ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2014 ბოლო ცვლილება 16.09.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017699
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №80

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103‑ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



 

 


                           დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 21.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 20.04.2016წ.

 

ტექნიკური რეგლამენტი  

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების , ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

 

თავი I

რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (შემდგომში − ასს) აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა რეგლამენტით განსაზღვრული გათხევადებული და შეკუმშული  აირის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის/მძღოლებისათვის, მონტაჟისა და მომსახურების  განმახორციელებელი სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომში − სერვისის საწარმო), აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისათვის, შეკუმშული და გათხევადებული საწვავაირსავსები სადგურებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აირბალონიანი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის  შეკუმშული ან გათხევადებული საწვავი აირით უზრუნველსაყოფად და შედგება აირბალონ(ებ)ისა და საწვავაირმარეგულირებელი სისტემისაგან.

1​1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აირის საწვავის აირმარეგულირებელი სისტემა − აირმარეგულირებელი აღჭურვილობა (კვანძები და აირსადენები), რომლის დანიშნულებაა დოზირებული აირის საწვავის მიწოდება აირბალონიდან  ასს-ის ძრავამდე და რომელიც აირბალონთან ერთად ქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალების აირბალონიან მოწყობილობას.

2. შეკუმშული ბუნებრივი აირი (საერთაშორისო აბრევიატურა − „CNG“) − საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – СH 4) ნარევი, რომელიც ასს-ში ძრავის საწვავად გამოიყენება.

2​1. გათხევადებული აირი (საერთაშორისო აბრევიატურა − „LPG“) − მსუბუქი ნახშირწყალბადების (პროპან-ბუთანი) ნარევი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას საწვავად გამოიყენება.

3.  აირბალონი  –  ჰერმეტული  ჭურჭელი,  რომელსაც  აქვს  ხრახნიანი  ყელი  ჩამკეტი არმატურის დასაყენებლად და განკუთვნილია შეკუმშული ან გათხევადებული საწვავი აირით შესავსებად.

4. აირბალონის შემოწმება – ექსპლუატაციაში მყოფი აირბალონის პერიოდული კონტროლი.

5. საგამოცდო წნევა – წნევა, რომლითაც გამოიცდება აირბალონის სიმტკიცე.

6. მუშა წნევა − აირბალონში მოხმარებისათვის ჩაჭირხნილი კომპრიმირებული ან თხევადი საწვავი აირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული წნევა.

7. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა აირბალონში აირის ნაკადის გადასაკეტად.

8. მცველი არმატურა – მოწყობილობა აირის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

9. შესაბამისობის შეფასება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დგინდება მასზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა, რომელსაც ახორციელებს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო.

10. შესაბამისობის ფირნიში – ამ „წესების“ მიხედვით დამზადებული, შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიში, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ.

11. ინსპექტირების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებსა და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ.

12. ინსპექტირების ორგანო − სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული საწარმო, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.

13. სერვისის საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებასა და საშემკეთებლო სამუშაოებს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №449 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

 

თავი II

სერვისის საწარმოს პერსონალი და მეურნეობა

 

მუხლი 3. ტექნიკური პერსონალი

1. სერვისის საწარმოს ტექნიკურ პერსონალად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

2. ტექნიკურ პერსონალს უნდა შეეძლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

 

მუხლი 4. მომსახურე პერსონალი

1. სერვისის საწარმოში სამუშაოდ დაშვებამდე, მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს ამ რეგლამენტს, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს.

2. მომსახურე პერსონალმა, რომელიც დასაქმებულია ისეთი სამუშაოებით, რომლებიც ითვალისწინებს საწარმოო პროფესიების შეთავსებას, უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი სამუშაოთა ყველა სახეობაში.

 

მუხლი 5. მეურნეობა

1. სერვისის საწარმოს განლაგება, აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისა და საშემკეთებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო უსაფრთხო სამუშაო პირობებს.

2. სერვისის საწარმოს მიერ სამუშაოების ჩასატარებელი ღია ტიპის სადგომის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებს.

 

თავი III

ინსპექტირების ორგანოს მეურნეობა

 

მუხლი 6. შენობა - ნაგებობები

1. ინსპექტირების ორგანო არ უნდა იყოს განთავსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან მრავალსართულიან შენობაში.

2. ინსპექტირების ორგანოს მიერ სამუშაოების ჩასატარებელი სადგომი აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობით (შესაბამისი სათვალთვალო ორმო ან ამწე მოწყობილობა), რომელიც საშუალებას იძლევა ქვედა მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი დათვალიერების შესაძლებლობის.

3. აირბალონებიდან ბუნებრივი აირის გამოსაშვები სპეციალური მოედანი და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეკუმშული ჰაერის წნევით გამოცდის სამუშაოების ჩასატარებელი ადგილი, ასევე ჰაერის კომპრესორი 200 ბარი ან მეტი წნევით შენობა-ნაგებობებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მ-ით ან მათ შორის უნდა მოეწყოს დამცავი კედელი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლისა და სხვა სახის საფრთხისგან შენობა-ნაგებობების დაცვას.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №449 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

 

მუხლი 7. ინსპექტირების ორგანოს მოწყობილობები

1. ინსპექტირების ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობითა და გაზომვის საშუალებებით.

2. ინსპექტირების ორგანოს მიერ გამოყენებულ თითოეულ მოწყობილობასა და გაზომვის საშუალებაზე უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები:

ა) მოწყობილობისა და გაზომვის საშუალების დასახელება, მარკა და ტექნიკური მონაცემები;

ბ) დამამზადებელი საწარმო;

გ) გაზომვის საშუალებებისათვის - მეტროლოგიური დაკალიბრების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები.

3. ინსპექტირების ორგანოში არსებული მოწყობილობა და გაზომვის საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სრულად ჩატარებას.

4. ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შემდეგი მოწყობილობა და გაზომვის ხელსაწყოები:

ა) აირბალონიანი მოწყობილობისა და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი საშუალებები;

ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი;

გ) ელექტრომაგნიტური სარქველის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი იმ სისტემებისათვის, რომლებშიც ელექტრომაგნიტური სარქველი რედუქტორისაგან განცალკევებულია;

დ) აირბალონების გამოსარეცხი საშუალება;

ე) სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი;

ვ) 200 ბარი ან მეტი წნევის წარმომქმნელი ჰაერის კომპრესორი. ასევე ინსპექტირების ორგანოს შესაძლებელია, ჰქონდეს წნევაზე მომუშავე ჭურჭელი (წნევის შემნახველი რეზერვუარი) აირბალონების გამოცდისათვის.

