,,საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2009 ძალადაკარგული 28.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№230
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 21/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №230

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128​2 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №83 - სსმ III, №32, 29.03.2010წ., მუხ.475

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 21 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №83 - სსმ III, №32, 29.03.2010წ., მუხ.475

2.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №86 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.528

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი და პირობები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII​1 თავის საფუძველზე და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებს.

2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარმოადგენს მის საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნები.

3. ამ წესსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №86 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.528

    მუხლი 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობები

1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს და არ არის აღიარებული მის მიერ.

2. გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შემცირება საგადასახადო შეთანხმებით შესაძლებელია:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის დაწყებამდე ან დავის წარმოების პერიოდში – გადასახადის ძირითადი თანხის ან/და სანქციების ნაწილში;

ბ) სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების პერიოდში – სანქციების ნაწილში;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII1 თავის ძალაში შესვლამდე სასამართლოში დაწყებული საგადასახადო დავის პერიოდში ან აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე – გადასახადის ძირითადი თანხის ან/და სანქციების ნაწილში.

3. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე.

    მუხლი 3. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების წარდგენა

1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სახელმწიფო ენაზე და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, თუ საგადასახადო შეთანხმების საგანს წარმოადგენს გადასახადების ან/და სანქციების თანხის შემცირება, ან არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, თუ საგადასახადო შეთანხმების საგანს წარმოადგენს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა;

გ) საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების გადასახადის გადამხდელისათვის მისაღებ ოდენობასა და გადახდის ვადას;

დ) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

ე) გადასახადის გადამხდელის ან/და წარმომადგენლის ხელმოწერასა და ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. შემოსავლების სამსახური რეგისტრაციიდან 10 დღეში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან.

5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრება ვადა არა უმეტეს 10 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ხარვეზი.

6. ხარვეზის დადგენის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობითი ფორმით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

7. თუ გადასახადის გადამხდელი დანიშნულ ვადაში არ აღმოფხრავს მითითებულ ხარვეზს, შემოსავლების სამსახური უბრუნებს მას განცხადებას (თანდართული მასალებით).

8. შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უფლებამოსილია, განცხადება (თანდართული მასალებით) გაუგზავნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით ან დაუბრუნოს გადასახადის გადამხდელს.

9. გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რეგისტრაციიდან 10 დღეში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალების (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით) საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას.

2. განცხადებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება განკარგულების სახით.

3. საქართველოს მთავრობის სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების შესრულების პირობების (გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და გადახდის ვადა) განსაზღვრის მიზნით.

4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და გადახდის ვადა (საგადასახადო შეთანხმების შესრულების პირობები).

5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ გადასახადის გადამხდელს და შემოსავლების სამსახურს.

    მუხლი 5. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

1. მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე და, მეორე მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში.

3. საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები;

გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.

    მუხლი 6. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შედეგები

1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად.

2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია აღნიშნული პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

    მუხლი 7. საგადასახადო შეთანხმების შესრულება

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული, მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.

    მუხლი 8. დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხის შემცირება

1. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებაში გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 9. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

1. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია, საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვროს შესაბამისი პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის სახეების მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 10. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება

1. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

2. თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

დანართი №1 (ამოღებულია)

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №83 - სსმ III, №32, 29.03.2010წ., მუხ.475

                                                              

დანართი №2 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №83 - სსმ III, №32, 29.03.2010წ., მუხ.475

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ““, №230, 15.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3208-2/