აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2013 ძალადაკარგული 04.03.2021
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №267

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს საჰაერო კოდექსის" მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“.
+
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დირექტორის 2011 წლის  2 აგვისტოს  №87 ბრძანება. 
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
+



აეროდრომების სერტიფიცირების წესი

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. საერთო დებულებები
1. აეროდრომების სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) შემუშავებისას გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონცენცია) მე-14 (აეროდრომები) და მე-17 („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან“) დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის XIV თავის („სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა“), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – იკაო) ოფიციალური გამოცემების DOC-9774 (აეროდრომების სერტიფიცირების სახელმძღვანელო) და Doc 8973 (საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო) და ევროკომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის №1254/2009 რეგულაციის მოთხოვნები.

2. წესის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო აეროდრომების და ვერტოდრომების (შემდგომში – აეროდრომი) უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა, აეროდრომის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

3. წესით განსაზღვრულია აეროდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატერების წესი და პირობები, აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების, გაუქმების, გადაცემის პირობები, აგრეთვე მფლობელისა და სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება.

4. სახელმწიფო ავიაციის და/ან ექსპერიმენტალური ავიაციის მიერ, საზოგადოებრივი მოხმარებისათვის გახსნილ აეროდრომებად გამოყენების შემთხვევაში, აეროდრომის სერტიფიცირება სავალდებულოა და ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

5. დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს, ამ წესის შესაბამისად გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

6. აეროდრომის შესაბამისობის შეფასება დადგენილ ნორმებთან ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

7. აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო(შემდგომ – სააგენტო). სააგენტოს ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების შედეგი (გარდა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისა) აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

8. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი, აეროდრომის ექსპლუატანტი მოვალეა, ახალი პირობებით აეროდრომის ექსპლუატაციამდე, სააგენტოში წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. გადაწყვეტილების შედეგები აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (საჭიროების შემთხვევაში) და აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატში.

9. აეროდრომის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისას, სააგენტო ადგენს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისა და მოქმედი საავიაციო წესებისა და ნორმების დაცვის მდგომარეობას.

10. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

11. აეროპორტის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, იგი მოვალეა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. სერტიფიცირებულ აეროდრომზე ლიტერული და სპეციალური რეისების მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. სერტიფიცირებული და საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი აეროდრომებისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე. დასაშვებია, აგრეთვე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭებაც, რაც ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

14. აეროდრომისათვის მინიჭებული საერთაშორისო ინდექსის გაუქმების საკითხი რეგულირდება ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით და იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომი ამოღებულ იქნა საქართველოს აეროდრომების სახელმწიფო რეესტრიდან.

15. აეროდრომის ტერიტორიაზე, აეროდრომის ექსპლუატანტისაგან დამოუკიდებლად მოქმედი პირი – ავიასაწარმო (სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, საწვავგასამართი საწარმო და სხვა), რომელიც დაკავშირებულია აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, თავის საქმიანობას ახორციელებს ამ პირსა და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების, ასევე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები.

16. ამ წესის მე-4 მუხლის „ა.ბ“, „ბ“, „გ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებზე მონაწილეობას იღებენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.

17. სააგენტო, ამ წესით გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კომპლექსურ შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 2. ტერმინები, ცნებები და განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) აეროდრომის ექსპლუატანტი – საწარმო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას, გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი და მოწმობა აეროდრომის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე;

გ) აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო – ამ წესის შესაბამისად, აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის მისაღებად განცხადების თანდართული საბუთი, რომელიც შეიცავს აეროდრომის განლაგების და მისი გამოყენების პირობებს, საექსპლუატაციო პროცედურებს, ფრენების უსაფრთხოების დაცვის ზომებს, ექსპლუატანტის ადმინისტრაციულ სტრუქტურას;

დ) აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ აეროდრომის ექსპლუატაციის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს რეგისტრირებულ აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა, გაშვება და მომსახურება იმ პირობების და შეზღუდვების შესაბამისად, რაც ამ სერტიფიკატით არის განსაზღვრული;

ე) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – საჰაერო ხომალდებისათვის ასაფრენ-დასაფრენად განსაზღვრული სახმელეთო აეროდრომის სწორკუთხა მონაკვეთი;

ვ) ვერტოდრომი – ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენად გათვალისწინებული აეროდრომი ან ამ მიზნისთვის ნაგებობის ზედაპირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი მონაკვეთი;

ზ) კოდური აღნიშვნა – ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის (აეროდრომები) I თავის 1.6 პუნქტით განსაზღვრული ორი ელემენტისაგან შემდგარი, აეროდრომის ციფრულ-ასოითი აღნიშვნა, რომლითაც განისაზღვრება ამ აეროდრომზე საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლები და ზომები;

თ) სერტიფიცირებული აეროდრომი – აეროდრომი, რომლის ექსპლუატანტზე გაიცა სერტიფიკატი;

ი) სამიმოსვლო ბილიკი – სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული გზა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიმოსვლისათვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად;

კ) სერტიფიცირება – პროცედურა, რომლის საშუალებითაც სააგენტო ადგენს აეროდრომის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან;

ლ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – აეროდრომის ექსპლუატანტის ადმინისტრაციაში შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, აგრეთვე ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა;

მ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სააგენტოს მიერ გამოცემული ინფორმაციის კრებული, რომელიც მოიცავს ჰაერნაოსნობისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა. 


+
თავი II
სერტიფიცირება

+
მუხლი 3.  წინასაგანაცხადო პროცედურა
1. ახალი აეროდრომის მშენებლობის დაგეგმვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და გაუმართლებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, პირს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს სააგენტოს, რათა სააგენტოს სპეციალისტებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ, აეროდრომის დაპროექტებამდე შეაფასონ აეროდრომის მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის და მისი შემოგარენის ბუნებრივი პირობები, ფრენების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით (ადგილის თავისებურება, დაბრკოლებები, გასაკონტროლებელი საჰაერო სივრცე, გარემოს დაცვის მოთხოვნები და სხვა).

2. ახალი აეროდრომის მშენებლობის დაგეგმვის შესაძლებლობის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას. სააგენტოს წერილობითი რეკომენდაცია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში


+
მუხლი 4. სერტიფიცირების ეტაპები
სააგენტოს მიერ აეროდრომის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:

ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენას;

ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვას და შეფასებას.

ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება;

გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება:

გ.ა) სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა;

გ.ბ) სერტიფიკატის გაცემისას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (შემდგომში – AIP) აეროდრომის სტატუსისა და სხვა მონაცემების გამოქვეყნება, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc–8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურების სახელმძღვანელო“) შესაბამისად.

დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი.


