ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2017 ძალადაკარგული 28.05.2025
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016411
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


+
მუხლი 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

 

+
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.

/დებულება წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
+



დანართი

ქალაქ  ქუთაისის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს დებულება

+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1
1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ, საბჭო).

2. საბჭო იქმნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.


+
თავი II
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

+
მუხლი 2
საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.
+
მუხლი 3
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, პროექტების ანალიზი;

გ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის რეკომენდაციის წარდგენა;

დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება–დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე, წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;

ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


+
თავი III
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

+
მუხლი 4
1. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.

2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილის, მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან.

3. საბჭოს რაოდენობა შეადგენს 21 წევრს, რომლის პერსონალურ შემადგენლობას, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მიერ განსაზღვრული გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ექსპერტები.

5. საბჭოს წევრის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას ან/და მუშაობის გამოცდილებას. სასურველია, საბჭოში დაცული იყოს გენდერული ბალანსი. 

6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად მოწვეული უნდა იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა საბჭოს მთლიანი შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

6​1. საანგარიშო წლის ბოლოს ფასდება საბჭოს წევრის ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში (დასწრების მაჩვენებელი, ინიციატივების გენერირება). შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საბჭო მსჯელობს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით დასაბუთებულ მოსაზრებას, რომლის საფუძველზეც საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

6​2. საბჭოში მოწვეული ექსპერტის უფლებამოსილების შეწყვეტისას, საბჭოს შემადგენლობაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, საბჭოში ახალი წევრის მოწვევის მიზნით, საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს ღია შერჩევას ელექტრონული განაცხადის შევსების ფორმით. ღია შერჩევის საფუძველზე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, საბჭო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას ახალი წევრის მიღების თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს ახალ შემადგენლობას და დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

6​3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;

ვ) მერის მიერ განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;

ზ) გარდაცვალების შემთხვევაში;

თ) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 6 ​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში.

7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №65 - ვებგვერდი, 02.10.2018წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №68 - ვებგვერდი, 02.11.2018წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 24.02.2022წ.


+
თავი IV
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი

+
მუხლი 5
1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

5. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.

6. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 

7. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 24.02.2022წ.

+
მუხლი 6
საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, ირჩევს საბჭო. მდივანი, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საკრებულოს აპარატთან კოორდინაციით, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №65 - ვებგვერდი, 02.10.2018წ.


+
თავი IV​1
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.


+
მუხლი 6​1
1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ინფორმაციის გაცვლისა და ღია დიალოგის უზრუნველსაყოფად, ვალდებულია აუდიტორიისა და გარემოს შესაბამისად, შეარჩიოს საუბრის ენა, ტონი, სტილი და ფორმატი.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, განურჩევლად გამოხატვის ფორმისა და ადგილისა, ვალდებულია კორექტული და თავაზიანი იყოს იმ პირთა  მიმართ,  რომლებიც  მას  მიმართავენ საბჭოს საქმიანობის ფარგლებში. დაუშვებელია პირადი შეხედულებების საბჭოს მანდატისათვის მიუღებელი აგრესიული და არატოლერანტული, სიძულვილის ენით გამოხატვა.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივისცემით  ეპყრობა საქართველოსა  და  სხვა სახელმწიფოს  მოქალაქეებს,  განურჩევლად  რასისა,  ენისა,  სქესისა,  რელიგიისა, პოლიტიკური  და  სხვა  შეხედულებებისა,  ეროვნულ-ეთნიკური  და  სოციალური  კუთვნილებისა,  წარმოშობისა,  ქონებრივი  და  წოდებრივი  მდგომარეობისა  და  საცხოვრებელი  ადგილისა. არ უშვებს დისკრიმინაციას რასის, სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის მიმართ.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ჰომოფობიური განცხადებებისაგან. გენდერული საბჭო მხარს უჭერს პროფესიონალიზმს და კომპეტენციას.

5. გენდერული თანასწორობის საბჭო ხელს უწყობს საერთაშორისო და ნაციონალური კანონების დამკვიდრებას, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით, გენდერულ თანასწორობას, ადამიანთა მდგრად განვითარებას, სიღარიბის დაძლევას და სოციალურ სამართლიანობას. ამასთან ერთად, პატივს სცემს უფლებებს და ღირსებას ყველა ადამიანის მიმართ.

6. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ცდილობს, თავიდან აირიდოს საბჭოს წევრისათვის შეუფერებელი საქციელი და ამგვარი საქციელის გამოვლენისას მზად არის მოიხადოს ბოდიში.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.

+
მუხლი 6​2
1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივს სცემს საბჭოს სხვა წევრების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა საბჭოს წევრის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პირველ რიგში განიხილავს უშუალოდ ამ წევრთან.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას გენდერული თანასწორობის საბჭოს ავტორიტეტი, საზოგადოებრივი  ინტერესები და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის წესები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია არ დაუშვას  საბჭოს სხვა წევრთა შეურაცხყოფა  და  უპატივცემულობა  მათი  განსხვავებული  პოზიციის  გამო.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საერთო დავალების შესრულებისას, ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას, ასევე, ჯგუფის ინტერესებს აყენებს პირად ინტერესებზე მაღლა.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.

+
მუხლი 6​3
1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მიერ დანართის ამ თავის 6​1 და 6​2 მუხლების დარღვევის შემთხვევებზე, საბჭოს თავმჯდომარის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ინიციატივის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შემოსული წერილობითი მომართვის საფუძველზე, საბჭოს შემადგენლობა ყველა დაინტერესებულ პირთან დიალოგის შემდგომ მსჯელობს ამავე საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და საბჭოს დამსწრე წევრთა წერილობითი დასაბუთებული მოსაზრების საფუძველზე საბჭოს თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. (ამოღებულია - 27.11.2 019, №129).

3. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ თავით განსაზღვრული ნორმების დარღვევის საკითხს განიხილავს დაუყოვნებლივ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №129 - ვებგვერდი, 03.12.2019წ.


+
თავი V
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

+
მუხლი 7
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №8, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016411 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3959768-5/