საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.06.2015 ბოლო ცვლილება 04.12.2024
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
130040000.43.048.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №101

2015 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 13 ნოემბრის №37 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი
+



საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება

.

თავი I
ზოგადი დებულებანი
 
მუხლი 1
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება (შემდგომში - წესდება) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე)  დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების საფუძვლებს, სახდელების და წახალისების სახეებს, მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდების და მოხსნის, ასევე მოსამსახურის უფროსებთან ურთიერთობის წესს.
2. წესდების მიზანია სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურეთა წახალისება, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას   მოსამსახურეთა ქმედებებში დარღვევების პრევენცია და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება.
3. სამსახურის თანამდებობის პირები  ვალდებულნი არიან უზრუნველყონ და დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

 

თავი II
სამსახურებრივი დისციპლინის არსი და საფუძვლები

 
მუხლი 2
1. სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, ამ წესდებითა და მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობებით დადგენილი წესრიგის განუხრელად დაცვას.
2. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურში ეფუძნება მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მათ მუდმივ მზადყოფნას სამსახურებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად.
3. სამსახურებრივი დისციპლინა მოსამსახურეს უყენებს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) მკაცრად დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ზუსტად შეასრულოს წესდებითა და უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკავშირდება პროფესიულ რისკებს;
გ) დაიცვას სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება;
დ) გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ იარაღს, სპეციალურ ტექნიკასა და სახელმწიფო ქონებას.
4. სამსახურებრივი დისციპლინა მიიღწევა:
ა) მოსამსახურის მაღალი პატრიოტული, ზნეობრივი, მოქალაქეობრივი თვისებების გამომუშავებით;
ბ) უფროსის ბრძანებებისა და მითითებებისადმი შეგნებული დამოკიდებულებით და მათი კეთილსინდისიერად შესრულებით;
გ) სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში წესდების მოთხოვნების სრული დაცვით;
დ) სისტემატური სამსახურებრივი ზედამხედველობით, წახალისებისა და დისციპლინური სახდელების გამოყენების ღონისძიებათა გონივრული განხორციელებით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.
 
მუხლი 3
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები:
ა) სისტემატურად აკონტროლებენ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მდგომარეობას;
ბ) ორგანიზებას უწევენ მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების, აგრეთვე სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ფარგლებში მათი სოციალური უზრუნველყოფის, წახალისებისა და დისციპლინური საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ვალდებულნი არიან სათანადო რეაგირება მოახდინონ დისციპლინური დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ისინი იღებენ ყველა ზომას მოსამსახურის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების აღსაკვეთად და არსებული დარღვევის გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
3.სამსახური, უსაფრთხოების დირექტორატის მეშვეობით, ახორციელებს  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ინსპექტირებას/შემოწმებას.
4.მოსამსახურის წახალისების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები წარადგენენ შესაბამის შუამდგომლობას სამსახურის უფროსთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან, ხოლო მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ისინი წერილობითი ფორმით ატყობინებენ აღნიშნულის შესახებ სამსახურის უფროსს სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
5. (ამოღებულია - 02.07.2024, №4245).
6. წესდების დებულებები ვრცელდება სამსახურის ყველა მოსამსახურეზე.
7. წესდების მოთხოვნები არ ვრცელდება სამსახურის იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც აყვანილნი არიან კადრების განკარგულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურეები სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებენ რაიმე დავალებას.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

 

თავი III
წახალისება, მისი მიზანი და სახეები

 

მუხლი 4
1. მოსამსახურის წახალისება არის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობა.
2. წახალისება მიზნად ისახავს სტიმული მისცეს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებაში.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 5
სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, სამსახურისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის, ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისათვის  მოსამსახურეთა უშუალო უფროსები აყენებენ ამ მოსამსახურეთა წახალისების შესახებ საკითხს. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები დამსახურებული მოსამსახურეების წახალისების თაობაზე შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

მუხლი 6
1. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიით ან ფასიანი საჩუქარით დაჯილდოება;
გ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; 
დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური  წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
კ) თანამდებობრივი დაწინაურება;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. წახალისება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

 

თავი IV
წახალისების წესი

 
მუხლი 7
სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისათვის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები წერილობითი ფორმით, მოტივირებული პატაკის წარდგენით შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 8
მოსამსახურეების წახალისების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, აგრეთვე თავისი ინიციატივით, წახალისების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილ პირს (გარდა ამ წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა).


მუხლი 9
თუ სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა, იგი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე წარადგენს შესაბამის კანდიდატურას, სახელმწიფო ჯილდოს მისანიჭებლად.


მუხლი 10
1. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
2. წახალისების სახით წინათ დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნისას, როდესაც მოსამსახურეს ეხსნება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სახდელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს მოსამსახურე აღდგენილ იქნება იმ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე (აღდგენილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში სამსახურის ვადის ათვლა გრძელდება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებამდე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ნამსახურები ვადიდან).
3. დაუშვებელია იმ მოსამსახურის წახალისება, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური (მოქმედი) სახდელი, გარდა ამ წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისებისა.
3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია მოსამსახურის წახალისების საკითხის ინიცირებამდე მიმართოს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დადგენის მიზნით.
4. მოსამსახურის მიმართ გამოყენებული წახალისებები აღინიშნება მის პირად საქმეში.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

 

თავი V
დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი, საფუძვლები  და სახდელების სახეები

 