+
მუხლი 5.  განცხადება და თანდართული საბუთები 
1. სააგენტოს განსახილველად წარედგინება სერტიფიკატის მისაღები განცხადება (შემდგომში–განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №2 მოთხოვნებს. განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, და მას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) აეროდრომის „საკონტროლო წერტილის“ გეოგრაფიული პარამეტრების დამადასტურებელი საბუთი, მსოფლიო გეოდეზიური სისტემა WGS-84-ის შესაბამისად;

გ) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართისა (აეროდრომები) და ამ წესის დანართის №1 მოთხოვნებს;

დ) აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 06 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 03 ივლისის №109 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს;

ე) მოძრაობაუნარდაკარგული საჰაერო ხომალდის აეროდრომის ტერიტორიიდან გატანის გეგმა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაო-ს ოფიციალური გამოცემის DOC – 9137 („აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“) მე-5 ნაწილის მოთხოვნებს;

 ვ) აეროდრომის იმ პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

ზ) ფრენების მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ასლი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან ან ამ ორგანოს მიერ აღიარებულ სათანადო სამსახურთან. აღნიშნული ორგანოს/სამსახურის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

თ) ხელშეკრულებები, აეროდრომების უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ამ აეროდრომის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად (ავიასაწვავგასაწყობი საწარმო, საავიაციო ტექნიკური ბაზა, ლექტრომომარაგების, სააეროდრომო უზრუნველყოფის სამსახურები და ა.შ.);

ი) ხელშეკრულება, აეროდრომის რაიონში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილ ორგანიზაციასთან. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

კ) აეროდრომის ექსპლუატანტის ორგანიზაციული სტრუქტურა, იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობის, გაშვების და მომსახურების უსაფრთხოებას, საავიაციო უშიშროებას, მგზავრთა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის და ფოსტის მომსახურებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ აეროდრომის საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული, საკარანტინო მომსახურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთები, რაც ითვალისწინებს მომსახურების აღნიშნული სახეების განხორციელებას სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა სავალდებულოა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურე აეროპორტისათვის;

მ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აეროდრომის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ

ნ) ,,აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო/პროგრამა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის  ,, უსაფრთხოების მართვა" და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC - 9859 (,,უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო") მოთხოვნებს;

ო) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ნუსხა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ„ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ორგანიზაციის აეროდრომის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციები/სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას/აკრედიტაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 6. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება 
1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების სისრულეს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

3. სააგენტოს მიერ განცხადების და თანდართული საბუთების შეფასება ითვალისწინებს:

ა) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომში – სახელმძღვანელო) შეფასებას, იმისათვის, რათა სააგენტო დარწმუნდეს, რომ:

ა.ა) სახელმძღვანელო შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესრულებულია ყველა შემოწმება, რომელიც აეროდრომის ექსპლუატანტის ოფისში ან აეროდრომზე გასვლას არ საჭიროებს, მათ შორის, დაზუსტებულია აეროდრომის ის მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) გამოქვეყნებას და აეროდრომის ექსპლუატაციის პროცედურები შესაბამისობაშია ამ წესის მოთხოვნებთან;

ა.ბ) აეროდრომის მართვის სისტემა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებელი სათანადოდ შეძლებს განახორციელოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება.

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

5. განცხადების თანდართული საბუთებისა და აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შეფასებაზე ფორმდება დასკვნა, რაც ეცნობება განმცხადებელს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გადადის სერტიფიცირების II ეტაპზე. 


+
მუხლი 7.   განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება 
1. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვისას და შეფასებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ, სააგენტო აყალიბებს სათანადო სპეციალისტებისაგან შემდგარ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც ახორციელებს აეროდრომის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სამსახურები), ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებასა და შეფასებას, იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში ჩიკაგოს კონვენციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული ფორმდება შესაბამისი დასკვნების სახით (დანართი №5) და ეცნობება განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილზე შემოწმებისა და შეფასების პროცედურა ითვალისწინებს:

ა) აეროდრომის საერთო მონაცემების ადგილზე შეფასებას;

ბ) აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შემოწმებას, რის დროსაც ფასდება:

ბ.ა) აეროდრომის ფიზიკური მახასიათებლები და მდგომარეობა, კერძოდ:

ბ.ა.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლ(ებ)ი (შემდგომში–ადზ);

ბ.ა.ბ) ადზ-ის გვერდითი უსაფრთხოების ზოლები;

ბ.ა.გ) ადზ-ის ღერძულა უსაფრთხოების ზოლები;

ბ.ა.დ) დამუხრუჭების ზოლები და დაბრკოლებისაგან თავისუფალი არეები;

ბ.ა.ე) სამიმოსვლო ბილიკები (შემდგომში – სბ);

ბ.ა.ვ) სბ-ს გვერდითი უსაფრთხოების ზოლები;

ბ.ა.ზ) ბაქნები.

ბ.ბ) აეროდრომზე და მის რაიონში დაბრკოლებების არსებობის შეფასება;

გ) მიწისზედა სააერნაოსნო ნათურების შემოწმებას, მათი საფრენოსნო შემოწმების ჩათვლით, კერძოდ:

გ.ა) ადზ-ისა და სბ-ს შუქების სისტემას;

გ.ბ) მიახლოების შუქებს;

გ.გ) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემებს (papi/apapi ან t-vasis/at-vasis );

გ.დ) საპროჟექტორო განათებას;

გ.ე) დაბრკოლებათა შუქღობურას;

გ.ვ) შუქებს, რომლებსაც საჰაერო ხომალდის პილოტი მართავს (თუ ასეთი გამოიყენება);

გ.ზ) ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების სისტემას;

დ) კვების სათადარიგო წყაროს შეფასებას;

ე) ქარის მიმართულების მაჩვენებელის შეფასებას;

ვ) ქარის მიმართულების გამნათებელის შეფასებას;

ზ) სააეროდრომო მარკირებისა და მარკერის შეფასებას;

თ) სამუშაო მოედანზე ნიშნების შეფასებას;

ი) დამიწების წერტილების შეფასებას;

კ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინაღო დანადგარებისა და მოწყობილობების შეფასებას;

ლ) აეროდრომის ტექნიკური მომსახურებისათვის გამოყენებული დანადგარების შეფასებას, კერძოდ, გასაკონტროლებელი ზონის საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, ადზ-ის ზედაპირის შეჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრის ჩათვლით;

მ) ადზ-დან თოვლის მოსახვეტი და ასაღები დანადგარების შეფასებას;

ნ) მოძრაობისუნარდაკარგული საჰაერო ხომალდების გასატანი დანადგარ(ებ)ის შეფასებას;

ო) ბუნებსარგებლობის საშუალებებისა და პროცედურების შეფასებას;

პ) სატრანსპორტო საშუალებებზე დაყენებული ორმხრივი კავშირის რადიოსადგურების შეფასებას;

ჟ) იმ განათების არსებობის შეფასებას, რომელიც საფრთხეს უქმნის (შეიძლება შეუქმნას) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენას;

რ) საწვავ-გასაწყობი საშუალებების შეფასებას;

ს) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის რაოდენობისა და საავიაციო უშიშროების ზომების შესაბამისობის შემოწმებას;

ტ) საკონტროლო-გამტარი და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განლაგების და აღჭურვილობის შემოწმებას, მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების რაოდენობას, ტიპებს და განლაგებას;

უ) ბარგის დახარისხებისა და შემოწმების ზონების შემოწმებას;

ფ) პერიმეტრის დაცვის საშუალებების შემოწმებას;

ქ) კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების მთლიანობის შემოწმებას;

ღ) საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის მოსასვენებელი ოთახებისა და საგუშაგოების, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის განლაგებისა და აღჭურვის შემოწმებას;

ყ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად მოწყობილი სხვა სივრცეების, მოწყობილობებისა და საშუალებების შემოწმებას.

3. საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისათვის აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების გამართულობის, აეროდრომის გამართული ფუნქციონირების საექსპლუატაციო პროცედურებით უზრუნველყოფისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალითა და მათი საჭირო რაოდენობით დაკომპლექტების დასადასტურებლად, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს აეროდრომის რაიონში საჰაერო ხომალდის შესვლისა და გამოსვლის, დაშვებისა და დაჯდომის საკონტროლო ფრენები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფრენები სავალდებულოდ ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის პირველად გაცემისას;

ბ) კომისიის გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებისას, თუ მოქმედების ვადის შეჩერება უშუალოდ იყო დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებასთან;

გ) სააგენტოს გადაწყვეტილებით.

5. საკონტროლო ფრენებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ.

6. სააგენტო, სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა დარწმუნდეს , რომ:

ა) აეროდრომის პერსონალს გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების განხორციელება, ხოლო საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელება;

ბ) აეროდრომის სამსახურები, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის („აეროდრომები“) მოთხოვნებს;

გ) აეროდრომის საექსპლუატაციო პროცედურები უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენას და ტერიტორიაზე გადაადგილებას;

დ) აეროდრომზე მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მართვის სისტემები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისია ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს მას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კომისიის დადებითი დასკვნის მისაღებად.

8. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების შემდეგ, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას, კომისიას გამოაქვს სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი დასკვნა. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა 
1. სააგენტო, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ღებულობს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, რასაც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს.

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელს მიეცემა სერტიფიკატი.

3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს.

4. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, ისევე როგორც კომისიის უარყოფითი დასკვნა, დაფუძნებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე:

ა) აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, აგრეთვე საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებისა და შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელ დონეს;

ბ) სახელმძღვანელოს ადგილზე შეფასებამ აჩვენა, რომ მასში არ არის დაცული ამ წესების დანართი №1-ით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) აღნიშნული და სხვა ფაქტორებით (უნდა ჩამოითვალოს დეტალურად) დადგინდა, რომ განმცხადებელი ვერ შეძლებს სათანადო დონეზე უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

5. აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ვადიანი სერტიფიკატი, თუ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ფრენების უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. 


+
მუხლი 9. სერტიფიკატი, მისი მოქმედების ვადა
1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ით.

2. სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის დღეს, შემდეგი ორი, გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემის დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).

3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით.


+
მუხლი 10. სერტიფიცირებული აეროდრომის მონაცემების გამოქვეყნება 
სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური, სააგენტოს სახელით, აქვეყნებს საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური დოკუმენტის DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად აქვეყნებს მონაცემებს ამ აეროდრომის შესახებ. მონაცემების გამოქვეყნებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული დოკუმენტის მე-2 თავით („მონაცემების წარდგენა“) განსაზღვრული სააერონავიგაციო ინფორმაციის კონტროლისა და რეგლამენტირების (AIRAC) ვადები.

+
მუხლი 11. სერტიფიკატის გადაცემა
1. სერტიფიკატის გადაცემა ნიშნავს სერტიფიკატის მფლობელის შეცვლას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. სერტიფიკატის გადაცემაზე სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე (სერტიფიკატის ახალ მფლობელზე) გაიცემა ახალი სერტიფიკატი.

3. იმ სერტიფიკატის გადაცემა, რომლის მფლობელსაც მთლიანად ან უპირატესად ან რომლის აქციების საკონტროლო პაკეტსაც ფლობს საქართველო, დასაშვებია მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებით.

4. სააგენტო იხილავს სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე განცხადებას, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელი, 60 დღით ადრე მაინც, წარუდგენს სააგენტოს განცხადებას აეროდრომის ექსპლუატაციის შეწყვეტის თაობაზე;

ბ) განცხადებაში სავალდებულოდ აღინიშნება პირი რომელსაც სერტიფიკატი უნდა გადაეცეს;

გ) პირი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ გადაეცეს სერტიფიკატი, აეროდრომის ექსპლუატაციის შეწყვეტის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თარიღამდე არა უგვიანეს 60 დღისა, სააგენტოში წარადგენს წერილობით განცხადებას.

5. სერტიფიკატის მიღების მსურველმა, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

6. სააგენტო იხილავს სერტიფიკატის ახალი მსურველის განცხადებას. განცხადების განხილვისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციას და მის ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან:

ა) სააეროდრომო საშუალებები, მოწყობილობები და სამსახურები არსებით ცვლილებებს არ განიცდის;

ბ) აეროდრომის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ძირითადი სპეციალისტები რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე ან იცვლებიან ეკვივალენტური ცოდნის და გამოცდილების თვისებების მქონე სხვა სპეციალისტებით;

გ) უშიშროების და უსაფრთხოების მართვის სისტემები უნდა ფუნქციონირებდეს იმავე ეფექტურობით;

დ) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ აღნიშნული პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სხვა პროცედურებით.

7. სააგენტო სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების შესაბამის პროცედურებს ახორციელებს ამ წესის II თავის შესაბამისად.


+
მუხლი 12. სერტიფიკატის უკან დაბრუნება
1. სერტიფიკატი უბრუნდება მის გამცემ ორგანოს და უქმდება ექსპლუატანტის განცხადების საფუძველზე, ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ან სერტიფიკატის მფლობელის სურვილით.

