საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2016 ბოლო ცვლილება 20.02.2026
ნომერი
№1-1/642
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/642

2016 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

 ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულება”.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131  ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.

2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში.

4. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4.

 

მუხლი 2. ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანები

1. ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და განხორციელება, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, საქართველოს როგორც მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია.

2. ადმინისტრაციის ამოცანებია საქართველოში საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა, ტურისტული პროდუქტების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი ტურისტული ადგილების იდენტიფიცირება და განვითარების ხელშეწყობა, მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №1-1/15 - ვებგვერდი, 16.01.2017 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1-1/461  - ვებგვერდი, 21.11.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1-1/415 - ვებგვერდი, 24.11.2025 წ.

 

მუხლი 3. ადმინისტრაციის მართვა

1. ადმინისტრაციას ჰყავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ხელმძღვანელი შეიძლება იმავდროულად იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე.

2. ხელმძღვანელი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. ხელმძღვანელს ჰყავს ოთხი  მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. ხელმძღვანელის მიერ მინისტრთან შეთანხმებული გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს ადმინისტრაციის ძირითადი საქმიანობის და პროექტების სრულ კოორდინაციას. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხელმძღვანელი, მინისტრთან შეთანხმებით.

4.   ხელმძღვანელის მოვალეობას მისი არყოფნის/მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს პირველი მოადგილე ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის/მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს ხელმძღვანელი.

6. ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ახორციელებს ადმინისტრაციის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ახორციელებს ზედამხედველობას ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

გ) მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

დ) წარმოადგენს ადმინისტრაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის სახელით;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას იღებს ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე;

ზ) შეიმუშავებს ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;

თ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ცენტრალურ აპარატსა და ადმინისტრაციის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულ პირებს;

კ) ზრუნავს ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ლ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატისა და ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს;

მ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით, ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ადმინისტრაციის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ადმინისტრაციის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ინდივიდუალურ/ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს;

ო) ამტკიცებს ადმინისტრაციის შინაგანაწესს;

პ) ამტკიცებს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობის სახელმძღვანელოს, რომელიც წარმოადგენს საკონვენციო ბიუროსა და მის წევრებს შორის თანამშრომლობის წესს;

ჟ) ამტკიცებს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანების კრიტერიუმებს;

რ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;

რ​​1) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების  საკონსულტაციო ორგანოში/მრჩეველთა საბჭოში ადმინისტრაციის წევრობასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაკავშირებულია საწევრო შენატანის გადახდასთან.

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნებისთვის განკარგავს ადმინისტრაციის შემოსავლებს;

ტ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ადმინისტრაციის ფინანსურ ანგარიშს;

უ) ადმინისტრაციის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ფ) ანიჭებს ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებას;

ქ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №1-1/224 - ვებგვერდი, 31.05.2017 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №1-1/361 - ვებგვერდი, 15.08.2017 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №1-1/189 - ვებგვერდი, 19.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 16 მაისის ბრძანება №1-1/238 - ვებგვერდი, 17.05.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №1-1/407 - ვებგვერდი, 15.11.2024 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის ბრძანება №1-1/169 - ვებგვერდი, 15.05.2025 წ.
 

მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სისტემა შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.

2. ცენტრალური აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

3. ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) კვლევებისა და დაგეგმვის სამსახური;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ე) შიდა ტურიზმის სტიმულირების სამსახური;

ვ) ბრენდის განვითარების სამსახური;

ზ) საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამსახური;

კ) საინფორმაციო მომსახურების სამსახური;

ლ) ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლებთან ურთიერთობის სამსახური;

მ) ხარისხის განვითარების სამსახური;

ნ) ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ო) (ამოღებულია - 17.04.18 №1-1/190);
პ) საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო. 

ჟ) ტურისტული ადგილების განვითარების დეპარტამენტი.

4. ადმინისტრაციის ცენტრალურ აპარატში, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, იქმნება სათათბირო ორგანოები – მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საბჭო და მარკეტინგული საბჭო. სათათბირო ორგანოები იკრიბებიან საჭიროების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს კვარტალში ერთხელ  და მათ შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კურატორი მოადგილე და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოებში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები. სათათბირო ორგანოების შემადგენლობა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოებია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები.

6. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოები იქმნება ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, კონკრეტული გრძელვადიანი მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

7.  ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საფინანსო სამმართველო:

ა.ა) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; 

ა.ბ) ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ა.გ) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების რაციონალური და ეკონომიკური გათვლა, მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;

ა.დ) შრომის ანაზღაურების გაანგარიშება და გაცემა;

ა.ე) ფინანსური ანგარიშების მომზადება;

ა.ვ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:

ბ.ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ.ბ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

ბ.გ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა-წარმოება;

ბ.დ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის ორგანიზება;

ბ.ე) ადმინისტრაციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;

ბ.ვ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ.ზ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და კარიერის მართვა;

ბ.თ) ადმინისტრაციაში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;

ბ.ი) ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ.კ) ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება დადგენილი წესით, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ბ.ლ) ადმინისტრაციაში შექმნილი და ოფიციალურად შემოსული დოკუმენტების საარქივო აღრიცხვის, მოწესრიგების, დაცვის უზრუნველყოფის, გამოყენებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შენახვის ორგანიზება;

გ) სამეურნეო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:

გ.ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება;

გ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერება, კორექტირება და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

გ.გ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი შესყიდვის საშუალებებისა და სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ.დ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა;

გ.ე) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზება, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; 

გ.ვ) ადმინისტრაციის საქმიანობის სამეურნეო, ტექნიკური და მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფა;

გ.ზ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა, დაცვა, ექსპლუატაცია და ამ ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

გ.თ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, მათი ტექნიკურად გამართვის, ავტოსათადარიგო ნაწილებით, საწვავითა და საცხებ-საპოხი მასალებით ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ.ი) ადმინისტრაციის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;

გ.კ) ელექტროქსელის, წყალმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, სველი წერტილებისა და სალიფტე მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ.ლ) სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

8. კვლევებისა და დაგეგმვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ადმინისტრაციის საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვლევების ჩატარება;

გ) ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების ამსახველი ანალიტიკური ნაშრომების მომზადება/გამოცემა;

დ) კვლევების მეთოდოლოგიის მუდმივი დახვეწა;

ე) ტურიზმის სფეროში სტატისტიკის სწორი წარმოების მიზნით სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება;

ვ) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების ორგანიზება და მონიტორინგი;

ზ) სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა ფართო საზოგადოებისათვის;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონაწილეობა.

9. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, საზოგადოებასთან ურთიერთობის არხების განვითარება;

ბ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდება;

გ) სხვა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა კოორდინირებული მუშაობის მიზნით;

დ) მასმედიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა;

ე) ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მათი შემდგომში გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

ზ) მედია სივრცის, ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიის, ინტერნეტპორტალების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება;

თ) ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

ი) ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების დაგეგმვა და ორგანიზება.

10. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა;

ბ) სამინისტროებსა და უწყებებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება;

გ) ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადების ორგანიზება და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმართვა; 

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროექტების წარდგენა;

ე) ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ვ) საერთაშორისო ღონისძიებებსა და მთავრობათაშორის კომისიებში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაციებისათვის საპროტოკოლო საკითხების უზრუნველყოფა.

11. შიდა ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შიდა ტურიზმის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) ქვეყნის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;

გ) შიდა ტურისტული ნაკადის ზრდის მიზნით ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვა (კულტურული, სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა) და განხორციელება;

დ) ქვეყნის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;

ე) ტურისტული ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში თანამონაწილეობა (სახალხო დღესასწაულები, ფესტივალები და სხვა);

ვ) შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში არსებული მედიის წარმომადგენლის, ბლოგერების, ტურ-ოპერატორების, ფოტოგრაფებისა და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების მიზნით შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურების მოწყობა ქვეყნის ტერიტორიაზე;

თ) სახელმწიფოს ან/და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, მათ შორის მათი დაფინანსების გზით. თითოეულ ღონისძიებაზე დაფინანსება გაიცემა საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

12. ბრენდის განვითარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრენდის ჩამოყალიბება/განვითარება;

ბ) ტურისტული პროდუქტების ბრენდის ჩამოყალიბება/განვითარება;

გ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე;

დ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით კომუნიკაციის არხების/მეთოდების განსაზღვრა და განხორციელება მიზნობრივი ბაზრების მიხედვით;

