სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (17)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
| სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი
|
სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
| მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე იარაღის ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ჩამოწერის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე შენახვის წესსა და რეჟიმს.
2. ეს წესი, გარდა მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა, არ ვრცელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ გაცემულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე. 3. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა, ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 4. იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
|
| მუხლი 2 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; ბ) მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სამოქალაქო იარაღის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება; გ) მოსარგებლე – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირი; დ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი: ე.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით; ე.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით; ე.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარდგენის მიზნით; ე.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში; ვ) იარაღის რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა; ზ) ხელახალი რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების ან/და დამატებების განხორციელება, გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა; თ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება; ი) შეძენის ყუა (დანართი №1) – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს; კ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; ლ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც რეგისტრირდება იარაღის ძირითადი ელემენტებისაგან განცალკევებულად და წარმოადგენს რეგისტრირებული იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს; მ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია; ნ) დამზადებული იარაღის მოწმობა – დამზადებული იარაღის მონაცემების ამსახველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს. |
| მუხლი 3 |
1. ფიზიკური პირი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის (გარდა აეროზოლური მოწყობილობისა) სააგენტოში საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია.
2. სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლება) გაცემას, სავალდებულო რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას საჭიროებს: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთრების უფლებით შეძენილი სამოქალაქო იარაღი; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი. 3. სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა A, B, C და D კატეგორიებად. 4. იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით, სააგენტო გასცემს: ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ, შენახვის უფლებით რეგისტრირებულ: ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ: ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ თავდაცვის გაზის (აირი) იარაღზე, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.ბ) თავდაცვის მოკლელულიან და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის შენახვისა და ტარების უფლება; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ თავდაცვის მოკლელულიან ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებად რეგისტრირებულ იმ იარაღზე, რომელსაც მიენიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით მოსარგებლეზე გადაცემულ იარაღზე. ამასთან, მოსარგებლეს იარაღის ტარების უფლება აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში. 6. იარაღის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს უფლება აქვს იარაღის შეძენის ნებართვის მიღება, რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია განახორციელოს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ დანაყოფში, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა. 7. იარაღის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ იარაღზე. 8. დაუშვებელია ერთსა და იმავე იარაღზე ერთდროულად სხვადასხვა კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. 9. დაუშვებელია დაურეგისტრირებელი იარაღის განკარგვა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა. 10. სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის გასხვისებამდე მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნის თაობაზე.
|
| მუხლი 4 |
1. სააგენტო იარაღის რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მქონე ფიზიკური პირის ან უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. სააგენტო იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას ახორციელებს იარაღის მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ შესაბამისი მოთხოვნის დროისათვის დაინტერესებულ პირს აქვს შესაბამისი ტიპის იარაღის შეძენის ნებართვა. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის მონაცემები აისახება იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეს უფლება აქვს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს იარაღის ძირითადი ელემენტების იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტით ჩანაცვლება. 3. რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იარაღზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სასამართლოს აქტით ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით. 4. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება: ა) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის: ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ბ) საცხოვრებელი ადგილი; ბ) იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარება) ნებართვის სახე; დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია; ე) იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი; ვ) დამატებითი ძირითადი ელემენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი. 5. იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიული ძალის მქონეა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე. 6. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ: ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი; ბ) აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება; გ) იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ; დ) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ე) ვერ დგინდება ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები; ვ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია; ზ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის სხვადასხვა დამატებითი ძირითადი ელემენტით შესაძლებელია ახალი იარაღის დაკომპლექტება; თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები. 7. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია უქმდება, თუ: ა) ამ მუხლის მე–6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ; ბ) განხორციელდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა; გ) გაიცა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება); ე) შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას; ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები. 8. ამ მუხლის მე–7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემის, იარაღის ჩამოწერის ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარებისათვის იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად. 9. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე. 10. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად, კარგავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარემოებების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის განახორციელა მან რეგისტრაციაში არსებული ჩანაწერის შეცვლა ან გაუქმება. 11. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით. 12. იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებისათვის ამ წესით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება, შესაბამისად, იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზეც.
|
| მუხლი 5 |
1. მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი; ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი; ამასთან, B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მქონე პირს უფლება აქვს, გარდა იარაღის ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ მის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის წესების დაცვა; გ) მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაწესებულებების მიერ. ამასთან, შენახვის ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურის სპეციფიკა და ფიზიკურ პირებზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები. 2. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ჩანაწერებში იარაღის მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს: ა) რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი; ბ) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი; გ) უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. 3. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ახალ საცხოვრებელ ადგილზე იარაღის შენახვის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოში იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება და არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირი ვალდებულია, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შეინახოს მხოლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ ადგილზე.
|
| მუხლი 6 |
1. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის მიზნით.
