საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.09.2013 ბოლო ცვლილება 19.04.2022
ნომერი
№05/27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/27

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის  სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №3/114 ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიმირიანე ოდიშარია
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო  დრამატული თეატრის  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში _ თეატრი)  როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.

2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, ჰყავს თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები - დრამატული სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).

3. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.

4. თეატრის სრული სახელწოდებაა _ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი”.

5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.

6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. № 56.   

მუხლი 2. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

 თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.

მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი

1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;

ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება;

ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.

 2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: 

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; 

ბ) სესხის აღება; 

გ) თავდებობა; 

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; 

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; 

ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

5. თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/20- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა

1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

 3. სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.  

4.  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.

5. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;

გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;

ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

 ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

 თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მხატვარს;

კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).  

5​​1. სამხატვრო ხელმძღვანელი ვალდებულია, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის უარყოფითი/არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მინისტრს შეუძლია მიმართოს სარეკომენდაციო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ანგარიშთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის. მინისტრი უფლებამოსილია, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ან საკუთარი შეხედულებით, მიიღოს გადაწყვეტილება, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
5​​2. მინისტრის მითითებით ან თავისი ინიციატივით, სარეკომენდაციო საბჭო ახორციელებს თეატრის საქმიანობის მონიტორინგს და მისი შედეგებიდან გამომდინარე, მიმართავს მინისტრს ამ მუხლის „5​​1“ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით, რომლის საფუძველზეც, მინისტრი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის 5​​1 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

6. კანონმდებლობით გათვალისწინებული  საფუძვლების არსებობისას, სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:

ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;

ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;

გ) საკუთარი შეხედულებით.

7. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 7​​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი მოვალეობის შემსრულებელს სარეკომენდაციო საბჭოს ან სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, ნიშნავს მინისტრი.

7​​1. თუ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნული არ არის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე, არაუმეტეს 3 თვის ვადით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში თეატრის დირექტორია.  იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს დირექტორი, ამ პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შემსრულებელი ინიშნება თეატრის ადმინისტრაციული პერსონალისგან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე, არაუმეტეს 3 თვის ვადით.

8. თეატრის დირექტორი:

ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

 ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

9. თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შეთანხმებით სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/20- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

მუხლი 5. სამხატვრო საბჭო

1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2.  სამხატვრო საბჭო აირჩევა  თეატრის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების მიერ.

3.  სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა; საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით.

4. სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით.

5. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

მუხლი 6. თეატრის ქონება

 თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 7. თეატრის დაფინანსების წყაროები

1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები;

გ ) უცხოური ინვესტიციები;

დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

ე ) კერძო შემოწირულობანი;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №05/ 57- ვებგვერდი, 16.10.2013წ.

მუხლი 8. თეატრის სახელმწიფო კონტროლი

1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 

3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/20- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

მუხლი 9. თეატრის წლიური ბალანსი

1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 10. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

 თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“, №05/27, 02.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1996733-2/