გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.06.2017 ძალადაკარგული 22.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№286
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.019995
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2017 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი;

სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი;

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომისიის წევრი;

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

2. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს;

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს ან  საბჭოს წევრს;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან მდივანს;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს;

სსიპ  – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ან მის მოადგილეს;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს;

ა(ა)იპ – კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ან მის მოადგილეს;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ან წევრს.

3. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №94 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.
+
მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ უწყებებს  ეთხოვოთ, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს ამავე  დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ უწყებათაშორისი კომისიის წევრის კონკრეტული კანდიდატურები და ასევე ექსპერტულ დონეზე მონაწილე პირები.

2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული კომისიის წევრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიის თავმჯდომარეს.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.

+
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება. 
+
მუხლი 4
„ნორმატიული  აქტების   შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №630 დადგენილება.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. უწყებათაშორისი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. უწყებათაშორისი კომისია იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

4. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა

1. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მასში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებები/ორგანიზაციები.

3. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან უწყებათაშორისი კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.
მუხლი 3. საკონსულტაციო ჯგუფი

1. უწყებათაშორის კომისიასთან შეიძლება შეიქმნას  საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  საკონსულტაციო ჯგუფის მოვალეობა იქნება უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების მომზადება.

2. (ამოღებულია - 25.03.2019, №155).

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №81 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
მუხლი 3​1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაციაში.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.

მუხლი 4. უწყებათაშორისი კომისიის ამოცანები

უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის  სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების  მიმართულებით სამუშაოების კოორდინაცია;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში გენდერული „მეინსტრიმინგის“ განხორციელების წახალისება;

დ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებში პოლიტიკისა  და სამოქმედო გეგმების  განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;

ე) სქესის ნიშნით „სეგრეგირებული“ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ხელშეწყობა;

ვ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენა;

თ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების   განხორციელების საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა  არასამთავრობო სექტორსა და ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;  

ი) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელების სფეროში არსებული მდგომარეობის  შესწავლა და მონიტორინგი;

კ) საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) მაკოორდინირებელი ფუნქციის შესრულება, რომლის საფუძველზეც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომლებიც მიმართულია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.

მუხლი 5. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება და ვალდებულებები

დასახული ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია:

ა) უფლებამოსილია, გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების   განხორციელებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; 

ბ) უფლებამოსილია, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით;

გ) უფლებამოსილია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებსაც წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;

დ)  უფლებამოსილია, შეითავსოს ოფიციალური მაკოორდინირებელი ორგანოს როლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციით მოცემული ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისა და დამარცხებისკენ;

ე) ვალდებულია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა, მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან ერთად განსახილველად წარედგინება ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოს, ხოლო არაუგვიანეს 31 მარტისა – საქართველოს პარლამენტს. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში საჯაროა;

ვ) უფლებამოსილია, განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №81 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.
მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს წარმართავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.

2. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის მდივანს.

3. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ  წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.   

4. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ შეიძლება მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს.

6. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი.

7. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7 ​1. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. ამ შემთხვევაში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის  მეშვეობით, უწყებათაშორისი კომისიის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უწყებათაშორისი კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

8. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

9. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს საკონსულტაციო და სამუშაო ჯგუფების სხდომა. 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №81 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.

მუხლი  7.  უწყებათაშორისი კომისიის მდივანი

1. უწყებათაშორის კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.

2. უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომისიის მუშაობას, ამზადებს კომისიის სხდომებს, ადგენს სხდომის ოქმებს, ასევე  ახდენს უწყებათაშორის კომისიასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ტექნიკურ უზრუნველყოფას და უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 18.03.2024წ.

მუხლი 9. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

უწყებათაშორისი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №286, 12.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019995 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3698004-5/