2. პირებს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობათ: ა) მე–4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას; ბ) მე–20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა; გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; დ) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ბალისტიკური შემოწმების აქტი; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას გაიცემა იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობა, ხოლო იარაღის რეგისტრაციის ძველი მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და იგი უნდა ჩაჰბარდეს სააგენტოს. 5. იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით მოითხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა. 6. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები თავისუფლდებიან საკუთრებაში არსებული იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
|
| მუხლი 7 |
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო ახორციელებს იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას და ადგენს იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტს.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელება სავალდებულოა: ა) იარაღის რეგისტრაციისას; ბ) იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას; გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იარაღის სახეობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას); დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას); ე) იარაღის დამამზადებლის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე; ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას. 3. სააგენტოს მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმება მიზნად ისახავს: ა) იარაღზე (მის შემადგენელ დეტალებზე) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარებას თანხმლებ დოკუმენტებთან; ბ) იარაღის მოდელის, მარკის, სახეობისა და ტიპის განსაზღვრას; გ) იარაღიდან არანაკლებ სამ ექსპერიმენტულ გასროლასა და გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების ნიმუშის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით გადაგზავნას. 4. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ იარაღს არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, ნომრის მინიჭება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ იარაღის დადამღვით. 5. იარაღის ექსპერიმენტული გასროლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე სააგენტოში წარდგენის მიზნით, ფიზიკური პირის სახელზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა №1 (დანართი №3), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 7. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) I ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, გადაიტანოს იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად. 8. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) II ნაწილს ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების ადგილიდან იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა. 9. იარაღის დროებითი მოწმობა (№1, №2, №3 და №4 ფორმები) მოქმედებს მხოლოდ გრაფით – ,,ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა. 10. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს. 11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
|
| მუხლი 8 |
1. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირები ვალდებული არიან:
ა) განახორციელონ სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იარაღის სახეობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას); ბ) საკომისიო წესით ჩაიბარონ მხოლოდ ის იარაღი, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა (დანართი N2); გ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი) საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ელექტრონული დოკუმენტის სახით (მყარი დისკით, ფლოპით ან/და სხვ.) ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიაწოდონ სააგენტოს; ე) იარაღის რეალიზაცია განახორციელონ მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე; ვ) იარაღი შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა და სააგენტოს მიერ დამოწმებული შეძენის ყუის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დამატებით იარაღის დროებითი მოწმობის წარმოდგენისას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენის შესახებ. 2. სააგენტოს მიერ იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირებისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაცია განხორციელდება იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან შესაბამობის შემთხვევაში. 3. იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ავსებს იარაღის შეძენის ყუის I ნაწილს სამ ეგზემპლარად და გადასცემს იარაღის შემძენ პირს სააგენტოში წარსადგენად. 4. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან შეძენილი იარაღის სააგენტოში რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) შეძენის ყუა; გ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა; დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო ავსებს შეძენის ყუის II ნაწილს, რის შემდეგაც ორ ეგზემპლარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად უბრუნებს იარაღის შემძენს. იარაღის შემძენი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეძენის ყუა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის შენახვის ადგილზე გადატანა. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე პირის სახელზე იარაღის შეძენის ადგილიდან საცხოვრებელ ადგილზე (შენახვის ადგილზე) გადატანის მიზნით, სააგენტო გასცემს იარაღის დროებით მოწმობას ფორმა N2 (დანართი N4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება ფიზიკურ პირს ენიჭება მხოლოდ გრაფით – „ძალაშია“ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო საათს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება მოხდეს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით. 9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა საპატიო მიზეზის გამო ვერ უზრუნველყო იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა N2) მოქმედების ვადაში იარაღის შეძენის ადგილიდან წამოღება, ახალი დროებითი მოწმობის მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემდეგ.
|
| მუხლი 9 |
1. იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა; გ) საკუთრებაში არსებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; დ) ჩამოსაწერი იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი; ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ჩამოსაწერი იარაღი ბარდება სააგენტოს, ხოლო იარაღის მესაკუთრეს გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული იარაღის სააღრიცხვო ბარათის ასლი შესაბამისი აღნიშვნით. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოსაწერ იარაღთან ერთად რეგისტრირებულია იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი, მესაკუთრე ვალდებულია, განახორციელოს მისი ჩამოწერა და სააგენტოში ჩაბარება ან ლიცენზირებულ პირთან საკომისიო წესით ჩაბარება ან საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემა ან მის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ტიპის სხვა იარაღის დამატებით ძირითად ელემენტად რეგისტრაცია. 3. მესაკუთრის მიერ მხოლოდ იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისას, სავალდებულოა ჩამოწერილი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის სააგენტოსათვის ჩაბარება და იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება. 4. ჩამოსაწერი იარაღის სააგენტოში ჩაბარების მიზნით იარაღის მესაკუთრეზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა N3 (დანართი N5), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის შენახვის ადგილიდან ჩამოწერის განმახორციელებელ ორგანოში გადატანა. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 5. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N3-ს (დანართი N5) ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ჩაბარების ადგილსა და გადატანის ვადას. იარაღის გადატანაზე მიცემული ვადა მიეთითება მოწმობის გრაფაში – ,,ძალაშია“ – და იგი არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით. 7. სააგენტოს უფლება აქვს არ განახორციელოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა. 8. ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 9. მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით სააგენტოს მიერ გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N4 (დანართი N6). 10. იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N4 (დანართი N6) უფლებას აძლევს პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს დაზიანებული იარაღის გადატანა იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან, ხოლო შეკეთების შემდეგ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს იარაღის გადატანა უკან შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 11. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N4-ის (დანართი N6) პირველ ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც იარაღის შენახვის ადგილისა და შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მისამართის შესაბამისად მიუთითებს იარაღის შენახვისა და მიტანის ადგილს, ხოლო გრაფაში – ,,ძალაშია“ – განსაზღვრავს დროს (მაგრამ არა უმეტეს 12 სამუშაო საათისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა უფლება გადაიტანოს იარაღი შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით. 13. იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია, იარაღის მესაკუთრისათვის დაბრუნებისას იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N4-ის (დანართი N6) II ნაწილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს იარაღის გადაცემის საათი, დღე, თვე, წელი და მოაწეროს ხელი. მესაკუთრე ვალდებულია შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მიერ იარაღის დაბრუნებიდან არა უმეტეს 8 საათისა გადაიტანოს იარაღი უკან, შენახვის ადგილზე.
|
| მუხლი 10 |
1. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად მესაკუთრემ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა; გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა გაიცემა სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, მეორე – გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მესამეს მესაკუთრე გადასცემს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს, იარაღის ჩაბარებისას. 3. პირი ვალდებულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადაში უზრუნველყოს კუთვნილი იარაღის გადატანა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან ჩასაბარებლად. 4. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო და იგი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. 5. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შემთხვევაში იარაღი იხსნება რეგისტრაციიდან. |
| მუხლი 11 |
1. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება; ბ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაცია (იარაღის ტიპი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დამღა, კალიბრი და სხვ.) წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად; გ) დამზადებული იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე; დ) შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს დამზადებული იარაღი უშუალოდ, იარაღის შეძენის ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინოს მონაცემები რეალიზებული იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენი პირის შესახებ; ვ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები. 2. დამზადებული იარაღის რეალიზაციამდე (არა უგვიანეს დამზადებიდან 14 დღისა) იარაღის დამამზადებელი ვალდებულია იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად სააგენტოში წარადგინოს განცხადება და განახორციელოს დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება. სააგენტოში ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი დამზადებული იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოში რეგისტრირებული მსგავსი ტიპის იარაღის, აგრეთვე იარაღისათვის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს. 3. დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად სააგენტო იარაღის დამამზადებელს გადასცემს დამზადებული იარაღის მოწმობას, რომელშიც წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბალისტიკური შემოწმების საფუძველზე, აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები. 4. დამზადებული იარაღის მოწმობაში სამ ეგზემპლარად აისახება: ა) დამზადებული იარაღის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი; ბ) მონაცემები იარაღის დამამზადებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შესახებ; გ) იარაღის დამამზადებელი პირის ლიცენზიის ნომერი; დ) დამზადებული იარაღის ტიპი, სახეობა, კალიბრი (ყალიბი) და საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) იარაღის შემძენი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან პირადი ნომერი; ვ) დამზადებული იარაღის რეალიზაციის თარიღი; ზ) დამზადებული იარაღის რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა. 5. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები მიეთითება იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის რეალიზაციისას. 6. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შეიტანება სამ ეგზემპლარად, აქედან, იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში ერთი ეგზემპლარი რჩება იარაღის დამამზადებელს, მეორე – გადაეცემა იარაღის შემძენს, ხოლო მესამე ეგზემპლარი (მოწმობასთან ერთად) წარედგინება სააგენტოს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის. 7. ფიზიკური პირის მიერ იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარედგინება: ა) განცხადება; ბ) დამზადებული იარაღის მოწმობა; გ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა; დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა); ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. სააგენტოს მიერ დამზადებული იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს გადაეცემა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. დამზადებული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს დამატებით გადაეცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N2 (დანართი N4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 9. დამზადებული იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე–8 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მიღებიდან 10 დღის ვადაში შემძენი ვალდებულია განახორციელოს იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანა. 11. დამზადებული იარაღის შემძენზე იარაღის შეძენის ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში დამზადებული იარაღის მოწმობა უქმდება, ხოლო იარაღის დამამზადებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეუცვლელად გადაეცემა ახალი მოწმობა.
