საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2015 ძალადაკარგული 14.02.2023
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1

2015 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს  თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №8 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს

დებულება


მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბიუროს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. ბიუროს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო“. ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „კიბერუსაფრთხოების ბიურო”.

4. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

5. ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში.

6. ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. (ამოღებულია - 18.09.2017, №73);

8. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.

9. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,  ც. დადიანის ქ. №30.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

 

მუხლი 2. ბიუროს მიზნები

ბიუროს მიზნებია:

ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების მართვა;

გ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;

ე) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და სრულყოფა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

 

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები და საქმიანობის საგანი

ბიუროს ფუნქციები:

ა) ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა/დანერგვა;

ბ)  ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგი;

გ) კომპიუტერული ინციდენტების, სისუსტეებისა და მტკიცებულების დამუშავება, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და კორდინაცია;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების  განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დამყარება;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიღება;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ი)  ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ სტანდარტების ამოქმედება, შემუშავება და დანერგვის კოორდინაციის გაწევა;

მ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლება;

ნ)  უსაფრთხოების სისტემებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის უზრუნველყოფა;

ო) ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადების (პროექტის) მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში  საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან კავშირის დამყარება;

ჟ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება;

რ) კომპიუტერული ინციდენტების, სისუსტეების შესწავლა, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და მისი კოორდინაცია;

ს) არსებული ტექნიკური საშუალებებით კომპიუტერულ ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირება;

ტ) კომპიუტერულ ინციდენტებზე პრევენციული ხასიათის შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება;

უ) არსებული კომპიუტერული ინციდენტების მონიტორინგი;

ფ) შიდაუწყებრივი ან ორგანიზაციის ქსელის უსაფრთხოების კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;

ქ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ღ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;

ყ) ბიუროში შემოსულ ზარებზე მონიტორინგის განხორციელება;

შ) საჭირო გადაუდებელი დახმარება,  24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ც) უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა

1. ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი).

2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთ-ერთი პირველი მოადგილე. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას - დირექტორის მოადგილე.

3. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით.

4. დირექტორის მოადგილეები ბიუროს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ბიუროს დირექტორის ბრძანებით.

5. დირექტორის მოადგილე(ები) ბიუროზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) დირექტორის დავალების შესაბამისად განიხილავს ბიუროში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს ბიუროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს ბიუროში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) აანალიზებს ბიუროს საქმიანობას და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

 

მუხლი 5. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი)

1. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით.

2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ასევე შეიძლება მოიცავდეს:

ა) სახელფასო დანამატს;

ბ) ფულად ჯილდოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.02.2018წ.

 

მუხლი 6. ბიუროს დირექტორი

ბიუროს დირექტორი:

ა) წარმოადგენს ბიუროს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს  ბიუროს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს  და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) ამტკიცებს  ბიუროს შინაგანაწესს;

ვ) ამტკიცებს  თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

თ) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ი) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას ბიუროს წარმომადგენლობაზე;

ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ბიუროს მზადყოფნას;

მ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ნ)  ბიუროს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

პ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;

ჟ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

რ) იღებს გადაწყვეტილებას ბიუროს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა  ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

ს) ამტკიცებს ბიუროს ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს;

ტ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

უ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 7. ბიუროს სტრუქტურა

1. ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2.  ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი;

ბ) საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

 

მუხლი 9. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი

1.  კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტის სამმართველო;

ბ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველო;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და რისკების შეფასების სამმართველო;

დ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის განყოფილება.

2. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული სისტემების ტესტირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) კომპიუტერული ინციდენტებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების  იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

დ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა, რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტების დანერგვა;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;

ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია, ანალიზი და ამგვარი ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა;

თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება;

ი) რისკების ანალიზი, არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების მოწყვლადობების დადგენისა და საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;

კ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადება;

ლ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებთან.

3. ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტისსამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ინფორმაციული და კომუნიკაციების სისტემების ტესტირება, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

ე) ინფორმაციული და კომუნიკაციების სისტემების  ინფრასტრუქტურული და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისას უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია;

ზ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზაციის მიზნით დახმარების გაწევა;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;

ი) ბიუროს ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

კ) ბიუროში ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების  სამმართველოს ფუნქციებია:   

ა) კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების  დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) კომპიუტერული ინციდენტებზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;

გ) კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;

დ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა;

ე) განხორციელებული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების შესწავლა და ანგარიშის მომზადება;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კვლევისათვის აუცილებელი მონიტორინგის სისტემების დანერგვა და მართვა;

ზ) კომპიუტერულ და  ქსელურ ინფრასტრუქტურაში არსებული სხვადასხვა რისკის შემცველი ჯგუფების კატეგორიზაცია და მონიტორინგი;

თ) კიბერსავარჯიშოების მეშვეობით სხვადასხვა ტიპის და სირთულის კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების მოდელირება;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;

კ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგნებზე წვდომა (თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის);

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა;

ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

5. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და რისკების შეფასების სამმართველოსფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;

ბ) რისკების მართვის მეთოდოლოგიების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და დანერგვა;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;

ვ) ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

ზ) თავდაცვის სფეროს ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

თ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტის შეფერხების ან/და მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმისა და მასშტაბის განსაზღვრა;

ი) თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებთან ან/და კომპიუტერულ ინციდენტებთან დაკავშირებულ მოვლენათა სავარაუდო განვითარების სცენარების დამუშავება და შესაბამისი მოქმედების სარეზერვო გეგმების და პროცედურების გაწერა;

