ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 01.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№447
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №447

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი “.
+
მუხლი 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



ტექნიკური  რეგლამენტი

ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წესები განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც აკონტროლებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც პასუხს აგებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა-განთავსებაზე და რეალიზაციაზე.

2. წინამდებარე წესებში მოცემულია წუნდების კრიტერიუმები, ნიმუშების აღების მეთოდები. ნაჩვენებია ხარისხის მაჩვენებლის დამოკიდებულება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფიზიკოქიმიურ თვისებებზე, ტარის მდგომარეობაზე, შენახვის რეჟიმებზე, ვადებზე და სხვა ფაქტორებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

გამოყენებულ ტრემინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პარტია – ნებისმიერი რაოდენობის ერთგვაროვანი ხარისხისა და ერთი დასახელების პროდუქტი, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, დაფასოების ერთი ტიპის, ერთნაირად მარკირებული, რომელსაც თან ერთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის ამსახველი ერთი დოკუმენტი;

ბ) შეფუთვის ერთეული - ჭურჭელი, მეტალის ან პლასტმასის ყუთი, კასრი, პარკი, და შეფუთვის სხვა სახეები, რომლებიც შეესაბამებიან ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს;

გ) ამოღება – პარტიიდან ერთჯერადად აღებული პროდუქტის მცირე რაოდენობა;

დ) ამორჩევა – შეფუთვის თითოეული ერთეულიდან, ყუთიდან, კასრიდან, პარკიდან ან სხვა შეფუთვიდან ან პროდუქციის შეუფუთავი შტაბელიდან ერთჯერადად აღებული პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა;

ე) საწყისი ნიმუში – პარტიიდან შერჩეული ყველა ამოღების და ამორჩევის ერთობლიობა;

ვ) წერტილოვანი ნიმუში – შეუფუთავი ან შეფუთული აგროქიმიკატის პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან აღებული ნიმუში;

ზ) გაერთიანებული ნიმუში – წერტილოვანი ნიმუშების გაერთიანებით და არევით მიღებული ნიმუში;

თ) საშუალო ნიმუში – საწყისი ნიმუშის ან საშუალო სინჯის/გაერთიანებული ნიმუშის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ხარისხის განსაზღვრისათვის. პროდუქციის მცირე პარტიის შემთხვევაში საწყისი ნიმუში ან საშუალო სინჯი ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს საშუალო ნიმუშად;

ი) ერთჯერადი სინჯი – სინჯი, რომელიც შერჩეულია პესტიციდის შეფუთვის ან პროდუქციის ყოველი ცალკეული ერთეულიდან;

კ) საერთო სინჯი – ერთჯერადი სინჯების შერწყმა;

ლ) საშუალო სინჯი – საერთო სინჯი, რომელიც მიიღება ერთჯერადი სინჯების არევის შემდეგ;

მ) კვარტირება – ნიმუშის მომზადება ოთხად დაყოფის მეთოდით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 3. პესტიციდების ხარისხის წინასწარი შემოწმება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის შესამოწმებლად აუცილებელია:

ა) წინასწარ შემოწმდეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების და ტარის გარეგნული მდგომარეობა;

ბ) აღებულ იქნეს იმ პრეპარატების სინჯები, რომელთა ხარისხიც საეჭვოა;

გ) ჩატარდეს პრეპარატების აღებული სინჯების შესაბამისი ანალიზი.

2. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში ხდება პესტიციდის ხარისხის ვიზუალური დათვალიერება. ფიქსირდება მათი გარეგნული იერსახის ცვლილებების ნიშნები, ფერის, კონსისტენციის ცვლილება, თხევადი პრეპარატების შრეებად დაყოფა, ნებისმიერი ნალექის წარმოქმნა, პასტების დატკეპნა და კოშტების წარმოქმნა, ფხვნილების, დუსტების დანესტიანება, ტარის ჰერმეტულობის დარღვევა, მარკირების ნაწილობრივი და სრული არარსებობა.