2. განცხადების მიღების შემდეგ სააგენტო ვალდებულია:

ა) შეამოწმოს განმცხადებლის, როგორც სერტიფიკატის მფლობელის, უფლებამოსილება სერტიფიკატის დაბრუნების მოთხოვნაზე;

ბ) შეამოწმოს, რომ ექსპლუატანტისაგან მიღებული განცხადება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს;

გ) დარწმუნდეს, რომ ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეიცავს:

გ.ა) NOTAM-ით შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას აეროდრომის მონაცემების ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომი რჩება სამოქალაქო ავიაციისათვის ვარგისად;

გ.ბ) დაკეტვას დაქვემდებარებულ აეროდრომის შემთხვევაში – ინფორმაციას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გატარებული იყო ექსპლუატანტის მიერ აეროდრომის დაკეტვასთან დაკავშირებით. კერძოდ, აეროდრომის ქარის მაჩვენებლების მოხსნა და მარკირების მოშლა, აეროდრომის დაკეტვის შესაბამისი მარკირების დატანა, აგრეთვე, მარკირებისა და სხვა აუცილებელი ვიზუალური საშუალებების გადაყვანა არასამუშაო მდგომარეობაში;

გ.გ) რომ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება წარმოდგენილია გაუქმებამდე არანაკლებ 60 დღით ადრე. განმცხადებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე აეროდრომის ექსპლუატაციის შეჩერებისა და ამის თაობაზე სააგენტოს ინფორმირების შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას და აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს №OTAM-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაბრუნებული სერტიფიკატის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და აღნიშნულზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.

4. სააგენტო უზრუნველყოფს აეროდრომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მისი მონაცემების, ექსპლუატაციისათვის ვარგისობის ან დაკეტვის შესახებ, რაც ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურები“) მოთხოვნების შესაბამისად.

5. სააგენტო სერტიფიკატს აუქმებს განცხადებაში აღნიშნული თარიღით.


+
მუხლი 13. სერტიფიკატის გამოცვლა
1. სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზები. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

2. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს, თუ:

ა) შეიცვალა აეროდრომის მფლობელი ან ექსპლუატანტი;

ბ) შეიცვალა აეროდრომის ექსპლუატაციის ან გამოყენების ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი;

გ) შეიცვალა აეროდრომის საზღვრები;

დ) შეიცვალა აეროდრომის დასახელება;

ე) სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.

3. სააგენტო, განცხადებას და თანდართულ საბუთ(ებ)ს 1 თვის ვადაში იხილავს და ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გამოცვლის ან გამოცვლაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს.


+
მუხლი 14. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:

ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, საქართველოს საჰაერო კოდექსით, ამ წესით და/ან საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა/ინციდენტი ან საფრთხე შეუქმნა/შეუქმნას ფრენის უსაფრთხოება ან/და საავიაციო უშიშროებას;

ბ) სერტიფიკატის მფლობელი სისტემატურად არღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევ(ებ)ის სახე და ამ დარღვევ(ებ)ის გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.

4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და აეროდრომის ექსპლუატანტმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების სამთვიანი ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) აეროდრომის ექსპლუატანტის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ამ წესის მე-15 და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული მუდმივი ზედამხედველობისა და საინსპექციო/კომპლექსური შემოწმებით განხორციელებული პროცედურებით გამოვლენილ ნაკლოვანებების არსებობისას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 15. მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი 
1. აეროდრომის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სერტიფიკატის მოქმედების მთელ პერიოდში, ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტოს მიერ მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესით.

3. ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა ითვალისწინებს:

ა) სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას;

ბ) აეროდრომის საექსპლუატაციო პროცედურების ცვლილებების შემთხვევაში სათანადო ორგანოების ინფორმირებისა და დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების მდგომარეობის შემოწმებას;

გ) აეროდრომის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების მდგომარეობის შემოწმებას, კერძოდ:

გ.ა) აეროდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების პერიოდულად ან სპეციალური შემოწმების ჩატარებას, აეროდრომისა და მისი იმ მონაცემების შემოწმების ჩათვლით, რომელიც გამოქყვეყნებულია საქართველოს AIP-ში, აგრეთვე, აეროდრომის შენობა-ნაგებობების, ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, დანადგარებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებას;

გ.ბ) აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მდგომარეობის დაცვის გამუდმებულ ანალიზს, აგრეთვე, ანგარიშების განხილვას, რომლებიც შეიცავს ფრენების უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
თავი III
აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო

+
მუხლი 16. „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ მომზადება
1. „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომში – სახელმძღვანელი) შეიმუშავებს აეროდრომის ექსპლუატანტი.

2. სახელმძღვანელო:

 ა) მზადდება, იბეჭდება, ფორმდება და მტკიცდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ;

ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;

გ) ითვალისწინებს გვერდების რეგისტრაციის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდს;

დ) დგება იმ სახით, რომ გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი.

3. სახელმძღვანელო დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან. სახელმძღვანელო უნდა წარედგინოს სააგენტოს ორ ეგზემპლიარად.


+
მუხლი 17. სახელმძღვანელოს შესანახი ადგილი

1. აეროდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს ინახავს აეროდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი - ინახება სააგენტოში.     

2. აეროდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 1 6 ოქტომბრ ის ბრძანება № 1 76 - ვებგვერდი, 17.10.2014წ.


+
მუხლი 18. სახელმძღვანელოში ჩასართავი ინფორმაცია
1. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო, ამ წესის 30-ე მუხლის შესაბამისად, აეროდრომის ექსპლუატანტს ათავისუფლებს ამავე წესით დადგენილ რომელიმე მოთხოვნისაგან, სააგენტო აცნობებს ექსპლუატანტს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის ჩვენებით, აგრეთვე – იმ პირობებს და/ან პროცედურებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება სახელმძღვანელოში.

3. თუ სახელმძღვანელოში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული რაიმე მონაცემი არ არის ჩართული იმის გამო, რომ ის აღნიშნული აეროდრომისათვის არ გამოიყენება, ექსპლუატანტმა სახელმძღვანელოში უნდა მიუთითოს ამის მიზეზი.


+
მუხლი 19. სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა
1. ექსპლუატანტმა, სახელმძღვანელოში უნდა შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ყოველთვის, როცა ეს გამოწვეულია აეროდრომის, მისი ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, საექსპლუატაციო პროცედურების ფაქტობრივი მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილებები და დამატებები წინასწარ უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

2. სახელმძღვანელოში ზუსტი მონაცემების შესანარჩუნებლად, სააგენტო, მიღებული ინფორმაციის ან საინსპექციო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, მოითხოვს ექსპლუატანტისაგან ცვლილებების ან დამატებების შეტანას ვადების ჩვენებით.

3. სახელმძღვანელოს, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულის გარდა სხვა ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება ასევე ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ. 


+
თავი IV
აეროდრომის ექსპლუატანტის უფლებამოსილება

+
მუხლი 20. ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აეროდრომის შესაბამისობის უზრუნველყოფა
აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 („აეროდრომები“) და მე-17 (საავიაციო უშიშროება) დანართებით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესის, ფრენის უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით და აეროდრომის სერტიფიკატით გათვალისწინებული, აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების პირობების დაცვას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 21. აეროდრომის ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პერსონალის კვალიფიკაცია
1. აეროდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად, აეროდრომის ექსპლუატანტის ადმინისტრაციაში იქმნება საჭირო რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ახორციელებს მას. ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამა თანხმდება სააგენტოსთან. 


