1. მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.
3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
5. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.
6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.
7. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.
8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-330(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-19, 43-ე, 44-ე, 62-ე მუხლებზე, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის…
- საქმე №ბს-407(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
…რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 05.10.2017წ. N662/18 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო კომისიის 16.11.2017წ. N752/18 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
- საქმე №ბს-1137(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2022
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის #3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში…
- საქმე №ბს-22-22(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2018
…და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 105 მუხლის პირველი პუნქტი. გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 11 ივნისის #341/18 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
- საქმე №ბს-1073-1067(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 11 ივნისის #342/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10(5) პრიმა მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, გაფრთხილებულ იქნა შპს „…“.
- საქმე №ბს-177-176(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.09.2016
- საქმე №ბს-154-151(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №330310015001046951 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
- საქმე №330310118002258312 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება