მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2017 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№30/2017
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 144-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №24/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.


+
მუხლი 1
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №24/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

+
მუხლი 2
საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით  დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №24/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

+
მუხლი 3
1. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თუ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

+
მუხლი 4
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
+
მუხლი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
+
მუხლი 6
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს, თუ:

ა) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ბ) არასრული ან არასწორია ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და  გათვალისწინებული მონაცემები;

გ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

დ) არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

ე) დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

ვ) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №24/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

+
მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“, №30/2017, 21.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016344 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3785457-1/