კ) კომპიუტერული ინციდენტებისაგან დაცვის ახალი მეთოდების შემუშავებისათვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;

ლ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით  სიტუაციურ სცენარებზე მორგებული კიბერსავარჯიშოების ჩატარება და საგანმანათლებლო/ ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება;

მ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატებში მონაწილეობა;

ნ) საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატების შემუშავებასა და განხორციელებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ო) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;

პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

6. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გავრცელება, ასევე ინოვაციური იდეების მოძიება და სათანადო  ღონისძიებების დაგეგმვა; 

ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების კუთხით სატრენინგო მასალებისა და ტესტების შემუშავება;

გ)  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება;

დ)  სამინისტროს სისტემაში განხორციელებული კიბერინციდენტების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;

ე) ბიუროს მიერ სიმულაციური სწავლების შედეგად მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება;

ვ) ღია წყაროების მონიტორინგის მეშვეობით, კიბერსივრცეში არსებული ტენდენციებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ანალიტიკური მასალის მომზადება;

ზ) კიბერსივრცეში მომხდარი მნიშვნელოვანი სიახლეებისა ან ინციდენტების შესახებ, პერიოდული საინფორმაციო კიბერდაიჯესტის მომზადება და შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისათვის მიწოდება;

თ) თავდაცვის სფეროში განხორციელებული კიბერინციდენტების ანალიზი და დამუშავება;

ი)  სამინისტროს სისტემაში ჩასატარებელ სხვადასხვა სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

კ) კიბერშეტევის ან/და კომპიუტერული ინციდენტების არსებობისას უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;

ლ) ბიუროში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) შესაძლო კიბერსაფრთხეების შესახებ მომხმარებელთა გაფრთხილება და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ნ) საინფორმაციო მომსახურება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;

ო) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის დამუშავება;

პ) კიბერშეტევებისა ან/და კომპიუტერული ინციდენტების დროს გამოყენებული  კიბერსაშუალებების სპეციფიკის შესწავლა, ინფორმაციის შეკრება და ანალიზი;

ჟ) მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების კიბერშეტევითი  შესაძლებლობების შესწავლა, ინფორმაციის სისტემატური შეკრება  და ანალიზი;

რ) ბიუროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგი,  ბიუროს ცხელი ხაზის ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ს) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.02.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 10. საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ)  ბიუროს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის  მართვა;

გ) სახელმწიფო  შესყიდვების ორგანიზება;

დ) ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ე) ბიუროს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ზ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

თ) ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ი) საბუღალტრო დოკუმენტების  და სააღრიცხვო რეგისტრების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

კ) ბიუროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულების  პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;

ნ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საწვავით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით და მათი ხარჯვის კონტროლი;

პ) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

ჟ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ს) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ტ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

უ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვა;

დ) საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

ე) საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ვ) ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ზ) ბიუროს მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა,  მათი ვიზირება;

თ) ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე;

ი) ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, დარღვევის ფაქტების პრევენცია, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა;

კ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების ანალიზი. ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მომზადების მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ლ) კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი  მომზადება და ექსპერტიზა;

მ) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი, არქივის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო  საქმისწარმოებისა  და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება;

ნ) ბიუროს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;

ო) საკონტროლო დავალებების და  ბიუროს დირექტორის სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმება და კონტროლი;

პ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ჟ) ბიუროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;

ს) პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და  შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ტ)  ბიუროს დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად  საშტატო ნუსხის,  საკვალიფიკაციო მოთხოვნების და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება;

უ) ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;

ფ) ბიუროს თანამშრომლების სამუშაოს შესრულების შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;

ქ) ბიუროს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემების აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების  მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;

ღ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ყ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება; 

შ) ბიუროს თანამშრომელთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჩ) ადამიანური რესურსების თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ც) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, პოლიტიკების შემუშავება, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების ინიცირება;

ძ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

წ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.02.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 12. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება

განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, ახალი პროექტები, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიუროს საგარეო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო კავშირების კოორდინაციის უზრუნველყოფა: ეროვნულ კიბერაქტორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება, ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა/კოორდინაცია, ევროკავშირთან და რეგიონალურ ფორმატში თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

გ) ბიუროს სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების წარმართვა, სასწავლო კურსების და ტრენინგების მოძიების და  განხორციელების მიმართულებით;

ვ) სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და კიბერსავარჯიშოების ორგანიზება და დაგეგმარება;

ზ) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) ბიუროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ი) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიუროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

კ) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

მ) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 13. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების ხელმძღვანელობა

1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია შესაბამისი დირექტორის მოადგილისა და დირექტორის წინაშე.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ბიუროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს დირექტორსა და მის მოადგილეს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) დირექტორთან შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს ბიუროს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე ბიუროს დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე.

6. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ვ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას.

7. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს;

გ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ.

7​1. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე:

ა) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს;

გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

8. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, ბიუროს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.

9. ბიუროს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ბიუროს დირექტორი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანება №07 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

 

მუხლი 14. ბიუროს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს  კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

2. ბიუროს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

 

მუხლი 15. ბიუროს დაფინანსების წყაროები

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

ბ​1) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.  ბიუროს  სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 18.09.2017წ.

 

მუხლი 16. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების  გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შემუშავება;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ბიუროს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ბიუროს  არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.

 

მუხლი 17. საბუღალტრო ანგარიშგება

1. ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

მუხლი 18.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 19. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1, 14.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016299 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2681029-5/