შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2013 ბოლო ცვლილება 10.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
270220000.10.003.017209
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №45

2013 წლის 1 მარტი

ქ.თბილისი

 

შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).

2. უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19  თებერვლის დადგენილება №176  – ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის  დადგენილება №263  – ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7  თებერვლის   დადგენილება №70  - ვებგვერდი, 09.02.2018წ.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



                                                                                                                                                  დანართი №1
შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში - დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს დახმარება;

ბ) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ დახმარების თაობაზე სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ფორმის მოთხოვნა;

გ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც რეგისტრირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

დ) დახმარება – პირის  ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით;

ე) მაძიებელი – პირი, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან დახმარების დანიშვნამდე.

მუხლი 3. დახმარების ადმინისტრირება

დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია:

ა) დახმარების გაცემის ორგანიზება;

ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს);

გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.

მუხლი 4. ბენეფიციარის უფლება-მოვალეობები

1. ბენეფიციარს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დახმარება ამ წესით დადგენილი პირობებით;

ბ) დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს დახმარების გაცემის შეწყვეტა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

მუხლი 5. დახმარების მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო

1. დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება;

ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.

2.  ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს   ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „ჭიათურმანგანუმში” ან „საქნახშირის“ დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

2​1. ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

2 ​2. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/ გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

2​3.  ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური  „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“  გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007  წლის  24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

2​4. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს, ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 17 მაისამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას   მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

2 ​5. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის  11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველოში“ („ჟინვალჰესმშენი“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

3. დახმარების ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2 ​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 2007-2008 წლებში გაცემული ყოველთვიური გასაცემლის ოდენობით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, რომელთათვისაც ვერ ხერხდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა,  ასევე მე-2 და 2​4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანებით ან  სხვა დოკუმენტით დადგენილი გასაცემლის ოდენობის შესაბამისად, ხოლო არარსებობის შემთხვევაში,  დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე, მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა;

დ) იმ შემთხვევაში თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პირს აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია მხოლოდ პროფესიული შრომისუნარიანობის  დაკარგვის ხარისხი, ფულადი გასაცემლის ოდენობის მითითების გარეშე,  დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე;

ე) იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი და ფულადი გასაცემლის ოდენობა, დახმარება განისაზღვრება 60 ლარის ოდენობით;

ვ) თუ ამ მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ;

ზ) ამ მუხლის 2 ​3 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის  დახმარების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო გადაწყვეტილებით ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის ადგილობრივ არქივში (შემდგომში − ჭიათურის ადგილობრივ არქივში) დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ;

თ) თუ ამ მუხლის 2 ​5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი სამართლებრივად განეკუთვნება ამ მუხლის პირველი, მე-2, 2​1, 2​2, 2​3, 2​4 და 2​5 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა  განისაზღვრება 60 ლარით.

4.  დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი.

5. ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №519 - ვებგვერდი, 08.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

 მუხლი 6. დახმარების დასანიშნად მიმართვა

1. დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ყველა მაძიებლისათვის:

ა.ა) მაძიებლის მომართვის შემთხვევაში - მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მაძიებლისა და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის - დამატებით წარმოსადგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი), რომლითაც ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი მიზნისთვის განსაზღვრულია ყოველთვიური ფულადი გასაცემლის ოდენობა;

გ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და 2​4  პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია:

გ.ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულ იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა;

გ.გ) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანების არარსებობის შემთხვევაში – ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულ იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულ იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში);

დ) ამ წესის მე-5 მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება(ები) (ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლები) სარჩოს დანიშვნის ან/და სარჩოს გადახდის შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-5 მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დგინდება დანიშნული სარჩოს ოდენობა, დამატებით წარმოსადგენია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული (სათანადო წესით დამოწმებული) დოკუმენტაცია/ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა;

ე) ამ წესის მე-5 მუხლის 2​3 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ჭიათურის ადგილობრივ არქივში დაცული ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო და დადასტურებული იქნება „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ მიღება 2006 წლის განმავლობაში;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის 2 ​5 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში).

3. ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე და სანდოობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტების წარმდგენ პირს, კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

მუხლი 7. გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე

1. დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია.

2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის  თაობაზე.

3. დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

 4. ორი ან მეტი საფუძვლით დახმარების მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის 2​2 და 2​3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამდენიმე მაძიებელს, დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთ პირს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №519 - ვებგვერდი, 08.10.2015წ.

მუხლი 8. დახმარების გაცემა

დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო გასაცემლებზე მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

მუხლი 9. დახმარების შეწყვეტა

1. დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

გ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას;

დ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დახმარების შეწყვეტის წყაროა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს.

3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, დახმარების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.


+
დანართი №2
 

უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი


მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში - კომისია) შექმნისა და მისი საქმიანობის წესს.

მუხლი 2

1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი − კომისიის თავმჯდომარე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სააგენტოს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები.

3. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, ნიშნავს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები.

5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №519 - ვებგვერდი, 08.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7  თებერვლის   დადგენილება №70  - ვებგვერდი, 09.02.2018წ.

მუხლი 3

1. კომისიის სხდომისთვის მასალებს ამზადებს სააგენტო.

2. კომისია მიღებულ მასალებზე, ასევე კომისიის წევრთა მხრიდან მოპოვებულ დამატებით მასალებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას, თითოეული პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, იღებს გადაწყვეტილებას ზედმეტად და არასწორად გაცემული დახმარების დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მეშვეობით ან სახელმწიფო გასაცემლიდან ყოველთვიურად არაუმეტეს 20%-ის დაკავების გზით.

3. უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება  სავალდებულოა.

4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის  წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია გააფრთხილოს კომისიის სამდივნო, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის კომისიის თავმჯდომარეს.

5. კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სხდომაზე განხილვის საფუძველზე. კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას. კომისიის წევრი არ არის ვალდებული დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.

6. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება  კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

მუხლი 4

1. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს კომისიის სხდომის ხელმოწერილი ოქმი.

2. კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმს. ხელმოწერილი სხდომის ოქმის დამოწმებული ასლ(ებ)ი და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალები ეგზავნება (უბრუნდება) სააგენტოს.

3. სააგენტო უზრუნველყოფს პირთა ინფორმირებას დახმარების დანიშვნის შესახებ.

მუხლი 5

უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს  კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებას და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფას და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, №45, 01.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 270220000.10.003.017209 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1862356-6/