3. წინასწარი მონაცემების შეფასების შედეგად, პესტიციდების შემადგენლობისა და თვისებებზე ანალიზის ჩატარების გარეშე წუნდებას და ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) პრეპარატები, რომლებიც აკრძალულია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) პრეპარატები, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისათვის თავისი ფიზიკური თვისებების გამო;

გ) დუსტები და სხვა ფხვნილისებრი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ან სათესლე მარცვლეულის შესაწამლად, რომელიც დაიტკეპნა შენახვის პროცესში ან წარმოიქმნა კოშტები, რის გამოც ვერ ხერხდება მტვრიანი ტალღის წარმოქმნა ან შეუძლებელია სათესლე მასალის თანაბარზომიერი დამუშავება;

დ) ფხვნილები და პასტები რომლებიც დაიტკეპნა და გამოშრა იმ დონემდე, რომ შეუძლებელია შესხურებისათვის საჭირო სამუშაო ხსნარის დამზადება;

ე) კონცენტრირებული ემულსიები, რომელთაც წარმოქმნეს ფიფქისებრი ნალექი, შენადედების სახით, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას.

4. პესტიციდების წუნდება და ჩამოწერა ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დასკვნის საფუძველზე.

5. დანარჩენი პრეპარატები, რომლებშიც გარეგნული იერსახის ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული, უნდა შემოწმდეს მოქმედი ნივთიერებების შემცველობაზე, საჭიროებისას, სამუშაო ხსნარის სტაბილურობასა და ბიოლოგიურ აქტივობაზე.

6. ის პესტიციდები, რომელთაც არ ემჩნევათ ზემოთ ჩამოთვლილი ვიზუალურად გამოხატული დეფექტები, მაგრამ გასული აქვთ შენახვის ვადა ან დარღვეული აქვთ შეფუთვა ექვემდებარება აუცილებელ ლაბორატორიულ გამოცდას.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც პესტიციდების ხარისხის განსაზღვრისას გადამწყვეტია გამოცდის შედეგები, უნდა იქნეს შერჩეული სინჯები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, საშუალო ან სხვა ნიმუშს.

8. წუნდებული პესტიციდების გამოვლენისას აუცილებელია ნიმუშის სწორად აღება წინამდებარე წესების დაცვით.

9. პესტიციდის პარტიის ხარისხის განსაზღვრისას პარტიაში არსებული ტარის ერთეულის რაოდენობა აღებულ უნდა იქნეს დანართ №1 მოცემული რაოდენობების შესაბამისად.

10. პრეპარატის იმ პარტიის ხარისხის განსაზღვრისას, რომელიც შეიცავს 1000-ზე მეტ შეფუთულ ერთეულს, სინჯების აღება ხდება მათი საერთო რაოდენობის 2%-ის ოდენობით.

11. სინჯის ასაღებად საჭიროა: მახვილწვერიანი საცეცი ან ზონდი ფხვნილისებრი პრეპარატებისათვის, საცეცი ზეთოვანი პრეპარატებისათვის, მინის ან ლითონის მილაკები (ცილინდრები), ფართოყელიანი ძაბრები ფხვნილების ჩასაყრელად და ვიწროყელიანი ძაბრები სითხეების გადასასხმელად.

12. ფხვნილისებრი და გრანულირებული პესტიციდების გადარჩევა ხდება საცეცის საშუალებით, რომელიც შეაქვთ ტარის ერთეულში მთელ სიღრმეზე ვერტიკალური მიმართულებით. ჩამჩით სინჯებით აღებისას ტარის ერთეულების შემცველობა უნდა აირიოს. დაუშვებელია სინჯის აღება ტარის ერთეულის მხოლოდ ზედა შრიდან.

13. პასტისებრი პესტიციდების აღება ხდება შუშის ან ლითონის მილის (ცილინდრის) საშუალებით (შიდა დიამეტრი 15-30 მმ), რომელსაც აქვს პასტის გამოსადენი დგუში.

