სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ძალადაკარგული 15.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2623
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.002.158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 16/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს კანონი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. საფასურის ცნება

საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

    მუხლი 3. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა

საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით.

    მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

    მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;

გ) მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.

2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;

გ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.

3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური – 70 ლარი;

ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური – 120 ლარი.

4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;

გ) მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

5. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის:

ა) შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 2 ლარი;

გ) შეტანისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი.

6. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 40 ლარი.

7. ქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით, დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 9 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების განაკვეთი:

ა) ქორწინების სახლში ქორწინების რეგისტრაციისათვის – 120 ლარი;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციისათვის სპეციალური სარიტუალო მომსახურებით – 50 ლარი;

გ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისათვის – 170 ლარი.

8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 5 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 15 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი.

9. მოქალაქის განაცხადის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის 10 დღის ვადაში გაცემისათვის, თუ შესაბამისი აქტის ჩანაწერი არ ინახება მოწმობის ან ცნობის გამცემ სამსახურში და საჭიროა მისი გამოთხოვა სხვა ტერიტორიული სამსახურიდან, სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი.

10. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) 30-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 100 ლარი;

გ) მე-15 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.

11. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 50 ლარი.

12. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4814 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.169

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5974 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.61

    მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. სააგენტოს მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

მუხლი 6​1. კანონით გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის დადგენილი საფასური

ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5974 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.61

    მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ კანონით დადგენილ ვადებში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის, ხოლო სხვა შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი გაიცემა განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს.

4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

2006 წლის 15 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრძანებით უზრუნველყოს სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცება.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                          

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2623-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4814 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.169

2. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5974 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.61

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“, №2623, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.05.001.002.158 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25648-2/