ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2014 ბოლო ცვლილება 25.11.2022
ნომერი
№17-50
სარეგისტრაციო კოდი
210020030.35.101.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-50

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68–ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის,  შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის N2-21 გადაწყვეტილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
+




                                                                            დანართი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-81 - ვებგვერდი, 31.07.2018 წ.

3. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.

4. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

5. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-81 - ვებგვერდი, 31.07.2018 წ.

5​1. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1 ლარს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-81 - ვებგვერდი, 31.07.2018 წ.

5​​​2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის - 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-81 - ვებგვერდი, 31.07.2018 წ.

6. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №24-81 - ვებგვერდი, 31.07.2018 წ.

7. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.

8. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.

9. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურს.

10. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობა.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №17-50, 12.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.101.016048 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2621652-1/