14. თხევადი პრეპარატების ხანგრძლივად შენახვისას და პრეპარატის ფიზიკური ცვლილებების (მოქმედი ნივთიერების გამოლექვის, აჭრის) შემთხვევაში თხევადი პესტიციდების კონცენტრირებული და მინერალურ-ზეთოვანი ემულსიების, წყალხსნადი კონცენტრატების სინჯების აღება ხდება წინასწარი შენჯღრევის შემდეგ (კასრის გადაგორებით 3 წუთის განმავლობაში და კასრისა და მათარას შიგთავსის ხის ჯოხით მორევის საშუალებით), მინის მილების (დიამეტრი 9-12 სმ) დაწვრილებული ბოლოთი (დიამეტრი 1-3 მმ) და რეზინის მსხლით ან შპრიცით. ტარის ერთეულის შუიდან პრეპარატის მორევის შეუძლებლობის შემთხვევაში სინჯების აღება ხდება შრეების მიხედვით (ზედა შრე, შუა შრე და ქვედა შრე) თანაბარი რაოდენობით და უნდა იქნეს ჩასხმული ერთ ბოთლში.

15. აღებული სინჯები თავსდება სუფთა მშრალ ტარაში. ბლანტი სითხეები, პასტები, გრანულები, ნაჭრები იფუთება ფართოყელიან ჭურჭელში 0,25 ლ მოცულობით, მილესილი ან ხრახნიანი საცობებით. ჩვეულებრივი სითხეები და სუნიანი ფხვნილები იფუთება 0,25 ლ მოცულობის შუშის ან პლასტმასის ჭურჭელში. უსუნო ფხვნილებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერგაუმტარი პოლიეთილენის პაკეტები.

 16. ჭურჭელში სინჯის ჩაყრის ან ჩასხმის შემდეგ ჭურჭლის ყელი კარგად იწმინდება და ჰერმეტულად იხურება საცობით.

 17. სინჯიან ჭურჭელზე (ტარაზე) კეთდება პესტიციდის სრული დასახელების შესაბამისი წარწერა, მარკირებისა და სერტიფიცირების მონაცემების, ასევე, პარტიის ნომრის, დამზადების წლის, სინჯის აღების თარიღის მითითებით. მოწმდება სინჯის ამღები უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე, ბიზნესოპერატორის და დამსწრე პირთა (თუ ის ესწრება) ხელმოწერით. დამატებით მიეთითება შეფუთვის ერთეულის რაოდენობა, რომლისგანაც აღებულია სინჯი.

18. სინჯის აღებას აწარმოებენ სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები ობიექტის წარმომადგენლის თანდასწრებით და ფორმდება შესაბამისი აქტი. (დანართი №2).

19. სინჯები უნდა ინახებოდეს არანაკლებ - 5 ​0C და არა უმეტეს +25 ​0C პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

20. პესტიციდი, რომელსაც ვადა აქვს გასული, მაგრამ ხარისხის მაჩვენებელი შენარჩუნებულია, არ უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.

21. მოქმედი ნივთიერების შემცირებული შემცველობის მქონე პესტიციდების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მათი გადაანგარიშებული, მომატებული ხარჯვის ნორმირებით, ფიტოტოქსიურობის და ტოქსიკურობის შესაბამისი შემოწმების შემდგომ.

22. შესაბამის დასკვნას პესტიციდის ვარგისიანობის ან წუნდების შესახებ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე იძლევა სააგენტო.

23. დალუქულ შეფუთვის ერთეულში მოთავსებული ვადაგასული პესტიციდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ ლაბორატორიული გამოცდის შემდეგ.

24. პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებსაც შემცირებული ხარისხობრივი მაჩვენებლები აქვს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაზრდილი ხარჯვის ნორმებით, მათი ქიმიური, ფიზიკური და ტოქსიკური თვისებების გადამოწმების შემდეგ.

25. გამოყენებისათვის უვარგისი პესტიციდი ექვემდებარება ჩამოწერას და განადგურებას გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.

26. პესტიციდების ნიმუშების აღებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  1  ივნისის დადგენილება №311 - ვებგვერდი, 06.06.2018წ.

