საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.02.2014 ძალადაკარგული 13.01.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017800
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანდართული დებულება.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N338 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/12/2013, 040030000.10.003.017505).

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლისა და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის  მონიტორინგის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით.

2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 2. ბიუროს ძირითადი ამოცანები

ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ბ) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულების შესწავლა და ანალიზი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის მოხსენების, ხოლო საჯარო სამსახურის საბჭოსათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;

გ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

დ) სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გაწევა;

ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფა;

ზ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნველყოფა;

ი) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნველყოფა;

კ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ლ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ლ ​1) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება;

მ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა;

ნ) დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები

1. ბიურო, ამ დებულების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურების ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდასაქმნელად;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ;

დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არსებული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზნით;

ე) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;  

ვ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

ზ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას;

კ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რეფორმის სტრატეგიას;

ლ) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერთიან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

ნ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორმების პროექტებს;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

პ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული  აქტების შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის მოხსენებას;

ჟ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

რ) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას;

ს) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას;

ტ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

უ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობას;

ფ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;

ქ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენაზე;

ღ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრეთვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ყ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;

შ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონაცემთა ანალიზს;

შ ​1) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;

ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუსტების, ასევე დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;

ც) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან;

ძ) ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სამეცნიერო შეკრებებს, ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუალური საკითხების განსახილველად;

წ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამყარებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

ჭ) განიხილავს ბიუროში შემოსულ ფიზიკური და იურიდიული პირების წერილობით განცხადებებსა და მომართვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ხ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას ბიუროს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

3. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვილობაზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა

1. ბიუროს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამსახურის საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსურ ანგარიშს;

დ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ბიუროს ბიუჯეტის პროექტს და დანიშნულებისამებრ წარადგენს დასამტკიცებლად;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შორის;

ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს და ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დელეგირებას ბიუროს თანამშრომელზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;

ლ) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საკონკურსოსაატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიის თავმჯდომარისა);

მ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;

ნ) პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ბიუროსათვის წარუდგენლობის შემთხვევის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

4. ბიუროს უფროსის მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი.

5. ბიუროს უფროსის არყოფნისას, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოადგილეს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 თებერვლის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 27.02.2019წ.

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ანალიტიკური დეპარტამენტი;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 26.01.2018წ.

მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;

ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;

დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

მუხლი 7. ბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) გრანტები;                                                      

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.

მუხლი 9. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა

ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №181, 20.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017800 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2254366-5/