„ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.10.2014 ძალადაკარგული 17.08.2020
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010240040.19.012.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
[ (ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან) ]

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №2

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. დამტკიცდეს დებულება „ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ადვოკატის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გაიაროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშგებათა მიწოდების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი
+



 

დებულება

ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ


+
მუხლი 1.  ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ვრცელდება პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საადვოკატო საქმიანობას.

2. დებულება არეგულირებს ადვოკატის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მისი მიწოდების, ხოლო  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;

ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) ადვოკატი - „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი.

ე) მონიტორინგი – ადვოკატის მიერ მისი კლიენტების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მისი მიწოდება, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მისი მიწოდება ზემოაღნიშნული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;

ვ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ზ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;

თ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

ი) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

კ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები;

ლ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს ადვოკატს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით.

მ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

 ნ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა;

პ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ჟ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;

ს) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ტ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

უ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ადვოკატის მონიტორინგს ექვემდებარება ამ დებულების მეორე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება (ოპერაცია), როდესაც ადვოკატი კლიენტის დავალებით (კლიენტისთვის) ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.

2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგებების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან/და ტერორიზმის დაფინანსებას.

3. ადვოკატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია, განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 5​1 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.

4. ადვოკატები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.

5. ადვოკატი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებულ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 4. ადვოკატის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ადვოკატი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.

2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა) ადვოკატის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, ხოლო თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესის (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურების) განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;

 დ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა;

 ე) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;

 ვ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 5. ადვოკატის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1. ადვოკატი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც მის მიერ კლიენტისთვის ხდება ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებული გარიგების (ოპერაციის) მომზადება ან/და შესრულება:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადვოკატი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე, მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.

3. ადვოკატი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. ადვოკატი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ადვოკატი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება ადვოკატს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას ადვოკატმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.

4. ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადვოკატს არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 5​1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. ადვოკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ადვოკატთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს კლიენტებსა და ადვოკატს შორის ურთიერთობის შესწავლა.

6​1. ადვოკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულია, იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

6​2. ადვოკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

7. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ადვოკატი არ აჩერებს გარიგების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ ადვოკატთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ამ დებულებით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უარის მიღებისას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ადვოკატი  ვალდებულია უარი განაცხადოს პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე და დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ანგარიშგების ფორმა და შესაბამისი ინფორმაცია.

9. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სრული სახელწოდება;

ბ.ბ) საქმიანობის საგანი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:

გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);

გ.ბ) იურიდიული მისამართი;

გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;

გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

10. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. თუ ადვოკატთან არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

 ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

 ა.ა) მამის სახელი;

 ა.ბ) დაბადების ადგილი;

 ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი;

 ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;

 ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;

 ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;

 ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):

 ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

 ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადვოკატი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:

ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;

ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;

გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, მის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.

13. ადვოკატი  ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 5​1 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე  გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ადვოკატი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.

13​1. ადვოკატი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 5​1 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე–13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. ადვოკატი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.

14. ადვოკატმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. ადვოკატს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 5​1. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები
1. ადვოკატი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია, იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე–5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:

ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;

ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;

გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;

დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;

ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;

ვ) მიიღოს  ხელმძღვანელობისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;

ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, ადვოკატი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.

3. ადვოკატი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 13​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:

ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;

ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;

დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

4. ამ დებულების მე-5 მუხლის 13​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, ადვოკატი არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, ადვოკატმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.

5. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ამ მუხლით დადგენილი გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები ადვოკატის მიერ  გამოიყენება ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში. ადვოკატი განსაზღვრავს გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურებს, რომლებიც ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა გატარდეს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 6. ადვოკატის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადვოკატი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

2. თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, ადვოკატმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ადვოკატთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ადვოკატი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. ადვოკატს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ადვოკატი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.


+
მუხლი 7.  ადვოკატის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. ადვოკატი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.

 2. ადვოკატი ვალდებულია აღრიცხოს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):

ა) გარიგების სახე, საგანი და მიზანი;

ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები).

3. ადვოკატის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა ხდება ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 8.  ადვოკატის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. ადვოკატი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების  მე-5 და 5​1 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტის საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახული უნდა იქნეს ადვოკატთან როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).

1​1. ადვოკატი ვალდებულია, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების მომზადების ან/და შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.

2. ამ მუხლის 1 და 1​1 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ასლი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან ადვოკატის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ნაბეჭდი სახით წარდგენის შემთხვევაში, 6 წლის ვადით ინახება აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ეგზემპლარები.

4. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.

5. ინფორმაცია (დოკუმენტები) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 1 0 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.


+
მუხლი 9. ადვოკატის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, ადვოკატი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმის შესავსებად აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია შესაბამისი ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მისთვის ადვოკატის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ გადაგზავნილი ინფორმაციის ანგარიშგების ფორმის სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაგზავნას, ხოლო სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით, ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები ნაბეჭდი ფორმით, ამ დებულებით დადგენილი წესით, მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. საიდენტიფიკაციო მონაცემების საეჭვოდ მიჩნევისა და ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ხდება შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე.

 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ აღნიშნული წესით შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნის დასახელება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, აღნიშნული გრიფით „კონფიდენციალური“.

6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ასლი რჩება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

8. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

9. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენისას ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს.

10. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ ადვოკატი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, ადვოკატი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ხოლო ამ უკანასკნელმა დაუყონებლივ უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.

11. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ სხვა პირს.


+
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
 1. ზედამხედველობას ადვოკატის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

2. პასუხისმგებლობის ზომები ადვოკატის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №2, 02.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240040.19.012.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2527559-2/