ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.01.2014 ბოლო ცვლილება 31.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017599
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2014 წლის 3 იანვარი

ქ.თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი”.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



ტექნიკური რეგლამენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და

ბარგის გადაზიდვის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.

2. წესი ადგენს საერთო სარგებლობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის მომსახურების პირობებს, სამგზავრო გადაყვანის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.

3. წინამდებარე წესის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ კომერციული მიზნით განხორციელებულ სამგზავრო გადაყვანებზე.

4. დაუშვებელია არარეზიდენტი (უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული) გადამზიდველის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის კომერციული მიზნით სამგზავრო გადაყვანის განხორციელება, თუ იმ გადამზიდველის ქვეყანასთან საქართველოს მიერ დადებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2. წესის მიზანი

წესის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს:

ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პროცესში უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრების დაცვა;

ბ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის მომსახურების პირობების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის განხორციელებისას მგზავრის, მძღოლისა და გადამზიდველის უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

1. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების  ფარგლებში;

ა​1) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნების (შემდგომში – პარტნიორი ქვეყნები) ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით, დადგენილი მარშრუტით, მოძრაობის განრიგით, ტარიფით, გადაზიდვების შესრულების პერიოდისა და რეგულარობის გათვალისწინებით, მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის პუნქტებში გაჩერებით;

ბ) არარეგულარული გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება რეგულარულ გადაყვანას და გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით;

ბ​1) არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას,  გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით  და სრულდება საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) ან შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის თანხლებით;

გ) ბარგი – მგზავრისაგან განცალკევებულად გადასაზიდი ტვირთი (კონტეინერი), ზომით არა უმეტეს 100სმX50სმX30სმ, რომელიც, როგორც წესი, თავსდება სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში;

დ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ე) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;

ვ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;

ზ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8-ს (M1 კატეგორია) ;

თ) რეისი – მარშრუტზე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი;

ი) საბილეთო სალარო – ობიექტი, სადაც ხორციელდება მოქალაქეებზე სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული მოსახურება;

კ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება:

კ.ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები);

კ.ბ) მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

ლ) სამგზავრო ბილეთი – შევსებული ბილეთის ბლანკი, რომელიც ადასტურებს მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას პირსა და გადამზიდველს შორის;

ლ​1) მგზავრების აღრიცხვის ბარათი – ავტოსადგურის პასუხისმგებელი პირის და გადამზიდველის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც აღირიცხება კონკრეტულ რეისზე ბილეთის მფლობელი მგზავრების რაოდენობა და მათი მონაცემები (სახელი, გვარი და პასპორტის ან პირადი ნომერი);

მ) სპეციალური რეგულარული გადაყვანა – გარკვეული ჯგუფის მგზავრების რეგულარული გადაყვანა (დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა.);

ნ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი ზომით არაუმეტეს 60სმX40სმX30სმ.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობები, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №615 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. მგზავრთა გადამყვანი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, დამამზადებლის ინსტრუქციებით, სტანდარტებით, წინამდებარე წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.

2. სამგზავრო გადაყვანებზე ავტობუსის ტიპის და კლასის შერჩევა ხდება მარშრუტის, აგრეთვე გზის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მონაცემების მიხედვით.

3. ავტობუსი ეკიპირებული უნდა იქნეს:

ა) რეგულარული გადაყვანის განხორციელებისას მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტების აღმნიშვნელი აბრით. აბრა თავსდება სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე ან ავტობუსის სალონში, წინა საქარე მინის ზედა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში, წარწერით გარეთა მხარეს. არარეგულარული გადაყვანის განხორციელებისას იმავე ადგილზე თავსდება აბრა, რომელზეც აღინიშნება წარწერა „დაკვეთით”;

ბ) მძღოლის სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართის, ტელეფონის ნომრის და მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლოთი, რომელიც უნდა განთავსდეს ავტობუსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე;

გ) ავარიული გასასვლელების მაჩვენებელი ნიშნებით;

დ) დასაჯდომი ადგილების (სავარძლების) ნუმერაციის მაჩვენებლებით (II და III კლასის ავტობუსებისათვის);

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კომპლექტაციით.

4. მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი (შემდგომში – ტაქსი) ეკიპირებული უნდა იყოს:

ა) ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით;

ბ) მძღოლის ფოტოსურათის, სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართისა და ტელეფონის ნომრის შემცველი ინფორმაციით, რომელიც უნდა განთავსდეს ტაქსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

მუხლი 5. გადამზიდველის და მძღოლის უფლება-მოვალეობები

1. მგზავრის გადაყვანა დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი შესაბამისი კლასის ავტობუსებით.

2. აკრძალულია:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის დაბინძურება-დანაგვიანება და ტექნიკური მოწყობილობების დაზიანება;

ბ) საავარიო მოწყობილობით სარგებლობა, თუ ეს საჭიროებით არ არის განპირობებული;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;

ე) მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ავტობუსისა და ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან.

3. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ავტობუსის საბარგულით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანისას დასაშვებია ბარგის სალონში მოთავსება, თუ ის არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელებს.