+
მუხლი 22. აეროდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
1. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის, მისი მოწყობილობების, საშუალებების, აღჭურვილობის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ მოყვანილი პროცედურების შესაბამისად.

2. სერტიფიკატის მფლობელი კოორდინაციას უკეთებს ქმედებებს, რათა აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების მომწოდებლების მიერ, ამ აეროდრომსა და მიმდებარე საჰაერო სივრცეში უზრუნველყოფილ იქნეს ფრენებისა და საჰაერო ხომალდის უსაფრთხო მომსახურება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოორდინაცია ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე და სამსახურებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ აეროდრომის სტრუქტურულ ერთეულს, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, კერძოდ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ავიასაწვავგამმართველი, საავიაციო ტექნიკური ბაზის, მეტეოროლოგიური მომსახურების და სხვა ორგანიზაციები და სამსახურები.

4. საქართველოს აეროპორტები, სადაც მგზავრთა მომსახურება ხორციელდება ტელესკოპური ტრაპების საშუალებით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფენ ამ ტრაპების პირველ რიგში გამოყენებას.


+
მუხლი 23. ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა
1. ექსპლუატანტი ადგენს აეროდრომის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემ(ებ)ის ორგანიზაციულ სტრუქტურას.

2. აეროდრომზე ბაზირებული საწარმოები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს და/ან საჰაერო ხომალდების მომსახურებას, უზრუნველყოფენ აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დაცვას. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას ამ მოთხოვნების შესრულებაზე.

3. ექსპლუატანტი, აეროდრომის ყველა მომხმარებლისაგან მოითხოვს თანამშრომლობას აეროდრომის ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს დაუყოვნებლივი ინფორმაციის მიწოდებას ნებისმიერ შემთხვევაზე, ინციდენტზე, დაზიანებასა თუ ნაკლოვანებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე.

4. (ამოღებულია - 12.08.2020, №134).

5. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა"უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო) მოთხოვნებს. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 1 6 ოქტომბრ ის ბრძანება № 1 76 - ვებგვერდი, 17.10.2014წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 24. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ უსაფრთხოების მდგომარეობის შიდა შემოწმებები და ანგარიშის წარდგენა
 1. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემ(ებ)ის, საშუალებების, დანადგარებისა და აღჭურვილობის შემოწმებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. შემოწმებები ტარდება მუდმივად და სისტემატურად.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ შემოწმებები ჩატარდეს და შესაბამისი ანგარიშები მომზადდეს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.

3. აეროდრომის ექსპლუატანტი შემოწმების ანგარიშებს ინახავს 7 წლის განმავლობაში.


+
მუხლი 25. შემმოწმებლის აეროდრომზე დაშვება
1. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს აეროდრომის შენობა-ნაგებობების, საშუალებების, დანადგარებისა და სამსახურების, საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმება და გამოცდა, ექსპლუატანტის საბუთებისა და ჩანაწერების, ასევე – ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების შემოწმება.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აძლევს აეროდრომის კონტროლირებად და/ან დაცულ ზონებში შესვლის უფლებას, მათ შორის, აღჭურვილობის, ჩანაწერებისა და საბუთების, ასევე, ექსპლუატანტის პერსონალის კვალიფიკაციისა და მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად.

3. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული შემოწმების წესი და ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 26. ანგარიშისა და შეტყობინების წარდგენა
აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს და საფრენოსნო ეკიპაჟს, ამ მუხლით განსაზღვრულ ვადებში და საკითხებზე წარუდგინოს ანგარიშები და შეტყობინებები:

ა) სააერნაოსნო ინფორმაციებში უზუსტობებზე. ეროდრომის ექსპლუატანტი, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის, მისი დამატებების და შესწორებების, პილოტების შეტყობინებების (NOTAM), გაფრენისწინა ბიულეტინების ინფორმაციის და სააერნაოსნო ცირკულარების მიღებისას, ახორციელებს შედარებას და ყველა უზუსტობაზე, რომლებიც დაფიქსირდება აღნიშნულ დოკუმენტებში ამ აეროდრომის შესახებ, დაუყოვნებლივ ახსენებს სააგენტოს;

ბ) წინასწარ დაგეგმილი ცვლილებების შეტყობინება აეროდრომის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და მომსახურების დონის შესახებ. ექსპლუატანტი, წერილობითი ფორმით, სააგენტოს, არანაკლებ 48 კალენდარული დღით ადრე, ატყობინებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ეხება აეროდრომის შენობა-ნაგებობებს, აღჭურვილობას ან მომსახურების დონეს;

გ) დაუყოვნებელი შეტყობინება. ამ წესის მოთხოვნების შესრულებისას, აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოში აგზავნის წერილობით შეტყობინებას, მისთვის ცნობილი იმ მონაცემების დაწვრილებითი აღწერით, რომლებიც განეკუთვნება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებას:

გ.ა) დაბრკოლებებისა და საფრთხის ნაწილში:

გ.ა.ა) დაბრკოლებებით შეზღუდვის ზედაპირზე აღმართული ნებისმიერი ობიექტი, რომელიც განეკუთვნება მოცემულ აეროდრომს;

გ.ა.ბ) აეროდრომზე ან მის სიახლოვეს არსებული რაიმე დაბრკოლება ან სახიფათო პირობები, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე;

გ.ბ) მომსახურების დონის ნაწილში – საქართველოს AIP-ში, NOTAM-ში და ანალოგიურ ოფიციალურ გამოცემებში გამოქვეყნებული მომსახურების დონის გაუარესებაზე;

გ.გ) სამუშაო მოედნის ნაწილში – აეროდრომის ნებისმიერი მუშა ფართის დაკეტვაზე;

დ) სხვა ნებისმიერი პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს აეროდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება სიფრთხილის დამატებითი ღონისძიებები, ეცნობება სააგენტოს და საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს;

ე) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის სასწრაფო შეტყობინება. აღნიშნული ექვემდებარება დაუყოვნებლივ შეტყობინებას ნებისმიერი ხერხით საფრენოსნო ეკიპაჟისათვის და ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა აეროდრომის ექსპლუატანტი ვერ ახერხებს ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ისეთ საკითხებზე სათანადო შეტყობინების გადაცემას სააგენტოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენაზე. 


+
მუხლი 27. სპეციალური საინსპექციო შემოწმება. კომპლექსური შემოწმება
1. აეროდრომის ექსპლუატანტი სააგენტოს, აგრეთვე საკუთარი და/ან მოწვეული სპეციალისტების ძალებით აწარმოებს აეროდრომის სპეციალურ საინსპექციო შემოწმებას უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) დაუყოვნებლივ, ნებისმიერი საავიაციო მოვლენის (შემთხვევის, ინციდენტის) შემდეგ;

ბ) აეროდრომის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის მშენებლობის ან რემონტის მსვლელობისას;

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აეროდრომზე ისეთი პირობები იქმნება, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე.