|
| მუხლი 12 |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შეტყობინების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური 3 თვეში ერთხელ ამოწმებს მოქალაქის პირად საკუთრებაში არსებული იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და რეგისტრაციის კანონიერებას.
2. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. 3. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და აღრიცხვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
|
თავი II
იარაღის ტარების წესი
|
| მუხლი 13 |
იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მისი დაცვისა და მოვლისათვის, აგრეთვე ვალდებულია დაიცვას იარაღის ბრუნვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
|
| მუხლი 14 |
1. აკრძალულია იარაღის ტარება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე.
2. აკრძალულია სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები). |
| მუხლი 15 |
აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის ან/და ამოღება (ჩვენება) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დემონსტრირების მიზნით, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
|
| მუხლი 16 |
იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. |
| მუხლი 17 |
იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს B, C ან D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. |
თავი III
იარაღის შენახვის წესი
|
| მუხლი 18 |
1. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. |
| მუხლი 19 |
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.
|
თავი IV
იარაღის გადატანა-გადაზიდვა
|
| მუხლი 20 |
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში. |
| მუხლი 21 |
1. ქვეყნის შიგნით საჰაერო ტრანსპორტით იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანის დროს ფიზიკური პირის იარაღი და საბრძოლო მასალა გამგზავრების ადგილის აეროპორტში ფრენის პერიოდში დროებით შესანახად გადაეცემა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს და მის მფლობელს უბრუნდება ფრენის დასრულების შემდეგ დანიშნულების ადგილის აეროპორტში.
2. ფიზიკური პირების იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასატანად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის და საბრძოლო მასალის მიტანას და გაცემას ახორციელებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, რომელიც საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ ინიშნება ფრენის პერიოდში იარაღის შენახვისა და დანიშნულების ადგილის აეროპორტში მიტანისათვის პასუხისმგებელ პირად. 3. გადასაზიდად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, გამგზავრების ადგილის აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) ბორტზე იარაღის მიტანას და დანიშნულების ადგილის აეროპორტში იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები. |
| მუხლი 22 |
1. იარაღი და საბრძოლო მასალა საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს უნდა იყოს მოთავსებული საჰაერო ხომალდის საბარგო (სატვირთო) განყოფილებაში შეფუთულ, დაპლომბილ და ჩაკეტილ ტარაში.
2. საჰაერო ხომალდებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ იზოლირებული საბარგო განყოფილებები, დასაშვებია ფიზიკური პირების კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანა ეკიპაჟის კაბინაში დაცულ და უსაფრთხო ადგილზე. |
| მუხლი 23 |
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ავტოტრანსპორტით გადაზიდვისას პირი ვალდებულია:
ა) სატრანსპორტო საშუალება მოაწყოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვის თანხლება არანაკლებ ორი პირის შემადგენლობით; გ) იარაღის გადაზიდვა განახორციელოს დალუქული სპეციალური ტარით. |
| მუხლი 24 |
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ორზე მეტი ავტომანქანით გადაზიდვისას მისი თანხლება ხორციელდება ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვის არანაკლებ სამკაციანი შემადგენლობით, სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით. |
| მუხლი 25 |
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ამასთან, უნდა იქნეს გამორიცხული უცხო პირთა მიერ გადასაზიდი იარაღის ვიზუალური დათვალიერებისა და მასთან შეღწევის შესაძლებლობა.
2. სატრანსპორტო საშუალების ან/და იარაღის გადასაზიდი ტარის გახსნის ან დაზიანების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიარაღებული დაცვის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს დანაყოფს, შეადგინოს აქტი, მიიღოს სათანადო ზომები შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. |
| მუხლი 26 |
1. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს იარაღი უნდა იყოს განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში საბრძოლო მასალისაგან განცალკევებულად, სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რითიც უნდა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა.
2. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა ფოსტით.
|
თავი V
გარდამავალი დებულებები
|
| მუხლი 27 |
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია განახორციელეს 2008 წლის 20 დეკემბრის შემდეგ.
2. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული იარაღის, რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა (ხელახალი რეგისტრაციის) და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოა ხელახალი რეგისტრაციის გავლა ამ წესის მე–6 მუხლის შესაბამისად.
|
2
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №164
2014 წლის 28 თებერავალი
ქ. თბილისი
სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
დანართი
სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე იარაღის ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ჩამოწერის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე შენახვის წესსა და რეჟიმს.
2. ეს წესი, გარდა მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა, არ ვრცელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ გაცემულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე.
3. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა, ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
4. იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
+
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სამოქალაქო იარაღის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება;
გ) მოსარგებლე – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
დ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ე.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარდგენის მიზნით;
ე.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ვ) იარაღის რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
ზ) ხელახალი რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება/დამატება (გარდა მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევისა) ან იმავე მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა;
თ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;
ი) შეძენის ყუა (დანართი №1) – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს;
კ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ლ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც რეგისტრირდება იარაღის ძირითადი ელემენტებისაგან განცალკევებულად და წარმოადგენს რეგისტრირებული იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს;
მ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ნ) დამზადებული იარაღის მოწმობა – დამზადებული იარაღის მონაცემების ამსახველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს;
ო) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი – სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი;
პ) ავტორიზებული პირი ან ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირი – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს ავტორიზებული პირის სტატუსი;
ჟ) დაინტერესებული პირი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 3
1. ფიზიკური პირი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის (გარდა აეროზოლური მოწყობილობისა) სააგენტოში საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია.
2. სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლება) გაცემას, სავალდებულო რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას საჭიროებს:
ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთრების უფლებით შეძენილი სამოქალაქო იარაღი;
ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი.
3. სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა A, B, C და D კატეგორიებად.
4. იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით, სააგენტო გასცემს:
ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ, შენახვის უფლებით რეგისტრირებულ:
ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ:
ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ თავდაცვის გაზის (აირი) იარაღზე, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ბ) თავდაცვის მოკლელულიან და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის შენახვისა და ტარების უფლება;
ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ თავდაცვის მოკლელულიან ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელსაც იმავდროულად მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებად რეგისტრირებულ იმ იარაღზე, რომელსაც მიენიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით მოსარგებლეზე გადაცემულ იარაღზე. ამასთან, მოსარგებლეს იარაღის ტარების უფლება აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში.
51. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ამავე კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების დადასტურების მიზნით სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარადგინონ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი სამსახურიდან. პირი შეიძლება გათავისუფლდეს აღნიშნული ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ შესაბამისი გარემოების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ხელმისაწვდომია სააგენტოს ხელთ არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მონაცემთა ბაზების ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, აგრეთვე თუ აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება სააგენტოსთვის ოფიციალური წყაროებიდან ხელმისაწვდომ გასაჯაროებულ სანდო ინფორმაციას.
52. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებმა ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების დადასტურების მიზნით, სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად სააგენტოში უნდა წარადგინონ თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირი შეიძლება გათავისუფლდეს აღნიშნული ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ შესაბამისი გარემოების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ხელმისაწვდომია სააგენტოს ხელთ არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მონაცემთა ბაზების ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, აგრეთვე თუ აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება სააგენტოსთვის ოფიციალური წყაროებიდან ხელმისაწვდომ გასაჯაროებულ სანდო ინფორმაციას.
6. იარაღის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს უფლება აქვს იარაღის შეძენის ნებართვის მიღება, რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია განახორციელოს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ დანაყოფში, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.
7. იარაღის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ იარაღზე.
8. დაუშვებელია ერთსა და იმავე იარაღზე ერთდროულად სხვადასხვა კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა.
9. დაუშვებელია დაურეგისტრირებელი იარაღის განკარგვა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.
10. სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის გასხვისებამდე მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნის თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №852 - ვებგვერდი, 09.11.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №589 - ვებგვერდი, 25.10.2016წ.
+
მუხლი 4
1. სააგენტო იარაღის რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მქონე ფიზიკური პირის ან უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. სააგენტო იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას ახორციელებს იარაღის მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ შესაბამისი მოთხოვნის დროისათვის დაინტერესებულ პირს აქვს შესაბამისი ტიპის იარაღის შეძენის ნებართვა. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის მონაცემები აისახება იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეს უფლება აქვს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს იარაღის ძირითადი ელემენტების იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტით ჩანაცვლება.
3. რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იარაღზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სასამართლოს აქტით ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით.
4. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება:
ა) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის:
ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილი;
ბ) იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარება) ნებართვის სახე;
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია;
ე) იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი;
ვ) დამატებითი ძირითადი ელემენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი.
5. იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიული ძალის მქონეა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე.
6. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:
ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შემთხვევებზე);
ბ) აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება;
გ) იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) ვერ დგინდება ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები;
ვ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია;
ზ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის სხვადასხვა დამატებითი ძირითადი ელემენტით შესაძლებელია ახალი იარაღის დაკომპლექტება;
თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.
7. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია უქმდება, თუ:
ა) წარმოიშვა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით ან მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;
ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ;
გ) განხორციელდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა;
დ) გაიცა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება);
ვ) შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას;
ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.
8. ამ მუხლის მე–7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემის, იარაღის ჩამოწერის ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარებისათვის იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად.
9. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე.
10. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად, კარგავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარემოებების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის განახორციელა მან რეგისტრაციაში არსებული ჩანაწერის შეცვლა ან გაუქმება.
11. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით.
12. იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებისათვის ამ წესით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება, შესაბამისად, იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 ივლისის ბრძანება №503 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
1
მუხლი 5
1. მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი;
ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი; ამასთან, B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მქონე პირს უფლება აქვს, გარდა იარაღის ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ მის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის წესების დაცვა;
გ) მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაწესებულებების მიერ. ამასთან, შენახვის ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურის სპეციფიკა და ფიზიკურ პირებზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები.
2. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ჩანაწერებში იარაღის მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:
ა) რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;
ბ) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;
გ) უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
3. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ახალ საცხოვრებელ ადგილზე იარაღის შენახვის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოში იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება და არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირი ვალდებულია, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შეინახოს მხოლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ ადგილზე.
+
მუხლი 6
1. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის მიზნით.
2. პირს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ამ წესის მე–4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას (გარდა მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევისა);
ბ) გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის საფუძვლის წარმოშობისას (მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის გარეშე);
გ) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას გაიცემა იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობა, ხოლო იარაღის რეგისტრაციის ძველი მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და იგი უნდა ჩაჰბარდეს სააგენტოს.
5. იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით მოითხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
6. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები თავისუფლდებიან საკუთრებაში არსებული იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 7
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო ახორციელებს იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას და ადგენს იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტს.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელება სავალდებულოა:
ა) იარაღის რეგისტრაციისას;
ბ) იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას;
გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი, სპორტული მოკლე გლუვლულიანი და და გაზის (აირის) იარაღებისა);
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას);
ე) იარაღის დამამზადებლის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;
ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.
3. სააგენტოს მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმება მიზნად ისახავს:
ა) იარაღზე (მის შემადგენელ დეტალებზე) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარებას თანხმლებ დოკუმენტებთან;
ბ) იარაღის მოდელის, მარკის, სახეობისა და ტიპის განსაზღვრას;
გ) იარაღიდან არანაკლებ სამ ექსპერიმენტულ გასროლასა და გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების ნიმუშის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით გადაგზავნას.
4. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ იარაღს არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, ნომრის მინიჭება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ იარაღის დადამღვით.
5. იარაღის ექსპერიმენტული გასროლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
6. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე სააგენტოში წარდგენის მიზნით, ფიზიკური პირის სახელზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა №1 (დანართი №3), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
7. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) I ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, გადაიტანოს იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად.
8. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) II ნაწილს ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების ადგილიდან იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა.
9. იარაღის დროებითი მოწმობა (№1, №2, №3 და №4 ფორმები) მოქმედებს მხოლოდ გრაფით – ,,ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.
10. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს.
11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 8
1. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირები ვალდებული არიან:
ა) განახორციელონ სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ბ) საკომისიო წესით ჩაიბარონ მხოლოდ ის იარაღი, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა (დანართი N2);
გ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი) საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ელექტრონული დოკუმენტის სახით (მყარი დისკით, ფლოპით ან/და სხვ.) ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიაწოდონ სააგენტოს;
ე) იარაღის რეალიზაცია განახორციელონ მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე;
ვ) იარაღი შემძენ ფიზიკურ პირს გადასცენ მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა და სააგენტოს მიერ დამოწმებული შეძენის ყუის წარმოდგენის ან სააგენტოს მიერ კომპიუტერულ პროგრამაში „იარაღის რეგისტრაციის ბარათის“ ატვირთვის შემთხვევაში, ხოლო იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციისას – დამატებით იარაღის დროებითი მოწმობის მატერიალური ფორმით წარდგენის ან კომპიუტერულ პროგრამაში ელექტრონული ფორმით ატვირთვის შემთხვევაში;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენის შესახებ.
2. სააგენტოს მიერ იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირებისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაცია განხორციელდება იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან შესაბამობის შემთხვევაში.
3. იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ავსებს იარაღის შეძენის ყუის I ნაწილს სამ ეგზემპლარად და გადასცემს იარაღის შემძენ პირს სააგენტოში წარსადგენად. სააგენტოს მიერ ამ წესის I1 თავით დადგენილი წესით მომსახურების გაწევისას სააგენტოში იარაღის შეძენის ყუის წარდგენა ხორციელდება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.
4. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან შეძენილი იარაღის სააგენტოში რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) შეძენის ყუა;
გ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო ავსებს შეძენის ყუის II ნაწილს, რის შემდეგაც ორ ეგზემპლარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად უბრუნებს იარაღის შემძენს. იარაღის შემძენი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეძენის ყუა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის შენახვის ადგილზე გადატანა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ამ წესის I1 თავით დადგენილი წესით მომსახურების გაწევის შემთხვევაზე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე პირის სახელზე იარაღის შეძენის ადგილიდან საცხოვრებელ ადგილზე (შენახვის ადგილზე) გადატანის მიზნით, სააგენტო გასცემს იარაღის დროებით მოწმობას ფორმა N2 (დანართი N4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება ფიზიკურ პირს ენიჭება მხოლოდ გრაფით – „ძალაშია“ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო საათს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება მოხდეს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა საპატიო მიზეზის გამო ვერ უზრუნველყო იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა N2) მოქმედების ვადაში იარაღის შეძენის ადგილიდან წამოღება, ახალი დროებითი მოწმობის მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 9
1. იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
გ) საკუთრებაში არსებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ჩამოსაწერი იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი;
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ჩამოსაწერი იარაღი ბარდება სააგენტოს, ხოლო იარაღის მესაკუთრეს გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული იარაღის სააღრიცხვო ბარათის ასლი შესაბამისი აღნიშვნით. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოსაწერ იარაღთან ერთად რეგისტრირებულია იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი, მესაკუთრე ვალდებულია, განახორციელოს მისი ჩამოწერა და სააგენტოში ჩაბარება ან ლიცენზირებულ პირთან საკომისიო წესით ჩაბარება ან საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემა ან მის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ტიპის სხვა იარაღის დამატებით ძირითად ელემენტად რეგისტრაცია.
3. მესაკუთრის მიერ მხოლოდ იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერისას, სავალდებულოა ჩამოწერილი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის სააგენტოსათვის ჩაბარება და იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება.
4. ჩამოსაწერი იარაღის სააგენტოში ჩაბარების მიზნით იარაღის მესაკუთრეზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა N3 (დანართი N5), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის შენახვის ადგილიდან ჩამოწერის განმახორციელებელ ორგანოში გადატანა. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
5. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N3-ს (დანართი N5) ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ჩაბარების ადგილსა და გადატანის ვადას. იარაღის გადატანაზე მიცემული ვადა მიეთითება მოწმობის გრაფაში – ,,ძალაშია“ – და იგი არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
7. სააგენტოს უფლება აქვს არ განახორციელოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა.
8. ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
9. მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით სააგენტოს მიერ გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N4 (დანართი N6).
10. იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N4 (დანართი N6) უფლებას აძლევს პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს დაზიანებული იარაღის გადატანა იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან, ხოლო შეკეთების შემდეგ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს იარაღის გადატანა უკან შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
11. იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N4-ის (დანართი N6) პირველ ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც იარაღის შენახვის ადგილისა და შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მისამართის შესაბამისად მიუთითებს იარაღის შენახვისა და მიტანის ადგილს, ხოლო გრაფაში – ,,ძალაშია“ – განსაზღვრავს დროს (მაგრამ არა უმეტეს 12 სამუშაო საათისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა უფლება გადაიტანოს იარაღი შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
13. იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია, იარაღის მესაკუთრისათვის დაბრუნებისას იარაღის დროებითი მოწმობის ფორმა N4-ის (დანართი N6) II ნაწილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს იარაღის გადაცემის საათი, დღე, თვე, წელი და მოაწეროს ხელი. მესაკუთრე ვალდებულია შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მიერ იარაღის დაბრუნებიდან არა უმეტეს 8 საათისა გადაიტანოს იარაღი უკან, შენახვის ადგილზე.
+
მუხლი 10
1. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად მესაკუთრემ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა გაიცემა სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, მეორე – გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მესამეს მესაკუთრე გადასცემს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს, იარაღის ჩაბარებისას.
3. პირი ვალდებულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადაში უზრუნველყოს კუთვნილი იარაღის გადატანა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან ჩასაბარებლად.
4. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო და იგი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
5. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შემთხვევაში იარაღი იხსნება რეგისტრაციიდან.
