ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2017 ბოლო ცვლილება 21.02.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.019914
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმა.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 20.03.2020წ.

+
ადმინისტრაციული ხელშეკრულება

ერთი მხრივ, საჯარო დაწესებულება (სახელი) (შემდგომში − დაწესებულება), წარმოდგენილი  ------- შესაბამისი თანამდებობის პირის     ------- სახით და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ფიზიკური პირი (შემდგომში − ხელშეკრულებით დასაქმებული პირი), ვმოქმედებთ რა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, 82-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ვდებთ წინამდებარე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას (შემდგომში − ხელშეკრულება) შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანია, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება.

1.2. მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებს საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (თანაშემწის, მრჩევლის, უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლის) თანამდებობას, ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას, ან მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის/მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სხვა თანამდებობას.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფუნქციები

2.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო აღწერილობა შეიცავს (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთს ან რამდენიმე პირობას):

2.1.1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემას.

2.1.2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას.

2.1.3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებას.

2.1.3​1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.1.3​2.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.1.3​3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება შესაძლებელია, დაეკისროს სხვა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ან მოხელეს, კომპეტენციის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2.1.4. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს:

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________.

2.1.5. მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა)  შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს:

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

2.1.6. საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.

2.2. საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერილობას დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 3. დაწესებულების უფლება-მოვალეობები

3.1. დაწესებულებას უფლება აქვს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელშეკრულებით დასაქმებული პირი გაგზავნოს სამსახურებრივი მივლინებით, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის ფარგლების გარეთ.

3.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.3. დაწესებულებას უფლება აქვს, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება; ფასიანი საჩუქრის მიცემა, ფულადი ჯილდო.

3.4. დაწესებულება ვალდებულია, გააცნოს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შინაგანაწესი და მისი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცეს იგი. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასტურდება შინაგანაწესის გაცნობის ფაქტი.    

3.5. დაწესებულება ვალდებულია, შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, აგრეთვე უზრუნველყოს ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

3.6. ხელშეკრულების მხარეთა შორის ურთიერთობები, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე ხელშეკრულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 4. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები

4.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.

4.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც უნდა განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

4.2.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს.

4.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დასვენების დრო და უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით − „საქართველოს შრომის კოდექსით“.

4.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე.

4.3.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დასაქმებულის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური  სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

4.3.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

4.3.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით.

4.3.4. საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.3.5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ორსულთა და მეძუძურ დედათა სამუშაო და დასვენების საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.4. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

4.4.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე წლიდან ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა.

4.4.2. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

4.4.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში, შვებულების პერიოდულობა დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.

4.5. (ამოღებულია - 31.12.2024, №482).

4.6. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.7. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საჯარო სამსახურში საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნას პროფესიული კავშირი ან იყოს მისი წევრი.

4.7.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, არჩეულ იქნეს პროფესიული კავშირის მართვის ორგანოებში და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში ანაზღაურების გარეშე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს.

4.8. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურში მის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.8.1. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის პირად საქმეს და ფაქტობრივი გარემოების შეცვლის შემთხვევაში, მოითხოვოს მასში ცვლილების შეტანა.

4.8.2. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.8.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით და გაასაჩივროს მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.9. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან, საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

4.10. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

4.10.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.

4.10.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

4.10.3. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისთვის.

4.11. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ:

4.11.1. განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4.11.2. განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს.

4.11.3. განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს.

4.11.4. განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის.

4.11.5. განკარგულება მიმართულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4.11.6. განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.

4.12. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია: საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს; უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის დაინტერესებულ პირზე გაცემა ან/და ხელი შეუწყოს მის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს.

4.13. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის   50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

4.14. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილება რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით განახორციელოს და რაციონალურად გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ქონება, რომელიც დაწესებულების გამართულ საქმიანობას ემსახურება.

4.14.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ  უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია, ჩაიბაროს ქონება.

4.14.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, სამუშაო დრო ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენოს.

4.14.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ საჯარო დაწესებულების ქონებისა და სხვა რესურსების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4.15. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულება განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.16. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების საკითხები ვრცელდება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 02.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.
მუხლი 5. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

5.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება:

5.1.1. შვებულების დროს.

5.1.2. დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

5.1.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებულის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში.

5.1.4. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.1.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო  სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.1.6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მოთავსებისას, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში,  შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.

5.1.7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

5.1.8. კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

5.2. ამ ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება. სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა:

5.2.1. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

6.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას.

6.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 7. შრომის ანაზღაურება

7.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და შეადგენს --- ლარს.

7.2. შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

7.3. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობა, შრომის ანაზღაურება და აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.

7.4. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.

მუხლი 8.  ხელშეკრულების შეწყვეტა

8.1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

8.1.1. ხელშეკრულების ვადის გასვლა.

8.1.2. ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება.

8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა;

8.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება.

8.1.5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.1.6. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.

8.1.7. მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

8.1.8. სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.

8.1.9. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება.

8.1.10. გარდაცვალება.

8.1.11. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა.

8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

მუხლი 9. დავის სამართლებრივი გადაწყვეტა

წინამდებარე ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

10.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად და თითო ეგზემპლარი ინახება ხელშეკრულების მხარეებთან. ხელშეკრულების ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

10.2. მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ნებისმიერი შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი შეთანხმება ძალას კარგავს ამ ხელშეკრულების ამოქმედებიდან.

10.3. ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი მხარეები ადასტურებენ თანხმობას მის შინაარსზე.

 

             დაწესებულება:                         ხელშეკრულებით დასაქმებული პირი:

 

---------------------------------------                  ---------------------------------------

                (ხელმოწერა)                                                    (ხელმოწერა)     


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“, №205, 25.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019914 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3648162-4/