საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2013 ძალადაკარგული 25.06.2025
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №37

2013 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ფანჯიკიძე
+



საერთაშორისო  კულტურულ და ჰუმანიტარულ

ურთიერთობათა დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო  კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების,  საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვის,  საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობა.  კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა  და დიასპორებთან კავშირების განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდიანაცია და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.


+
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ბ) საზღვარგარეთ ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა, ამ მიზნით უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს დღეების, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში გამოფენების მომზადება-მოწყობაში სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;  

გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის ხელშეწყობა და სათანადო წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება;

დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან  თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური და ქართული კულტურის ცენტრების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

ე)  საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ვ) გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) (შემდგომში-,,UNESCO“) თანამშრომლობის კოორდიანაცია, UNESCO ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; UNESCO-ს შტაბ-ბინასა და UNESCO-ში საქართველოს  მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;

ზ) UNESCO-ს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა;

თ) UNESCO-ს მმართველი და დამხმარე ორგანოების არჩევნებში საქართველოს მხრიდან კანდიდატურების  წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ი) UNESCO-ს გენერალური კონფერენციის, აღმასრულებელი საბჭოსა და UNESCO-ს სხვა ორგანოებისა და კომიტეტების სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის  საერთო კოორდინაცია: 

 კ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საერთაშორისო  სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში  თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) დადგენილი წესით,  კულტურის, განათლების,  მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების თაობაზე წინადადებათა მომზადება.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.


+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა)  და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, რანგირების, წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა  ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.

8.  დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანება №01-203 - ვებგვერდი, 26.02.2025 წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №37, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1851272-1/