5. დამატებით აირბალონების შემოწმებისათვის:

ა) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი მოწყობილობა;

ბ) წყლის ჰიდრავლიკური ტუმბო 300 ბარი ან მეტი  წნევით ან ამ წნევაზე საგამოცდო სტენდი;

გ) აირბალონის ასაწონი მოწყობილობა;

დ) აირბალონის შესაღები მოწყობილობა (ლითონის აირბალონებისათვის).

6. ინსპექტირების ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №449 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

 

მუხლი 8. ინსპექტირების ორგანოს დოკუმენტაცია

ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის პირობებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

თავი IV

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება

 

მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალის მიერ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის საწარმოში.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განსათავსებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული აირბალონიანი მოწყობილობა.

3. აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება ნებადართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2)-ით განსაზღვრული კატეგორიების ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას არ უნდა ირღვეოდეს ავტომობილის საბაზო მოდელის გაბარიტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოწყობილობა მონტაჟდება სახურავზე. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მატებამ სიმაღლეში არ უნდა გადააჭარბოს საბაზო მოდელის 12%-ს.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძებზე მასების სწორ განაწილებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა და სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ზღვარს.

6. აირბალონიანი მოწყობილობის არცერთმა აგრეგატმა ან კვანძმა, მათ შორის, იატაკის ზონაში განლაგებულმა აირბალონებმა, არ უნდა შეცვალოს ავტომობილის შესაბამისი გეომეტრიული პარამეტრები.

7. აირბალონიანი მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ იგი, ისევე როგორც მისი დამაგრების ადგილები, შეძლებისდაგვარად დაცული იყოს მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისაგან. დამაგრება უნდა პასუხობდეს დანართი №1-ის მოთხოვნებს.

8. აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების კონსტრუქცია და მათი განთავსება არ უნდა ზღუდავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითად ელემენტებთან შეუფერხებელ მიდგომას მონტაჟ-დემონტაჟის, რეგლამენტური საკონტროლო-სარეგულირებელი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე არ უნდა ართულებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო თვლის მოხსნასა და დაყენებას.

9. აირბალონიანი მოწყობილობის, მისი სამაგრი კვანძებისა და დასაყენებელი ელემენტების განთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე მისი ყველა კვანძისა და შეერთების ჰერმეტულობის კონტროლის შესაძლებლობა. ამასთან, გაჟონვის ადგილის საძიებელი გადასატანი ხელსაწყოს გამოყენება არ უნდა ითხოვდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატის მოხსნას ან დაშლას.

10. აირბალონიანი მოწყობილობა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მისი კვანძები და აგრეგატები, თუ მათ არ გააჩნიათ თერმოიზოლაცია, ნამუშევარი აირის გამშვები სისტემიდან დაცილებული იყოს არანაკლებ 100 მმ მანძილით.

11. თუ აირბალონიან მოწყობილობაში გამოიყენება ძრავას შემშვებ კოლექტორზე დასამონტაჟებელი, აირისა და ჰაერის შემრევი მოწყობილობა, მაშინ ეს მოწყობილობა უნდა იყოს ქარხნული წარმოების და ჰქონდეს მწარმოებლის შესაბამისი დოკუმენტაცია.

12. სერვისის საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების შედეგად, სერვისის საწარმოს მიერ გაიცემა მონტაჟის დეკლარაცია (დანართი №2).

 

მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების განთავსებისას აირბალონების ვენტილი და მისი მილგაყვანილობასთან შემაერთებელი ელემენტები მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ ნაკვეთურში (შემდგომში - გარსაცმი).

2. გარსაცმის კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში შეღწევის შესაძლებლობა.

3. გარსაცმის კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდის მოწყობა.

4. გარსაცმის შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხვრელის მეშვეობით, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) სავენტილაციო ხვრელების ჯამური ფართობი (მათში შემავალი აირსადენების ფართობის გამოკლებით) არ უნდა იყოს 500 მმ ​2 -ზე ნაკლები;

ბ) სავენტილაციო ხვრელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის სისტემიდან ან სითბოს სხვა რომელიმე წყაროდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ-ით.

5. აირბალონიანი გარსაცმის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს აირბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან გასახსნელად. გარსაცმის შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნა - თუ გარსაცმის ხისტი კონსტრუქციის პირობებში აირბალონის ვენტილის სახელური მთლიანად ნაკვეთურის შიგნით არის მოქცეული, მაშინ სახელურთან მიდგომა უნდა განხორციელდეს ჰერმეტული ლუქის მეშვეობით, რომელიც უნდა იღებოდეს ხელით, ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ამასთან, ლუქზე სავალდებულოა, იყოს ვენტილის დაკეტვის მიმართულების მაჩვენებელი და წარწერა „დაკეტილია“.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონების დამაგრება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) აირბალონების განთავსებისა და ადგილზე დამაგრების ხერხმა უნდა გამორიცხოს აირბალონის კორპუსის ნებისმიერი დაზიანების შესაძლებლობა;

ბ) აირბალონის ადგილზე დამაგრების ხერხი არ უნდა ასუსტებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის სიმტკიცეს;

გ) დაუშვებელია ფოლადის გვარლით აირბალონების დამაგრება;

დ) დაუშვებელია შედუღების გამოყენება აირბალონზე სამაგრი დეტალების მისაერთებლად;

ე) ჩარჩოზე/ძარაზე აირბალონის დამაგრება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი ცალუღის მეშვეობით. თუ ცალუღებზე აირბალონის წონაც მოდის, მაშინ ცალუღების რაოდენობა სამზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ვ) ცალუღების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს აირბალონის სრიალი, გადაადგილება. ცალუღებმა უნდა მოიცვან აირბალონის შემოწერილობის მთელი (ან თითქმის მთელი) სიგრძე;

ზ) აირბალონის გარსსა და სამაგრ ცალუღს შორის მოთავსებული უნდა იყოს დამცავი (საამორტიზაციო) საფენი;

თ) თუ აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება მის გასწვრივ, ანუ ისე, რომ აირბალონის ღერძი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწვრივ სიბრტყესთან ქმნის 30 გრადუსზე მეტ კუთხეს, ჩარჩოზე/ძარაზე აირბალონის დახრის მხარეს უნდა დაყენდეს ბჯენი.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაშვებია მხოლოდ იმ აირბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია შეკუმშულ საწვავ აირზე სამუშაოდ 200 ბარი მუშა წნევით (ჰიდრავლიკური საგამოცდო წნევა – 300 ბარი) ან თხევად საწვავ აირზე სამუშაოდ 16 ბარი მუშა წნევით (ჰიდრავლიკური საგამოცდო წნევა − 25 ბარი).

8. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ თითოეულ აირბალონზე უნდა დაყენდეს ინდივიდუალური ვენტილი.

9. აირბალონიანი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იქნეს შევსებისა და სახარჯო მაგისტრალების ჩამკეტი საშუალებით (ვენტილი, უკუსარქველი, ელექტრომაგნიტური სარქველი ან სხვ.). აირბალონზე დამონტაჟებული ვენტილი შეიძლება, ასრულებდეს სახარჯო მაგისტრალის ჩამკეტის ფუნქციას.

10. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.

 

მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირსადენების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) სამგზავრო სალონში გაზის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, იქ გამავალი ნებისმიერი აირსადენი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ჰერმეტული და ვენტილირებადი გარსით;

ბ) სამგზავრო სალონში ჩაკეტილ სივრცეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს აირსადენის არანაირ შეერთებას, გარდა აირბალონთან იმ მიერთებებისა, რომლებიც განლაგებულია ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების იატაკის ქვეშ აირსადენის განლაგებისას, ეს უკანასკნელი ჩარჩოს/ძარას ელემენტების გამოყენებით ან სხვაგვარად დაცული უნდა იყოს კოროზიული და დარტყმითი ზემოქმედებისაგან;

დ) აირსადენი არ შეიძლება, განლაგებული იყოს დათვალიერებისათვის მიუწვდომელ ადგილას;

ე) დამაგრების ადგილებში აირსადენები სამაგრ ელემენტებთან შეხებისაგან დაცული უნდა იყოს დამატებითი საამორტიზაციო საფენებით;

ვ) აირსადენის მიერთებების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტექნიკური დათვალიერებისა და რემონტისათვის მათთან დაუბრკოლებლად მიდგომის შესაძლებლობა;

ზ) აირსავსები მილის სახშობის ავტოსატრანსპორტო საშუალების კორპუსზე ან კორპუსის გარეთ დამონტაჟების შემთხვევაში, სახშობი უნდა განთავსდეს დაზიანებისაგან მეტად დაცულ ადგილზე და ამ შემთხვევაში, შემშვები ვენტილის მილყელზე უნდა დამონტაჟდეს უკუსარქველი.

 

მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ

1. აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული უნდა იყოს ოთხ წერტილში მაინც, რომელთა შორის მანძილი საკმარისი უნდა იყოს აირბალონის უძრაობის უზრუნველსაყოფად.

2. იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი დამაგრებულია ლითონის სამაგრი ცალუღებით, ეს უკანასკნელი დამაგრების ადგილზე გაძლიერებული უნდა იყოს საყელურებით (ფირფიტებით). დამაგრებისას დაცული უნდა იყოს დანართი №1-ის მოთხოვნები.

3. მაღალი წნევის ლითონის აირსადენები დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ლითონისაგან ან ანტიკოროზიული დაცვის მქონე ლითონისაგან. აირბალონიანი მოწყობილობის მაღალი წნევის ლითონის აირსადენების გარე დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 6 მმ-ისა და არა უმეტეს 10 მმ-ისა.

 

მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ

1. მკვებავი ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტული სისტემის ძაბვას.

2. ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს გადამეტტვირთვისაგან დაცვა, რისთვისაც მკვებავ კაბელზე დაყენებული უნდა იყოს ერთი მცველი მაინც.

3. დაუშვებელია აირსადენების მეშვეობით ელექტრომოწყობილობის ელემენტებთან მკვებავი ძაბვის მიყვანა.

4. ელექტრომოწყობილობის ყველა ელემენტის შეერთება და იზოლირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს დენის გავლა იმ კვანძებში, რომლებშიც შეკუმშული ბუნებრივი აირი გადის.

5. ელექტროსადენები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან და ჰქონდეს ელექტრული იზოლაცია.

 

თავი V

აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მისი პერიოდულობა

 

მუხლი 14.  ავტოსატრანსპორტო  საშუალებაზე  დამონტაჟებული   აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების იდენტიფიკაცია  და  შემოწმების პერიოდულობა

1. შეკუმშული ბუნებრივი აირის აირბალონებისა და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა ინსპექტორმა უნდა ჩაატაროს „CNG“ აირბალონისა და აირის სისტემების ინსპექტირება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. აირბალონების პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით:

ა) შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული ინსპექტირება – სამ წელიწადში ერთხელ;

ბ) შეკუმშული ბუნებრივი აირისათვის განკუთვნილი ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული  ინსპექტირება – ხუთ წელიწადში ერთხელ;

გ) გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა,  ასეთი აირბალონის შემოწმება სავალდებულოა  3 წელიწადში ერთხელ.

4. შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.

5. აირბალონის პირველი ინსპექტირება ხდება მისი დამზადებიდან შესაბამისი ტიპის აირბალონისათვის ამ მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №437 – ვებგვერდი, 27.08.2015წ. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №449 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

 

მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება და პერიოდულობა

1. აირბალონიანი მოწყობილობის ან/და აირბალონის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ინსპექტირების ორგანოს მიერ, რომელიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურე პერსონალით უნდა უზრუნველყოფდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების სამუშაოებისა და პროცედურების შესრულებას საჭირო მოცულობითა და სიზუსტით.

2. შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში, ტვირთის გარეშე.

3. შესაბამისობის შეფასებისას ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, რომლის:

ა.ა) (ამოღებულია - 12.07.2019, №329);

ა.ბ) აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა;

ა.გ) აირბალონებს აქვთ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი;

ბ) ჩაატაროს აირბალონიანი მოწყობილობის ან/და აირბალონების შემოწმება, დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
 

მუხლი 16. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები

1. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობები და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები:

1.1. ინსპექტირების ორგანო პირველ რიგში ამოწმებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 − მე-13 მუხლებთან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობას.