მუხლი 4. შეცვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე პესტიციდების ვარგისიანობის დადგენა

1. პესტიციდების ვარგისიანობის კრიტერიუმებს წარმოადგენს: პრეპარატის გარეგნული სახე, მოქმედი ნივთიერების შემცველობა, სამუშაო ნაზავების სტაბილურობა (ემულსია, სუსპენზია), გრანულების შემადგენლობა, ტოქსიკურობა, ფიტოტოქსიკურობა.

2. მოქმედი ნივთიერების შემცველობის დაქვეითება არ უნდა წარმოადგენდეს პესტიციდის წუნდების მიზეზს. ამგვარი პესტიციდის მოხმარება დასაშვებია გამოსაყენებელი ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ. გადაანგარიშების შედეგად მიღებული ხარჯვის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგით“ გათვალისწინებული დასაშვები ნორმის ზედა ზღვარს.

3. ემულსიის ტიპის ინსექტიციდების გაზრდილი ნორმით გამოყენებამდე, უნდა განისაზღვროს ლაბორატორიულ პირობებში მათი ფიტოტოქსიკურობა.

4. ხარჯვის ნორმის გაზრდის გარეშე, შეიძლება მოხმარებულ იქნეს ის პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება ტექნიკური დოკუმენტაციით დაშვებული ნორმის ქვედა ზღვარზე 10%-ით ნაკლებია. სამუშაო ნაზავი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმატივებს. თუ ემულსიის სტაბილურობა დარღვეულია, მათი მოხმარება უნდა მოხდეს სამუშაო ხსნარის არევის შემდეგ.

5. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში განთავსებული ინსექტიციდები, რომელთა პრეპარატული ფორმა სველებად ფხვნილს წარმოადგენს და რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის პირობებში დაქვეითდა 10-15%-ით (შეუცვლელი სტაბილურობის შემთხვევაში), ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 15-25%-ით, გამოყენებული უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშებით.

 6. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში არსებული ფხვნილისებრი ჰერბიციდები და ფუნგიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის ვადაში შემცირდა 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 15-25%-ით, აგრეთვე, თესლის შესაწამლი პრეპარატები, რომელთა მოქმედი საწყისი 30%-ით შემცირდა, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით.

7. სტაბილურობის მაჩვენებლის შემცირებისას აუცილებელია სამუშაო ნაზავების არევა მათი მომზადების და გამოყენების დროს.

8. სარეალიზაციო ქსელში განთავსებულ პესტიციდებში, ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხარჯვის ნორმის გადაანგარიშების აუცილებლობის შემთხვევაში, მეწარმეებმა უნდა მოახდინონ ტარაზე მოქმედი ნივთიერების რეალური შემცველობის დაფიქსირება სააგენტოს მიერ დამტკიცებული გადაანგარიშებული ხარჯვის ნორმის ჩვენებით.

9. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირდა 10-15%-ით და სამუშაო სუსპენზიის სტაბილურობა შემცირებულია 15%-ზე მეტით, ექვემდებარება წუნდებას.

10. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება 25%-ზე მეტად არის შემცირებული (თესლის შესაწამლი პრეპარატები 40%-ზე მეტად) ექვემდებარება წუნდებას, სამუშაო ნაზავის სტაბილურობის განსაზღვრის გარეშე.

11. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 15-25%-ით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშების შემდეგ, სამუშაო ხსნარის ტოქსიკურობის და ფიტოტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

12. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-15%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 15-25%-ით და სამუშაო ხსნარის სტაბილურობა არ შეესაბამება გათვალისწინებულ ნორმას და ავლენს ფიტოტოქსიკურობას, ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ, ექვემდებარება წუნდებას.

13. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 25%-ზე მეტად, სტაბილურობისა და ტოქსიკურობის განსაზღვრის გარეშე, ექვემდებარება წუნდებას.

