საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2012 ძალადაკარგული 30.09.2015
ნომერი
№891
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №891

2012 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 2

 

+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



 

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს  დებულება

+
თავი I
 

ზოგადი დებულებანი


+
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კადრების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

  2. კადრების მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.


+
მუხლი 2. კადრების მთავარი სამმართველოს  საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

 

თავისი საქმიანობის პროცესში კადრების მთავარი სამმართველო  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

+
თავი II
კადრების მთავარი სამმართველო

+
მუხლი 3. კადრების მთავარი სამმართველოს  ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1.  კადრების მთავარი სამმართველოს  ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროში საკადრო საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. კადრების მთავარი სამმართველო:

ა) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას;

ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას;

გ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თავალსაზრისით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელების ორგანიზებაში;

დ) უზრუნველყოფს პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სამინისტროს თანამშრომელთათვის გაცნობას;

ე) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მომზადება-გადამზადებაზე;

ვ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

თ) აწარმოებს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;

ი) ამზადებს დოკუმენტაციას სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ) განიხილავს ყოფილი თანამშრომლების სამსახურში ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებს და მასალებს;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას. კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ითანხმებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მუშაკთა თანამდებობების ნომენკლატურების მიხედვით;

მ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა, მისაღებ კანდიდატთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სამხედრო–სამედიცინო ცნობის შესაბამისად;

ნ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საკადრო საქმიანობის ინსპექტირება).

ო) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;

პ) საკადრო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ჟ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

რ) ამზადებს და ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურებს და საშტატო განრიგებს (ნუსხებს), უზრუნველყოფს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგების (ნუსხების) მინისტრთან შეთანხმებას;

ს) ორგანზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე და უმაღლეს წოდებაზე წარდგენას;

ტ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენას;

უ) უზრუნველყოფს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების გამოწერას დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას,  შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და  ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას;

ფ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის და  სტაჟირების გავლას;

ქ) უზრუნველყოფს სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №658 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.


+
თავი III
კადრების მთავარი სამმართველოს  ხელმძღვანელობა

+
მუხლი 4. კადრების მთავარი სამმართველოს  უფროსი
1. კადრების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. კადრების მთავარი სამმართველოს  უფროსი:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს  კადრების მთავარი სამმართველოს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვა-დამტკიცებას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);

ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;

ვ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინადადებების და წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი  სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ზ) შუამდგომლობს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;

ი) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია  სამინისტროში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზებაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და მისი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების სრულყოფაზე. ხელმძღვანელობს სამინისტროში საკადრო საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებას და ინსპექტირებისას სამსახურებრივ შემოწმებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 


+
მუხლი 5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს  სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს  უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს.

 


+
მუხლი 6. კადრების მთავარი სამმართველოს სტრუქტურა
მთავარი სამმართველოს დანაყოფებია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III  სამმართველო;

დ)  საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება (კანცელარია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  22  აგვისტოს ბრძანება №658 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.


+
მუხლი 7. I  სამმართველოს კომპეტენცია
I სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შეისწავლოს და მოამზადოს მასალები სამინისტროს სისტემაში თანამდებობებზე კადრების განაწილების, გადაადგილებისა და დათხოვნის თაობაზე;

ბ) მოამზადოს დოკუმენტაცია სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მოამზადოს სამინისტროს თანამშრომლებისათვის პირველადი, მორიგი და ვადამდელი სამხედრო/სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

დ) მოამზადოს მასალები:

დ.ა) სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური სახდელის დადებისა და მისი ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ;

დ.ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს წოდებაზე წარსადგენად;

დ.გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ;

დ.დ) დაჭრილ და დაღუპულ მოსამსახურეთა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

დ.ე) და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს ვადიანი და საკონტრაქტო მოსამსახურეების დაკომპლექტებას და სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის ორგანიზებას;

დ.ვ) სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;

