საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ეს წესი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატები, ეკონომიკური საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბრნატორების ადმინისტრაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას), დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
ბ) პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
გ) ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი;
დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, საბჭოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
2. საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან ზემდგომი თანამდებობის პირი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი.
5. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი თანამდებობის პირი (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
6. საჯარო დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება შესაბამისი სამინისტროს დაქვემდებარებაში, დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას (პრემიის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას) აუცილებელია შესაბამისი მინისტრის წერილობითი თანხმობა, ხოლო, თუ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), მასში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას, აუცილებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საქართველოს მთავრობის წევრთათვის პრემიის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ბრძანებით.
1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს არარსებობა), საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №449, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018069 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2398009-1/