მუხლი 11
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია გამოვლენილი დარღვევების განმეორების თავიდან აცილება და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს:
ა) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი  საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;
ე) ფიცის გატეხვა;
ვ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში შეუფერებელი ჩაცმულობით გამოცხადება;
ზ) პირის მიმართ შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ჩადენა, თუ აღნიშნული ქმედება არ შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს.
3. სამსახურებრივი შემოწმება (დისციპლინური წარმოება) იწყება სამსახურის უფროსის წერილობითი დავალებით. ასეთი დავალების გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წერილობითი შეტყობინება, რომელიც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს:
ა) წერილობითი ან ზეპირი ფორმით მიღებულ ინფორმაციას;
ბ) სამსახურის უფროსის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი ინსპექტირებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტს;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას.
4. მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ზეპირი ფორმით მიღებული ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში, სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი ადგენს შესაბამის ცნობას მოსამსახურის მიერ შესაძლო გადაცდომის ჩადენის შესახებ და სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დადგენილი წესით, მიმართავს სამსახურის უფროსს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტებზე, დადგენილი წესით, პირველად რეაგირებას ახდენს სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ან სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 12
1. დისციპლინური სახდელებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ე) სამხედრო ან სპეციალური სახელმწიფო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლით;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

 

თავი VI
დისციპლინური სახდელების გამოყენების წესი და მოქმედების ვადები

მუხლი 13
მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილ პირს  (გარდა ამ წესდების პირველი პუნქტის მე-12 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა).


მუხლი 14
დისციპლინური სახდელის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება მოსამსახურის სამსახურებრივი რეპუტაცია, გარემოება, რომელიც წესდების მოთხოვნათა დარღვევასთან არის დაკავშირებული, გამოვლენილი დარღვევის ხასიათი, რათა არ იქნეს შეუსაბამობა არსებულ დარღვევასა და დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის.


მუხლი 15
მოსამსახურე,  სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ აცნობებს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 16
1. მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, უშუალო უფროსები მიუთითებენ მის ქმედებაში არსებულ დარღვევებზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. აღნიშნულის შესახებ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები შეიძლება გაესაუბრონ მოსამსახურეს ან/და ასევე შესაბამისი დახმარებისათვის (მათ შორის კონსულტაციისთვის) მიმართონ სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს. მოსამსახურის ქმედებაში დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებენ სამსახურის უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სამსახურის უფროსი აფასებს გამოვლენილი დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ.
3.  სამსახურის უფროსის მიერ  სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დისციპლინურ  წარმოებას ახორციელებს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 17
1. მოსამსახურე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება (დისციპლინური წარმოება), ვალდებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრებისა და წერილობითი ახსნა-განმარტების ჩაბარების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ინფორმირების შემდეგ, გამოცხადდეს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატში, ამავე დირექტორატის წარმომადგენლის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი ინსპექტირების/შემოწმების შედეგად მოპოვებული/შედგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, უსაფრთხოების დირექტორატი ადგენს დასკვნას მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (შემდგომში – „დასკვნა“), ხოლო ასეთი ფაქტის დაუდასტურებლობისას – დასკვნას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
3. დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი, დისციპლინური წარმოების მასალებს, მათ შორის დასკვნას, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წერილობითი სახით (პატაკით) წარუდგენს სამსახურის უფროსს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 18
თუ მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, სამსახურებრივი შემოწმების მასალები ეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 19
თუ მოსამსახურეთა ქმედებაში, რისთვისაც მას დისციპლინური სახდელი დაეკისრა, აღმოჩნდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დაკისრებული დისციპლინური სახდელი მას არ ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.


მუხლი 20
დისციპლინური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირები აფიქსირებენ დარღვევის ფორმასა და არსს, მისი გამოვლენის დროს, მიუთითებენ გადაცდომის ჩამდენის ვინაობას და ადასტურებენ ხელმოწერით. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ინფორმირება.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 21 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 22 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 23
სამსახურის უფროსი მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეს განსაზღვრავს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის მიერ წარდგენილი პატაკის, დისციპლინური წარმოების მასალებისა (მათ შორის დასკვნის) და მასში მითითებული გარემოებების მტკიცებულებების გათვალისწინებით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 24
დისციპლინური სახდელი, როგორც სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიება, აუცილებელია შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის ხასიათს.  


მუხლი 25
1. დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
2. დისციპლინური სახდელი გამოიყენება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამ ვადაში არ შედის მოსამსახურის ავადმყოფობის და შვებულებაში ყოფნის დრო.  დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ  დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი (ამ ვადაში არ შედის მოსამსახურის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო). მოსამსახურე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამსახურიდან თავისუფლდება, დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
3. მოსამსახურე დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია – 3 (სამი) თვე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია – 6 (ექვსი) თვე;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია ის ვადა, რომლითაც მოსამსახურეს შეეფარდა აღნიშნული სახდელი.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 26
დისციპლინური სახდელის სიმკაცრე იზრდება, თუ დისციპლინური გადაცდომა:
ა) ჩადენილია ჯგუფურად;
ბ) ჩადენილია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
გ) ჩადენილია იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც დისციპლინური სახდელი (მოქმედი) დაკისრებული აქვს სხვა დარღვევისათვის;
დ) ჩადენილია სხვა დამამძიმებელი გარემოების პირობებში.


მუხლი 27 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 28
დისციპლინური სახდელი აღსრულებულად ითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ  ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 29
მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ აღინიშნება მის პირად საქმეში.


მუხლი 30
მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.


მუხლი 31
დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება ან/და საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VII
(ამოღებულია)

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 32 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 33 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 34 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


მუხლი 35 (ამოღებულია)
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანება №4245 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“, №101, 10.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 130040000.43.048.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2836975-1/