საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 22.08.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2013 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის -

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შემდეგში - საქსტატი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

2. საქსტატი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქსტატის საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

4. საქსტატს  აქვს  დამოუკიდებელი  ბალანსი,  საბანკო  ანგარიში,  ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. საქსტატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.

თავი II

საქსტატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. საქსტატის ძირითადი ამოცანები და მიზნები

1. საქსტატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტატისტიკის     სფეროში     ერთიანი     პოლიტიკის   შემუშავება   და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;

ბ) ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;

გ) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის გზით სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა;

დ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკური კლასიფიკატორებისა და სტანდარტების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, თუ კანონმდებლობის შესაბამისად მათი შემუშავება და დამტკიცება სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება;

ე) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა;

ვ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით სტატისტიკური    დაკვირვების ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ და პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან, თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.

თ) სტატისტიკური  მონაცემების  მომხმარებელთა  ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ი) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;

კ) სტატისტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრებისა და გაზიარების მიზნით სხვა ქვეყნის ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ სუბიექტებთან თანამშრომლობა.

2. საქსტატის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება №110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

მუხლი 3. საქსტატის ფუნქციები

საქსტატის ფუნქციებია:

ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და თავის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;

გ​1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა;

დ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს:

დ.ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;

დ.ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;

დ.გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;

დ.დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;

დ.ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

დ.ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას,  მათი დანერგვის ხელშეწყობას და ხარისხის უზრუნველყოფას;

ე)  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ვ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალის განსაზღვრა;

ზ) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

თავი III

საქსტატის მართვა

მუხლი 4. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

1.  საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოსა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ საქსტატის საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

5. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს აღმასრულებელი დირექტორი.

6. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) საქსტატის ხელმძღვანელობა და მისი წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, საქსტატის საბჭოს მიერ მისი განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ;

დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ ​1) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა საქსტატის საბჭოსთან შეთანხმებით;

ზ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად, საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციებისათვის წარდგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ი) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ი​1)   საქსტატის შინაგანაწესისა და  სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება;

ი​2) მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განაწილება;

ი​3) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უფლებამოსილების დელეგირება საქსტატის თანამშრომელზე;

კ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;

მ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №110);

ო) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალის განსაზღვრა;

პ) საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტების მოწვევა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 მაისის დადგენილება №352 – ვებგვერდი, 19.05.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  სექტემბრის დადგენილება №555 – ვებგვერდი, 18.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №388 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

მუხლი 5. საქსტატის საბჭო

1.  საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდეგში - საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისა და საბჭოს თავმჯდომარისაგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრი არის საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ერთი წევრი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ერთი წევრი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

4. საბჭოს დანარჩენი ხუთი წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე. არსებულ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ რვა კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა ხუთზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას. 

5. საქართველოს პარლამენტი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენიდან ოცდაერთ დღეში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში - სესიის განახლებიდან ორ კვირაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

6. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.

7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. 

8. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურა,  ,,ოფიცალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო.

9. საქსტატის საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

მუხლი 6. საბჭოს ფუნქციები

საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური კლასიფიკატორების პროექტების, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მათი დამტკიცება სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება, ან საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღება;

ე) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება;

ე ​1) თანხმობას აძლევს აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესებასა და ოდენობაზე;

ვ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;

ზ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი;

ი) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  სექტემბრის დადგენილება №555 – ვებგვერდი, 18.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

თავი III​1

საქსტატის საკონსულტაციო ორგანო

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.  

მუხლი 6​1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო

1. საქსტატთან ფუნქციონირებს მრჩეველთა საბჭო.

2. მრჩეველთა საბჭოს წევრებს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  აღმასრულებელი დირექტორი.

3. მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8  წევრისაგან.

4. საქსტატის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს საქსტატის საბჭოს ის წევრი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

5. მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები განისაზღვრება მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.

6. მრჩეველთა საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.  

მუხლი 6​2. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები

1. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და  კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) სტატისტიკურ საქმიანობაში თანამედროვე მეთოდების განხილვა, აგრეთვე სტატისტიკური  მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საქსტატის საბჭოს კონსულტირება და წინადადებების წარდგენა;

ე) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

თავი IV

საქსტატის სტრუქტურა

მუხლი 7. საქსტატის სტრუქტურა

1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების − დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. საქსტატის დეპარტამენტებია:

ა) სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

დ) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი;

ე) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი;

ვ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი;

ზ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი;

თ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი;

ი) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი;

კ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი.

3. საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თბილისის სტატისტიკის ბიურო;

ბ) აჭარის სტატისტიკის ბიურო;

გ) გურიის სტატისტიკის ბიურო;

დ) იმერეთის სტატისტიკის ბიურო;

ე) კახეთის სტატისტიკის ბიურო;

ვ) მცხეთა-მთიანეთის სტატისტიკის ბიურო;

ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;

ი) სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკის ბიურო;

კ) ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიურო;

ლ) შიდა ქართლის სტატისტიკის ბიურო.

4. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და კურატორ მოადგილეს.

6. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებისა და თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;

გ) პასუხისმგებელია თავის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ორგანიზებაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებს, საჩივრებს, სხვა კორესპონდენციას;

ე) ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №388 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

მუხლი 9. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ე) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; 

კ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი; 

ლ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;

ნ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ო) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება;

პ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია; 

ჟ) საარქივო საქმიანობის განხორციელება;

რ) საქმისწარმოების განხორციელება;

ს) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოობის რეჟიმის დაცვა;

ტ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;

უ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ფ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;

ქ)  საქსტატისთვის სასტამბო მომსახურების გაწევა;

ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;

გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;

დ​​​) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 3. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:      

ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;

ბ) კომპიუტერების, სატელეფონო, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საქსტატის ვებგვერდების ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

4.  ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;

ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

გ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.

5. ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზაცია და კოორდინაცია;

ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

გ) ენერგეტიკული ბალანსის წარმოება;

დ) ტურიზმის სტატისტიკის კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.

6. ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ფასების რეგისტრაცია;

ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება;

გ) საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

7. სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა)   შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

ბ)   სამუშაო ძალის სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

გ) ხელფასების სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

დ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა.შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;

ე) სოციალურ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.

8. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროს სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

გ) სასურსათო ბალანსების წარმოება.

9. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;

ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;

გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება.

10. საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება;  

ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და გავრცელება;

გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებრი შედარებების  განხორციელება;

დ) საგადასახადო ბალანსისთვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით), საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისთვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

11. საქსტატის  ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკური კვლევების ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

გ) სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებსა და რესპონდენტებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

12. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №388 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის  დადგენილება № 110 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.

თავი V

საქსტატის დაფინანსება და ქონება

მუხლი 11. საქსტატის დაფინანსება

1. საქსტატი ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად;

ბ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;

გ) ,,გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით;

დ) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლებით.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად საქსტატი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საქსტატის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

მუხლი 12. საქსტატის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატს გადაეცემა სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი, საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 13. საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №406, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017569 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2179200-4/