საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.10.2013 ბოლო ცვლილება 10.02.2025
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №209

2013 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესი“ №1-10 დანართებთან ერთად.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
+



საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის  და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესი

+
მუხლი 1. ძირითადი დებულებები
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) და №16 („გარემოს დაცვა“) დანართების საფუძველზე, მასში გათვალისწინებულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc-9760 („ფრენის ვარგისობის სახელმძღვანელო“), 2014 წლის 26 ნოემბრის EC რეგულაციის № 1321/2014  და 2012 წლის 3 აგვისტოს EC რეგულაციის №748/2012 მოთხოვნები.

2. წესი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს საქართველოში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის, მისი დანართის და ხმაურის სერტიფიკატის გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს.  

3. წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში და/ან რომლებზეც სააგენტოში მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) წარადგენს განაცხადს სხ-ის რეგისტრაციისათვის.

4. წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

5. დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია, თუ მას არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი (შემდგომ – ფვს) და მისი დანართი, გარდა ამ წესის მე–9 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

6. ფვს-ის, მისი დანართის და ხმაურის სერტიფიკატის გაცემის, ვადის გაგრძელების, გამოცვლის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენისა და განხილვის საკითხი სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

7. ფვს გაიცემა უვადოდ, ფვს-ის დანართი გაიცემა არა უმეტეს 12 თვისა.

8. სხ-ის ხმაურის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

9. ფვს-ის და ხმაურის სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების,  მოქმედების ვადის შეჩერების, გამოცვლის და გაუქმების შესახებ განაცხადი და თანდართული საბუთები სააგენტოში ინახება სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციის მთელი პერიოდის და შემდგომ, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებიდან 7 წლის განმავლობაში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.


+
მუხლი 2. ტერმინების და ცნებების განმარტებები
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – სერტიფიკატი, რომელიც ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას, შეასრულოს გარკვეული კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.

ბ) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავი და სხვა) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად;

გ) ფრენის ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავის, მოწყობილობის და მასალების მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

დ) შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი – საბუთი, რომლითაც საავიაციო ხელისუფლება ადასტურებს, რომ საჰაერო ხომალდი შეესაბამება ტიპის სერტიფიკატის მოთხოვნებს.

ე) (CS) Certification Specifications– EASA-ს მიერ დადგენილი ფრენის ვარგისობის ნორმები;

ვ) (ამოღებულია - 26.04.2021, №93);

ზ) ფრენის ვარგისობის სტანდარტული სერტიფიკატი – EASA-ს მიერ დადგენილ საფრენად ვარგისობის ნორმებთან (CS-ებთან)  საჰაერო ხომალდის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) ფრენის ვარგისობის სპეციალური სერტიფიკატი – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, სააგენტოს მიერ აღიარებული და მწარმოებლის სახელმწიფოს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებსა და ცნებებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11ოქტომბრის № 205 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები.  

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 24.12.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 3. ფრენის ვარგისობის ნორმები
1. სტანდარტული ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა აკმაყოფილებს EASA-ს მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს (CS-Certification Specification) და გააჩნია EASA-ს მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.

2. სპეციალური ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შეესაბამება ტიპის სერტიფიკატის ან ეკვივალენტური საბუთის გამცემი ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს, რომელიც გაიცემა:

ა)  ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, თუ მას არ გააჩნია EASA-ს ტიპის სერტიფიკატი  და აქვს  ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები.

ბ) შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით საქმიანობის უზრუნველყოფისთვის (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო), ან მისი ექსპლუატაცია სასწავლო მიზნებისათვის.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 24.12.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 21.04.2023წ.


+
მუხლი 4. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა
1. სააგენტო ფვს გასცემს სხ-ის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) განაცხადის საფუძველზე, თუ:

ა) დასტურდება საჰაერო ხომალდის შესაბამისობა საფრენად ვარგისობის ნორმებთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს:

ა.ა) საჰაერო ხომალდზე შესრულებულია მოდიფიკაციები და რემონტები კანონმდებლობის მიერ დადგენილი მოთხოვნების (სააგენტოსთან შეთანხმებული მონაცემების) შესაბამისად;

ა.ბ) საჰაერო ხომალდზე დაყენებული კომპონენტები, ნაწილები და მოწყობილობები შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ ინსტრუქციებს და პროცედურებს;

ა.გ) საჰაერო ხომალდზე არსებული მარკირება და საინფორმაციო ტაბლოები შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

ა.დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო შეესაბამება საჰაერო ხომალდის კონფიგურაციას და ასახულია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ყველა ცვლილება.