1.2. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებსა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და გამოცდა ჰერმეტულობაზე ხორციელდება შეკუმშული ჰაერით 200 ბარი წნევით.

1.3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა:

ა) დაიკეტოს შემშვები მაგისტრალური სარქველი და აირბალონის სახარჯო ვენტილი;

ბ) მომზადდეს სამუშაოდ შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტი;

გ) მოიხსნას შემშვები მოწყობილობის მილყელიდან სახშობის ხუფი;

დ) შეკუმშული ჰაერის ან/და ინერტული აირის დრეკადი მილი მიუერთდეს გასამართ მოწყობილობას.

2. შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის  შემოწმება ჰერმეტულობაზე:

2.1.  შეკუმშული ჰაერი მიეწოდება წნევით 10 ბარი და პენიტრანტული (გასაპნვის) მეთოდით ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით მოწმდება მიმწოდებელი დრეკადი მილის შეერთების ჰერმეტულობა გასამართი მოწყობილობის მილყელთან. თუ ჰერმეტულობა დარღვეულია, უნდა გაიხსნას მართვის პულტზე შეკუმშული ჰაერის გაშვების ვენტილი და წნევის ნულამდე შემცირების შემდეგ უნდა იქნეს აღმოფხვრილი არაჰერმეტულობის მიზეზი. არაჰერმეტულობის აღმოფხვრის შემდეგ პროცედურა უნდა ჩატარდეს განმეორებით.

 2.2. პერიფერიული დანადგარები და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელი უნდა შეივსოს შეკუმშული ჰაერით 10 ბარი  წნევით.  წნევის სიდიდის კონტროლი  ხორციელდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების მართვის პულტის მანომეტრის მეშვეობით.

2.3. პენიტრანტული (გასაპნვის) მეთოდით ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით მოწმდება შემვსები ვენტილის, სახარჯო ვენტილის, აირსადენის შეერთებების, მაღალი წნევის მანომეტრის გადამყვანისა (თუ ასეთი არსებობს) და სხვა შენაერთების ჰერმეტულობა.

2.4. მძღოლის სალონში არსებულ პანელზე ხდება გადამრთველის დაფიქსირება მდგომარეობაზე − „აირი“ და მიმდევრობით ხორციელდება ყველა აგრეგატისა და გაზსადენის შენაერთების შემოწმება ჰერმეტულობაზე.

2.5. ყველა აგრეგატისა და შეერთებების გარანტირებული ჰერმეტულობის მიღწევის შემდეგ ხდება სისტემაში წნევის დაწევა ნულამდე.

2.6.  იკეტება შემვსები ვენტილი, მაგისტრალური სარქველი და სახარჯო ვენტილი.

2.7. გადამრთველი დგება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზო საწვავის რეჟიმში.

2.8. მოწმდება ბენზინის სისტემის ელექტრომაგნიტური სარქველის ჰერმეტულობა და მუშა მდგომარეობა.

3. შეკუმშული ბუნებრივი აირის მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა:

3.1. პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის 10 ბარ წნევაზე ჰერმეტულობის მიღწევის შემდეგ ხდება  მოწყობილობებსა  და კვანძებთან  არსებული აირსადენების დაწნეხვა შემდეგი თანმიმდევრობით: 25; 49; 98 და 196 ბარი ჰაერის წნევით.

3.2. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა შენაერთების არაჰერმეტულობა ნებისმიერი ზემოაღნიშნული წნევით საფეხურზე დაწნეხვის დროს, ინსპექტირების ორგანოს მიერ უნდა მოხდეს დაწნეხვის პროცედურის შეწყვეტა და დაიწიოს წნევა ნულამდე, მოხდეს შენაერთების დაშლა, რემონტი და ჩატარდეს ხელახალი გამოცდა.

3.3. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება სათანადო წესით მიღებული ვალიდირებული პროცედურით.

4. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის  შესაბამისობის შეფასების სამუშაოები:

4.1. ინსპექტირების ორგანო პირველ რიგში ამოწმებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის ამ  ტექნიკური რეგლამენტის მე-9 − მე-13 მუხლებთან შესაბამისობას.

4.2. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა  და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება შეკუმშული ჰაერით 16 ბარი წნევით.

4.3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა:

ა)  მოხდეს გარეგანი დათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მილსადენებისა და დრეკადი მილების შეერთებებს;

ბ) შემოწმდეს  შემავსებელი, გამცემი და მაგისტრალური ვენტილები გახსნასა და ჩაკეტვაზე. აირბალონში (აირბალონებში) არ უნდა იყოს წნევა;

გ) დაიკეტოს აირბალონის სახარჯი ვენტილი და მაგისტრალური აირის სარქველი;

დ) მოიხსნას გასამართი მოწყობილობის მილყელიდან  დამცავის ხუფი და შეუერთდეს შეკუმშული ჰაერის ან ინერტული აირის მიმწოდებელი დრეკადი მილი.

5. გათხევადებულ აირზე მომუშავე პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დაწნეხვა და ჰერმეტულობაზე  შემოწმება:

5.1. პოსტის მართვის პულტიდან ხდება შეკუმშული ჰაერის ან ინერტული აირის მიწოდება წნევით − 16 ბარი. შეკუმშული ჰაერის მიმწოდებელი დრეკადი მილის გასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილისა და მაგისტრალის შემავსებელ სარქველამდე მონაკვეთის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული (საპნის ქაფით) ან/და გაჟონვის ელექტრონული მაძიებლით. არაჰერმეტულობის აღმოჩენის შემთხვევაში  ხდება წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება არაჰერმეტულობის მიზეზის აღმოფხვრა და მეორდება გამოცდა.

5.2. იხსნება შევსების ვენტილი და  აირბალონი (აირბალონები) შეკუმშული ჰაერით ივსება 16 ბარ წნევამდე, რაც კონტროლდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტზე არსებული მანომეტრით.

5.3. გამოცდის დროს, თუ 16 ბარ წნევაზე ნაკლებ ნიშნულზე გაიხსნება აირბალონის ან არმატურის ბლოკის დამცავი სარქველი, ის უნდა შეიცვალოს ახლით და ჩატარდეს განმეორებითი გამოცდა.