2. სააგენტო, აეროდრომის ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს ექსპლუატანტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს გადაწყვეტილებით. აეროდრომის ექსპლუატანტს, კომპლექსური შემოწმების ჩატარების თაობაზე, ეცნობება შემოწმების დაწყების თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. კომპლექსური შემოწმების შედეგები აისახება კომისიის აქტში, რომელსაც იხილავს სააგენტო შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში.


+
მუხლი 28. აეროდრომის ზედაპირიდან დაბრკოლებათა მოცილება
აეროდრომის ექსპლუატანტი აეროდრომის ზედაპირიდან, უსაფრთხოების ზომების დადგენილი წესების დაცვით, დაუყო ვ ნებლივ აცილებს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას და სხვა ისეთ დაბრკოლებას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს/შეუძლია იმოქმედოს ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე.

+
მუხლი 29. გამაფრთხილებელი შეტყობინებები
თუ აეროდრომის თავზე ან მის სიახლოვეს საჰაერო ხომალდი ასრულებს ფრენას ისე, რომ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, აეროდრომის ექსპლუატანტი:

ა) დადგენილი წესით განალაგებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას მოსალოდნელ საფრთხეზე გზის იმ ნაწილზე, რომელიც ესაზღვრება საჰაერო ხომალდის მანევრირების ფართობს; ან

ბ) თუ ასეთ გზას აეროდრომის ექსპლუატანტი ვერ აკონტროლებს, ის ინფორმაციას აწვდის იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ასეთ გზაზეა პასუხისმგებელი (მოსალოდნელი საფრთხის წარმოქმნის შეტყობინებაზე). 


+
თავი V
სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლება

+
მუხლი 30. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების ზოგადი დებულებები
1. სააგენტო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილია აეროდრომის ექსპლუატანტს წერილობით მისცეს კონკრეტული სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება.

2. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ დაცული იქნება ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება.

3. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება ეძლევა აეროდრომის ექსპლუატანტს იმ პირობით, თუ გათავისუფლების შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატაციის პირობები შეესაბამება სააგენტოს მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დადგენილ პირობებსა და პროცედურებს.

3​​1. ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტი შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს ამ წესით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისაგან და დაუწესდეს ამ წესის 31-ე მუხლით დადგენილი სასერტიფიკაციო მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომზე საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტურად განხორციელებას. ასეთ აეროდრომებს მიეკუთვნება აეროდრომები, საიდანაც ხორციელდება ფრენები მხოლოდ ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით:

ა) 15 000 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით;

ბ) ვერტმფრენებით;

გ) საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;

დ) იმ ავიაგადამზიდველების, საჰაერო ხომალდების მწარმოებლების და ტექნიკური მომსახურების საწარმოების მიერ, რომლითაც არ ხორციელდება მგზავრების, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა;

ე) საწარმოს პერსონალის, მგზავრების ან საქონლის გადაზიდვის მიზნით, 45 500 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენის მასის მქონე საჰაერო ხომალდებით განხორციელებული არაკომერციული ფრენები, რომლებიც სრულდება საწარმოს საქმიანობის მიზნით.

3​​2. ამ მუხლის 3​​1 პუნქტით გათვალისწინებული აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიას. სამოქალაქო ავიაციაში საავიაციო უშიშროების რისკის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

4. თუ აეროდრომის მახასიათებლები არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“) დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და/ან რეკომენდებულ პრაქტიკას, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ის პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტისა და/ან რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნების ეკვივალენტური უსაფრთხოების დონის შესანარჩუნებლად.

5. საერთაშორისო სტანდარტებიდან, რეკომენდებული პრაქტიკიდან ან პირობებიდან და პროცედურებიდან გათავისუფლება აღინიშნება სერტიფიკატში. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
თავი VI
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა

+
მუხლი 31. აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ორგანიზაცია
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომლებიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის შექმნას, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის მოწყობას, აეროდრომების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მგზავრების, ხელბარგის, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის, ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, აეროპორტის მარაგის შემოწმების უზრუნველყოფას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების მცდელობის გამოვლენას და აღკვეთას.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების/სამსახურების მიერ.

3. აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ ავტოტრანსპორტითა და სხვა მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა შემოწმების, დაშვების კონტროლისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

4. საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სამსახურებრივი მოვალეობის შესაბამისი მომზადება და მიიღონ მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

5. აეროდრომის ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებები, ბაზირების აეროდრომის ექსპლუატაციის პირობების თავისებურებების, საჰაერო ხომალდების ფრენების გეოგრაფიის, ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდების ტიპების, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

6. აეროდრომის მშენებლობისა და/ან რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) სამგზავრო ტერმინალის მოწყობას ისეთი სივრცის გარეშე, რომელიც ხელს შეუწყობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეუმჩნევლად განთავსებას;

ბ) ისეთ სამშენებლო მასალას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს (მაგ: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები და ა.შ);

გ) გაფრენისა და მოფრენის დარბაზებისთვის ცალ-ცალკე სივრცეებს;

დ) არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონების ერთმანეთისგან გამოყოფას კედლით, საკონტროლო-გამტარი პუნქტით ან მგზავრთა შემოწმების პუნქტით;

ე) საკმარის სივრცეს საკონტროლო-გამტარი პუნქტებისა და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განსათავსებლად;

ვ) საკმარის სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო-საიმიგრაციო, საბაჟო და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურების პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახების განსათავსებლად;

ზ) მკაფიოდ განსაზღვრულ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით აღჭურვილ შემოწმების პუნქტებს მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმებისათვის;

თ) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისა და დახარისხების ზონას;

ი) ოთახს მგზავრების მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის, ტყვია-წამლის შესამოწმებლად და გადასაზიდად გასაფორმებლად;

კ) სათავსს საჰაერო დაცვის ოფიცრის სამსახურებრივი იარაღის შესანახად;

ლ) სივრცეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული უწყებების თანამშომლებისათვის;

მ) საკმარისი რაოდენობის მოსასვენებელი ადგილების მქონე დასასვენებელ სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლისთვის, ადეკვატური ვენტილაციითა და სანიტარიული პირობებით;

ნ) საკმარის სივრცეს მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწების პუნქტებსა და სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების პუნქტებს შორის, ეფეტური და შეუფერხებელი შემოწმების უზრუნველსაყოფად;

ო) საგუშაგოებს;

პ) საკონტროლო-გამტარ პუნქტებს (შემდგომში – სგპ);

ჟ) აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვას;

რ) რისკის შეფასების საფუძველზე გამოყოფილ არაკონტროლირებად ზონას;

ს) სივრცეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერირებისთვის.

