სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2014 ბოლო ცვლილება 17.11.2025
ნომერი
№01-54/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-54/ნ

2014 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ს” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა  მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ (დანართი №1);
ბ) „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები“ (დანართი №2).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №01-105/ნ- ვებგვერდი, 29.09.2020წ.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ყველა მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ხანდაზმულთა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 24-საათიან მომსახურებას, ხოლო სარეკომენდაციო – 24-საათიანი მომსახურების განმახორციელებელი ყველა სხვა მიმწოდებლისათვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №01-105/ნ- ვებგვერდი, 29.09.2020წ.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებისთვის, ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის  „გ.ბ.ა“,  „გ.ბ.ბ“,  „გ.დ“ და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-72/ნ - ვებგვერდი, 25.06.2020წ.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
+



დანართი №1

სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა  მომსახურების  მინიმალური სტანდარტები

 

მუხლი 1. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს:
ა.ა)  საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1);
ა.ბ) მომსახურების პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს მომსახურების შინაარსი და დღის წესრიგი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ფილიალებისთვის);
ა.გ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს:
ა.გ.ა) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს პოზიტიური მიდგომის პრინციპებით;
ა.გ.ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;
ა.გ.გ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების და მისი გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესს;
ა.გ.დ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
ა.გ.ე) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს;
ა.გ.ვ) ზრუნვისა და მოვლის  უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ წესებსა და პროცედურებს;
ა.დ) შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა სააგენტოს ფილიალებისა);
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:
ბ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საოქმო გადაწყვეტილება მომსახურებაში ჩარიცხვის თაობაზე, სოციალური მუშაკის დასკვნა ჩარიცხვის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, პირის ქმედუუნაროდ/მხარდამჭერის მიმღებად აღიარების შესახებ დოკუმენტი, მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკონტაქტო ინფორმაცია ნათესავების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა;
ბ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის/გასვლის, ასევე დროებითი გაყვანა/გასვლის  აღრიცხვის ჟურნალები;
ბ.გ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები და სამუშაო აღწერილობები;
ბ.დ) ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ ინფორმირებული თანხმობა წერილობითი ფორმით;
ბ.ე) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის ჟურნალი;
ბ.ვ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის ჟურნალი;
ბ.ზ) უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი;
ბ.თ) სერვისის მიმწოდებელსა და ბენეფიციარს ან კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის გაფორმებული ხელშეკრულება უფლება/მოვალეობების განმარტებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 14.08.2015წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-72/ნ - ვებგვერდი, 25.06.2020წ.

მუხლი 2. ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №2)