14. პრეპარატების, რომელთა შემადგენლობაში შედის 76-90%-მდე მინერალური ზეთები (პრეპარატი 30), ვარგისიანობის განსაზღვრა ხდება წყალხსნარის ემულსიის სტაბილურობაზე და ვიზუალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

15. პესტიციდების შენახვისას, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია, შესაძლებელია მოქმედი ნივთიერების მომატება პესტიციდის აორთქლების ხარჯზე. ამ დროს კონცენტრირებული ემულსიებისათვის აუცილებელია განისაზღვროს სტაბილურობა და ტოქსიკურობა. ამგვარი პესტიციდების მოხმარება ხდება ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების და ტოქსიკურობის განსაზღვრის შემდეგ.

16. დაბალი სტაბილურობის მქონე სუსპენზიების და ემულსიების მოხმარება ხდება აუცილებელი მექანიკური არევის შემდეგ.

17. სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული ყველა მაჩვენებლის გამოცდის შედეგები, რომელთა საფუძველზეც მოცემულია რეკომედაციები ასეთი პრეპარატების გაზრდილი ხარჯვის ნორმების, სამუშაო ხსნარის მომზადების შესახებ. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მიუთითოს ასეთი პესტიციდის ტარის ეტიკეტზე გადაანგარიშებული ხარჯვის ნორმები.

18. დაბალხარისხოვანი პესტიციდების გამოყენებისას უნდა დავიცვათ გამოყენების დადგენილი პირობები და ვადები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 5. აგროქიმიკატების ხარისხის შეფასება

1. აგროქიმიკატების ხარისხი დამოკიდებულია მათი წარმოების ტექნოლოგიის, შენახვის და გამოყენების წესების დაცვაზე.

2. ხარისხის შეფასებას ექვემდებარება აგროქიმიკატი, რომელმაც გაიარა წარმოების მთლიანი ტექნოლოგიური ციკლი, შეფუთვისა და მარკირების ჩათვლით.

3. აგროქიმიკატის ხარისხის შეფასება მოიცავს სარეალიზაციო ობიექტში აგროქიმიკატის განთავსების მდგომარეობის შესწავლას, გარეგნულ დათვალიერებას, შეცვლილი სახის მქონე აგროქიმიკატის ნიმუშის აღებას და ლაბორატორიაში გამოცდას, დასკვნის მომზადებას და მის შემდგომ გამოყენებაზე გადაწყვეტილების მომზადებას.

4. ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შედარებით აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების ცვლილებების შემთხვევაში, აგროქიმიკატის გამოყენების ნორმა კორექტირდება იმ პროცენტით, რამდენითაც იგი არის შემცირებული.

5. აგროქიმიკატის (მარტივი სასუქი) ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში, მზადდება გადაწყვეტილება მისი ხარჯვის ნორმის კორექტირების შესახებ. რთული სასუქების ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში, ხარჯვის ნორმის კორექტირება არ ხდება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიუთითოს ასეთი აგროქიმიკატის ტარის ეტიკეტზე მისი რეალური შემადგენლობა.

6. დათვალიერებისას (დახედვისას) მოწმდება აგროქიმიკატის ვიზუალური მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

7. შეფუთული აგროქიმიკატის შემთხვევაში მოწმდება შეფუთული ერთეულის ხარისხის შესაბამისობა და მარკირება.

8. აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება, თუ აგროქიმიკატის გარეგნული დათვალიერებისას აღმოჩნდება დარღვევები.

9. შებელტილი აგროქიმიკატი გამოიყენება მისი დაფქვის შემდეგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 6. გრანულირებული, ფხვნილისებრი, კრისტალური აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. აგროქიმიკატებიდან აღებული წერტილოვანი ნიმუშები ერთიანდება, აირევა ერთმანეთში და მიიღება საშუალო ნიმუში.

2. საშუალო ნიმუში თავსდება სუფთა, მშრალ მინის ჭურჭელში, რომელსაც თავი ეხურება მჭიდროდ ან თავსდება ორმაგ პოლიეთილენის ტომარაში და ეკვრება თავი.

