ქედის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2015 ბოლო ცვლილება 27.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 15 დეკემბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 85​5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულება თანახმად დანართი №1-ისა.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
+



დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
4. ეს დებულება განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების  საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს.

+
მუხლი 2. საერთო კრების რჩეული
1. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული.
2. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
3. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
4. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
5. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.

+
მუხლი 3. საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიცირებული საკითხი;

თ ​1) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განიხილოს „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადება;

თ​2) განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. განსაზღვრულ ვადაში მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განახორციელოს ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.

3. საერთო კრების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის წარედგინებათ ამ დებულების მე-6-ე მუხლის მე-5-ე პუნქტით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ამ დებულებით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 15.08.2016წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 12.04.2018წ.


+
მუხლი 4. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერია. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი   ქვეყნდება ან ცხადდება საჯაროდ.
5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა- გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.
6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ დებულებით განსაზღვრული წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
9. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე.
10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ დებულებისა და კანონის მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერისს ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6  პუნქტის შესაბამისად.
11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ამ დებულების შესაბამისად საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში .
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.
13. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.
14. მუნიციპალიტეტის მერი, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების შემთხვევაში უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებას  ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.“
15. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არა ნაკლებ 2-ჯერ.
16. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 15.08.2016წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 12.04.2018წ.


+
მუხლი 5. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერიისს უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
2. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა.
5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნას საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი,  საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 15.08.2016წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 12.04.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 15.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3099523-3/