;

ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

თ) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკითხის მომზადებასა და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით პრივატიზებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, აქციებისა და წილების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ლ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

მ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას აუქციონის ფორმით;

ნ) წილებისა და აქციების პირდაპირი ფორმით  მართვის უფლებით გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;

ო) საქართველოს მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) გაცვლას ფიზიკური პირის ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში;

პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველად გადაცემას;

ჟ) მუნიციპალიტეტისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

რ) სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას ქონების (რომლის მესაკუთრეც ვერ დგინდება) მათ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

ს) სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სარგებლობაში გადაცემას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით;

ტ) საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტისთვის სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემას;

უ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, კანონით დადგენილი წესით თანხმობის მიცემას სასყიდლიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გაცემაზე;

ფ) სახელმწიფო ქონების ბაზაზე სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებას;

ქ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელებას, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ საკითხებზე:

ქ.ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელება;

ქ.ბ) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;

ქ.გ) საწარმოების მიერ სასესხო ვალდებულებების და კრედიტების აღება;

ქ.დ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება/დაშლა;

ქ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების წმინდა მოგების განაწილების მიზნით საკითხის მომზადება;

ქ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, დაშლა, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ქ.ზ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის, ჩამოწერის, გაყიდვის, გაცვლის, ასევე გირავნობის/ იპოთეკის თაობაზე და შესაბამისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის გაცემა;

ღ) მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე, ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემას;

ყ) ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ნივთის, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

შ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვას, შენახვას და შეფასებას;

ჩ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის შედგენას;

ც) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ძ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იმ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ;

წ) სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, ასევე იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლის მხარესაც წარმოადგენს სააგენტო;

ჭ) სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში სახელმწიფო ქონების იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ხ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ;

ჯ) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების, აგრეთვე, ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვას და დასაბუთებული წინადადების სამინისტროსათვის წარდგენას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობისათვის;

ჰ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ქონებაზე კანონითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

ჰ​1) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის უფლებამოსილებებს;

ჰ​2) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ჰ​3) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის ინიციირებას;

ჰ​4) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტების ინიციირებასა და ინვესტორების მოზიდვას;

ჰ​5) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ღონისძიებებს;

ჰ​6) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი უძრავი ქონების ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ჰ​7) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას;

ჰ​8) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის თაობაზე თანხმობის (სასყიდლის გარეშე) გაცემას;

ჰ​9) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას;

ჰ​10) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ჰ​11) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირება განახორციელოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე, სახელმწიფო ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №489 – ვებგვერდი, 07.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №789 – ვებგვერდი, 28.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 03.02.2022წ.

მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას;

ბ) განსაზღვრავს და წარმართავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას;

გ) ახდენს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 10.12.2013წ.

მუხლი 4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის უფლებამოსილებები

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) იღებს გადაწყვეტილებას თავის სარგებლობაში არსებული და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქონებას გადასცემს  სააგენტოს;

ბ) ბალანსზე რიცხულ ან თავის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსარგებლის უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №489 – ვებგვერდი, 07.08.2020წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“, №390, 17.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.017062 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1744328-5/