ბ) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნებისათვის უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულება, რაც ითვალისწინებს შემდეგს:

ბ.ა) საჰაერო ხომალდზე  ტექნიკური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდისთვის საიმედოობის პროგრამის წარმოებას, ძრავის ტენდენციის მონიტორინგის და უარყოფითი გადახრების გამოსასწორებელი ღონისძიებების გათვალისწინებით;

ბ.გ) აღნიშნული სამუშაოების შესაბამისობას სასერტიფიკაციო ტექნიკური მომსახურების მოთხოვნებთან, მასში დადგენილ ინტერვალებით; 

ბ.დ) სააგენტოს მიერ დადგენილი მოდიფიკაციების და ინსპექტირებების შესრულებას;

ბ.ე) რესურსშეზღუდული კომპონენტების და ნაწილების ვადების კონტროლს და დროულად  შეცვლას.

2. ფვს-ის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1);

ბ) ახალი სხ-ის შემთხვევაში (ზემსუბუქი სხ-ების და თავისუფალი აეროსტატების გარდა), რომელიც არ ყოფილა ექსპლუატაციაში:

ბ.ა) მწარმოებლის ან ექსპორტიორი ქვეყნის მიერ დამოწმებული შესაბამისობის განაცხადი, სადაც აღნიშნულია, რომ საჰაერო ხომალდზე  ჩატარებულია ყველა ტექნიკური და საფრენოსნო შემოწმება EASA-ს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმების შესაბამისად;

ბ.ბ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიში, ჩატვირთვის გრაფიკთან ერთად;

ბ.გ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო.

გ) ექსპლუატაციაში ნამყოფი სხ-ის (ზემსუბუქი სხ-ების და თავისუფალი აეროსტატების გარდა) შემთხვევაში:

გ.ა) ბოლო 4 წლის განმავლობაში, სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით ჩატარებული კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშები;

გ.ბ) შესაბამისი სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;

გ.გ) სხ-ის გამოშვების შემდეგ, მასზე ჩატარებული მოდიფიკაციების და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები და სერტიფიკატები;

გ.დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის დადგენილი სამუშაოების შესრულების სტატუსი;

გ.ე) სხ-ის რადიო-ელექტრო მოწყობილობების შემოწმების მიზნით ჩატარებული სხ-ის საფრენოსნო გამოცდის შედეგები, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილ იქნას სხ-ის ინსპექტირების შემდეგ;

გ.ვ) საფრენად ვარგისობის სავალდებულო ინსტრუქციების შესრულების სტატუსები;

გ.ზ) კონკრეტული საექსპლუატაციო მიზნით დამონტაჟებული აღჭურვილობის მონაცემები.

დ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (თუ სხ-ის ექსპლუატანტს გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი)/სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ეკვივალენტური სხ-ზე ჩასატარებელი ტექნიკური მომსახურების დაგეგმარების დოკუმენტი (თუ სხ-ის ექსპლუატანტს არ გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი);

ე) კონკრეტული სხ-ისათვის მომზადებული და დამტკიცებული  მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL) (თუ სხ-ის ექსპლუატანტს გააჩნია ექსპლუატანტის სერტიფიკატი);

ვ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატის მონაცემები;

ზ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო სალონის  კონფიგურაციის სქემა, ავარიული აღჭურვილობის განლაგების მითითებით;

თ) საჰაერო ხომალდზე არსებული საავიაციო ელექტრონული მოწყობილობების ჩამონათვალი;

ი) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის შესაბამისობის განაცხადი;

კ) საჰაერო ხომალდზე არსებული სპეციალური ნებართვის მინიჭებისათვის საჭირო აღჭურვილობის შესაბამისობის განაცხადი;

3. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებზე და თავისუფალ აეროსტატებზე ფვს-ის მისაღებად სხ-ის მესაკუთრემ ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1);

ბ) სხ-ის ტიპის სერტიფიკატის მონაცემები ან მისი ეკვივალენტური საბუთი;

გ) სხ-ის კონსტრუქციული (მშრალი) მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემები;

დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ან მისი ეკვივალენტური საბუთი;

ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა (რეგლამენტი) ან მისი ეკვივალენტური საბუთი;

ვ) სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი და საფრენოსნო გამოცდის აქტი, სადაც ასახულია საკონტროლო ფრენის შედეგები – თუ სხ დამამზადებლისაგან ან ექსპორტიორისგან მიღებულია დაშლილ მდგომარეობაში.

3​1. სპეციალური ვარგისობის განაცხადის შემთხვევაში, წერილობითი დასაბუთება, რომელიც ადასტურებს, რომ სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო).