1. მოსალოდნელი შედეგი - მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და  უსაფრთხო გარემოში.
2. მომსახურება ხორციელდება სხვა პირთათვის განკუთვნილი ფართისგან იზოლირებულ   ფართზე ან მხოლოდ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ან მხოლოდ  ხანდაზმულთათვის (მ.შ. შშმ ხანდაზმულთათვის, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ ხანდაზმულებისა). ამასთან, ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24-ს, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტის  შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 6-ს (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება სააგენტოს ფილიალებზე).
3.  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვისა და თემში არსებულ სხვა მომსახურებებზე (მაღაზია, აფთიაქი და სხვა), ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართი ინტეგრირებული უნდა იყოს თემში;
ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
ბ.ა) ჰქონდეს ოჯახურ პირობებთან მიმსგავსებული ფიზიკური გარემო, ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე იყოს ადაპტირებული  და ითვალისწინებდეს ბენეფიციართა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობას;
ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა);
გ) მომსახურების ფართობი და აღჭურვილობა შეესაბამებოდეს ბენეფიციართა რაოდენობას, რაც მოიცავს:
გ.ა) სასადილოს, მათ შორის შესაძლებელია სამზარეულოსთან ერთად (შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების  შემთხვევაში):
გ.ა.ა) შესაბამისი ინვენტარით (ქურა, ცივი და ცხელი წყლის ონკანი, ნიჟარა, სამრეცხაო (სავალდებულოა სააგენტოს ფილიალებისთვის) მაცივარი, საჭმლის სამზადი ზედაპირი, ჭურჭლის კარადა) აღჭურვილი სამზარეულოს, ასევე, ადგილს მშრალი პროდუქტებისთვის და გამწოვ ვენტილაციას;
გ.ა.ბ)  ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობით (ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 1.5მ²). სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილით და სკამით. სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭლით (მაგ.: თეფშები, ფინჯნები,  უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები,  ჩანგლები);
გ.ბ) საძინებელ ოთახს (ოთახებს):
გ.ბ.ა) ერთ ბენეფიციარზე  არანაკლებ 6 მ² ფართობისა;
გ.ბ.ბ) ერთ ოთახში არაუმეტეს სამი ბენეფიციარისა;
გ.ბ.გ) თითოეული ბენეფიციარისთვის საწოლით, ტუმბოთი და ოთახში არანაკლებ ერთი კარადისა (სამი ბენეფიციარისთვის);
გ.გ) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), (გარდა, სველი წერტილებისა, სასადილოსი, კორიდორისა და სხვა სათავსებისა), რომელიც არის არანაკლებ 2 მ²-ისა ერთ ბენეფიციარზე, აღჭურვილი  სავარძლებით/სკამებით და დივანით;
გ.დ) საშხაპეს/საშხაპეებს და საპირფარეშოს/საპირფარეშოებს (ვენტილაციით), პირსაბანს/პირსაბანებს (ცივი/ცხელი წყლით) – 6 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო ადაპტირებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის;
დ) თითოეული ბენეფიციარი უზრუნველყოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალური ნივთებით (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და სხვა), ასევე თეთრეულით;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოს სპეციფიკური ინვენტარით;
ვ) თამბაქოს მომხმარებელი ბენეფიციარებისა და პერსონალისთვის მომსახურების ტერიტორიაზე გამოყოს ადგილი თამბაქოს მოხმარებისთვის და იმოქმედოს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) მომსახურებას ჰქონდეს ეზო, ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 8 მ​​2 (გარდა იმ მომსახურებისა, რომელიც დარეგისტრირებულია არა უმეტეს 6 ბენეფიციარზე).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-72/ნ - ვებგვერდი, 25.06.2020წ.

