სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.06.2016 ბოლო ცვლილება 01.04.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2016 წლის 6 ივნისი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
+



დანართი №1

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.

+
მუხლი 2. გადაწყვეტილების მიზანი
წინამდებარე წესის მიღების მიზანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.

+
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული ობიექტები – სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული სოფელი, უბანი, მთა, მდინარე, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, გამზირი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, ბაღი, პარკი, სკვერი, ტყე-პარკი, პანთეონი, სასაფლაო, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ბ) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა(გადარქმევა);

გ) დუბლირება – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;

დ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში წარსულში ან უახლოეს ისტორიულ პერიოდში გამორჩეული წვლილის მქონე ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტური მასალებით) გარდაცვლილი საერო და სასულიერო პირი;

ე) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით;
ვ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა;
ზ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
თ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება;
ი) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 4. სახელდების პრინციპები
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:

ა) ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარება;

ბ) კონკრეტული ფიზიკურ–გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების გათვალისწინება;

გ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების გაადვილება;

დ) თანამედროვე ქართული სალიტერატურე ენის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება;

ე) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს;

ვ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.

2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან (ხონი–სამტრედიის ეპარქიასთან).


+
მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელის მინიჭება
სახელწოდებები ენიჭება:

ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;

ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.


+
მუხლი 6. გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული ან გაურკვეველი მნიშვნელობის მქონე სახელწოდებები;

ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;

გ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება;

დ) ტარდება სახელების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებით შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;

ე) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპულ პიროვნებებთან დაკავშირებით.

2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებით სახელდებისას მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით.

3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილ პიროვნებათა ინიციალებით გამოყენება.

4. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი ან გასასვლელი. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსა და გასასვლელსაც.

5. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
6. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგ., „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“).
7.  ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგ.: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
8. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან.
9. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
10. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.


+
მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას.
3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე  უფლებამოსილია:
ა)  მუნიციპალიტეტის  მერი;
ბ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
გ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) საინიციატივო ჯგუფი.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა);
გ) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი,  კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
დ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას – რუკაზე წერტილებით და ე.წ.  პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
10. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს სამი თვის ვადაში.
11. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
13. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია  განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
14.   საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა)   საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ)   სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
გ)   სსიპ– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ე) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს სამტრედიის სერვისცენტრს;
ვ) სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 09.08.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, №19, 06.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3298992-1/