კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2014 ბოლო ცვლილება 07.11.2023
ნომერი
№32/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №32/04

2014 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე „კომერციული ბანკების, საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
+



კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის (შემდგომში: წესი) მიზანია კომერციული ბანკების რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. რისკების შეფასების საერთო პროგრამა – რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია კომერციული ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა.

2. კომერციული ბანკების რისკის კატეგორიები – საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯგუფის სტრუქტურა, კორპორაციული მართვა, საერთო რისკი  რესურსებამდე, რესურსები და საერთო რისკი რესურსების შემდგომ.

3. რისკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასებაზე თითოეული კომერციული ბანკისა და სისტემის დონეზე.

ა) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები და საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საკრედიტო რისკებს;

ბ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ლიკვიდობისა და საბაზრო რისკებს, ბიზნესმოდელთან და მომგებიანობასთან, ასევე, მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) სპეციალიზებული რისკების  დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საოპერაციო რისკებს;

დ) საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ჯგუფის სტრუქტურასთან და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ და ბანკის საერთო რისკს.

4. კომერციული ბანკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული კომერციული ბანკის ყველა რისკის კატეგორიის შეფასებაზე.

5. საზედამხედველო გეგმა – რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის მიმდინარე დღის წესრიგი, რომელიც ასახავს შესაფასებელ კომერციულ ბანკებსა და რისკის კატეგორიებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №172/04 ვებგვერდი, 19.12.2017წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.
 

მუხლი 3. რისკების შეფასება

1. ცალკეული კომერციული ბანკის კონკრეტული რისკის კატეგორიის მიმართულებით რისკების შეფასება ხორციელდება მოცემული რისკის  და კომერციული ბანკის ზედამხედველების მიერ.

2. კონკრეტული რისკის კატეგორიის სისტემურ დონეზე შეფასება ხორციელდება მოცემული რისკის ზედამხედველის მიერ.

3. თითოეული ბანკისათვის კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასება მოიცავს ინჰერენტული რისკის განსაზღვრას, არსებული მიტიგანტების ანალიზსა და წმინდა რისკის დონის შეფასებას.

4. რისკების ანალიზისა და შეფასების ფაზაში სხვადასხვა კომერციული ბანკის კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასების თანმიმდევრობისათვის რისკის  ზედამხედველები მხედველობაში იღებენ სხვა  კომერციული ბანკების რისკის პროფილს.

5. რისკების შეფასება ძირითადად ეყრდნობა „CAMEL”-ის შეფასების ჩარჩოს, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრინციპების“ დოკუმენტსა და სხვა მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო პრაქტიკას.

6. რისკების შეფასება წარმოადგენს უწყვეტ საზედამხედველო ციკლს.

 

მუხლი 4. საზედამხედველო ზომები

1. იდენტიფიცირებული რისკების შეფასების შედეგად რისკის  და კომერციული ბანკის ზედამხედველები, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებენ საზედამხედველო ზომების შესახებ წინადადებას, რომლის მიზანია სხვადასხვა რისკის კატეგორიის დონეების შემცირება ან კომერციული ბანკებისათვის მაღალი რისკის მიტიგაციისათვის საჭირო რესურსების ოდენობის გაზრდის მოთხოვნა.

2. საზედამხედველო ზომების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება, თუ ცალკეული რიკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.

 

მუხლი 5. რისკების შეფასებისა და საზედამხედველო ზომების  განსაზღვრისა და დადასტურების პროცესი

1. რისკების შეფასებისა და სახედამხედველო ქმედებების ინიციირება ხდება საზედამხედველო გეგმის მიხედვით, როგორც ციკლური (პერიოდულად გამეორებადი), ასევე არაციკლური სამუშაოების ფარგლებში.

2. თითოეულ დავალებას ჰყავს ავტორი/ჯგუფის უფროსი, ჯგუფის წევრები და გადამხედავი. როგორც წესი, ავტორი/ჯგუფის უფროსი და გადამხედავი სხვადასხვა დეპარტამენტიდანაა.

3. პირველ ეტაპზე საზედამხედველო გეგმა მტკიცდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსების მიერ. საზედამხედველო გეგმას საბოლოოდ ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეთანხმებით.

4. საზედამხედველო ზომების კომერციულ ბანკთან კომუნიკაცია, როგორც წესი, ხდება მხოლოდ იმ ძირითად არგუმენტებთან ერთად, რაც გახდა საზედამხედველო ზომების მიზეზი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.

 

მუხლი 6. რისკების რაოდენობრივი შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ყურადღების დონე

1. გარდა კორპორაციული მართვის კატეგორიისა, ამ წესის მეორე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის კატეგორიის რისკის დონის განსაზღვრისათვის ფასდება:

ა) ინჰერენტული რისკი;

ბ) რისკის მიტიგანტები, რომლის ფარგლებშიც ფასდება სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი მენეჯმენტი და რისკების მართვა და კონტროლი.

2. რისკის დონე თითოეული რისკის კატეგორიისათვის და საერთო რისკის დონე განისაზღვრება [1; 5] ინტერვალზე შეფასების ქულების მინიჭებით. შეფასების ბიჯის საორიენტაციო სიდიდეა 0,5.

3. საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება 3 ქულა, შედარებით დაბალი რისკის კატეგორიას – ქულები, რომლებიც ნაკლებია 3-ზე, ხოლო შედარებით მაღალი რისკის კატეგორიას – ქულები, რომლებიც მეტია 3-ზე.

4. თითოეული კომერციული ბანკისათვის რისკის კატეგორიებს ენიჭებათ წონები. აღნიშნული წონების ჯამი უნდა უდრიდეს 100%-ს. წონების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ სექტორის მასშტაბით თითოეული რისკის კატეგორიისათვის განსაზღვრული საშუალო წონები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წონები ცალკეული კომერციული ბანკისათვის იცვლება მისი ბიზნეს მოდელისა და მოცემული კომერციული ბანკისათვის კონკრეტული რისკის კატეგორიის მნიშვნელობის დონეზე დაყრდნობით.

6. ინფორმაცია მინიჭებული ქულების შესახებ კონფიდენციალურია და წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა საზედამხედველო ორიენტირებს.

7. საზედამხედველო ყურადღების ინტენსივობა განისაზღვრება კომერციული ბანკის რისკის კატეგორიისა და მისი სისტემური მნიშვნელობის გათვალისწინებით. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №86/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“, №32/04, 27.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2297809-2/