4.  ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გაცემული  უნდა იყოს განაცხადის სააგენტოში წარდგენამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

5. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია: 

ა) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისათვის, სხ წარადგინოს იმ დროს და იმ ადგილას, რომელიც შეთანხმებული იქნება სააგენტოსთან. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის  ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს ინსპექტირების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად;

ბ) სხ-ის ინსპექტირების ჩატარებისათვის ინსპექტირების პროცესი უზრუნველყოს აუცილებელი დამხმარე პერსონალით და მოწყობილობით.

6. საჰაერო ხომალდზე არსებული სახელმძღვანელოები, იარლიყები, მოწყობილობების მარკირება და სხვა საჭირო ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

7. წარმოდგენილი საბუთების შეფასებისა და სხ-ის ინსპექტირების შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაიცემა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი (დანართი №2) და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის დანართი (დანართი №3).

8. სააგენტოს გადაწყვეტილება მესაკუთრეს/ექსპლუატანტს ეცნობება, სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.

9. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს ენიჭება სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი.

10. საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის შეცვლის შემთხვევაში, თუ სხ რჩება სახელმწიფო რეესტრში, ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი  გადაეცემა ახალ მესაკუთრეს/ექსპლუატანტს, რომელიც ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული სერტიფიკატის გაცემისთვის დადგენილი მოთხოვნები.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 24.12.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 5. ფვს-ის დანართის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. ფვს-ის დანართის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

2. ფვს-ის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში), ამ მუხლით გათვალისწინებულ საბუთებს  სააგენტოში წარადგენს  ფვს-ის დანართის მოქმედების  ვადის ამოწურვამდე 45 კალენდარული დღით ადრე მაინც.

3. ფვს-ის დანართის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სხ-ის მესაკუთრემ/ექსპლუატანტმა ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში), სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადი (დანართი №1);

ბ) ბოლო 12 თვის განმავლობაში სხ-ზე ჩატარებული სამოდიფიკაციო სამუშაოების  ჩამონათვალი (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).

4. სხ-ის ესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) ტექნიკური მდგომარეობის საინსპექციო შემოწმებისათვის სხ წარადგინოს  იმ დროსა და ადგილას, რომელიც შეთანხმებული იქნება სააგენტოსთვის;

ბ) სხ-ის ინსპექტირების ჩატარებისათვის, ინსპექტირების პროცესი უზრუნველყოს აუცილებელი დამხმარე პერსონალით და მოწყობილობით;

გ) დააკმაყოფილოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები;

დ) საჰაერო ხომალდის რომელიმე სისტემაზე გაუმართაობის არსებობის შემთხვევაში, მისი ექსპლუატაციაზე დაშვება განახორციელოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის გათვალისწინებით;

ე) თუ საჰაერო ხომალდზე აკლია რომელიმე ნაწილი, ექსპლუატაციაზე დაუშვას კონფიგურაციის გადახრის ჩამონათვალის გათვალისწინებით;

ვ) საჰაერო ხომალდზე არსებული დაზიანება არის შემმუშავებლის მიერ დადგენილი ზღვრების ფარგლებში.

5. წარმოდგენილი საბუთების შეფასებისა და სხ-ის ინსპექტირების შემდეგ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აცნობებს მესაკუთრეს/ექსპლუატანტს  სააგენტოში განაცხადის შემოტანიდან არა უგვიანეს  45 კალენდარული დღისა.

6. სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას გაიცემა ფვს-ის დანართი (დანართი №3).

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სხ-ზე შესაძლოა დროულად ვერ განხორციელდეს ფვს-ს ვადის გაგრძელება.  

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 24.12.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.


+
მუხლი 6. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის და/ან მისი დანართის გამოცვლა, დუბლიკატის გაცემა
1. ფვს-ის და/ან მისი დანართი გამოიცვლება, თუ:

ა) შეიცვალა სხ-ის სახელმწიფო ამოსაცნობი ნიშანი;

ბ) შეიცვალა სხ-ის დანიშნულება/კატეგორია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია შეაჩეროს მისი ექსპლუატაცია ახალი ფვს-ის და/ან მისი დანართის მიღებამდე. ფვს-ს მისაღებად მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში), სააგენტოში წარადგენს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადს (დანართი №4);

ბ) გამოსაცვლელ ფვს-ს და/ან მის დანართს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია შეაჩეროს სხ-ის ექსპლუატაცია ახალი ფვს-ს და/ან მისი დანართის მიღებამდე. ფვს-ს მისაღებად მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადს (დანართი №4);

ბ) გამოსაცვლელ ფვს-ს;