7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური.

8. აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები ურთიერთკოორდინაციით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 32. აეროდრომის კონტროლირებადი ზონები, სასაშვო სისტემის ორგანიზება და საკონტროლო-გამტარი პუნქტების აღჭურვილობა
1. აეროდრომის ტერიტორიაზე სასაშვო სისტემის ორგანიზება ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად. სასაშვო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შეზღუდვებს ბაქანზე და აეროპორტის შენობაში არსებულ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სამიმოსვლო ბილიკებზე, ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონებში და ა.შ. სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის ერთობლივი ბაზირების აეროდრომებზე, ტერიტორიები უნდა იყოს გამიჯნული და შემოღობილი, დამაკავშირებელი სგპ-ებზე, აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან სასაშვო სისტემით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში დაუშვებელია აეროდრომის ექსპლუატანტის ნებართვის გარეშე ფოტო და ვიდეო აპარატურის გამოყენება;

4. აეროდრომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სგპ აღიჭურვება კავშირის, განათების საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციისა და შემოწმების საშუალებებით (ფარანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა ზონების ეფექტურად შემოწმებისთვის ღამის საათებში, სარკე ან ვიდეოდაკვირვების სისტემა ფსკერის შესამოწმებლად), ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ბუფერული ზონით, რომელიც არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონებისგან გამოყოფილი იქნება ავტომატურად გაღების მექანიზმიანი რკინის ჭიშკრებით, რომელიც მოქმედებაში მოდის დისტანციური მართვის საშუალებებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, აეროპორტის მარაგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანმდევი საშუალებების და კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესატანი სხვა მასალების შესამოწმებლად განკუთვნილი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

5. აეროდრომის მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სგპ აღიჭურვება კავშირის საშუალებებით, პირების იდენტიფიკაციის საშუალებებითა და ტურნიკეტებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შესამოწმებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით. აეროპორტის შენობის გარეთ არსებული სგპ-ები უნდა აღიჭურვოს საავიაციო უშიშროების სამსამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

6. სგპ-ში უნდა მოეწყოს სტენდი აეროდრომის მომქმედი საშვების და ყველა სახის საშვზე ხელისმომწერის უფლების მქონე თანამდებობის პირების ხელმოწერის, საშვებზე დატანილი აეროდრომის ექსპლუატანტის და სააგენტოს ბეჭდების ნიმუშებით.

7. აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვაში უნდა იყოს გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის სათადარიგო გასასვლელები, ჩამკეტი ჭიშკრებით და დამცავი სიგნალიზაციის სისტემით. სათადარიგო გასასვლელების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მისასვლელად ცალკე მდგომ ობიექტებთან კონტროლდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

8. აეროდრომის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი უნდა განხორციელდეს სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 06 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესისა“ და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 03 ივლისის №109 ბრძანებით დატკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 33. აეროდრომების ობიექტების დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა

1. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს:

ა) საჰაერო ხომალდები;

ბ) ცალკე მდგომი ობიექტები და საწვავგამმართველი სატრანსპორტო საშუალებები;

გ) საფოსტო-სატვირთო ტერმინალები;

დ) ბორტკვების საწარმოები;

ე) საწყობები;

ვ) სანავიგაციო საშუალებები;

ზ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონები;

თ) სგპ-ები.

2. აეროდრომის და სამოქალაქო ავიაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,13-2,44 მეტრი სიმაღლის შემოღობვა გამაფრთხილებელი ანშლაგებით, რომლებიც კრძალავენ კონტროლირებად ზონაში შეღწევას. გამაფრთხილებელ ანშლაგებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. შემოღობვის გარე და შიდა ზონებში ვიზუალური წვდომის უზრუნველსაყოფად, პერიმეტრული შემოღობვისთვის გამოიყენება მყარი, გამჭვირვალე მასალა, ისეთი როგორიცაა, ლითონის ბადე, შედუღებული ლითონის ცხაური და ა.შ. შემოღობვის საძირკველი მყარად უნდა იყოს ჩამაგრებული მიწაში ბეტონით ან სხვა მყარი სამშენებლო მასალით. გამორიცხული უნდა იყოს კონსტრუქციის დემონტაჟი მარტივი ხერხით.

3. აეროდრომს და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ნავიგაციის და საჰაერო მოძრაობის მართვის ობიექტების ტერიტორიას უნდა აკონტროლებდნენ სუს-ის თანამშრომლები.

[3. ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების ხელშეწყობის მიზნით, შემოღობვის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს განათება. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემა, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამცავი სიგნალიზაციის სისტემა, და დაცვის სხვა საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები, რომელთა ტიპები და სახეობები წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან. პერიმეტრის შემოღობვის ზემოდან უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა პროფილის მეტალის კონსტრუქციები (მჩხვლეტავი, ეკალმავთულხლართი და სხვა). პერიმეტრული შემოღობვის შიდა და გარეთა მხარეს, 3მ სიგანის ზოლი უნდა გასუფთავდეს ნარჩენების, ბუჩქნარის და ხეებისაგან. ამ ზოლში დაუშვებელია იმგვარი საქმიანობა/ობიექტის განთავსება, რომელიც შეზღუდავს ხილვადობას.(ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან)]

4. აეროდრომების ობიექტების შემოღობვის გასწვრივ შეიძლება დამატებით დაიდგას:

ა) საგუშაგო კოშკურები ან საყურებელი მოედნები შემოღობვის და მიმდებარე ტერიტორიის სამეთვალყურეოდ;

ბ) სამსახურებრივი ძაღლების ბლოკ-საგუშაგოები;

გ) დამცავი სიგნალიზაციის სისტემები;

დ) დამრღვევის მიერ პერიმეტრის შემოღობვის გადალახვის ან მისი მცდელობის გამომვლენი და განგაშის მიმცემი ელექტრონული მოწყობილობები.

5. აეროდრომების შემოღობვის გასწვრივ, შიდა მხარეს, უნდა გაკეთდეს გზა საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეუფერხებლად პატრულირებისთვის.

6. აეროდრომზე გათვალისწინებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საკონტროლო-გამტარი პუნქტები მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების კონტროლისა და შემოწმების შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელების მიზნით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 34. აეროდრომის ტერიტორიაზე გაფრენისწინა შემოწმების ორგანიზება და უზრუნველყოფა
1. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება სგპ-ზე.

3. ავიაბილეთების გაყიდვის ადგილებში, მგზავრების რეგისტრაციის ზონებში, ბარგის გაფორმების და შემოწმების პუნქტების წინ უნდა უნდა განთავსდეს საავიაციო უშიშროების სპეციალური ინფორმაციის შემცველი ბანერები/ეკრანები/პლაკატები რომლებშიც, უნდა მიეთითოს საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული ნივთიერებები და საგნები.

