საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2016 ძალადაკარგული 12.02.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№639
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.019706
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №639

2016 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ლ) ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

მ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ნ) სსიპ – აწარმოე საქართველოში დირექტორის მრჩეველი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ო) სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

პ) სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ჟ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №470 - ვებგვერდი, 18.09.2018წ.

+
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  დებულება. 
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.         

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი

საკოორდინაციო საბჭოს დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის განვითარების პროცესს და შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები

 საბჭოს ფუნქციებია:

ა)       საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის განახლების მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება;

ბ) სტრატეგიის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებით,  საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა;

გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და შედეგების შესრულების პროცესზე უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა;

დ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაციის გზით, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი;

ე) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებებიდან მიღებული ანალიზის ინტეგრაციის საფუძველზე, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;

ვ) სტრატეგიის შეფასების კოორდინაცია, მათ შორის, სტრატეგიის შეფასების პარამეტრების/კითხვების განსაზღვრა, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. საბჭოს უფლება-მოვალეობები

1. დასახული ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

ბ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ კონკრეტულ საკითხებზე კონსულტაციის მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და სათანადო წინადადებების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი (მათ შორის, სტრატეგიის შეფასების სპეციალური ჯგუფი) შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების ან/და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

დ) კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და დაამტკიცოს მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები;

ე) ითანამშრომლოს სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ უწყებებთან.

2.  საბჭო ვალდებულია:

ა) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

ბ) საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, კერძო სექტორსა და ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.

მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. საბჭოს სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

3. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს, საბჭოს მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

7. საბჭოს სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

10. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.

11. საბჭო სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და საბჭოს სხდომაზე შესაბამისი შედეგების წარდგენას.

12. საბჭო ნიშნავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის მუშაობასა და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებაზე.

13. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. ოქმში უნდა აისახოს საბჭოს ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

14. საბჭოს სხდომის ოქმსა და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს ამზადებს საბჭოს მდივანი.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოსა და ჯგუფ(ებ)ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა

 საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

       

 

 

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №639, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019706 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3529883-1/