5.4. აირბალონში (აირბალონებში) 16 ბარი წნევის მიღწევისას ხდება შეკუმშული ჰაერის მიწოდების შეწყვეტა. იკეტება შევსების ვენტილი და 2-3 წთ-ის შემდეგ იწყება  აირბალონიანი სისტემის  გამოცდა ჰერმეტულობაზე.

5.5. სახარჯი ვენტილის ჰერმეტულობა მოწმდება პენიტრანტული მეთოდით (საპნის ხსნარის) ან სხვა საშუალებით. გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება აირბალონში წნევის დაგდება ნულოვან მაჩვენებლამდე. ხორციელდება გაუმართაობის აღმოფხვრა და ტარდება განმეორებითი გამოცდა.

5.6. იხსნება სახარჯი ვენტილი და ხდება აირსაწვავის სისტემის შევსება მაგისტრალური აირის სარქველამდე, შეკუმშული ჰაერით მოწმდება აირსადენების შეერთების ადგილები და მაგისტრალური სარქველი. არაჰერმეტულობის აღმოჩენის შემთხვევაში იკეტება სახარჯი ვენტილი, ხდება წნევის დაგდება და არაჰერმეტულობის აღმოფხვრა, რის შემდეგაც მეორდება სამუშაოთა ციკლი.

5.7. იხსნება მაგისტრალური სარქველი და პენიტრანტული  მეთოდის (საპნის ქაფის) საშუალებით ხდება მაგისტრალური სარქველისა და აირის რედუქტორს შორის აირგაყვანილობის შეერთებების შემოწმება ჰერმეტულობაზე.

შენიშვნა:

1. თუ მაგისტრალური სარქველი, აირის ფილტრი და აირის ამაორთქლებელი შესრულებულია ცალკე გამოყოფილ მოწყობილობად, მაშინ აირგაყვანილობის შეერთებების ჰერმეტულობა მოწმდება მათ შორის.

2. ჰაერის გაჟონვის შედეგად აირბალონში 10 ბარამდე წნევის შემცირებისას, გაჟონვის აღმოფხვრის შემდგომ წნევა უნდა იქნეს აყვანილი 16 ბარამდე.

3. არალითონური მილების გაგლეჯის ან დაბერვის შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცვალოს და განმეორდეს გამოცდები 5.6 და 5.7 პუნქტების შესაბამისად.

 4.  ჰერმეტულობაზე გამოცდისა და დაწნეხვის დამთავრების შემდგომ ხდება შევსების ვენტილის დაკეტვა და შეკუმშული ჰაერის მიწოდების დრეკადი მილის ჩახსნა, წინასწარ დრეკად მილში წნევის დაგდებით. მოწმდება შემვსები ვენტილი და შეკუმშული ჰაერის გამშვები ვენტილის შიდა ჰერმეტულობა.

5. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება შესაბამისი დოკუმენტური პროცედურით.

6. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც ამ რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონიანი მოწყობილობა დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ ქარხნულად, აირბალონიანი მოწყობილობის ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან პირველადი შესაბამისობის შეფასების სამუშაოები უტარდებათ აირბალონიანი მოწყობილობის მოხსნის გარეშე, გარდა ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევისა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.

მუხლი 17. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება

1. ინსპექტირების ორგანო ვალდებულია, ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩატარებული შესაბამისობის შეფასების შედეგად, ყოველ ვარგისად მიჩნეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშულებაზე გააფორმოს და გასცეს ინსპექტირების სერტიფიკატი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში) და მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის ფირნიში, რომელიც დაადასტურებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობას.

2. ინსპექტირების სერტიფიკატის ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში.

3. ინსპექტირების ორგანოს პასუხისმგებელმა პირმა პირადად უნდა შეიტანოს ინსპექტირების სერტიფიკატში და შესაბამისობის ფირნიშზე ყოველი კონკრეტული ინსპექტირების მონაცემები. შესაბამისობის ფირნიში საიმედოდ უნდა დააკრას აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

4. ამ რეგლამენტით დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ინსპექტირების ოქმი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში), აღმოჩენილი უწესრიგობის მითითებით. ასეთ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შესაბამისობის ფირნიში არ გაიცემა. ამასთან, განმცხადებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს გაუმართავი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში კანონის წინაშე მისი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. შეფასების სამუშაოების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობის 10 დღის განმავლობაში აღმოფხვრის შემთხვევაში, ხორციელდება მხოლოდ აღნიშნული შეუსაბამობის განმეორებითი შემოწმება.

6. განმეორებითი შეფასების დადებითი შედეგის შემთხვევაში, აღნიშნულ ელემენტებზე ფორმდება ინსპექტირების სერტიფიკატი და აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

7. აირბალონიანი მოწყობილობის ინსპექტირების სერტიფიკატისა და ოქმის ასლები ინახება ინსპექტირების ორგანოს მიერ სათანადოდ დაცულ ადგილას, სულ მცირე, აირბალონის სავალდებულო პერიოდული შემოწმების ვადის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

 

მუხლი 18. შესაბამისობის ფირნიში

1. ინსპექტირების სერტიფიკატთან ერთად აირბალონიანი მოწყობილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში.

2. შესაბამისობის ფირნიში წარმოადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტს და იგი სავალდებულოა, ჰქონდეს ყველა აირბალონიანი მოწყობილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

3. შესაბამისობის ფირნიში (დანართი №3) წარმოადგენს წრეს, რომლის დიამეტრია 90 მმ და შედგება ორი ნაწილისაგან: აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი A და ინსპექტირების სერტიფიკატზე დასაკვრელი B ნაწილებისგან.

4. შესაბამისობის ფირნიში ყველა კატეგორიის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, ღია ცისფერ ფონზე.

5. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);

ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი წითელი ფერის ციფრები: 19, 20, 21, 22 და სხვა ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 5);

გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (წითელი რომაული ციფრები I, II, III შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 1);

დ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვისთვის აღმნიშვნელი ციფრის (წითელი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 2).

6. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის უკანა მხარეზე რეკვიზიტების ჩასაწერი ჩარჩოების თავზე დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების:

ა) მარკა, ტიპი და/ან მოდელი;

ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

გ) ინსპექტირების ორგანოს დასახელება;

დ) შესაბამისობის შეფასების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

7. შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);

ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (დანართი №3, სწორკუთხედი 6) ჩასაწერი ჩარჩო;

გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ამოწურვისთვის (დანართი №3, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი №3, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ჩარჩოები.