3. საშუალო ნიმუშზე კეთდება შესაბამისი წარწერა (ეტიკეტი), რომელზეც აღინიშნება აგროქიმიკატის სრული დასახელება, მოქმედი ნივთიერებები და შემცველობა, დამზადების წელი, მწარმოებელი, ნიმუშის აღების თარიღი და რაოდენობა. ეტიკეტზე ხელს აწერს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე, ბიზნესოპერატორი და დამსწრე პირი (თუ ის ესწრება).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 7. წარმოების პროცესში მყოფი შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. შეუფუთავი აგროქიმიკატიდან წერტილოვანი ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს სპეციალური ნიმუშის ასაღები ხელსაწყოთი, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი 3-5 ტონიდან 0,5 კგ ნიმუშის აღებას აგროქიმიკატის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან შეფუთვის წინ.

2. აღებული ნიმუშები ერთიანდება, აირევა საშუალო ნიმუშის მიღებამდე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 8. ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება

1. ავტომანქანიდან შეუფუთავი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის მიხედვით.

2. წერტილოვანი ნიმუშების აღება ხდება ნიჩბით ან ხელის ნიმუშამღებით ორჯერადად:

ა) პირველი – აგროქიმიკატის გადმოტვირთვის დაწყებამდე;

ბ) მეორე – აგროქიმიკატის ნახევრად გადმოტვირთვის შემდეგ;

გ) ზედა, ქვედა და შუა ჰორიზონტებიდან, მარჯვენა და მარცხენა ნაყარიდან იღებენ სამ-სამ ნიმუშს, სულ, 15 წერტილოვან ნიმუშს.

3. წერტილოვანი ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 100 გრ-სა.

4. ნაყარი აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღება ხდება ხელის ნიმუშამღებით არანაკლებ 30 სმ სიღრმის კონუსის ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს.

5. კონუსისმაგვარი ნაყარიდან ნიმუშის აღების წერტილებს შორის მანძილი შეადგენს 20-25 სმ-ს. ამასთან, ნიმუში არ აიღება ზედა სიმაღლიდან - 50 სმ-იდან და კონუსის ძირიდან.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 9. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღების წესი

1. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება ჩვეულებრივი ნიმუშამღებით ან სხვა ანალოგიური საშუალებით, რომელიც შეუნარჩუნებს აგროქიმიკატს გრანულომეტრულობას. ნიმუშის აღება ხდება ტომრის ზედა, შუა და ქვედა სიღრმეებიდან.

2. თითოეული სიღრმიდან აღებული ნიმუშები გაერთიანდება და მიიღება ერთი შერეული ნიმუში წონით 200-250 გრამი.

მუხლი 10. საშუალო ნიმუშის მომზადება

1. შეუფუთავი აგროქიმიკატები მოსწორდება მისი განთავსების ადგილას, ინდივიდუალური ნიმუშები აიღება დიაგონალზე რამდენიმე ადგილას, აირევა ერთმანეთში, დაიყრება მუშამბაზე, გაიყოფა ოთხ თანაბარ ნაწილად და თითოეული მათგანიდან აიღება 200 გრამამდე ნიმუში, მოხდება მათი გაერთიანება და მიიღება საშუალო ნიმუში ერთ კილოგრამამდე.

2. საშუალო ნიმუშის მოსამზადებლად გამოიყენება ნებისმიერი ნიმუშდამყოფი, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანებული ნიმუშის თანაბარ დაყოფას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის პროცედურები

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი ხდება სააგენტოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, გეგმურად.

2. პესტიციდების და აგროქიმიკატების კონტროლი ხორციელდება „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება სარეალიზაციო ობიექტებიდან/შესანახი საწყობებიდან, დამფასოებელი საწარმოდან. თითოეული სახეობიდან აიღება ორი ნიმუში, რომელთაგან ერთი ინახება სააგენტოში. ბიზნესოპერატორის მოთხოვნით აიღება მესამე ნიმუში, რომლის ღირებულებას იხდის ბიზნესოპერატორი.

4. ნიმუშის აღებისას დგება აქტი დანართ №2-ის შესაბამისად.

5. შერჩეული ნიმუში გადაეცემა აკრედიტირებულ ლაბორატორიას გამოცდისათვის №3 დანართის საფუძველზე.

