სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.05.2013 ბოლო ცვლილება 03.10.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017267
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ
+
მუხლი 1
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (04/04/2013; სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.016915) მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - ზედამხედველობის სამსახური).

2. დამტკიცდეს ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება.

3. ზედამხედველობის სამსახურს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შეიქმნას ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
გიორგი ქობულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
დავით სერგეენკო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
გრიგოლ ჭირაქაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი;
ელგუჯა მელაძე – ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

5. სამეთვალყურეო საბჭომ უზრუნველყოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის ამ დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №553 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის  დადგენილება №240  – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 06.08.2018წ

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 19 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



 

                         

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) არის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე დამოუკიდებელ ორგანოს.

2. ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრეს დაზღვევის და საპენსიო სქემების ზედამხედველობის საკითხებში, მათ შორის, საერთაშორისო ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული სტატუსის, უფლებებისა და მოვალეობების ნაწილში.

3. ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და  ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

4. ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. ზედამხედველობის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის, უცხოურ ვალუტაში), ლოგო, ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. №3.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის  დადგენილება №240  – ვებგვერდი, 21.05.2018წ.


+
მუხლი 2. მიზნები და ფუნქციები
ზედამხედველობის სამსახურის მიზნები და ფუნქციებია:

ა) დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ბ) სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა;

გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;

ე) კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მისი შესრულების კონტროლი;

ზ) ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავება;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების შეთანხმება.


+
მუხლი 3. ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებები
ზედამხედველობის სამსახური თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:

ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები;

დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით;

ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;

თ) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ი) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

კ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

ლ) შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

მ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

ო) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

პ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

ჟ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

რ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ანგარიშგების წესი;

ს) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი;

ტ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა;

უ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №553 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.


+
მუხლი 4. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობა
1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

2. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) ერთპიროვნულად უძღვება სამსახურის საქმიანობას. ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სამსახურის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სამსახურის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

ვ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და/ან მათ შესასრულებლად, აგრეთვე სამსახურის შიდაორგანიზაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილის ან სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და/ან სპეციალისტები (მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები);

ლ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებულ საქმიანობას;

მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ნ) ზრუნავს თანამშრომელთა (დასაქმებულთა) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ო) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

პ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს, სამსახურის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და ა.შ.;

ჟ) შუამდგომლობს სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ;

რ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებისაკენ;

ს) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

4. ზედამხედველობის სამსახურის უფროს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

4​1. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის მოვალეობას  ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №553 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის  დადგენილება №240  – ვებგვერდი, 21.05.2018წ.


+
მუხლი 5. ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ზედამხედველობის სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ზედამხედველობის სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო საფასური;

ბ) გრანტები ან/და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; 

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნების და ფუნქციების განხორციელებას, მათ შორის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას და/ან მათ მატერიალურ წახალისებას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის  დადგენილება №240  – ვებგვერდი, 21.05.2018წ.


+
მუხლი 6. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ზედამხედველობის სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად ზედამხედველობის სამსახურის დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.


+
მუხლი 7. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“, №102, 02.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017267 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1915094-3/