მუხლი 3. უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №3)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ  უსაფრთხო გარემოში, სადაც დაცულია სანიტარიული წესები.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურების შენობაში უზრუნველყოს ტელეფონით სარგებლობა;
ბ)  თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“,  გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სამინისტროს ცხელი ხაზის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) შენობაში და მთელ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე;
დ) კიბეებს და აივნებს ჰქონდეს მოაჯირი;
ე) საკვები განათავსოს/შეინახოს შესაბამისი პირობების დაცვით;
ვ) ქმედუუნარო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე (მხარდაჭერის მიმღები) ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები არ იყოს ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის გარეშე, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა და გამოყენება ხდებოდეს „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) თითოეულ საპირფარეშოში ჰქონდეს ჰიგიენის შესაბამისი ნივთები;
თ) ნაგავი შეინახოს დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. ნაგვის შენობიდან გატანა ხდებოდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ;
ი) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, არაუმეტეს 24 საათის გასვლამდე, ხოლო ქმედუუნარო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე (მხარდაჭერის მიმღები) პირის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს, ხოლო ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებთ დამტკიცებული  წესისა და პირობების შესაბამისად ჩარიცხული ბენეფიციარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ  მიაწოდოს ინფორმაცია  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიულ ერთეულს;
კ) იზრუნოს ბენეფიციართა პირადი ნივთების ხელშეუხებლობაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 14.08.2015წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 4. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №4)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე, მათ იციან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს;
ბ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის. დაიცვას ბენეფიციარის კორესპონდენციის, საუბრისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;
გ) ბენეფიციარის პირადი საქმე შეინახოს არახელმისაწვდომ ადგილას;
დ) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის, ასევე,  პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის გადაგზავნა);
ე) ბენეფიციარის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან/მხარდამჭერისგან მიიღოს წერილობითი ან ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა;
ვ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
თ) ბენეფიციარისთვის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მის შესახებ არსებული ინფორმაცია, სამი წლის ვადით, ინახება მომსახურების მიმწოდებელთან. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას და ბენეფიციარები გადადიან სხვა მომსახურებაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით ყველა დოკუმენტაცია გადადის მომსახურების ახალ მიმწოდებელთან, ხოლო თუ ბენეფიციარი ბრუნდება ოჯახში ან  კანონიერ წარმომადგენელთან, მასთან შეთანხმებით (თანხმობით) ხდება დოკუმენტაციის გატანა/განადგურება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 5. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №5)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურება მორგებულია მის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის  მოტივაციას – მონაწილეობა მიიღონ მომსახურების დაგეგმვის პროცესში.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე, ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციართან/მხარდამჭერთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – გეგმა), რომლის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით;
ბ)  გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს:
ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი;
ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადებს;
ბ.გ) მომსახურების მიწოდებით მიღწეულ შედეგებს;
ბ.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვინაობას და ვალდებულებებს.
გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს გეგმის ასლი;
დ) პერიოდულად (არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ) გადახედოს/შეაფასოს, საჭიროებისას დააზუსტოს/შეცვალოს გეგმა;
ე) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება გეგმები, მათი განხორციელებისა და მიღწევების შესახებ ჩანაწერები, აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, ინფორმაცია ბენეფიციარის ჯანმრთელობის, ემოციური მდგომარეობის, სოციალიზაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის  №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები;
ვ) უზრუნველყოს ბენეფიციარის მიერ პირადი დოკუმენტების (პასპორტი, პირადობის მოწმობა, საბანკო ბარათი და სხვა) ფლობა;
ზ) უზრუნველყოს ბენეფიციარის მიერ  პირადი ფულადი სახსრების განკარგვა;
თ) უზრუნველყოს ბენეფიციარის ფსიქოსოციალური საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363​​​14 მუხლით განსაზღვრული პირის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა, საჭიროების გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 6. კვება (სტანდარტი №6)

1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მათ მოთხოვნილებებს.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ბენეფიციარები, მათი სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით. საჭიროების შემთხვევაში (ბენეფიციარის შესაძლებლობისა და უნარების მიხედვით), მენიუს შესაბამისად დაეხმაროს ბენეფიციარებს საკვების მომზადების პროცესში (გათვალისწინებულ იქნეს მომსახურების სიდიდე);
ბ) მენიუს შესაბამისად, კვების მიწოდების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბენეფიციართა სურვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ.: დიეტა, სპეციალისტის რეკომენდაციის საფუძველზე ან სხვა) და რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები;
გ) დღე-ღამის განმავლობაში ბენეფიციარები უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით;
დ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს დაეხმაროს ჭამის პროცესში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 7. სოციალური აქტიურობის  ხელშეწყობა (სტანდარტი №7)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციარები მონაწილეობენ   კულტურულ,  გასართობ და სხვა ღონისძიებებში, რაც ეხმარება მათ  ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტიურობის შენარჩუნებაში.  
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურების ფიზიკური გარემო აღჭურვოს  ბენეფიციარის ინტერესების და საჭიროების შესაბამისი რესურსებით  (მაგ.: წიგნები, ინტელექტუალური თამაშები, სპორტული ინვენტარი  და სხვა);
ბ)  მოთხოვნილებების და შესაძლებლობების  გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი გახადოს ტელევიზორის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკის მოხმარება;
გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციართა თემის სხვა წევრებთან დაახლოებას და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
დ) უზრუნველყოს ბენეფიციართათვის სხვადასხვა მიზნობრივი ღონისძიებების შეთავაზება როგორც მომსახურებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ე) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს მათ ჩართვას სხვადასხვა შრომით/საყოფაცხოვრებო  აქტივობებში. ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების  შემთხვევაში,  შესაძლოა ბენეფიციარის დამოუკიდებლად ჩართვა საყოფაცხოვრებო/საოჯახო საქმეებში;
ვ) ბენეფიციართა ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს თვითმოვლის უნარ-ჩვევების შენარჩუნებას/გავარჯიშებას, პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. ასევე, ხელი შეუწყოს შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვა (სტანდარტი №8)