4. მგზავრები, დელეგაციები, მათ შორის, პირები, რომელთა მომსახურება ხორციელდება ოფიციალურ პირთა დარბაზებში, საჰაერო ხომალდში დაიშვებიან რეგისტრაციისა და გაფრენისწინა შემოწმების დადგენილი წესით გავლის შემდეგ.

5. შემნახველ საკნებში ჩასაბარებელი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი წესით.

6. შემოწმების პუნქტები აღიჭურვება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, ვიდეოჩაწერის სისტემით აღჭურვილი ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით, რომლის ინფორმაციაც ინახება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში, ელექტრომომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.

7. შემოწმების პუნქტი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული ან ინდივიდუალური. დაგეგმარება უნდა განხორციელდეს გაფრენისწინა შემოწმებაგავლილი და შეუმოწმებელი მგზავრების ერთმანეთში არევის გამორიცხვის გათვალისწინებით.

8. სამგზავრო ტერმინალი უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მგზავრთა შემოწმების პუნქტში, არანაკლებ 4კვ.მ-ის ფართობის მქონე, საჭირო რაოდენობის პირადი შემოწმების სათავსებს მგზავრთა პირადი შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) სტერილურ ზონას ფართით 1 მგზავრზე არანაკლებ 1,7კვ.მ-ისა, რომელშიც განთავსდება სკამები და საერთო სარგებლობის სივრცეები;

გ) ოფიციალური პირების და დელეგაციების დარბაზებში მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შესამოწმებელ პუნქტებს.

9. შემოწმების პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, უნდა აღიჭურვონ საკეტებით და დამცავი სიგნალიზაციით. კარების გასაღებები უნდა ინახებოდეს საავიაციო უშიშროების სამსახურში.

10. შემოწმების პუნქტები უნდა შემოიღობოს, მასში შესასვლელი და გასასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ გამოირიცხოს უცხო პირების მხრიდან შემოწმების პროცესის დანახვა და შემოწმებულ მგზავრებთან კონტაქტი.

11. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ყოველდღიურ შემოწმებას. მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
მუხლი 35. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში ღონისძიებათა დაგეგმვა
1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა (შემდგომში – გეგმა) განსაზღვრავს:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული საავარიო- ოპერატიული ცენტრის ფუნქციებსა და ოპერტიული შტაბის უფლებამოსილებებს;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ქვედანაყოფების ამოცანებსა და კოორდინაციის სქემებს;

გ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას:

გ.ა) შეტყობინებისა და კავშირის სქემას;

გ.ბ) შექმნილი სიტუაციების რეგულირებისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების რაოდენობას;

გ.გ) მუქარის მიღებისა და შეფასების პროცედურებს.

2. შეტყობინების და კავშირის სქემა, აგრეთვე ძალების და საშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ მიეწოდება აეროდრომის სამსახურებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას.

3. აეროდრომის საავარიო-ოპერატიული ცენტრი აღიჭურვება:

ა) საჭირო რაოდენობის სამუშაო მაგიდებითა და სკამებით;

ბ) საკანცელარიო ნივთებით;

გ) კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტრი, პრინტერი, სკანერი და ა.შ.);

დ) კავშირგაბმულობის საშუალებებით (სტაციონარული ტელეფონები, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სატელევიზიო, რადიო და სატელიტური კავშირის საშუალებები და ა.შ.);

ე) აეროდრომის რუკებითა და სქემებით;

ვ) აეროდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით;

ზ) საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული ბაზის ბიბლიოთეკით;

თ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული პირებისა და სხვა აუცილებელი საკონტაქტო მონაცემებით;

ი) სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი;

კ) სამზარეულოთი და სველი წერტილებით.

4. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას დაზარალებული მგზავრების ოჯახის წევრებისა და მასმედიის წარმომადგენლების განსათავსებელი სივრცეები.

5. აეროდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური იზოლირებული სადგომი, სადაც გადაიყვანება საჰაერო ხომალდები, რომლებზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ან/და არსებობს ინფორმაცია ან ვარაუდი საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

6. ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის აეროდრომს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზონა, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით.

7. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში აეროდრომის ექსპლუატანტის პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და აეროდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ ოპერატიულ შტაბს სიტუაციის რეგულირებისათვის გატარებულ ღონისძიებებში, აეროდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული სქემის თანახმად.

8. მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების დარეგულირებისთვის, აეროდრომის ექსპლუატანტს უფლება აქვს, აეროდრომზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღოს უშიშროების დამატებითი ზომები, როგორიცაა: ფიზიკურ პირთა მოქმედების შეზღუდვა, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების აკრძალვა ან შეზღუდვა, სამგზავრო ტერმინალისა და აეროდრომის სხვა ობიექტების შენობებიდან მგზავრების, პერსონალის და სხვა პირების გაყვანა.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №134 - ვებგვერდი, 18.08.2020წ.


+
თავი VII
აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო და უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრები. სააგენტოს უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა

+
მუხლი 36. აეროდრომების უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი 
1. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი აღირიცხება „აეროდრომის უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო.

2 გაცემული სერტიფიკატის მონაცემები მის გაცემამდე აღირიცხება რეესტრში.

3. რეესტრში აღირიცხება სერტიფიკატის გაცემასთან, მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, გაუქმებასთან, გადაცემასთან დაკავშირებული, აგრეთვე სერტიფიკატით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია.


+
მუხლი 37. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო რეესტრი
1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული აეროდრომი, სერტიფიკატის გაცემისთანავე, რეგისტრირდება „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში“ (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო.

2. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე გაიცემა ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული ფორმის „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“, რომლის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების რიგით ნომერს.

3. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალს, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №7-ით.

4. „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ არის მხოლოდ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი და არ წარმოადგენს აეროდრომის საკუთრების ან სხვა უფლების მიმნიჭებელ საბუთს.

5. სახელმწიფო რეესტრში და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატში“ ცვლილება ხორციელდება აეროდრომის მფლობელის განცხადების და/ან სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წესით, და იმ შემთხვევაში, თუ იცვლება სახელმწიფო რეესტრით და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატით“ განსაზღვრული რომელიმე მონაცემი.

6. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომი ამოიღება სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.

7. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო აეროდრომის მფლობელი – აეროდრომის ექსპლუატაციის უფლებას.


+
მუხლი 38. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო, როგორც სერტიფიკატის გამცემი ორგანო, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით:

ა) გასცემს სერტიფიკატს, შეაჩერებს, განაახლებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს;

ბ) შეაქვს ცვლილებები სერტიფიკატში;

გ) აწარმოებს რეესტრს;

დ) სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს შვიდი წლის განმავლობაში;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე.


+
მუხლი 39. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“, №267, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016062 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2174142-2/