4. ხელბარგი თავსდება ავტობუსის სალონში მისთვის კონსტრუქციულად განკუთვნილ სათავსში (თაროზე) ან/და ისეთ ადგილზე, რომელიც არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელს და ხელს არ შეუშლის მგზავრების გადაადგილებას. ავტობუსის სალონში მოთავსებული ხელბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. დაუშვებელია ავტობუსის ძარაზე კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი საბარგულით ბარგის გადაზიდვა. გადამზიდველს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ბარგის დაცვაზე მისი მიღების მომენტიდან ჩაბარებამდე.

6. მგზავრის გარეშე ბარგის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია დაუდასტუროს მძღოლს ან სხვა უფლებამოსილ პირს ბარგის უსაფრთხოება.

7. შინაური ცხოველების და ფრინველების გადაყვანა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. მგზავრის თანხმობით სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფრო დაბალფასიანი მომსახურების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება მგზავრობის საფასურებს შორის ფასთა სხვაობა.

9. ტაქსის მძღოლს ეკრძალება მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა.

10. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) დროულად მიაწოდოს მარშრუტის საწყის პუნქტში, რეისში გასვლამდე არა უგვიანეს 20 წუთით ადრე, ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, წინამდებარე წესით და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი;

ბ) უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;

გ) უზრუნველყოს მძღოლი:

გ.ა) შესაბამისი საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციით;

გ.ბ)საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთებით (საერთაშორისო გადაყვანის განხორციელებისას);

გ.გ) ინფორმაციით მარშრუტზე მოძრაობის პირობების შესახებ;

დ) იმ შემთხვევაში, როცა მგზავრის მიყვანა დანიშნულების ადგილამდე არ მოხერხდა გადამზიდველის (მძღოლის) მიზეზით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ა.შ.) უზრუნველყოს მგზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან დაუბრუნოს მგზავრს გადახდილი თანხა;

ე) აანაზღაუროს მისი ბრალით მგზავრისათვის მიყენებულ ზიანი;

ვ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

ზ) უზრუნველყოს, მძღოლის და ეკიპაჟის წევრების დახმარებით,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მგზავრობასთან დაკავშირებული  აუცილებელი სერვისების (სამგზავრო ბილეთის შეძენის, ავტობუსში ჩასხდომა-გადმოსხდომის, ბარგის ავტობუსში განთავსების და ჩამოღების) ხელმისაწვდომობა, მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

11. გადამზიდველს უფლება აქვს შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოების გამო, რომლის განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო, ხოლო საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, აგრეთვე გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორია, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების შეთანხმების შემთხვევაში.

12. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

13. მძღოლი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანის უსაფრთხოება;

ბ) დაიცვას ავტობუსის ტევადობის ნორმები;

გ) (ამოღებულია - 13.10.2015, №531).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის  დადგენილება №504 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.

მუხლი 6. რეგულარული გადაყვანა

1. საავტობუსო მარშრუტზე რეგულარული გადაყვანის ორგანიზების მიზნით გადამზიდველის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მარშრუტის მომსახურებისათვის ავტობუსის ტიპისა და კლასის შერჩევის შესახებ;

ბ) მარშრუტზე ავტობუსის მოძრაობის განრიგი (შედგენილი მძღოლთა შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების გათვალისწინებით და შეთანხმებული საწყის, ბოლო და შუალედურ პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებთან);

გ) სამარშრუტო სქემა (სახიფათო მონაკვეთებისა და შუალედურ გაჩერებებს შორის მანძილების და საშუალო სიჩქარეების ჩვენებით);

დ) სამგზავრო ბილეთი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: მგზავრობის დაწყება-დამთავრების პუნქტები, მგზავრობის საფასური, რეისის შესრულების დრო და თარიღი, დასაჯდომი ადგილის ნომერი, გადამზიდველის დასახელება. საერთაშორისო რეგულარული გადაყვანისას ბილეთში ასევე იწერება ბარგის რაოდენობა, მგზავრის სახელი, გვარი და პასპორტის ნომერი.

2. ბილეთის შეძენა ხორციელდება საბილეთო სალაროში, ხოლო გაჩერების პუნქტებში, სადაც არ არის საბილეთო სალარო – მძღოლთან.

3. რეისზე დაგვიანების ან ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მგზავრს ბილეთის საფასური არ უბრუნდება, თუ ბილეთის შეძენისას სხვა პირობა არ იყო დადგენილი.

4. ავტოსადგურში ავტობუსში მგზავრების ჩასხდომა იწყება ავტობუსის რეისში გასვლამდე არა უგვიანეს 20 წუთით ადრე.

5. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსის მოძრაობის განრიგის დაცვა;

ბ) უზრუნველყოს მძღოლი ბილეთებით გზაში აყვანილი მგზავრებისათვის (იმ შემთხვევაში, თუ განრიგით გათვალისწინებულ გაჩერების პუნქტში არ არის ავტოსადგური);

გ) არა უგვიანეს 3 დღით ადრე საბილეთო სალაროებში ან/და მგზავრების მოსაცდელ დარბაზში მგზავრებისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას ინფორმაცია მარშრუტზე ავტობუსის რეგულარული მიმოსვლის დაწყების თარიღის, მოძრაობის განრიგის, მასში შეტანილი ცვლილებების და მგზავრობის საფასურის შესახებ.

6. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად მძღოლი ვალდებულია:

ა) მგზავრის რეგულარული გადაყვანა აწარმოოს მოძრაობის განრიგის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ავტობუსის გაჩერება მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ პუნქტებში;

გ) მოითხოვოს მგზავრისაგან ბილეთი.

7. მძღოლს უფლება აქვს უარი უთხრას მგზავრს გადაყვანაზე, თუ:

ა) მას არ გააჩნია ბილეთი და უარი განაცხადა მის შეძენაზე;

ბ) ის არღვევს სიმშვიდეს და საზოგადოებრივ წესრიგს, უქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებს.

8. მგზავრი ვალდებულია:

ა) რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის და/ან ბარგის გადაზიდვისათვის იქონიოს ბილეთი;

ბ) შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე;

გ) შეფუთოს გადასაზიდი ბარგი, რათა გადაზიდვისას არ იძლეოდეს გაფანტვის, დაღვრის ან სხვა ბარგის დაზიანება-დაბინძურების საშუალებას.

9. მგზავრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია გადამზიდველისაგან მგზავრობასა და მასთან დაკავშირებული მომსახურების პირობების შესახებ;

ბ) დააბრუნოს ბილეთი სალაროში და მიიღოს მგზავრობის სრული საფასური, თუ:

ბ.ა) ავტობუსის რეისში გასვლა გვიანდება თხუთმეტ წუთზე მეტი ხნით;

ბ.ბ) შესთავაზეს ადგილი უფრო დაბალი კლასის ავტობუსში, ვიდრე ამას მისი ბილეთი ითვალისწინებს;

ბ.გ) ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბილეთში აღნიშნული ადგილით;

ბ.დ) რეისი არ შედგა;

გ) ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, ბილეთის დაბრუნებისათვის სხვა დამატებითი პირობების დაწესებისას ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ავტოსადგურში;

დ) ბილეთის საფასურზე უფრო მაღალფასიანი მომსახურებით მგზავრობის შემთხვევაში იმგზავროს თანხის დამატების გარეშე, თუ ბილეთი შეძენილია ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოცხადებამდე;

ე) უფასოდ წაიყვანოს 5 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ის არ დაიკავებს ცალკე ადგილს.

მუხლი 7. სპეციალური რეგულარული გადაყვანა

1. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად გადამზიდველმა დამკვეთთან შეთანხმებით თითოეულ მარშრუტზე უნდა შეადგინოს მოძრაობის განრიგი.

2. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანა უნდა ხორციელდებოდეს დღეღამის ნათელ პერიოდში, ჩართული ახლო შუქის ფარებით.

3. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანისას მძღოლს ეკრძალება კაბინიდან გამოსვლა ბავშვების ჩასხდომის (გადმოსხმის) დროს.

მუხლი 8. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა

1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა რეგულირდება:

ა) მრავალმხრივი კონვენციებითა და შეთანხმებებით;

ბ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით;

გ) წინამდებარე წესითა და იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაყვანა.

2. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტს „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და საბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის №95/2 რეზოლუციით ECMT/CM(95)3FINAL „ავტობუსებით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანების შესახებ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მათ შორის ცარიელს), ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

ა) „ავტორიზაცია ავტობუსით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  მომზადებულია საქართველოს მხარის მიერ პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული გადამზიდველის სახელზე (კონკრეტული მარშრუტისათვის) და გაცემულია მასზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ;

ბ) პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმებული:

ბ.ა) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი;

ბ.ბ) ტარიფი;

ბ.გ) სამარშრუტო სქემა;

გ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათი, გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა.

4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

ა) „ავტორიზაცია არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  საქართველოს მხარის მიერ  გადაცემულია პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოზე და გაცემულია მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე;

ბ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:

ა) ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ბ) ავტორიზაციის მოქმედების ვადას;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან მისი დასაქმების ფაქტს;

დ) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის განრიგის დაცვას, ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას;

ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათის არსებობას, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა).

5​1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის გარეშე გადაადგილების ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (ბარგისა და ხელბარგის გარდა) გადაზიდვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების ან ტვირთის სხვა ნებადართულ სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მგზავრთა გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის გარეშე, მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინოს „მგზავრების სია“.

7. პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამისი ავტორიზაციის წარდგენის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;

ბ) შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას.

9. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება №531 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის  დადგენილება №504 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.

მუხლი 9. დარჩენილი ნივთების დაბრუნება

1. რეგულარული მიმოსვლის ავტობუსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი მძღოლმა უნდა ჩააბაროს მარშრუტის საწყის ან ბოლო პუნქტში ავტოსადგურის პასუხისმგებელ პირს.

2. არარეგულარული მიმოსვლის ავტობუსისა და ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები მძღოლმა უნდა ჩააბაროს გადამზიდველს ან დაკარგული ნივთების ბიუროში.

3. დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი შენახული უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში (გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა).

მუხლი 10. პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“, №4, 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017599 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2189738-4/