1. მოსალოდნელი შედეგი - ბენეფიციარები ცხოვრობენ  გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზება (მათ შორის, პირველადი სამედიცინო, ამბულატორიული და სტაციონარული);
ბ) ბენეფიციარს მისცეს რჩევები პირადი ჰიგიენისა და გადამდები დაავადებების შესახებ, ასევე ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე;
გ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს უბედური შემთხვევები, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა ფიზიკური დაზიანება;
დ) აწარმოოს ინფექციებზე კონტროლი ექიმის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებით;
ე) საჭიროების შესაბამისად, რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/სოფლის/მომსახურების ექიმთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 9. უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №9)

1. მოსალოდნელი შედეგი:
ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება;
ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია  შინაგანაწესში და  ცნობილია როგორც ბენეფიციარებისთვის/მხარდამჭერისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის;
ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება. (მაგ.: არსებობს კითხვარი ან უკუკავშირის ჟურნალი, ან ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის ან/და სხვა მისთვის სასურველი ფორმით);
გ) ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად განიხილებოდეს, სულ მცირე, თვეში ერთხელ;
დ) გაითვალისწინოს ბენეფიციარის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების  მიღების პროცესში;
ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 10. ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვა (სტანდარტი №10)

1. მოსალოდნელი შედეგი - ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური) და იძულებისგან. ბენეფიციარებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) იცნობდეს და ხელმძღვანელობდეს მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი);
ბ) ბენეფიციარებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის ან სხვა რამ ნიშნით დისკრიმინაციისგან, ასევე, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა, თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან;
ბ​​1) სერვისის მიმწოდებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ) ბენეფიციარის ძალადობასთან დაკავშირებული წარსული გამოცდილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და  საიმედოდ ინახება მომსახურების მიერ.
გ) საჭიროების შემთხვევებში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური დახმარების მიზნით;
დ) ძალადობის ყველა ფაქტი თუ განცხადება ასევე, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება, წერილობით აღრიცხოს სპეციალურ ჟურნალში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.

მუხლი 11. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №11)

1. მოსალოდნელი შედეგი - მომსახურებაში ბენეფიციართა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და  კვალიფიკაციის  თანამშრომლები.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
ბ) ყოველ თვითმოვლის უნარის არმქონე/შეზღუდვის მქონე 7 ბენეფიციარს მიუჩინოს მინიმუმ ერთი მზრუნველი, ხოლო თვითმოვლის უნარის მქონე 15 ბენეფიციარს – მინიმუმ ერთი მზრუნველი. შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრებლის შემთხვევაში კი ყოველ 6 ბენეფიციარს – მინიმუმ ერთი ასისტენტი, რომლის უფლებამოსილებაც გაწერილია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №01-48/ნ- ვებგვერდი, 27.05.2019წ.
 

დანართი №1.1

საინფორმაციო ფურცელი

 

მომსახურების განმახორციელებელი (დასახელება) ___________________________

__________________________________________________________________________

მისამართი  _______________________________________________________________ ტელეფონის ნომერი  _____________________________________________________ ბენეფიციართა რაოდენობა __________________________________________________ მომსახურების შინაარსი: ____________________________________________________

___________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, №01-54/ნ, 23.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016281 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2391345-5/