8. ფირნიშების ბლანკები მზადდება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმითა და წესით, ცენტრალიზებულად და განსაზღვრული რაოდენობით.

9. ფირნიშების ბლანკების დამზადებასა და მათი ინსპექტირების ორგანოებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს სსიპ - საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ინსპექტირების ორგანოს წერილობითი მოთხოვნისა და შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

10. ინსპექტირების ორგანო, როგორც წესი, ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე წარადგენს სააგენტოში მოთხოვნას ფირნიშის ბლანკების მომავალი წლისთვის საჭირო რაოდენობაზე (თვეების მიხედვით). მოთხოვნას უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. ინსპექტირების ორგანოების განაცხადების საფუძველზე სააგენტო ადგენს დასამზადებელი ფირნიშების ბლანკების ჯამურ რაოდენობას.

12. ფირნიშების ბლანკები მზადდება სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის მიხედვით.

13. ფირნიშების ბლანკები მზადდება არანაკლებ სამი დამცავი ნიშნით, ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ: 

ა) შესაბამისობის ფირნიშის A და B ნაწილების უკანა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში), სპეციალური საწერი საშუალებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტსა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ჩაწერა; 

ბ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში  აღნიშნული მონაცემების ჩაკვრა;

გ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში;

დ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა ინსპექტირების სერტიფიკატის ქვედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.

14. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის გაუქმების გამო დარჩენილი, გაუხარჯავი ფირნიშების ბლანკები ექვემდებარება აღრიცხვასა და სააგენტოსთვის დაბრუნებას.

15. ფირნიშის ბლანკი/ბლანკები გამოსაყენებლად უვარგისად ითვლება და მისი/მათი ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედების ვადის გასვლის გამო.

16. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშის ბლანკის/ბლანკების ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით, მისი/მათი ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №196 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

 

მუხლი 19. მოთხოვნები აირბალონებისა და მათი შესაბამისობის შეფასების მიმართ

1. აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ (არაუმეტეს 20 წლისა − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში და არაუმეტეს 10 წლისა −  გათხევადებული აირის აირბალონების შემთხვევაში).

1​1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონი დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის დასადგენად ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებთან, აირბალონის ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა წარადგინონ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემული დოკუმენტი.

1​2. აირბალონების ექპლუატაციის ვადების შესაბამისობის დასადგენად, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებთან, გამოიყენება აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემულ დოკუმენტში მითითებული ვადები. ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდგომ აირბალონი უნდა გამოიცვალოს.

2. აირბალონების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მათი მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად საჭიროა, პერიოდულად შეიღებოს აირბალონის გარეთა ზედაპირი ზეთოვანი ან ემალის წითელი ფერის საღებავით.

3. შეღებვის წინ აირბალონები გულდასმით უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს ჭუჭყისაგან და გაშრეს. შეღებვა დასაშვებია უშუალოდ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჩამკეტი არმატურის დემონტაჟის გარეშე, როცა აირბალონები აირისაგან დაცლილია.

4. აირბალონების, ისევე როგორც მთლიანი აირმოწყობილობის სწორ ექსპლუატაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელია აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.

5. აირბალონების შემოწმება ჩატარებულ უნდა იქნეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ.

6. აირბალონების შემოწმება მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:

ა) გარე და შიგა ზედაპირების დათვალიერება;

ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ბალონისა და 25 ბარი გათხევადებულ აირზე მომუშავე აირბალონებისათვის;

გ) აირბალონის ყელისა და აირის მილსადენთან შეერთებების ჰერმეტულობაზე შემოწმება;

დ) აირბალონის მასისა და მოცულობის შემოწმება.

7. აირბალონები, რომელთაც დათვალიერებისას გარე და შიდა ზედაპირზე აღმოაჩნდებათ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე რომლებზეც არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი, ჰიდრავლიკური გამოცდის გარეშე უნდა იქნეს დაწუნებული.

8. აირბალონების მასა დგინდება მათი აწონით, ხოლო მოცულობა განისაზღვრება წყლით გავსებული და ცარიელი აირბალონის მასათა სხვაობით. თუ აირბალონის მასა შემცირებულია 7%-ზე მეტად იმასთან შედარებით, რაც აირბალონზეა აღნიშნული, ან თუ მოცულობა 2%-ზე მეტადაა გაზრდილი, აირბალონი ითვლება უვარგისად.

9. დაწუნებულ აირბალონს ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენლის მიერ შეგნებულად უზიანდება ყელის ხრახნი ან იხვრიტება აირბალონის კორპუსი, რაც გამორიცხავს მის შემდგომ გამოყენებას.

10. აირბალონების ჰიდრავლიკურ გამოცდას სპეციალურ დანადგარზე აწარმოებენ 300 ბარი საგამოცდო წნევით შეკუმშულ საწვავ აირზე მომუშავე აირბალონებისა და 25 ბარი წნევით გათხევადებულ აირზე მომუშავე აირბალონებისათვის, 2 წუთის განმავლობაში. აირბალონი ითვლება ვარგისიანად, თუ  არ შემცირდა საგამოცდო სისტემაში წნევის სიდიდე, ადგილი არ ექნა ბალონის ზედაპირზე ნაჟონსა და ნარჩენ დეფორმაციას.

11. ჰიდრავლიკური გამოცდის შემდეგ აირბალონს აშრობენ, მასზე ამონტაჟებენ არმატურასა და ვენტილებს, ხოლო შემდეგ წნეხენ 200 ბარი წნევით შეკუმშულ ჰაერს ხრახნული შეერთებისა და ვენტილების ჰერმეტულობაზე შესამოწმებლად.

12. დადებითი შედეგების მიღწევისას, შემოწმებულ აირბალონზე გაიცემა ინსპექტირების სერტიფიკატი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ისპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში) და ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენელი აირბალონს ადებს მრგვალი ფორმის 12 მმ დიამეტრის დამღას აირბალონის ზედა სფერულ ნაწილზე, ჩატარებული შემოწმების თარიღისა და შემდგომი შემოწმების ვადის ჩვენებით.

