ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2014 ბოლო ცვლილება 30.01.2026
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №19

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილება (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ.).

ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ. გვ. 11,12).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი
+



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში - „მერია“) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში -  „მერი”) დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.

2. „მერია“ შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად.

3. მერიის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო), შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. მერია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, ქალაქის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.

5. მერიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. მერია არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების  მეშვეობით.

7. მერია არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

8. მერიას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტიტულიანი ბლანკი თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოს გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

9. მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www.batumi.ge.

10. მერიის სამართალწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

11. მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

12. დაუშვებელია მერიის სისტემაში არსებობდეს სტრუქტურული ერთეული, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დებულებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
მუხლი 2. მერიის საქმიანობის პრინციპები
1. მერიის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთგაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


+
თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი

ორგანო -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი


+
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს  -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებები
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

2. მერი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3.  მერი:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცებით (მასში ცვლილებების შეტანით) ან/და უფლებამოსილების დელეგირებისათვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემით. მერის მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ კრძალავს ამავე უფლებამოსილების უშუალოდ მერის მიერ განხორციელებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ვ) ამტკიცებს მერიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას და ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;

გ.ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას; 

გ.თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.დ​1) უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონო¬მიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იუ¬რი¬დიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას. ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

დ.მ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების კანონმდებლობით დად-გენილი წესით პრივატიზების შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფ¬ლე¬ბით გადაცემის შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქ¬ციების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ;

დ.ნ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს. იღებს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ თვითმმართველი ერთეულის და მეორეს მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე;

დ.ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას. როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს;
დ.პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
დ.ჟ) როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ითანხმებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ვ​1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის, I კლასის ობიექტის შემთხვევაში - დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოსცემს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ღებულობს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ, ასევე ღებულოს გადაწყვეტილებებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ე.ი) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

ე.კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ;

ე.ლ) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას;

ე.მ) (ამოღებულია - 29.09.2015, №25);

ე.ნ) ღებულობს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

ე.ო) ღებულობს გადაწყვეტილებას პარკირების ადგილების განკარგვასთან დაკავშირებით;

ე.პ) ღებულობს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

ე.ჟ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოცემულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით;

ე.რ) იწვევს და ხელმძღვანელობს მერის თათბირებს;

ე.ს) ხელწერით ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის მერიიდან გასვლის ფაქტს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ, მერს, მერიას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს  ან/და მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს, ახორციელებს მერიის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ე.ტ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ე.უ) განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრეს;

ე.ფ) ღებულობს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე.ქ) (ამოღებულია - 28.06.2017, №13)

ე.ღ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, თუ ასეთი უფლებამოსილების განხორციელება ამავე კანონით არ წარმოადგენს უშუალოდ საკრებულოს კომპეტენციას;

ე.ყ) ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. (ამოღებულია - 16.03.2018, №18).

5. მერის თანამდებობობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის, საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.10.2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
თავი III
ვიცე-მერი, მოადგილეები და მათი უფლება-მოვალეობები

+
მუხლი 4. ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები)
1. მერს ჰყავს ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის არყოფნისას ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მერის მოვალეობას ასრულებს ვიცე-მერი.

3. ვიცე-მერი და მოადგილეები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:
ა) ხელმძღვანელობენ მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;
ბ) ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას;
დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ ბათუმის მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.

4. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილება განისაზღვრება უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტ(ებ)ით;

5. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად;

6. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

7. ვიცე-მერი, მერის მოადგილ(ეებ)ი ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
თავი IV
მერიის ფუნქციები და  სისტემა

+
მუხლი 5. მერიის ფუნქციები
მერია მის სისტემაში შემავალი სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.

+
მუხლი 6. მერიის სისტემა
1. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები (სამსახურები) იქმნება/უქმდება და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.


+
მუხლი 7. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური;
ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.
2. სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კოორდინაციას უწევენ  შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობას, ახდენენ მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით;

4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერი.

5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;

დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შესახებ;

6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

8. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების,  პროფესიული განვითარების  შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ხელწერით ადასტურებს სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუმენტისა და სხვა მასალის გასვლას; 

ი) ასრულებს მერის, ასევე ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე მათ ცალკეულ დავალებებს;

10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11. (ამოღებულია - 16.03.2018, №18).

12. სტრუქტურული ერთეულის შიგნით შეიძლება არსებობდეს ცალკე ქვედანაყოფი (განყოფილება და ა.შ.).

13. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.10.2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
მუხლი 8. (ამოღებულია)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
თავი V
მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

+
მუხლი 9. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები   
1. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებია:    

ა) მერის ბრძანება;

ბ) ვიცე-მერის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დადგენილება.

1​1. მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.

1​2 . საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.

2. მერის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული მერის ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

3. ვიცე-მერის და მერის მოადგილის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

5. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სარეგისტრაციო კოდის, თარიღის, რიცხვის მინიჭების, ინდექსის და რეგისტრირების წესები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
მუხლი 10. მერიის  თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების სამართლებრივი   აქტების ძალაში   შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება
1. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს მისი გამომცემი თანამდებობის პირის/ორგანოს ან სასამართლოს მიერ. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესითა და შემთხვევებში შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს და გაუქმდეს ასევე მერის მიერ.

3. მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ ​1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.

4. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ – სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.


+
თავი VI
სამართლებრივი აქტების

და წერილების ბლანკების, აღწერილობა და ფორმა


+
მუხლი 11. სამართლებრივი აქტის, ბლანკის აღწერილობისა და ფორმის დამტკიცების წესი
მერის ბრძანების და წერილების ბლანკის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტის და წერილების ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს მერი.

+
თავი VII
მერიის თანამდებობების პირები და საჯარო მოხელეები

+
მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები
მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:
ა) მერი;
ბ) ვიცე-მერი;
გ) მერის მოადგილე;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, სამსახური) უფროსი;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსი;
ვ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
კ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
ლ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.


+
თავი VIII
მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან

+
მუხლი 13. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან
მერია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ურთიერთობს სხვა ორგანოებთან.

+
თავი IX
სხვა დებულებები

+
მუხლი 14. სხვა დებულებები
1. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 29.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2477030-3/