საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2014 ბოლო ცვლილება 06.02.2026
ნომერი
№163/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №163/ნ

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანება  №98 / ნ - ვებგვერდი, 14.06.2017წ.


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (№1016‑Iს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ3“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
+
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის N389 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრედ. 
+
მუხლი 3
დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანება.
+
მუხლი 5
ამ ბრძანების მიღება არ უკავშირდება ამავე ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას.
+
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



დანართი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულება


+
მუხლი 1. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0186, ზურაბ ანჯაფარიძის I, შესახვევი №6.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №161/ნ - ვებგვერდი, 14.08.2019 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №104/ნ - ვებგვერდი, 05.10.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 23.05.2023 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 15.01.2024წ.

+
მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობები
1. ცენტრის მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება საქართველოში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

გ) მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების ხელშეწყობა;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.

ე) იმ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით;

ვ) სხვა პირთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივ (განათლების) სამინისტროებთან თანამშრომლობის გზით, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

თ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

2. ცენტრის საქმიანობის სფეროა:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება:

ბ) საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

გ) მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

დ) მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია;

ვ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდაციების მომზადება;

ზ) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციების მომზადება;

ი) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;

კ) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;

ლ) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

მ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა;

ნ) სწავლა-სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების განხორციელების გზით განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ო) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;

პ) ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მათ, შორის სერტიფიცირება.

ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიზნით, პროფესიულ-ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

რ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.

3. მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ქმნის სკოლაში არსებული მასწავლებლების ვაკანსიების რეგისტრაციის სისტემებს. ადგენს ვაკანსიების რეგისტრაციის პროცედურებსა და წესებს. ქმნის და ავრცელებს სარეგისტრაციო გზამკვლევებსა და ფორმებს სხვადასხვა მომხმარებლისათვის;

ბ) ამზადებს და ავრცელებს რეკომენდაციებსა და გზამკვლევებს დაინტერესებული პირებისათვის.

გ) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

დ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალობას, დაინტერესებულ მხარეებთან ორმხრივ კავშირს;

ე) ქმნის, ავრცელებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უკეთებს რეალიზებას საინფორმაციო ბუკლეტებს, პერიოდულ გამოცემებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს, სასკოლო სახელმძღვანელოებს და თავისი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მასალას;

ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს;

ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ცენტრებთან, ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

ზ​1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივ (განათლების) სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმ(ებ)ის საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა ან/და ამ პროცესის სხვაგვარი ხელშეწყობა;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;

ი) უზრუნველყოფს იმ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით;

კ) ახორციელებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების მომზადებას/გადამზადებას;

ლ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირებთან;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

ნ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტების მესაკუთრე;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხავს მასწავლებელთა პერსონალურ მონაცემებს;

ჟ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტის მომზადებას და დასამტკიცებლად სამინისტროსათვის წარდგენას;

რ) შეიმუშავებს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ს) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

ტ) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

უ) შეიმუშავებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს, ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებს;

ფ) ამტკიცებს მასწავლებლის პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს;

ქ) აცხადებს კონკურსებს, მათ შორის, დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლისა და დირექტორის გამოვლენის მიზნით.

ღ) მონაწილეობს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში;

ყ) (ამოღებულია - 03.09.2015; №115ნ);

შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჩ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და გასცემს გრანტებს;

ც) „ახორციელებს დისტანციურ სწავლებას როგორც ქვეყნის შიგნის, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ძ) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლის, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებს ასეთი საჭიროების მქონე პირებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;

წ) ახორციელებს ღონისძიებებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით;

ჭ) (ამოღებულია - 28.09.2021, №84/ნ);

ხ) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს;

ჯ) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.

ჰ) ახორციელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციას.

4. ცენტრი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობის ანგარიშების დროული მომზადება და წარდგენა სამინისტროსათვის;

ბ) განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები ეფექტურად და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის გამჭირვალობა, საჯაროობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 04.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 26.10.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 20.12.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 თებერვლის ბრძანება №22/ნ - ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 14.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №161/ნ - ვებგვერდი, 14.08.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №84/ნ - ვებგვერდი, 29.09.2021წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 15.01.2024წ.


+
მუხლი 3. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ცენტრის საქმიანობის პროცესში;

ბ) განკარგავს ცენტრის სახსრებს, პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მისი ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვაზე;

გ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;

ე) კონკრეტული (არამუდმივი) სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ასაქმებს და ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გაუთვალისწინებელ თანამშრომლებს;

ვ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დირექტორის მოადგილეების კანდიდატურებს;

ზ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

თ) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლებზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გასცეს მატერიალური წახალისება (პრემია);

ი) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრის თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი.

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო (შრომის ანაზღაურების) ფონდს;

ლ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

მ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; 

ნ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის კომისიებს და სხვა სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ო​1) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს;

ო​2) უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას;

პ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დირექტორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით. დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე.

5. დირექტორის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.  დირექტორის მოადგილეების მიერ დირექტორის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება № 11 5 / ნ - ვებგვერდი, 04.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 26.10.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №151/ნ - ვებგვერდი, 31.08.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №195/ნ - ვებგვერდი, 20.11.2024წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №109/ნ - ვებგვერდი, 23.10.2025წ.


+
მუხლი 4. ცენტრის ფულადი სახსრები 
1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.


+
მუხლი 5. ცენტრის ქონება
ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


+
მუხლი 6. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

დ​1) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება № 11 5 / ნ - ვებგვერდი, 04.09.2015წ.


+
მუხლი 7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში – ყოველკვარტალურად.

3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


+
მუხლი 8. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი
1. ცენტრი წყვეტს საქმიანობას დასახული მიზნის მიღწევის, ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.

2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.

3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №163/ნ, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016898 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2658204-14/