ე) ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ნუსხის შედგენა, დაგეგმვა და მონაწილეობა;

ვ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით, პრეზენტაციების, პრესკონფერენციებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების მოწყობა;

ზ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მისი წარმოჩენის მიზნით, საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებისა და ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების პროპაგანდა, დაგეგმილ პრეზენტაციებში, პრესკონფერენციებსა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებსა და მარკეტინგულ კამპანიებში შესაბამისი ინფორმაციის/რეკლამის ინტეგრირების გზით;

თ) ტურისტული პროდუქტების, პროექტებისა და საქართველოს შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და სხვა) მომზადებისა და მასიური არხებით გავრცელების ორგანიზება/თანამონაწილეობა; 

ი) ტურისტული პროდუქტების, პროექტებისა და საქართველოს შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალაში ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის/რეკლამის ინტეგრირება;

კ) არსებული ტურისტული ვებგვერდების პერიოდული განახლება, საჭიროების შემთხვევაში ახლის შექმნა;

ლ) საქართველოს ტურისტული ბრენდის განვითარების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;

მ) ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობების ფარგლებში ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი შესყიდვისთვის ჩასატარებელი ბაზრის გამოკვლევის წარმოება/მონაწილეობა, სამეურნეო და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინირებულად. 

13. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით საჭირო კონტაქტების დამყარება და ურთიერთობების განვითარება;

ბ) სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

გ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით უცხოელი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ცნობადი სახეების საქართველოში მოწვევა, ჩამოყვანა, მასპინძლობა და მარკეტინგული მომსახურებების ორგანიზება;

დ) პრესტურების შედეგად ჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების მიერ მომზადებული მასალების მოძიება და დაარქივება;

ე) უცხოელი ტუროპერატორებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების საქართველოში მოწვევა და მასპინძლობა;

ვ) საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობა;

ზ) საერთაშორისო ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.

14. იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა;

ბ) ადმინისტრაციის უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;

გ) ადმინისტრაციის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

დ) ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ვიზირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში და ადმინისტრაციის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება;

ი) დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

კ) ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება.

15. უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების გამოსავლენად ინფორმაციის წყაროების განსაზღვრა;

ბ) სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, დახარისხება და ანალიზი.

 გ) ტურიზმის სფეროში არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება;

დ) შესაბამისი უწყებების ინფორმირება და მათ მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

ე) საინფორმაციო ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება.

16. საინფორმაციო მომსახურების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ბ) ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;

გ) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ერთიანი საინფორმაციო ქსელით უზრუნველყოფა;

დ) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნის უზრუნველყოფა.

17. ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლებთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ბაზის მუდმივი განახლებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება;

ბ) ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივ მიმწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;

გ) ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ტურიზმში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

დ) ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების და სხვადასხვა ღონისძიების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება;

ე) ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების იდეების/კომენტარების შეგროვება და შესაბამისი რეაგირება;

ვ) ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივ მიმწოდებლებთან ურთიერთობის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება.

18. ხარისხის განვითარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ბ) ხარისხის ნიშნის შემუშავების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დატრენინგებული ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება;

დ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფა;

ე) ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ხარისხის გაუმჯობესების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელება;

ვ) ტურიზმთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის აღმოჩენა.

19. ტურისტული პროდუქტის და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ტურისტული რესურსისა და პოტენციალის კვლევა;

ბ) ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების განვითარება;

გ) არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების დივერსიფიკაცია;

დ) მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში/რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;

თ) პროდუქტის განვითარების გეგმის ჩამოყალიბების მიზნით საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურების მოწყობა ქვეყნის ტერიტორიაზე.

20. (ამოღებულია - 17.04.18 №1-1/190).

21. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა;

ბ) საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება. მონაცემთა ბაზის წევრებთან თანამშრომლობისას, ბიურო მოქმედებს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობის სახელმძღვანელოს ფარგლებში. საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანება ხდება ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანების კრიტერიუმების შესაბამისად;

გ) საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ტენდერების და განაცხადების (ბიდები) მოძიება, საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის წევრებისათვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი მასალის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება;

დ) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა  საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე;

ვ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით კომუნიკაციის არხების/მეთოდების განსაზღვრა და განხორციელება მიზნობრივი ბაზრების მიხედვით;

ზ) შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ნუსხის შედგენა, დაგეგმვა და საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით მონაწილეობა;

თ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით, საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციების, პრესკონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა/თანამონაწილეობა;

ი) საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანაში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობა. მიზნობრივ ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და შეხვედრების გამართვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პირების, მათ შორის, ადგილზე ინსპექტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების საქართველოში მოწვევის, ჩამოყვანისა და მასპინძლობის უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, შესაბამისი სარეკლამო საინფორმაციო მასალის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და სხვა) მომზადებისა და მასიური არხებით გავრცელების ორგანიზება/თანამონაწილეობა;

მ) შესაბამისი ვებგვერდების შექმნა და პერიოდული განახლება;

ნ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის განვითარების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;

ო) საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა.

22. (ამოღებულია - 17.04.19 №1-1/189).

23. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

ა) ტურზმის საინფორმაციო ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა.ა) ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ა.ბ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ანგარიშვალდებულია საინფორმაციო მომსახურების სამსახურის წინაშე;

ა.გ) ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული  მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;

ა.დ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება.

ბ)  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ანგარიშვალდებულია საინფორმაციო მომსახურების სამმართველოს  წინაშე.

24. ტურისტული ადგილების განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო:

ა.ა) ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგლამენტის შემუშავება/დანერგვა;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

ა.გ) არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის შექმნა;

ა.დ) არსებული ინფრასტრუქტურის მართვა და განახლება.

ბ) ტურისტული ადგილების კვლევისა და ანალიზის სამმართველო:

ბ.ა) ტურისტული ადგილების ბაზის წარმოება და განახლება;

ბ.ბ) ახალი ტურისტული შეთავაზების განვითარების ან არსებულის დივერსიფიკაციის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების (მათ შორის, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა) იდენტიფიცირება და არსებული მდგომარეობის შეფასება;

ბ.გ) სივრცითი დაგეგმარების, ურბანული განვითარების, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ბ.დ) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ.ე) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

გ) ტურისტული ადგილების დაგეგმვისა და განვითარების სამმართველო:

გ.ა) იდენტიფიცირებული ახალი ტურისტული ადგილების განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კვლევების განხორციელება და განვითარების კონცეფციების (კონცეპტუალური დიზაინი) მომზადება; 

გ.ბ) ტურისტული ადგილების განვითარებისათვის შესაბამისი გეგმებისა და დოკუმენტების მომზადება, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციირება და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვა;

გ.გ) დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციის შესაბამის სამმართველოებთან და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა;

გ.დ) ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №1-1/15 - ვებგვერდი, 16.01.2017 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 აპრილის ბრძანება №1-1/190 - ვებგვერდი, 20.04.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 აპრილის ბრძანება №1-1/189 - ვებგვერდი, 19.04.2019 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 9 მარტის ბრძანება №1-1/122 - ვებგვერდი, 11.03.2020 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1-1/461  - ვებგვერდი, 21.11.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის ბრძანება №1-1/125 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1-1/415 - ვებგვერდი, 24.11.2025 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/488 - ვებგვერდი, 31.12.2025 წ.

 

მუხლი 5. ადმინისტრაციის დაფინანსება

ადმინისტრაციის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა)შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

დ) საწევროები და შენატანები;

ე)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

 

მუხლი 6. ადმინისტრაციის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის შესახებ”  საქართველოს  კანონის  შესაბამისად,  სამსახურისათვის  ქონების  გადაცემა,    ასევე  სამსახურის  მიერ ქონების  გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის   ქონებას   შეადგენს   ძირითადი   საბრუნავი   საშუალებები,   აგრეთვე   სხვა   მატერიალური ფასეულობა.

 

მუხლი 7. ადმინისტრაციის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ადმინისტრაციამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის და დანამატებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ადმინისტრაციას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ადმინისტრაციის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

 

მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება

1. ადმინისტრაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს ადმინისტრაცია.

 

მუხლი 10. დებულებაში ცვლილების  შეტანის წესი

დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11. ადმინისტრაციის ლიკვიდაცია

ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/642, 21.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016474 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3438759-13/