ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2016 ბოლო ცვლილება 24.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
010190020.10.003.019475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2016 წლის 24 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

+
მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 32-ე მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები

მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური წოდების მქონე პირების (შემდგომში – მოსამსახურე) იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს, რომლებიც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე; ამ მოსამსახურეების სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებს; აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალსა და შესაბამის პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №610 – ვებგვერდი, 02.10.2020წ.

მუხლი  2

სამსახურებრივ პირობად, რაც მოითხოვს მოსამსახურის ყოფნას არჩევნების დღეს რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ითვლება:

ა) საყარაულო განწესი;

ბ) საბრძოლო მზადყოფნის მორიგეობა;

გ) სადღეღამისო განწესი;

დ) 24-საათიანი სამორიგეო სამსახური;

ე) ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინება;

ვ) იმ მოსამსახურეთა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში  დასაქმებული პირების სამორიგეო ცვლაში ყოფნა, რომლებიც  დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ახორციელებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ობიექტების დაცვას;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახური):

თ.ა) პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის 24-საათიან ცვლაში ყოფნა;

თ.ბ) სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეების, რომლებიც დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა;

თ.გ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს   და ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს  მოსამსახურეების, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა;

თ.დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა;

თ.ე) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალმთიან რეგიონებში ან/და რთული რელიეფის მქონე ადგილებში განთავსებულ სექტორებსა და ბლოკ-საგუშაგოებზე მოსამსახურეების სამორიგეო ცვლაში ყოფნა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №610 – ვებგვერდი, 02.10.2020წ.

მუხლი  3

1. მოსამსახურე, რომლიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებრივ პირობებს, შეიყვანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. 

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ითვლება განსაკუთრებულ სამსახურებრივ პირობებად.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებში მყოფი მოსამსახურეები განეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო.  

4. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამსახურებრივ პირობებში მყოფი მოსამსახურეები კენჭისყრის დღეს ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე.

5. საარჩევნო უფლების რეალიზება ხორციელდება გადასატანი ყუთის მეშვეობით, თუ მოსამსახურე:

ა) განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს საარჩევნო უბანზე გამოცხადებას.

მუხლი  4. არჩევნების დღეს ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (შემდგომში – ხელმძღვანელი) მიერ უნდა  განხორციელდეს 13:00 საათამდე, გარდა განსაკუთრებულ სამსახურებრივ პირობებში მყოფი მოსამსახურეებისა.

მუხლი  5

1. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა  სიას ადგენს ხელმძღვანელი და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს:

ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური  არჩევნების შემთხვევაში – კენჭისყრის დღემდე  არაუგვიანეს 25-ე დღისა;

ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – კენჭისყრის დღემდე  არაუგვიანეს მე-8 დღისა.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა  სიის ფორმირებას ხელმძღვანელი:

ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური  არჩევნების შემთხვევაში – იწყებს კენჭისყრის დღემდე  არ უგვიანეს 30-ე დღისა და ასრულებს  კენჭისყრის დღემდე  არაუგვიანეს 26-ე  დღისა;

ბ)  სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – იწყებს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და ასრულებს  კენჭისყრის დღემდე  არა უგვიანეს მე-9 დღისა.

3. (ამოღებულია - 02.10.2020, №610).

4. ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსამსახურეთა  სიაში  შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ბაზის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი;

ვ) სქესი;  

ზ) მოსამსახურის მიერ შესაბამისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღი  – რიცხვის, თვის და წლის მითითებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №610 – ვებგვერდი, 02.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 22.02.2023წ.

მუხლი  6

1.  ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს კენჭისყრის საერთო დროზე მოსამსახურეთა თანაბარი განაწილება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებას;

ბ) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეს არჩევნების დღეს გამოუყოს არანაკლებ 3 საათი, რათა მოსამსახურეს მიეცეს შესაძლებლობა საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის.

2. აკრძალულია სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის/დაწესებულების მიერ სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება მოსამსახურეთა საარჩევნო უბანზე გადასაადგილებლად.

3. მოსამსახურე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდეს სამოქალაქო ტანსაცმლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას სამსახურის ადგილზე არ აქვს სამოქალაქო ტანსაცმელი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №410, 24.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010190020.10.003.019475 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3381058-2/