საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2012 ძალადაკარგული 26.11.2019
ნომერი
№305/ძ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №305/ძ

2012 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 21 თებერვლის №14 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №104/გ ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

      მინისტრი                                                                    თეიმურაზ მაისურაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულება

მუხლი 1. ცენტრის სტატუსი

1. ცენტრი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სკოლისგარეშე, დამოუკიდებლად ახორციელებს ახალგაზრდა პერსპექტიულ და მოქმედ სპორტსმენთა სასწავლო-საწვრთნო და სააღმზრდელო საქმიანობას, ტურნირების, შეჯიბრებების და სპორტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების და ამ დებულების შესაბამისად.

3. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.   

4. ცენტრში ფუნქციონირებს ასაკობრივი გუნდები და სექციები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68 .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2016 წლის 10 თებერვლის ბრძანება №25/ძ - ვებგვერდი, 18.02.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №535/ძ - ვებგვერდი, 03.09.2018 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2019 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №337/ძ - ვებგვერდი, 06.08.2019 წ.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობა

1. ცენტრის მიზანია ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა, ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა.

2. ცენტრის ამოცანაა ოლიმპიური თამაშებისათვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადება და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდის,  ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და  განვითარებისათვის  სათანადო  პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა  და  სპორტსმენთა  მომზადების  ორგანიზაციული  და  მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის  ეროვნულ  სახეობათა  განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების,  შეჯიბრებების,  სახელობითი  ტურნირების  ორგანიზება  და  ჩატარება.

3. ცენტრის საქმიანობის ძირითად ფორმას წარმოადგენს სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელ-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობები, სასწავლო-საწვრთნო შეკრებები, მონაწილეობა ქვეყნისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრები, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების, პირველობების და ოლიმპიური თამაშების ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარჩევა და სხვა. სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური საქმიანობა სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო პროცესებთან დაკავშირებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2016 წლის 10 თებერვლის ბრძანება №25/ძ - ვებგვერდი, 18.02.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №535/ძ - ვებგვერდი, 03.09.2018 წ.

მუხლი 3. ცენტრის უფლებები და ვალდებულებები

1. ცენტრის უფლებაა:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა, დამოუკიდებლად შეიმუშაოს, დაამტკიცოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტები და პროგრამები, მონაწილეობა მიიღოს საბავშვო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში და ამ მიზნით გასწიოს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშულებების გამოყენებით პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელი შეუწყოს აფხაზეთის მოზარდი ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან;

გ) განათავსოს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გამოსცეს მეცნიერულ-ტექნიკური, პოპულარული, სასწავლო, ლიტერატურული და სხვა სახის პერიოდული გამოცემები, შეიმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან გარიგებები;

ე) მოაწყოს ტრენინგ-სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ოლიმპიადები, საქველმოქმედო აქციები, გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-შემოქმედებითი სახის ღონისძიებები სოციალურად დაუცველი და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;

ვ) განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

 2. ცენტრის ვალდებულებაა:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;

დ) დაიცვას  მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ცენტრის საშტატო განრიგი და  სახელფასო ფონდი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა  შრომის  ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მუშაკთა დაცვა და სხვა პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან (მათ შორის, ერთობლივი პროექტები).

3. ცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ)   სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

5.   სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №535/ძ - ვებგვერდი, 03.09.2018 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2019 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №337/ძ - ვებგვერდი, 06.08.2019 წ.

მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი სპორტის სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილებით.

3. ცენტრის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ბ) (ამოღებულია - 06.06.19 №337).

გ) საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან;

დ) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს;

ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და ინსტრუქციებს;

თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;

კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.

4.  ცენტრის დირექტორის დროებით არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2019 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №337/ძ - ვებგვერდი, 06.08.2019 წ.

მუხლი 5. ცენტრის ქონება

ცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები.

მუხლი 6. ცენტრის დაფინანსების წყაროები

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტი;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;

დ)    საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 7. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

  1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს.

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

   1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების,  მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის  ზედამხედველობას.

  2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №22/ძ - ვებგვერდი, 28.01.2013 წ.

მუხლი 9. ცენტრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია  ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №305/ძ, 12.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778323-4/