საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.11.2013 ძალადაკარგული 12.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2013 წლის 22 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი


+
მუხლი 1
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.

2. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

3. გენერალურ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.

 

თავი II

გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანები

+
მუხლი 2
გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;

დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;

ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა;

ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;

თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;

ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციების, ლოგისტიკური მარაგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა;

კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;

ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

მ) სამხედრო დაზვერვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

ნ) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფისა და განვითარების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;

პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ჟ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება;

რ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს  სამოქალაქო  ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა;

რ​1) სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი პირების, ასევე სამხედრო სამსახურის გავლის დროს საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული, ტრავმირებული, უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ს) (ამოღებულია 21.01.2014, №98);

ტ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება;

უ) სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების დაგეგმვა;

ფ) სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებისა და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება, საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიის განსაზღვრა;

ქ) სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით  უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში დებულებების, დოქტრინების, წესდებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ყ) საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა, აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერა;

შ) (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

ჩ) (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

ც) საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვისა და კონტროლის, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვის, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელება, ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერის, სამედიცინო ევაკუაციის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და რეკოგნოსცირების უზრუნველყოფა;

ძ) საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან/ორგანიზაციიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და სპეციალისტების/წარმომადგენლების მიწვევა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 22.01.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №588 – ვებგვერდი, 10.10.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27  მაისის  დადგენილება №232  - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №349 - ვებგვერდი, 25.07.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 05.03.2018წ.

თავი III

გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა

+
მუხლი 3
1. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.

2. გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით.

3. გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა  მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.

4. გენერალური შტაბის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებას მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გენერალური შტაბის უფროსი.

6. გენერალური შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური შტაბის უფროსის დავალებით, გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

7. შეიარაღებული ძალების სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი წარმოადგენს გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველს სერჟანტთა სამხედრო-პროფესიულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №349 - ვებგვერდი, 25.07.2017წ.

+
მუხლი 4
1. გენერალური შტაბის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

ბ​1) დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;

გ) მართავს და აკონტროლებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარის სახეობას და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს; 

დ) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;

თ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;

ი) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გენერალური შტაბის უფროსი მართავს თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ჯარებს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

 

თავი IV

გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები

+
მუხლი 5
1. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) J-1 პერსონალის დეპარტამენტი;

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

დ) J-4 – ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ე) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ვ) J-6 – კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი;

ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

ო) ეროვნული გვარდია;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები;

ჟ) (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი;

ტ) (ამოღებულია - 21.01.214, №98);

უ)  (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

ფ)  ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა;

ქ) კავშირგაბმულობის ცენტრი;

ღ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი.

2. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

ა) J-1 პერსონალის დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მის დანერგვაში; ახორციელებს სამხედრო პერსონალის დაგეგმვის, მზადყოფნისა   და მართვის სისტემების ჩამოყალიბებას/განვითარებას და გამართულ მუშაობას; საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ოპტიმალური საშტატო ნუსხის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელების მომზადებას; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფას; ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირებას,  ზედამხედველობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;  

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი მონაწილეობს სამხედრო დაზვერვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრაში, უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებს სადაზვერვო ინფორმაციით, მონაწილეობს სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვაში,  ახორციელებს  სადაზვერვო ღონისძიებების კოორდინაციას და კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებებს; 

გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერატიული გეგმების შემუშავებას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში, ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას, უზრუნველყოფს საერთაშორისო და გაერთიანებული (ეროვნული) სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას;

დ) J-4 – ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების  მოკლევადიანი გეგმების შემუშავებას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას;

ე) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე უზრუნველყოფს გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნების განსაზღვრასა და ძალთა დაგეგმვას; შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე  შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმებს და უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობას;

ვ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, ახორციელებს ამ სისტემების დანერგვასა და უზრუნველყოფს მათ შემდგომ განვითარებას;

ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაზღვრავს სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებასა და დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესს. მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი  ხელს უწყობს გენერალური შტაბის დეპარტამენტებისა და ცალკეული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაციას, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას; ახორციელებს გენერალური შტაბის საქმიანობის სამართლებრივ და საფინანსო უზრუნველყოფას; განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში ახდენს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგს; უზრუნველყოფს ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას; ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსების ჩატარებას; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზებასა და არქივის მართვას;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო უზრუნველლყოფს „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების“ შესახებ ხელშეკრულების, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულების, „სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლისა“ და „ვენის 2011 წლის“ დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების იმპლემენტაციას;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს:

ლ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ლ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის კონტროლის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას;

ლ.გ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადებას/გაცემას;

ლ.დ) ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოების წესების შემუშავებასა და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა  უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას/გადამზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების ფარგლებში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას, ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას, გადამზადებასა და შეფასებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას;

ო) ეროვნული გვარდია:

ო.ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში;

ო.ბ) გენერალური შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას; მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან; 

ო.გ) უზრუნველყოფს სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ოპერაციების პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სამხედრო მხარდამჭერ მოქმედებებს;

ჟ)   (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრაში;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას, მომარაგებასა და მათ მიმოქცევაზე კონტროლს; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას;

ტ) (ამოღებულია - 21.01.214, №98);

უ)  (ამოღებულია - 15.12.2016, №555);

ფ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა ახორციელებს საქართველოს  საჰაერო სივრცის  მართვას და კონტროლს, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვას, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერას,  უზრუნველყოფს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკურ მხარდაჭერას, სამედიცინო ევაკუაციას, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებას და რეკოგნოსცირებას;

ქ) კავშირგაბმულობის ცენტრი შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროულ, უწყვეტ, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას; სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედებას;

ღ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სამოქალაქო პერსონალის დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტების უზრუნველყოფას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფას; სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფას,  კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 22.01.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №588 – ვებგვერდი, 10.10.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27  მაისის  დადგენილება №232  - ვებგვერდი, 31.05.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის  დადგენილება №314  – ვებგვერდი, 11.07.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №421 - ვებგვერდი, 26. 08. 2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №349 - ვებგვერდი, 25.07.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 მარტის დადგენილება №106 - ვებგვერდი, 05.03.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“, №298, 22.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017465 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2087081-11/