გ) ჩატარებული მოდიფიცირების და  დანიშნულების აღწერას და მოდიფიცირების შესრულების ნებართვის დოკუმენტს;

დ) მოდიფიცირების სამუშაოების სრულად შესრულების დამადასტურებელ საბუთებს;

ე) საფრენოსნო გამოცდის აქტს (მოდიფიცირების ჩატარების ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნით – საკონტროლო ფრენის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის, მათი შესწავლის და სხ-ის ინსპექტირების (საჭიროებისას) შემდეგ, სააგენტოს მიერ გაიცემა ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი და/ან მისი დანართი, რომელსაც ენიჭება სხ-ის ახალი რეგისტრაციის სერტიფიკატის  ნომერი.

5. ფვს-ის და/ან მისი დანართის დუბლიკატი გაიცემა მისი დაკარგვისას ან დაზიანებისას (თუ მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ შეუძლებელია).

6. ფვს-ის დუბლიკატის მიღებამდე სხ-ის ექსპლუატანტი აჩერებს სხ-ის ექსპლუატაციას. სხ-ის ფვს-ის დუბლიკატის მისაღებად სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს დადგენილი ფორმის განაცხადს (დანართი №4).

7. წარმოდგენილი საბუთების შესწავლის შემდეგ, სააგენტო გასცემს ფვს-ის და/ან მისი დანართის დუბლიკატს დაკარგული ფვს-ის დანართის მოქმედების ვადით, რომელსაც ენიჭება დაკარგული ფვს-ის ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი“.


+
მუხლი 7. ფვს-ის მოქმედების ვადის შეჩერება
1. სხ-ის ფვს-ის მოქმედების ვადა შეჩერდება:

ა) ტიპის სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ სხ-ის ტიპის მთელი პარკის, სერიის ან კონკრეტული ეგზემპლარის ექსპლუატაციის დროებით შეჩერებისას;

ბ) სხ-ის ისეთი დაზიანებისას, როდესაც მისი ფრენის ვარგისობა უზრუნველყოფილი არ არის;

გ) თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა ფრენის ვარგისობის ნორმების დარღვევა;

დ) სხ-ის ამოსაცნობი ნიშნის შეცვლისას;

ე) სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დაკარგვისას/დაზიანებისას;

ვ) სხ-ის ფვს-ს დაკარგვისას/დაზიანებისას.

2. ფვს მოქმედების ვადის განახლება ხდება მხოლოდ სხ-ის ფვს-ის შეჩერების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისა და/ან ინსპექტირების დადებითი შედეგის შემდეგ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინსპექტირებას ახორციელებს სააგენტო.


+
მუხლი 8. ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაუქმება
1. ფვს-ის გაუქმება ნიშნავს ფვს-ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

 2. ფვს-ის გაცემის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდება:

ა) სხ-ის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელწიფო რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში;

ბ) ტიპის სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ სხ-ის ტიპის მთელი პარკის, სერიის ან კონკრეტული ეგზემპლარის ექსპლუატაციის საბოლოოდ შეჩერებისას.

3. სხ-ის მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია დააბრუნოს სააგენტოში გაუქმებული ფვს გაუქმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.


+
მუხლი 9. ფვს-ის გარეშე  დაშვებული ფრენები
1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სხ-ის მიერ ფვს-ის გარეშე ფრენა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

ა) ტიპის სერტიფიკატის მონაცემებთან სხ-ის შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) სარემონტო ქარხნიდან/საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოდან ან სხ-ის მიზნობრივი დანიშნულების (დროებითი ბაზირების) ადგილიდან მისი მუდმივი ბაზირების ადგილზე გადაფრენისას;

გ) ქარხანა-დამამზადებლიდან კონტეინერით მიღებული და მუდმივი ან დროებითი ბაზირების ადგილზე აწყობილი სხ-ის საკონტროლო ფრენის დროს;

დ) საჩვენებელი ფრენების დროს (გამოფენების, ავიაშოუს და ა.შ);

ე) სხ-ზე ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, შენახვითი სამუშაოების) ჩატარების მიზნით გადაფრენის დროს;

ვ) ფრენის ვარგისობის განახლების მიზნით გადაფრენის დროს;

ზ) დაზიანებული სხ-ის გარემონტების მიზნით გადაფრენის დროს.

2. ფვს-ის გარეშე ფრენის განხორციელების მიზნით, სხ-ის მესაკუთრემ/ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განაცხადი (დანართი №9);

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მესაკუთრემ/ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს სხ-ის მწარმოებელი ქარხნის ან საკონსტრუქტორო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ფრენის პირობები.