6. პესტიციდის რეალიზაციამდე ხარისხის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები არ უნდა სცილდებოდეს ლაბორატორიული ცდომილების ზღვარს, რომელიც განისაზღვრება 10%-მდე.

7. ლაბორატორიული გამოცდის შედეგების შესაბამისად სააგენტოს მიერ დასკნის საფუძველზე ხდება პრეპარატის ამოღება ხმარებიდან ან შემუშავდება რეკომენდაცია ვადაგასული ან უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატის გამოყენების რეგლამენტის (ხარჯვის ნორმის) კორექტირების მიზნით.

8. სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება შემოწმება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი.

9. პესტიციდისა და აგროქიმიკატის ხარისხზე სააგენტო რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სააგენტო ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება შედეგებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

მუხლი 13. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისათვის ნიმუშის აღების უფლება აქვთ მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ მოხელეებს.

2. ნიმუშის აღებაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების უფლებამოსილი მოხელე და ნიმუშის აღების დამსწრე ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 14. უსაფრთხოების წესები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშის აღებისას

ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ნიმუშის აღებისა და ტარაში მოთავსების შემდეგ ნიმუშის ამღებმა მაშინვე უნდა დაიბანოს ხელები წყლით და საპნით;

ბ) სხვადასხვა სახის პესტიციდი და აგროქიმიკატი უნდა მოთავსდეს განცალკევებულ ტარაში;

გ) ნიმუშები არ უნდა იქნეს მოთავსებული ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან ერთად;

დ) ნიმუშების კვების პროდუქტებთან ერთად განთავსება დაუშვებელია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

დანართი №1

პესტიციდის ხარისხის განსაზღვრისათვის აღებული სინჯების რაოდენობა პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობის შესაბამისად

 

პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობა

ტარის ერთეულის რაოდენობა, რომლიდანაც აიღება სინჯი

1

1

2-5

2

6-10

3

11-20

4

21-40

5

41-70

6

71-110

7

111-150

8

151-200

10

201-300

12

301-500

15

501-1000

20

 

 

დანართი  №2

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

 

ნიმუშის აღების აქტი № 

სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო:

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

                                                                  (დასახელება)

ნიმუშის აღების მიზანი: ________________________________________________

_____________________________________________________________________

ნიმუშის აღების თარიღი:  ___________________________

                                                                  (რიცხვი/თვე/წელი)

ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე: _____________________________

_____________________________________________________________________

                                                      (სახელი, გვარი, თანამდებობა)

პესტიციდის/აგროქიმიკატის შემნახველი/რეალიზატორი/დამფასოებელი

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

                                                    (სახელი, გვარი, რეკვიზიტები)

პესტიციდის/აგროქიმიკატის/მოქმედი ნივთიერების დასახელება

_________________________________________________________________________

პარტიის № ________________________,   გამოშვების წელი _______,

რაოდენობა  ______________________________ ტონა/ლიტრი

ვიზუალური დახედვის შედეგები______________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

ნიმუშის წონა ___________ კგ/ლ   ლუქის (ბეჭდის) № ________________

იგზავნება ლაბორატორიულ გამოცდაზე   _________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

                                    ხელმოწერები (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

დანართი  №3

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.

 

ლაბორატორიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების ჩაბარების ოქმი

სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო

ნიმუშის ჩამბარებელი   ________________________________________________

_____________________________________________________________________

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

ლაბორატორიის დასახელება   ____________________________________

ნიმუშის მიმღები   _______________________________________________

                                                                (სახელი, გვარი, თანამდებობა)

პესტიციდის/აგროქიმიკატის/მოქმედი ნივთიერების დასახელება

_____________________________________________________________________

ნიმუშის რაოდენობა   ________________________________________

ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი  ____________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია _______________________________________________

_____________________________________________________________________

ნიმუშის ლაბორატორიაში შესვლის თარიღი   _______________________

ჩასატარებული კვლევები

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

ნიმუშის ჩამბარებლის

 ხელმოწერა

  ნიმუშის მიმღების

  ხელმოწერა.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ დამტკიცების თაობაზე“, №447, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017649 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2187192-2/