წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2015 ძალადაკარგული 11.03.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016304
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2015 წლის 29 მაისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016171.   04/02/2014).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე
+



დანართი №1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 15.09.2015წ.

 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის

ხარჯვის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს, ამ მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.

3. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

 მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა

1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:

ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში კატასტროფისაგან,  ასევე  სტიქიური მოვლენებისგან  (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები)  გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ხარჯები,  გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;

ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით  დაცულ სხვა სიკეთეს, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებული  და სხვა ხარჯები;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები  დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით  მკურნალობისათვის,   ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის,  ასევე ხარჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ  პირთა ოჯახის წევრების სოცილურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და  შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ პირთა  საცხოვრებელი ბინების შეძენისათვის ან  დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მასში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს  მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;

ე) ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის,  მოსახლების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისა და ახალგაზრდების  ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მივლინებისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა, კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად.

2.  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია განსაზღვროს სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის  ოდენობა და მიზნობრიობა წარმოდგენილი მასალებისა და დასახმარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაზედაც წარმოადგენს დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს სამსახურის უფროსი. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასკვნის მომზადებისათვის უფლებამოსილია მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის   სამსახური.

3. საკითხის განხილვისას სამსახური უფლებამოსილია  გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი  ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებელობას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დროებით კომისიას და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონით,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

2. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის  თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე  და/ან  მოადგილე  და/ან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან  მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები),მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), თანაშემწე (თანაშემწეები).

4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება მერის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.

6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016   წლის 26 თებერვლის  დადგენილება №9  – ვებგვერდი, 02.03.2016წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, მერიის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია  სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.

2. მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება მერიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.

4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 5. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);

გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

მუხლი 6. კომისიის სხდომა

1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ მერის მიერ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.

2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.

5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 7. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ.

2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
2​1. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის  ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 8. წესში  ცვლილების შეტანის წესი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესში  ცვლილებების შეტანა ხორციელდება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №39, 29.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016304 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2855543-4/