ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2014 ბოლო ცვლილება 07.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№722
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.018341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №722

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბიზნესოპერატორის  აღიარების წესი“. 
+
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების  უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება აღიარებას, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების გარეშე ჩაითვალოს პირობითად აღიარებულად 2016 წლის პირველ იანვრამდე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება  № 341 -  ვებგვერდი, 13.07.2015წ.

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+




დანართი

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7  ოქტომბრის  დადგენილება №461  - ვებგვერდი, 11.10.2016წ.  


+

ბიზნესოპერატორის აღიარების წესი

 

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ბიზნესოპერატორის აღიარების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებსა და პროცედურებს.

2. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია:

ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:

ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;

ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას;

ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.დ) მაღალმთიან რეგიონში ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტემპერატურის კონტროლს;

ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას;

ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;

ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას.

მუხლი 2. აღიარების ზოგადი პრინციპები

1. აკრძალულია აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.

2. ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობით აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგების მიხედვით.

მუხლი 3. აღიარების პროცედურები

1. ბიზნესოპერატორი აღიარებისთვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი).

3. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება.

4. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

5. სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

6. თუ ბიზნეოპერატორი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) სხვადასხვა ჯგუფში მითითებული ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, ბიზნესოპერატორის აღიარება ხორციელდება ამ კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფების მიხედვით.

7. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს 6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

8. პირობითი აღიარების მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს ყველა მითითება და მისი საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა.ა) ბიზნესოპერატორთან აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;

ა.ბ) ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;

ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

8​1. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა  პირობითი აღიარების გაგრძელებაზე და ის მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების  შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. თუ გემი-საყინულე ან გემი-ქარხანა დაცურავს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ, ასეთი ბიზნესოპერატორის პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი წყვეტს საქმიანობას ან ენიჭება აღიარება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობითი აღიარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი შეუსაბამობები არ წარმოადგენს რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ბიზნესოპერატორი იძლევა გარანტიას, რომ ამ გონივრული ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს გაცემული მითითებების შესრულებას.

11. თუ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ბიზნესოპერატორთან განხორციელდა ინსპექტირება და ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

12. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ნომერს, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის/ქალაქის ინდექსს და კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფის ნომერს.

13. სააგენტო აწარმოებს აღიარებული ბიზნესოპერატორების რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას.

14. ინფორმაცია აღიარებული ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების ნომრის შესახებ, ასევე წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური სურსათის სახეობების შესახებ, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №407 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი 4. აღიარების გაუქმება და აღდგენა

1. ბიზნესოპერატორის აღიარების გაუქმება ხდება, თუ:

ა) ბიზნესოპერატორს, ინსპექტირების საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში 2-ჯერ ექნება შეჩერებული საწარმოო პროცესი;

ბ) ბიზნესოპერატორი მიმართავს სააგენტოს აღიარების გაუქმების მოთხოვნით;

გ) ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს გაუქმებული აქვს აღიარება და ის განცხადებით მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №407 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:

ბ.ა) გაუუქმებს აღიარებას;

ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.

2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში ცვლილებების ან/და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 6. გასაჩივრების წესი

ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების, აღიარების აღდგენაზე უარის თქმის ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, №722, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018341 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2657469-3/