+
მუხლი 11
1. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
ბ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაცია (იარაღის ტიპი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დამღა, კალიბრი და სხვ.) წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად;
გ) დამზადებული იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე;
დ) შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს დამზადებული იარაღი უშუალოდ, იარაღის შეძენის ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინოს მონაცემები რეალიზებული იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენი პირის შესახებ;
ვ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2. დამზადებული იარაღის რეალიზაციამდე (არა უგვიანეს დამზადებიდან 14 დღისა) იარაღის დამამზადებელი ვალდებულია იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად სააგენტოში წარადგინოს განცხადება და განახორციელოს დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმება. სააგენტოში ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი დამზადებული იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოში რეგისტრირებული მსგავსი ტიპის იარაღის, აგრეთვე იარაღისათვის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
3. დამზადებული იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად სააგენტო იარაღის დამამზადებელს გადასცემს დამზადებული იარაღის მოწმობას, რომელშიც წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბალისტიკური შემოწმების საფუძველზე, აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
4. დამზადებული იარაღის მოწმობაში სამ ეგზემპლარად აისახება:
ა) დამზადებული იარაღის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ) მონაცემები იარაღის დამამზადებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შესახებ;
გ) იარაღის დამამზადებელი პირის ლიცენზიის ნომერი;
დ) დამზადებული იარაღის ტიპი, სახეობა, კალიბრი (ყალიბი) და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) იარაღის შემძენი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან პირადი ნომერი;
ვ) დამზადებული იარაღის რეალიზაციის თარიღი;
ზ) დამზადებული იარაღის რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა.
5. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები მიეთითება იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის რეალიზაციისას.
6. დამზადებული იარაღის მოწმობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შეიტანება სამ ეგზემპლარად, აქედან, იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში ერთი ეგზემპლარი რჩება იარაღის დამამზადებელს, მეორე – გადაეცემა იარაღის შემძენს, ხოლო მესამე ეგზემპლარი (მოწმობასთან ერთად) წარედგინება სააგენტოს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის.
7. ფიზიკური პირის მიერ იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარედგინება:
ა) განცხადება;
ბ) დამზადებული იარაღის მოწმობა;
გ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. სააგენტოს მიერ დამზადებული იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს გადაეცემა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. დამზადებული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში შემძენს დამატებით გადაეცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N2 (დანართი N4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
9. დამზადებული იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე–8 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების მიღებიდან 10 დღის ვადაში შემძენი ვალდებულია განახორციელოს იარაღის დამამზადებლისაგან შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანა.
11. დამზადებული იარაღის შემძენზე იარაღის შეძენის ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში დამზადებული იარაღის მოწმობა უქმდება, ხოლო იარაღის დამამზადებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეუცვლელად გადაეცემა ახალი მოწმობა.
+
მუხლი 12
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შეტყობინების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური 3 თვეში ერთხელ ამოწმებს მოქალაქის პირად საკუთრებაში არსებული იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და რეგისტრაციის კანონიერებას.
2. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
31. მემკვიდრის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია მემკვიდრეობით მიღებული იარაღის/დამატებითი ძირითადი ელემენტის მემკვიდრეზე დაურეგისტრირებლად მესამე პირზე რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ იარაღზე/დამატებით ძირითად ელემენტზე, რომელზეც მოთხოვნის მომენტისათვის აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა ან/და სამართლებრივი დატვირთვა.
4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და აღრიცხვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 121
1. ავტორიზაციის მსურველი იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის (კომპიუტერი, ვებკამერა, პრინტერი, სკანერი, ხელმოწერის ელექტრონული დაფა) მახასიათებლები;
გ) ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის შესაძლებლობა;
დ) ავტორიზაციის მოთხოვნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის ასლი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური აღჭურვილობა თავსებადი უნდა იყოს სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამასთან და სააგენტოს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, შეუფერხებლად განახორციელოს ამ წესის 125 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილი ავტორიზაციის მოთხოვნა არ მოიცავს ავტორიზაციისთვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განესაზღვრება ვადა. თუ შესაბამისი პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს სათანადო დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.
5. ავტორიზაციის შესახებ განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში სააგენტო სწავლობს წარდგენილ დოკუმენტებს და ადგენს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ წარმოდგენილი ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს ანიჭებს ავტორიზაციის სტატუსს და გადასცემს კომპიუტერულ პროგრამაში დაშვების მომხმარებლის სახელს და პაროლს.
6. ამ თავით განსაზღვრული ცალკეული საკითხების (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლასთან, მატერიალური ფორმის დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებასთან, მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები) დეტალურად მოწესრიგების მიზნით ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
7. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს ავტორიზებული პირის სტატუსი ენიჭება და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება იდება ავტორიზებულ პირზე გაცემული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.
8. სააგენტოს მიერ ავტორიზაციის თაობაზე იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) შეჩერებულია ან გაუქმებულია (მათ შორის, ვადის გასვლის გამო) მის სახელზე გაცემული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია;
გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა არ არის თავსებადი სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამასთან;
დ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოსათვის წარსადგენ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.
9. სააგენტოს მიერ ავტორიზაცია უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) გამოვლინდა, რომ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია არის არაზუსტი ან არასრული;
ბ) გამოვლინდა გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც არ განხორციელდებოდა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ავტორიზაცია;
გ) წარდგენილია ავტორიზებული პირის მოთხოვნა ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
დ) მხარეთა შორის არსებული უთანხმოების გამო ვერ ხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების დადება;
ე) ავტორიზებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ამ წესით ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს;
ვ) სააგენტოს ან ავტორიზებული პირის ლიკვიდაციისას/გაუქმებისას, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე სუბიექტი;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
მუხლი 122🔗
1. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის კავშირი ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (შემდგომში – კომპიუტერული პროგრამა) საშუალებით. ზემოაღნიშნული მიზნით ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის კავშირი კომპიუტერული პროგრამის გარდა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (შემდგომში – ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალება).
2. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ე.წ „პირადი ხელმოწერისა“ და „ბეჭდის“ დატანის გზით დაამოწმოს ან/და დაადასტუროს დაინტერესებული პირისათვის გასაცნობად სააგენტოს მიერ მისთვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიწოდებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი. ავტორიზებული პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით წარდგენილ მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ავტორიზებული პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
4. ამ თავით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მოცულობით დაამუშავოს (შეაგროვოს, გამოიყენოს, შეინახოს, გაანადგუროს და ა.შ) დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
მუხლი 123🔗
1. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 125 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გადაგზავნილი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმის წარმოების დაწყებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული დებულებები;
ბ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე შესრულებული დოკუმენტების ავტორიზებული პირისათვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გადაგზავნას;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, მომსახურების გაწევაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირისათვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (გარდა ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა) გადაგზავნას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას სააგენტო დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ავტორიზებული პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის გადაგზავნის გზით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის სხვა საშუალებები (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და ა.შ).
3. სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, დაინტერესებული პირი აღნიშნულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სააგენტოში წარადგენს ავტორიზებული პირის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:
ა) დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული პირის მეშვეობით;
ბ) დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა სააგენტოში;
გ) საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოების დადგენის მიზნით სააგენტოში გამოცხადება.
4. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მოთხოვნის სრულყოფილად შესრულების შემდეგ.
5. დაინტერესებული პირის განცხადება არ დაკმაყოფილდება ან დარჩება განუხილველი, თუ:
ა) არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახეობის გამოცდის ჩაბარების ფაქტი (გარდა ამავე კანონის 271 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა);
ბ) დაინტერესებული პირი არ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის/იარაღის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
დ) დაინტერესებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-9 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნას;
ე) გადახდილი არ არის მოსაკრებელი ან/და მომსახურების საფასური;
ვ) დაინტერესებული პირი უარს აცხადებს ფოტოსურათის გადაღებაზე ან ვერ ხორციელდება ფოტოსურათის გადაღება;
ზ) დაინტერესებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერის ელექტრონული დაფის მეშვეობით ხელმოწერის შესრულებაზე ან ვერ ხორციელდება ელექტრონული ხელმოწერის შესრულება;
თ) ვერ ხორციელდება დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება;
ი) მომსახურების გაწევის თობაზე სააგენტოს მიმართა არაუფლებამოსილმა პირმა;
კ) ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხორციელდება მომსახურების გაწევა;
ლ) დაინტერესებული პირის მიერ შეძენილ იარაღზე არ არის ჩატარებული ბალისტიკური შემოწმება;
მ) მოთხოვნის მომენტისათვის ავტორიზებული პირის მიერ რეალიზებული იარაღის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით არ არის წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში;
ნ) სააგენტოს მიერ ვერ ხორციელდება მომსახურების გაწევისათვის და შესაბამისი საქმის წარმოებისათვის საჭირო გარემოებების სრულყოფილად დადგენა;
ო) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
6. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დაინტერესებულ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის განხორციელებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სააგენტო დადგენილი წესით გასცემს იარაღის შეძენის ნებართვას იარაღის რეგისტრაციის გზით და ამზადებს იარაღის რეგისტრაციის მოწმობას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო კომპიუტერულ პროგრამაში ტვირთავს იარაღის რეგისტრაციის ბარათს, რომელსაც ავტორიზებული პირი ამ წესის 122 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოწმებს/ადასტურებს და მატერიალური ფორმით გადასცემს დაინტერესებულ პირს. „იარაღის რეგისტრაციის ბარათი“ ადასტურებს სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციის ფაქტს.
8. იარაღის რეგისტრაციის ბარათი ძალაშია დაინტერესებული პირის მიერ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღისა. მოქმედების ვადაში, იარაღის რეგისტრაციის ბარათი უთანაბრდება იარაღის რეგისტრაციის მოწმობას. დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღებამდე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან ატაროს იარაღის რეგისტრაციის ბარათი.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ იარაღის შენახვის უფლებით შეძენის ნებართვის გაცემისას, სააგენტო დაინტერესებულ პირს ავტორიზებული პირის მეშვეობით უგზავნის ამ წესით დადგენილ დროებით მოწმობას ფორმა N2 (დანართი N4). ავტორიზებული პირი გადასცემს დაინტერესებულ პირს დროებით მოწმობას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი სახით რომელიც მოწმდება/დასტურდება ავტორიზებული პირის მიერ ამ წესის 122 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
მუხლი 124🔗
1. დაინტერესებული პირის მიერ 125 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი უზრუნველყოფს:
ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტების, გადასახდელი მომსახურების საფასურებისა და მოსაკრებლის ოდენობის, ასევე, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას პირადობის მოწმობის გამოყენებით;
გ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების ვიზუალურ დათვალიერებას, ხოლო დათვალიერების შედეგად დოკუმენტებში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდებას;
დ) მის მიერ იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტების კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით სააგენტოსათვის მიწოდებას;
ე) დაინტერესებული პირის მიერ მასთან წარდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების სააგენტოსათვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა, დადგენილი წესით გაგზავნას;
ვ) სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახვის მიზნით:
ვ.ა) დაინტერესებული პირის ფოტო გადაღებას;
ვ.ბ) ხელმოწერის ელექტრონული დაფის მეშვეობით დაინტერესებული პირის ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებას;
ზ) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის სააგენტოსათვის ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას;
თ) სააგენტოს მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გაცნობას, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდვას, ამონაბეჭდის დადგენილი წესით დამოწმებას ან/და დადასტურებასა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემას;
ი) ამ პუნქტით „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისთვის გაცნობის/გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა, სააგენტოს ინფორმირებას;
კ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვასა და 30 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტოსთვის გადაცემას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
2. თუ ავტორიზებული პირი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის (მისი წასვლის, დოკუმენტების მიღებაზე უარის თქმის ან სხვა მიზეზის გამო) ადგილზე გაცნობას/გადაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულის თობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა, აცნობოს სააგენტოს კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის გაცნობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მატერიალური ფორმით, რეგისტრაციის ან განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნის გზით.
3. ავტორიზებული პირი არ განახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების სააგენტოში განსახილველად გადაგზავნას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაინტერესებულ პირს, თუ:
ა) დაინტერესებული პირი არ აკმაყოფილებს ამ წესის 125 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) იარაღი არ არის შეძენილი ავტორიზებული პირისაგან;
გ) დაინტერესებული პირის მიერ არ არის გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და მოსაკრებელი;
დ) ავტორიზებული პირი უარს აცხადებს ამ თავით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.
4. სააგენტო თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკისრება ავტორიზებულ პირს. სააგენტო არ აგებს პასუხს ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
მუხლი 125🔗
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს იმავე პირისაგან შეძენილი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის მოთხოვნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის დაინტერესებული პირი შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უფლება აქვს შეიძინოს იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები, ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან გამოცდის ჩაბარებისაგან) და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ავტორიზებული პირის მეშვეობით სააგენტოსათვის მიმართვისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობა);
გ) მოსაკრებლისა და მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის/რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განცხადებისა და სხვა დოკუმენტაციის ავტორიზებულ პირთან წარდგენა ხორციელდება მატერიალური სახით, გარდა მოსაკრებლისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომლის წარმოდგენაც დასაშვებია ელექტრონული სახითაც. დაინტერესებული პირის ერთი განცხადებით დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის მოთხოვნა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გასაწევად, გარდა იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის რეგისტრაციისათვის, იარაღის დროებითი მოწმობისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემისათვის საჭირო კანონით განსაზღვრული მოსაკრებლისა და საფასურებისა, სავალდებულოა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური გადახდა.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაში, ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებაში, აიტვირთება მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე დაინტერესებული პირის ფოტოსურათი და ელექტრონული ხელმოწერა, ხოლო კომპიუტერულ პროგრამის შესაბამის ველებში შეიტანება, ავტორიზებული პირის მიერ რეალიზებულ იარაღთან, იარაღის შემძენთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
მუხლი 126🔗
1. ამ თავით განსაზღვრული წესით იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტო ამზადებს იარაღის რეგისტრაციის მოწმობას, რომელიც დაინტერესებული პირს შესაძლებელია გადაეცეს:
ა) ფოსტის მეშვეობით;
ბ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში.
2. იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გადაცემის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში ან/და ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში, დაინტერესებული პირის ზეპირი მითითების საფუძველზე. მიუხედავად იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გადაცემის საშუალებისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა უნდა ჩაბარდეს უშუალოდ დაინტერესებულ პირს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალების შერჩევის შემთხვევაში ავტორიზებული პირი დაინტერესებული პირის მითითების შესაბამისად კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს იარაღის მოწმობის გამოტანას მისი ფოსტის მეშვეობით მისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში..
4. ფოსტის მეშვეობით იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იგზავნება განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებულ მისამართზე, დაინტერესებული პირისათვის სასურველ დროს, რომელიც შეირჩევა სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკიდან (მაგრამ არაუგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან მე-5 სამუშაო დღისა). გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად საჭირო კომუნიკაციის დამყარების მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებული მისამართის, დროისა და დაინტერესებული პირის ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირისათვის გადაცემას. ფოსტის მეშვეობით იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იგზავნება ერთჯერადად, ამასთან იარაღის მოწმობის დაინტერესებული პირისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიუხედავად ჩაუბარებლობის მიზეზისა), მოწმობა ბრუნდება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირს ეგზავნება მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით იარაღის მოწმობის ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, არაუგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან მე-10 სამუშაო დღისა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალების შერჩევის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი დაინტერესებული პირის მითითების შესაბამისად კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გატანას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში იარაღის რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
6. თუ იარაღის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებულ პირს ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით ვერ ჩაბარდა იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იარაღის რეგისტრაცია და იარაღის მოწმობა კარგავს იურიდიულ ძალას, ამასთან მომსახურება ჩაითვლება გაწეულად, ხოლო გადახდილი მოსაკრებელი და მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. დაინტერესებული პირი იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად, კარგავს ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
+
მუხლი 13
იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მისი დაცვისა და მოვლისათვის, აგრეთვე ვალდებულია დაიცვას იარაღის ბრუნვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
+
მუხლი 14
1. აკრძალულია იარაღის ტარება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე.
2. აკრძალულია სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები).
+
მუხლი 15
აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის ან/და ამოღება (ჩვენება) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დემონსტრირების მიზნით, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
+
მუხლი 16
იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
+
მუხლი 17
იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს B, C ან D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის ბარათი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
თავი III
იარაღის შენახვის წესი
+
მუხლი 18
1. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
+
მუხლი 19
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.
+
თავი IV
იარაღის გადატანა-გადაზიდვა
+
მუხლი 20
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში.
3. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების საფასური გადაიხდევინება მხოლოდ ერთ ერთეულ იარაღზე, მიუხედავად მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებაში მითითებული და ერთდროულად გადასატანი-გადასაზიდი ან გადასაგზავნი იარაღების რაოდენობისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 13.10.2020 წ.
+
მუხლი 21
1. ქვეყნის შიგნით საჰაერო ტრანსპორტით იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანის დროს ფიზიკური პირის იარაღი და საბრძოლო მასალა გამგზავრების ადგილის აეროპორტში ფრენის პერიოდში დროებით შესანახად გადაეცემა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს და მის მფლობელს უბრუნდება ფრენის დასრულების შემდეგ დანიშნულების ადგილის აეროპორტში.
2. ფიზიკური პირების იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასატანად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის და საბრძოლო მასალის მიტანას და გაცემას ახორციელებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, რომელიც საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ ინიშნება ფრენის პერიოდში იარაღის შენახვისა და დანიშნულების ადგილის აეროპორტში მიტანისათვის პასუხისმგებელ პირად.
3. გადასაზიდად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, გამგზავრების ადგილის აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) ბორტზე იარაღის მიტანას და დანიშნულების ადგილის აეროპორტში იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები.
+
მუხლი 22
1. იარაღი და საბრძოლო მასალა საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს უნდა იყოს მოთავსებული საჰაერო ხომალდის საბარგო (სატვირთო) განყოფილებაში შეფუთულ, დაპლომბილ და ჩაკეტილ ტარაში.
2. საჰაერო ხომალდებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ იზოლირებული საბარგო განყოფილებები, დასაშვებია ფიზიკური პირების კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანა ეკიპაჟის კაბინაში დაცულ და უსაფრთხო ადგილზე.
+
მუხლი 23
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ავტოტრანსპორტით გადაზიდვისას პირი ვალდებულია:
ა) სატრანსპორტო საშუალება მოაწყოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვის თანხლება არანაკლებ ორი პირის შემადგენლობით;
გ) იარაღის გადაზიდვა განახორციელოს დალუქული სპეციალური ტარით.
+
მუხლი 24
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ორზე მეტი ავტომანქანით გადაზიდვისას მისი თანხლება ხორციელდება ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვის არანაკლებ სამკაციანი შემადგენლობით, სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით.
+
მუხლი 25
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ამასთან, უნდა იქნეს გამორიცხული უცხო პირთა მიერ გადასაზიდი იარაღის ვიზუალური დათვალიერებისა და მასთან შეღწევის შესაძლებლობა.
2. სატრანსპორტო საშუალების ან/და იარაღის გადასაზიდი ტარის გახსნის ან დაზიანების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიარაღებული დაცვის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს დანაყოფს, შეადგინოს აქტი, მიიღოს სათანადო ზომები შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
+
მუხლი 26
1. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს იარაღი უნდა იყოს განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში საბრძოლო მასალისაგან განცალკევებულად, სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რითიც უნდა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა.
2. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა ფოსტით.
+
თავი V
გარდამავალი დებულებები
+
მუხლი 27
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია განახორციელეს 2008 წლის 20 დეკემბრის შემდეგ.
2. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული იარაღის, რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა (ხელახალი რეგისტრაციის) და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოა ხელახალი რეგისტრაციის გავლა ამ წესის მე–6 მუხლის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №164, 28.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016290 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2259890-3/