13. ამ რეგლამენტით დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აირბალონზე გაიცემა ინსპექტირების ოქმი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში), აღმოჩენილი უწესრიგობის მითითებით.

14. აირბალონის ინსპექტირების სერტიფიკატისა და ოქმის ასლები ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას, სულ მცირე აირბალონის სავალდებულო პერიოდული შემოწმების ვადის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №449 – ვებგვერდი, 13.09.2019წ.
 

თავი VI

შეკუმშულ და გათხევადებულ საწვავ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.

 

მუხლი 20. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის მდგომარეობის მიმართ

1. აკრძალულია მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აირსადენების სამაგრი დეტალების დამატებითი მოჭერა.

2. აკრძალულია:

ა) ძრავას მუშაობის დროს აირბალონიანი მოწყობილობის რემონტი;

ბ) აირის გაჟონვისას ძრავას ჩართვა და მუშაობა;

გ) აირის გამოშვება შენობაში, სხვა აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებების სადგომ ადგილებთან, აალების წყაროსთან ან ადამიანთა თავშეყრის ადგილთან სიახლოვეს;

დ) აირბალონების ჯვარედინაზე განლაგებული შევსებისა და გამშვები ვენტილების გახსნილ ან შუალედურ მდგომარეობაში დატოვება. აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვენტილები ან სრულად გახსნილი, ან სრულად დაკეტილი უნდა იყოს;

ე) ღია ცეცხლის ზონასთან ახლოს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება, აგრეთვე განათების, შედუღების ან ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ღიაალიანი საშუალების მიტანა;

ვ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი ან აირსადენები ეხება პლატფორმის ძირს;

ზ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მაღალი წნევის მილების დეფორმაციას.

3. ჰერმეტულობის დარღვევის შემჩნევისთანავე უნდა დაიკეტოს ვენტილები აირბალონზე (ბალონებზე), სრულად დაიხარჯოს სისტემიდან აირი, დაიკეტოს მაგისტრალური ვენტილი.

4. თუ აირის გაჟონვის ლიკვიდაცია შეერთებების დამატებითი მოჭერით ვერ ხერხდება, საჭიროა, აირი აირბალონიდან გაიშვას ატმოსფეროში აალების წყაროსა და ადამიანებისგან მოცილებულ უსაფრთხო ადგილას. აირის გამოშვებისას ძრავა აუცილებლად უნდა იყოს გამორთული, ხოლო აკუმულატორის ბატარეები გათიშული.

5. კატეგორიულად იკრძალება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და დახურულ შენობებში შეყვანა აირის დაზიანებული აპარატურით.

6. ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას საჭიროა, დაიკეტოს მაგისტრალური და აირბალონების ვენტილები, სრულად დაიხარჯოს კვების სისტემაში დარჩენილი აირი (ძრავას გაჩერებამდე), გამოირთოს ძრავა და გაითიშოს აკუმულატორის ბატარეები (განმხოლოვდეს „მასა“). ხანგრძლივი დროის მანძილზე ღია ონკანებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია.

7. იმის გამო, რომ აირი გარემომცველი ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს ამუშავების შემცირებული უნარით ხასიათდება, აირბალონიანი სატრანსპორტო საშუალების ჩართვა და ძრავას წინასწარი შეთბობა რეკომენდებულია, განხორციელდეს ბენზინზე.

8. აკრძალულია ორი სახის საწვავის – აირისა და ბენზინის ნარევით ძრავას მუშაობა. გახურების შემდეგ ძრავა გადაყვანილ უნდა იქნეს აირზე ან ავტომატურად უნდა გადადიოდეს.

9. ხანგრძლივი დგომის შემდეგ შეკუმშული ბუნებრივი აირით ძრავას ჩართვა რეკომენდებულია, განხორციელდეს ახდილი კაპოტით.

10. აირბალონიდან (ბალონებიდან) აირის გამოშვება უნდა მოხდეს მხოლოდ მყარსაფარიან საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე.

11. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაყენებლად განკუთვნილ აირბალონებს უნდა ჰქონდეთ მარკირება პარამეტრების აღნიშვნით.

12. თითოეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმქრობი და ქეჩა.

13. ონკანები თავისუფლად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. მათი გაღებისას ან დაკეტვისას დამატებითი ბერკეტების გამოყენება აკრძალულია.

14. დაუშვებელია მილების გადაღუნვა, გადაგრეხა, დაჭმუჭნა ან გაზეთილი მილების გამოყენება.

15. წნევის კონტროლის, აირის მიწოდებისა და ხარჯვის, საწვავის ერთი სახეობიდან მეორეზე გადართვის კონტროლის სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

 

მუხლი 21. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალის მიმართ

1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, ჩაატაროს მანქანის დათვალიერება აირის შესაძლო გაჟონვის, ჩამკეტი არმატურისა და აირბალონიანი მოწყობილობის გაუმართაობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს აირბალონების სამაგრების საიმედოობა.

2. ხანგრძლივი დროით გაჩერებული ძრავას ჩართვამდე საჭიროა, მცირე დროით გაიხსნას ავტოსატრანსპორტო საშუალების კაპოტი აირმოწყობილობის, მილსადენებისა და შეერთებების გამართულობის დადგენის მიზნით.

3. ბენზინიანი ძრავას ამუშავება შეიძლება მხოლოდ ერთი სახის საწვავზე – აირზე ან ბენზინზე.

4. ძრავას ჩართვა უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) მაღალი წნევის მანომეტრით შემოწმდეს აირის წნევა აირბალონებში;

ბ) გაიხსნას გამშვები ვენტილი;

გ) სიჩქარის კოლოფის ბერკეტი მოყვანილ იქნეს ნეიტრალურ მდგომარეობაში;

დ) შემოწმდეს დროსელ-საფარის ხელით სამართავი ღილაკის მდგომარეობა (იგი უნდა ეთანადებოდეს დროსელ-საფარის სრულად დახურულ მდგომარეობას);

ე) ჩაირთოს ანთების სისტემა. დაბალი წნევის მანომეტრის საშუალებით უნდა შემოწმდეს, გაიხსნა თუ არა აირის ელექტრომაგნიტური სარქველი და მიეწოდება თუ არა აირი დაბალი წნევის რედუქტორის პირველ საფეხურს;

ვ) ჩაირთოს სტარტერი.

5. ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, დროსელ-საფარის თანდათანობით გახსნისას ხანდახან შეინიშნება ძრავას ბრუნვის სიხშირის მკვეთრი ვარდნა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დროსელ-საფარის მკვეთრი გახსნა.

6. მოძრაობის დროს აირის სუნის შეგრძნებისთანავე მძღოლი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააჩეროს მანქანა, აღმოფხვრას უწესივრობა, თუ ეს შესაძლებელია, ან დაკეტოს სახარჯო ვენტილი და მიმართოს სერვისის საწარმოს.

7. აირსავსებ საკომპრესორო სადგურს ეკრძალება, შეავსოს ისეთი აირბალონები, რომლებსაც არ გაუვლიათ მორიგი შემოწმება და არა აქვთ შესაბამისი დამღა ან აირბალონიან სისტემაზე არაა გაცემული ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი და შესაბამისობის ფირნიში.

8. აირსავსებ საკომპრესორო სადგურზე აირბალონების შევსების წინ მძღოლმა და მგზავრებმა უნდა დატოვონ ავტოსატრანსპორტო საშუალება. შევსება უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) გამოირთოს ძრავა;

ბ) დაიკეტოს გამშვები ვენტილი;

გ) აირგასამართი სადგურის თანამშრომელმა შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთოს გასამართი მილი (საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ბუნიკი ჩახრახნილია ბოლომდე), ბოლომდე გახსნას შევსების ვენტილი და შეავსოს აირბალონები არაუმეტეს მუშა წნევამდე – 200 ბარი (200 ატმ) შეკუმშულ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და 16 ბარი (16 ატმ) გათხევადებულ საწვავ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებისთვის.  დაკეტოს შევსების ვენტილი;

დ) შემვსებ ვენტილს მოეხსნას აირშევსების მილი (ეს ოპერაცია უნდა განახორციელოს სადგურის თანამშრომელმა);

ე) აირბალონების შევსების შემდეგ თანდათანობით გაიხსნას გამშვები ვენტილი, ჩაირთოს ძრავა და ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოვიდეს აირგასამართი სადგურის ტერიტორიიდან.

9. აირსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს აირბალონების მორიგი შემოწმების შესაბამისი დამღა და შესაბამისობის ფირნიში. პერსონალს ასევე შეუძლია, მოითხოვოს აირბალონებსა და აირბალონიან სისტემაზე გაცემული, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი;

ბ) აირსადენებსა და შეერთებებში ჰერმეტულობის დარღვევის აღმოჩენისას არ შეავსოს აირბალონები აირით;

გ) აირით აირბალონების შევსებისას გამშვები ვენტილი ჰქონდეს დაკეტილი, ხოლო შევსების კი – სრულად გაღებული;

დ) აირბალონების შევსებისას განერიდოს შემვსებ მილს;

ე) არ დაუშვას შეერთებების დამატებითი მოჭერა იმ დროს, როდესაც სისტემაში აირი წნევის ქვეშაა. ასევე არ დაუშვას ამ დროს სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

10. შევსების მილის ჰერმეტიზაციის დარღვევისას საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიკეტოს შევსების ვენტილი, რათა არ მოხდეს აირბალონებიდან აირის დაცლა.

11. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის გაჩენისას აუცილებელია მაგისტრალური და აირბალონების ონკანების დაუყოვნებლივ დაკეტვა.

12. ალმოდებული აირის ჩაქრობა უნდა მოხდეს ცეცხლსაქრობის, სილის, წყლის ჭავლის ან ქეჩის გამოყენებით. წნევიანი აირის აირბალონებს უხვად უნდა მიესხას ცივი წყალი, მათში წნევის მატების თავიდან აცილების მიზნით.

13. აკრძალულია იმ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომლის ძარაში განთავსებული აირბალონები, არმატურა და მაერთებელი ელემენტები არ არის მოთავსებული განცალკევებულ ნაკვეთურში, ან აირბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები არ არის მოქცეული ადგილობრივ ვენტილირებად გარსაცმში. დამცავი მექანიზმის კონსტრუქცია აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში აირის შეღწევის შესაძლებლობას.

14. მძღოლი პასუხისმგებელია აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის (მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების) წესების შესრულებაზე და ვალდებულია, მოსთხოვოს მათ ამ წესების დაცვა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ. 

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 21.04.2015წ.

 

აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების მინიმალური ზომები

   

 

აირბალონის ტევადობა, ლიტრი

აირბალონის ჩარჩოს სამაგრი ჭანჭიკების მინიმალური დიამეტრი, მმ

მრგვალი საყელურების მინიმალური ზომები, მმ

ლენტური სამაგრი ცალუღების სამაგრი ჭანჭიკების დიამეტრი, მმ

ლენტური სამაგრი ცალუღების განივი კვეთის მინიმალური ზომები, მმ

85-მდე

ჩათვლით

8

30 X 1.5

8

20 X 3.0 ან

30 X 1.5

85-დან 100-მდე ჩათვლით

8

30 X 1.5 ან

25 X 2.5

10

30 X 3

100-დან 150-მდე ჩათვლით

10

50 X 2 ან

30 X 3

12

50 X 6

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 21.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №154 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

  

აირბალონიანი მოწყობილობის მონტაჟის დეკლარაცია

 მონტაჟის განმახორციელებელი სერვისის საწარმო:

რეგისტრაციის ნომერი:

დასახელება:

მისამართი:

პასუხისმგებელი პირის ტელეფონი:

 

დეკლარაცია გაფორმებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების - „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნების შესაბამისად

აირბალონიანი ასს-ის მარკა, მოდელი:

აირბალონიანი ასს-ის სახელმწიფო სანომრე ნიშანი:

ასს -ზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის კომპონენტების დამამზადებელი:

-

-

-

ასს-ზე განთავსებული აირბალონების საქარხნო №

უფლებამოსილი პირის მიერ ქვემოთ ხელმოწერით, მონტაჟის განმახორციელებელი სერვისის საწარმო კისრულობს პასუხისმგებლობას აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების შესაბამისობაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან:

თარიღი:

-------------------------

 

 

მონტაჟზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი:

-------------------------

 

 

მონტაჟზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

-------------------------

 

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 21.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №196 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

                                                                 

დანართი №2 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 20.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 21.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 16.07.2019წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, №80, 15.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017699 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2196372-9/