4. სააგენტო უფლებამოსილია, ფრენის პირობების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  მესაკუთრეს/ექსპლუატანტს მოსთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

5. სააგენტო უფლებამოსილია, ფრენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონკრეტული ფრენისათვის მესაკუთრეს/ექსპლუატანტს დაუწესოს დამატებითი პირობები.

6. წარმოდგენილი საბუთების განხილვის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაიცემა ფრენაზე დაშვების სერტიფიკატი (დანართი №10);

7. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ან მოქმედების ვადა შეუჩეროს სერტიფიკატს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფრენის პირობების დარღვევისას;

ბ) სხ-ის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებისას;

8. ფრენაზე დაშვების სერტიფიკატი გაიცემა არა უმეტეს 12 თვის ვადით.

9.ფრენაზე დაშვების სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების შემთხვევაში, მესაკუთრე/ ექსპლუატანტი ვალდებულია 10 კალენდარული დღის განმავლობაში სერტიფიკატი დააბრუნოს სააგენტოში.


+
მუხლი 10. საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის გაცემა 
1. სხ-ის ხმაურის სერტიფიკატის მისაღებად სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს განაცხადს (დანართი №5);

2. სააგენტო ამოწმებს სხ-ის ხმაურის დონეებს (მასზე დამონტაჟებული ძრავ(ებ)ის მოდელის გათვალისწინებით) ICAO-ს და EASA-ს სხ-ის ხმაურის ტიპის სერტიფიკატების ბაზებში.

3. თუ EASA-ს სხ-ის ხმაურის ტიპის სერტიფიკატების ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას მესაკუთრის/ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ „სხ-ის ხმაურის ტიპის სერტიფიკატში“ აღნიშნული კონკრეტული სხ-ის ხმაურის დონეების შესახებ, სააგენტო უფლებამოსილია ამის თაობაზე აცნობოს EASA-ს სხ-ის ტიპისა და მასზე დამონტაჟებული ძრავ(ებ)ის  მოდელის მითითებით. 

4. წარმოდგენილი  საბუთების  საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, გასცემს „ხმაურის სერტიფიკატს“ (დანართი 6), რომელსაც ენიჭება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი.

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

6. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ს ჩაუტარდა მოდიფიცირება   (სხვა სერიის ძრავების დაყენება, ძრავის წევის ცვლილება, ხმაურის დონის ცვლილების გამომწვევი მოწყობილობების დაყენება და სხვა) და/ან შეიცვალა სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი/დასაფრენი მასა, რამაც გამოიწვია ხმაურის დონის ცვლილება, სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს განაცხადს (დანართი №5) და ამ სხ-ის ძველ „სხ-ის ხმაურის სერტიფიკატს“. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ „სხ-ის ხმაურის სერტიფიკატს“ ახალი აკუსტიკური მახასიათებლების შესაბამისად. სერტიფიკატს  ენიჭება ძველი სერტიფიკატის ნომერი. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 11 მარტის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 14.03.2016წ.


+
მუხლი 11. ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატის გაცემა
1. სააგენტო გასცემს სხ-ის „ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატს“  (დანართი №8).

2. სხ-ის  „ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი“   გაიცემა:

ა) თუ სხ საფრენად ვარგისია და გააჩნია მოქმედი „ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი“ (სხ-ის ექსპორტისას);

ბ) სააგენტოში წარმოდგენილია განაცხადი სხ-ის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ, სხ-ზე მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში) უფლების გადაცემის თარიღის მითითებით.

3. „ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი“  გაიცემა არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში განაცხადის შემოტანიდან.

4. „ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატის“  მისაღებად განმცხადებელმა  სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი (დანართი №7);

ბ) იმპორტიორი ქვეყნის სერტიფიცირების დამატებითი მოთხოვნები და სხ-ის შესაბამისობა ამ მოთხოვნებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სააგენტო უფლებამოსილია მესაკუთრეს/ექსპლუატანტს მოსთხოვოს იმპორტიორი ქვეყნის სერტიფიცირების დამატებითი მოთხოვნების შესრულება, იმპორტიორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების  მოთხოვნის შემთხვევაში.

6. წარმოდგენილი საბუთების განხილვის და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სააგენტო გასცემს შესაბამის „ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატს“   (დანართი №8), რომელსაც ენიჭება სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციის სერტიფიკატის ნომერი.


+
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
1. იმ სხ-ებს, რომლებიც უკვე რეგისტრირებული არიან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში და ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, მიეცეთ ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე.

2. ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული საფრენად ვარგისობის მოწმობა ძალაშია ამ მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე.  



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №209, 15.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2045438-5/