მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.06.2015 ძალადაკარგული 12.03.2020
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №39

2015 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები და წესი №1 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს „მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმა“ №2 დანართის, „სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ ზედამხედველობის ფორმა“ №3 დანართის, „ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ზედამხედველობის ფორმა“ №4 დანართის, „მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ჩანაწერის ფორმა“ №5 დანართის, „სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფორმა“ №6 დანართის, „პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ზედამხედველობის ფორმა“ №7 დანართისა და „სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის მომსახურების ჩანაწერის ფორმა“ №8 დანართის შესაბამისად.

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანება.
+
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



  დანართი №1
მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები და წესი

 


+
თავი I
პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის რისკის შეფასება და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენა

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მიერ მსჯავრდებულთა რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის მიზანია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია).

2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნებს პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) საშუალებით, ელექტრონული ფორმით მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის საფუძველზე.

3. მსჯავრდებულთა რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:  პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვა, თანასწორობა და მულტიდისციპლინური გუნდის დამოუკიდებლობა. 

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 2. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის წესი
1. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის რისკის შეფასებას და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას სრულწლოვან პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯარდებულთა და სრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა მიმართ ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი,  ბრძანების  №2 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად.

2. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედის პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  მულტიდისციპლინური გუნდი იქმნება პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები.

3. პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არ ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები, ასევე თუ აღსასრულებელ სამართლებრივ აქტს მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი, მსჯავრდებულის რისკის შეფასებას და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას უზუნველყოფს პრობაციის ოფიცერი. ამ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი ავსებს მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მხოლოდ პირველ ნაწილს.

4. რისკის შეფასება და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენა არ ხორციელდება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც უფლება-მოვალეობათა ოქმის გაცნობიდან საპრობაციო ვადის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 2 თვეზე ნაკლები ვადა, ხოლო იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც უფლება-მოვალეობათა ოქმის გაცნობიდან საპრობაციო ვადის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 4 თვეზე ნაკლები ვადა,  პრობაციის ოფიცერი რისკის შეფასებას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5. მსჯავრდებულის რისკის შეფასების საერთო ვადა, გარდა ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება 32 სამუშაო დღით, რომლის ათვლა იწყება მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა შესახებ ოქმის გაცნობის დღიდან. თუ მსჯავრდებულმა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დროებით შეიცვალა ადგილსამყოფელი, ეს პერიოდი არ ჩაითვლება რისკის შეფასების  საერთო ვადის გამოანგარიშებისას.

6. მსჯავრდებულის რისკის შეფასებას იწყებს პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისთვის უფლება-მოვალეობების შესახებ ოქმის გაცნობის დღიდან და 7 სამუშაო დღის ვადაში ავსებს  მსჯავრდებულის რისკის შეფასების დადგენილი ფორმის პირველი ნაწილის ქვემოთჩამოთვლილ პუნქტებსა და მე-2 ნაწილს სრულად:

ა) პუნქტი 1. მსჯავრდებულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია - სრულად;

ბ) პუნქტი 2. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა - სრულად;

გ) პუნქტი 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა - მხოლოდ 3.10 ქვეპუნქტი;

დ) პუნქტი 4. მსჯავრდებულის განათლება, სამუშაო და ეკონომიკური მდგომარეობა - სრულად;

ე) პუნქტი 5. მსჯავრდებულის დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტილი, აზარტული თამაშები და სხვა) - სრულად;

ვ) პუნქტი 6. მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა - მხოლოდ 6.1 ქვეპუნქტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის შევსების შედეგად განისაზღვრება ზიანის რისკის დონე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 17.11.2016 წ.


+
მუხლი 3. ზიანის  რისკის დონის განსაზღვრა
1. ზიანის რისკი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი დონის.

2. ზიანის რისკის დონე განისაზღვრება მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების  ჯამის მიხედვით:

ა)  დაბალი დონე - ქულათა ჯამი - 0-დან -5 ჩათვლით;

ბ) საშუალო დონე - ქულათა ჯამი - 6-დან -39 ჩათვლით;

გ) მაღალი დონე - ქულათა ჯამი - 40 და  მეტი. 

3. მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის თითოეული საინფორმაციო ველი, მასზე გაცემული პასუხიდან გამომდინარე ფასდება შემდეგი ქულებთ:

№1 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

№2 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

№3 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

№4 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

№5 საინფორმაციო ველი

კი - 10 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -1 ქულა

№6 საინფორმაციო ველი

კი - 10 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -1 ქულა

№7 საინფორმაციო ველი

კი - 10 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -1 ქულა

№8 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -5 ქულა

№9 საინფორმაციო ველი

კი - 40 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -5 ქულა

№10 საინფორმაციო ველი

კი - 10 ქულა

არა - 0 ქულა

არსებობს ეჭვი -1 ქულა

 


+
მუხლი 4. ზიანის რისკის დაბალი დონის განსაზღვრისას განსახორციელებელი პროცედურები
1. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა ზიანის რისკის დაბალი დონე, მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის დარჩენილ პუნქტებს ავსებს პრობაციის ოფიცერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეფასების დასრულებისას პრობაციის ოფიცერი ადგენს მსჯავრდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხს მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის პირველი ნაწილის 2.5; 3.4; 3.12; 4.8; 5.12 და 6.6. ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ზიანის რისკის მაჩვენებელთან ერთობლიობაში.

3. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის დადგენისას, პრობაციის ოფიცერი დამოუკიდებლად ადგენს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას.

4. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის დადგენისას, პრობაციის ოფიცერი, საჭიროების შემთხვევაში, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენისას, სავალდებულო წესით, დაუყოვნებლივ მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს მსჯავრდებულის სოციალურ მუშაკთან/ფსიქოლოგთან შეხვედრის თაობაზე.

5. პრობაციის ბიუროს/ჯგუფის უფროსი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას უგზავნის შესაბამის სოციალურ მუშაკს/ფსიქოლოგს, რომელიც მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში მომდევნო გამოცხადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მაქსიმუმ ორჯერ ხვდება მსჯავრდებულს და ავსებს ბრძანების  №3 და  №4 დანართებით დადგენილ ფორმებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით შევსებულ  ფორმას სოციალური მუშაკი/ფსიქოლოგი წარუდგენს პრობაციის ოფიცერს და იკრიბება პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგისაგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც  შეხვედრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადგენს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას და აცნობს მსჯავრდებულს  პრობაციის ბიუროში მისი  მომდევნო გამოცხადების დღეს.

7. მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრისას, პრობაციის ოფიცერი აფორმებს  ბრძანების №5 დანართით დადგენილ ჩანაწერს.


+
მუხლი 5. ზიანის რისკის საშუალო დონის განსაზღვრისას განსახორციელებელი პროცედურები
1. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა ზიანის რისკის საშუალო დონე, პრობაციის ოფიცერი დაუყოვნებლივ მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვასთან დაკავშირებით. პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსი საქმეს გადასცემს შესაბამის სოციალურ მუშაკს.

2. საქმის მიღების შემდეგ, სოციალური მუშაკი პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუგვიანეს მომდევნო გამოცხადებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს  მსჯავრდებულთან არაუმეტეს 3 შეხვედრას, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულის თანხმობით, 1 ვიზიტს ახორციელებს  მსჯავრდებულის ოჯახში და ავსებს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პირველი ნაწილის ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს:

ა) პუნქტი 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა - სრულად, გარდა 3.10 ქვეპუნქტისა.

ბ) პუნქტი 5. მსჯავრდებულის დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები და სხვა) - მხოლოდ 5.12 ქვეპუნქტს.

გ) პუნქტი 6. მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა - სრულად.

3. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი.

4. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, შესაფასებლად დამატებითი ვადის მოთხოვნით სოციალური მუშაკი პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით მიმართავს პრობაციის ბიუროს/ჯგუფის უფროსს. დამატებითი ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 7 სამუშაო დღით.

5. შეფასების პროცესში,  თუ სოციალური მუშაკის მიერ  გამოიკვეთა მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის შეხვედრის საჭიროება, აღნიშნულის თაობაზე სოციალური მუშაკი  მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს, რომელიც მიმართვას  უგზავნის შესაბამის  ფსიქოლოგს შესასრულებლად, ხოლო ცნობის სახით პრობაციის ოფიცერს. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს სოციალური მუშაკი.

6. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც იკრიბება და მოქმედებს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.


+
მუხლი 6. ზიანის რისკის მაღალი დონის განსაზღვრისას განსახორციელებელი პროცედურები
1. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა ზიანის რისკის მაღალი დონე, პრობაციის ოფიცერი დაუყოვნებლივ მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში  ფსიქოლოგის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გადაუმისამართებს შესაბამის ფსიქოლოგს.

2. საქმის მიღების შემდეგ, ფსიქოლოგი პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუგვიანეს მომდევნო გამოცხადებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს  მსჯავრდებულთან არაუმეტეს 3 შეხვედრას, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულის თანხმობით, პირველ ვიზიტს ახორციელებს  მსჯავრდებულის ოჯახში და ავსებს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პირველი ნაწილის ქვემოთჩამოთვლილ პუნქტებს:

ა) პუნქტი 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა - სრულად, გარდა 3.10 ქვეპუნქტისა.

ბ) პუნქტი 5. მსჯავრდებულის დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები და სხვა) - მხოლოდ 5.12 ქვეპუნქტს.

გ) პუნქტი 6. მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა - სრულად.

3. ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს პრობაციის ოფიცერი.

4. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ მსჯავრდებულის შესაფასებლად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, შესაფასებლად დამატებითი ვადის მოთხოვნით ფსიქოლოგი პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს. დამატებითი ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 7 სამუშაო დღით.

5. შეფასების პროცესში,  თუ ფსიქოლოგის მიერ  გამოიკვეთა მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის შეხვედრის საჭიროება, აღნიშნულის თაობაზე ფსიქოლოგი  მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს, რომელიც მიმართვას  უგზავნის შესაბამის  სოციალურ მუშაკს შესასრულებლად, ხოლო ცნობის სახით პრობაციის ოფიცერს. სოციალური მუშაკის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს მსჯავრდებულთან ათანხმებს ფსიქოლოგი.

6. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც იკრიბება და მოქმედებს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.


+
მუხლი 7. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმა
1. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში - გეგმა) დგება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ხოლო ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულის რისკის შეფასების პირველი ნაწილის მე-9 პუნქტში გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, ბრძანების №6 დანართით დადგენილი ფორმით.

2. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული გეგმის შევსება ხორციელდება პრობაციის ოფიცრის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმა თანხმდება მსჯავრდებულთან, რაც დასტურდება გეგმაზე მსჯავრდებულის ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს გეგმის ხელმოწერაზე, დოკუმენტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის აღნიშვნით. გეგმის ხელმოწერაზე უარი არ აფერხებს გეგმის აღსრულებას.

 


+
მუხლი 8. სარეაბილიტაციო პროგრამები
ზიანის რისკის დონისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხის მიხედვით, მსჯავრდებული მონაწილეობს სარეაბილიტაციო პროგრამებში შემდეგი წესით:

ა) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი ხასიათის;

ბ) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც ნებაყოფლობითი ასევე სავალდებულო ხასიათის;

გ) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს  როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი ხასიათის;

დ) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს  როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

ე) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

ვ) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს  როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

ზ) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

თ) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

ი) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობა შეიძლება იყოს  როგორც სავალდებულო ასევე ნებაყოფლობითი  ხასიათის;

 


+
მუხლი 9. გეგმის შესრულების მონიტორინგი და გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობა
1. გეგმის მონიტორინგი ხორციელდება გეგმის დასრულების ეტაპზე, მსჯავრდებულისათვის გეგმით გაწერილი ღონისძიებების შედეგების შეფასების მიზნით.

2. გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს გეგმის დოკუმენტში მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი/პირები.

3. თუ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი არის პრობაციის ოფიცერი, მონიტორინგის განხორციელების პროცესში ივსება ბრძანების  №7 დანართით დადგენილი ფორმა, ხოლო თუ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი არის სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი მონიტორინგის განხორციელების პროცესში ივსება ბრძანების №3, №4 და №8 დანართებით დადგენილი ფორმები.

4. გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგების შეფასების მიზნით, გეგმის შესრულების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, იკრიბება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გეგმის დასრულების შემდგომ პრობაციის ოფიცერთან ერთად მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სხვა პირს/პირებს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები პრობაციის ოფიცერს წარედგინება მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრაზე.

6. თუ მჯავრდებულის მიმართ დადგენილი საპრობაციო ვადა შეადგენს 18 თვეს ან ნაკლებს, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობა ხორციელდება ყოველ 3 თვეში ერთხელ, ხოლო თუ საპრობაციო ვადა 18 თვეზე მეტია, ზედამხედველობა ხორციელდება ყოველ 6 თვეში ერთხელ.

7. იმ შემთხვევაში, თუ გეგმის მიხედვით მსჯავრდებულს არ ჰქონდა განსაზღვრული სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ პრობაციის ოფიცერი ბრძანების №7 დანართით დადგენილი ფორმით, ხოლო თუ მსჯავრდებულს განსაზღვრული ჰქონდა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას პრობაციის ოფიცერთან ერთად ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი/პირები ბრძანების №3 და №4 დანართებით დადგენილი ფორმებით.

8. გეგმის შესრულების მონიტორინგის ან გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელებისას მსჯავრდებულის ცხოვრებაში თუ გამოიკვეთა ისეთი სახის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის მის მდგომარეობას, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დაუყოვნებლივ ხორციელდება გეგმაში ცვლილების შეტანა ან ახალი გეგმის შედგენა.

9. მულტიდისციპლინური გუნდი გეგმაში ცვლილების შეტანას ან ახალი გეგმის შედგენას ახორციელებს შეკრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამ ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  შესამაბისად.


+
თავი II
ამოღებულია

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 10. ამოღებულია
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
მუხლი 11. ამოღებულია
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
მუხლი 12. ამოღებულია
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
მუხლი 13. ამოღებულია
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
მუხლი 14. ამოღებულია
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 27.02.2018 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“, №39, 05.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2820641-2/