დ.ზ) იმ საკონტრაქტო მოსამსახურეების სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის და მათთვის რიგითის სამხედრო წოდების მინიჭების შესახებ, რომლებმაც საკონტრაქტო წესით გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური;

ე) განახორციელოს კანდიდატების აღრიცხვა, შერჩევა, შემოწმება, შესწავლა და მათი პირადი საქმეების შედგენა, აგრეთვე წარმოდგენილი ანკეტური მონაცემების სისწორის შემოწმება;

ვ) განახორციელოს კონტროლი სამინისტროს თანამშრომელთა, მისაღებ კანდიდატთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სამხედრო–სამედიცინო ცნობის შესაბამისად;

ზ) განახორციელოს სამინისტროს მოსამსახურეთა ანკეტური მონაცემების განახლება და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესწავლა–შემოწმება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  22  აგვისტოს ბრძანება №658 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.


+
მუხლი 8. II სამმართველოს კომპეტენცია:
II სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მოამზადოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურები, საშტატო–საორგანიზაციო ბრძანებები და წარუდგინოს მინისტრს ხელმოსაწერად, უზრუნველყოს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარება და შესაბამისობაში  მოყვანა;

ბ) აწარმოოს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვა და განახორციელოს საშტატო ერთეულების ცვლილებების კონტროლი;

გ) უზრუნველყოს თანამშრომელთა სპეცაღრიცხვიდან მოხსნა, სამხედრო ბილეთებისა და სამხედრო პირადი საქმეების ქვემდებარეობით შესაბამის სამსახურებში გადაგზავნა;

დ) აღრიცხოს და აკონტროლოს სამინისტროს თანამშრომელთა შვებულებები;

ე) დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების დამზადება–გაცემა, აღრიცხვა და ჩამოწერა; აწარმოოს შესაბამისი კარტოთეკა და უზრუნველყოს ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირება;

ვ) უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთა და კანდიდატთა სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე გაგზავნა;

ზ) ორგანიზება და კონტროლი გაუწიოს სამინისტროში სამუშაოდ მისაღები კანდიდატების და თანამშრომლების მიერ დადგენილი ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებას;

თ) უზრუნველყოს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მოსამსახურეთა თანამდებობები ნომენკლატურების მიხედვით;

ი) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების გავლას;

კ)  აწარმოოს სტატისტიკა სამინისტროს საშტატო რიცხოვნების შესახებ;

ლ) აწარმოოს საკადრო საქმიანობის შესახებ სამართლებრივი აქტების (სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დათხოვნა, მივლინება და სხვ.) მიღება–შეგროვება და სათანადო დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მასალების მომზადება და წარდგენა;

მ) უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო და პირადი საქმეების აღრიცხვა და საცნობარო ბაზის შექმნა;

ნ) მოთხოვნისამებრ გასცეს შესაბამისი ცნობები სამინისტროს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე;

ო) უზრუნველყოს სამინისტროს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლებისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ გაცემა;

პ) განიხილოს სამინისტროში მუშაობის დაწყების შესახებ შემოსული განცხადებები და მასალები;

ჟ) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  22  აგვისტოს ბრძანება №658 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.


+
მუხლი 8​1. III სამმართველოს კომპეტენცია
III სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) განახორციელოს სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) განახორციელოს გეგმური საკადრო ინსპექტირება მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობის საფუძველზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულების კონტროლი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრების, მოქმედი თანამშრომლების პატაკებისა და განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავება;

ე) შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროს საკადრო დანაყოფებში შრომითი დისციპლინის ამაღლების მიზნით;

ვ) მოამზადოს შესაბამისი დასკვნები საკადრო საქმიანობის ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, დაშვებული შეცდომების აღმოფხვრის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  22  აგვისტოს ბრძანება №658 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.


+
მუხლი 9. კადრების მთავარი სამმართველოს  საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია
1. მთავარი სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენციაა:

ა) უზრუნველყოს მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);

ბ) უზრუნველყოს მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია.

2. მთავარი სამმართველოს კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“, №891, 16.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016138 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778685-1/