კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.01.2018 ბოლო ცვლილება 10.11.2023
ნომერი
№1/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №1/04

2018 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

 

კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.

+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
+



კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების, მიკრობანკებისა და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისათვის (შემდგომში – ბანკი) ნაღდ ფულსა (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტა) და სხვა ფასეულობასთან (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები) დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ზოგად წესებს.

2. ბანკი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაკავებულ პირთა ფუნქციებს, პასუხისმგებლობას, ასევე უზრუნველყოფენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაციას და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვას.

3. ბანკი, რომელიც თავის საბანკო ოპერაციებში იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას, ვალდებულია შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილ ზოგადი წესების დაცვას, ისე რომ შენარჩუნებულ იქნეს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაცია და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვის ის ხარისხი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ ოპერაციის განხორციელებისას მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში.

4. ბანკში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის სამუშაო რეჟიმს კონკრეტული ერთეულისათვის განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა.

5. ბანკის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც განისაზღვრება ბანკის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებით. ბანკის მიერ ფასეულობის დაზღვევის შემთხვევაში კი აღნიშნული პირობები განისაზღვრება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან, ისე სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ბანკების დაცვა უნდა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

6. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად სალაროს კვანძის მოწყობა რეკომენდებულია განხორციელდეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

7. ბანკს შეუძლია განახორციელოს საკუთარი და ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტურის ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები საკუთარი ან სხვა საინკასაციო სამსახურების საშუალებით, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

8. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან მომუშავე პირების მატერიალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება ბანკის ხელმძღვანელობასა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

9. ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას ბანკი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით.

10. ბანკებში ლარის ბანკნოტების და მონეტების დამუშავება-დახარისხებაზე კონტროლს, ასევე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების შემოწმებას ახორციელებს  ეროვნული ბანკი.

11. ბანკი ვალდებულია:

ა) ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებისა);

ბ) ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხოს კონტროლის მექანიზმის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც დაცული უნდა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობის, ოპერატიულობის, თანმიმდევრულობისა და ყოველდღიურობის პრინციპი ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოპერაციის იდენტიფიცირება მის ყოველ ეტაპზე.

12. ეროვნული ბანკი ბანკებთან, ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შემდეგი სახის ოპერაციებს:

ა) ნაღდი ფულის გაცემას მათ საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში;

ბ) ნაღდი ფულის მიღებას საკორესპოდენტო ანგარიშზე ასახვის მიზნით;

გ) მკაცრი აღრიცხის ფორმების გაცემას, ასევე გაუქმებული ან გამოუყენებელი ფორმების მიღებას;

დ) მათ მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიღებას ექსპერტიზის მიზნით.

13. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკიდან საექსპერტოდ მიღებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობისა და ნამდვილობის დადგენას, ხოლო უცხოურ ვალუტაზე – მხოლოდ ნამდვილობის დადგენას.

14. ეროვნულ ბანკი ბანკის მომსახურების მიზნით, უზრუნველყოფს ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის რეგისტრაციას „ნაღდი ფულის და ფასეულობის შესახებ განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ (შემდგომში – „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“).

15. ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს  ეროვნული ბანკის „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ რეგისტრირებული მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაცვა. „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ბანკის მომხმარებლის სახელით განხორცილებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს.

16. ბანკი ეროვნულ ბანკს წინასწარ, წერილობითი ფორმით, უგზავნის ინფორმაციას იმ უფლებამოსილი პირებისა და ავტომანქანების შესახებ, რომელთა მეშვეობით ეროვნულ ბანკში ან ეროვნული ბანკიდან განხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის ინკასირება. ასევე ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური, გადასახდელად უვარგისი ეროვნული და შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გატანის შესახებ მინდობილობის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერის ნიმუშს. ბანკი ვალდებულია მოწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება აცნობოს ეროვნულ ბანკს.

17. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ბანკისათვის მართვის მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული პირადი ნომრის შემცველი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას, ბანკი ვალდებულია, ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თანხმობის საფუძველზე, ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია განახორციელოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 2. ბანკის სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრება
1. ბანკის სალაროს კვანძი მოიცავს ფასეულობათა საცავს, სალაროებს, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის ოთახებს. ცალკეული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, სალაროს კვანძში ფასეულობათა საცავის, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის სათავსის მოწყობის აუცილებლობას განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა.

2. სალაროს კვანძი უნდა განთავსდეს ბანკის სხვა სათავსებისაგან იზოლირებულად ისე, რომ გამოირიცხოს მასში იმ პირების შესვლის შესაძლებლობა, რომლებიც სალაროს ქვედანაყოფის თანამშრომლებად არ ითვლებიან. ფასეულობათა საცავის გარსი არ უნდა ესაზღვრებოდეს გარე სივრცეს ან სხვა შენობას. იმ შემთხვევაში, თუ იგი ესაზღვრება გარე სივრცეს ან სხვა შენობას, საცავის გარსი უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი სიგნალიზაციის საშუალებებით.

3. სალაროს მუშაკის სამუშაო ფართობი კლიენტისაგან გამოიყოფა ტყვიაგაუმტარი მინის სარკმლისა და ფულის გადასაცემი მოწყობილობის (ხონჩა ან ბუნკერი) შემცველი ტიხრით (ისე, რომ შესაძლებელი იყოს კლიენტის მიერ ფულის გადათვლის ვიზუალური კონტროლი). სალაროს მუშაკების სამუშაო ფართობი ერთმანეთისგან გამოიყოფა ტიხრით.

4. ფასეულობათა საცავის კარები უნდა იყოს ჯავშნიანი და უნდა იკეტებოდეს არანაკლებ ორი საკეტით. ჯავშნიანი კარების გარდა საცავის კარის ჭრილში ყენდება ცხაურის კარი, რომელიც იღება შიგნით და იკეტება ორივე მხრიდან.

5. სალაროს კვანძის ფასეულობათა საცავის გარსის, სალაროს კვანძში შესასვლელი კარის და ფასეულობათა საცავის კარების ტექნიკური გამაგრებისა და ცეცხლგამძლეობის პირობები, ასევე ტყვიაგაუმტარი მინის სიმტკიცე უნდა უზრუნველყოფდეს როგორც მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას, ისე ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მაქსიმალურ დაცვას.

6. სალაროს კვანძის მოწყობისას და ტექნიკური გამაგრებისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ევრო სტანდარტებით დადგენილი ნორმები.

7. ცალკეული ერთეულის სპეციფიკიდან და დაცულობიდან გამომდინარე, სალაროსა და კლიენტს შორის არასრული იზოლაციისა და მათი ერთ დარბაზში განთავსების მიზანშეწონილობას, ასეთ პირობებში ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს ბანკის ხელმძღვანელობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 3. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის საინკასაციო სამსახური
1. საინკასაციო მომსახურების განსახორციელებლად საინკასაციო სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნებით, მაშუქი და ხმოვანი სასიგნალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ინკასატორთა უსაფრთხოებისა და გადასატანი ფასეულობების დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტით.

2. ინკასაციის თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობითა და იარაღით, მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (ჯავშანჟილეტები და სხვ.).

3. საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები უნდა იყვნენ სათანადოდ ჯანმრთელნი, უნდა ჰქონდეთ გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შემოწმება და სპეციალური მომზადების კურსები, ასევე ნებართვა იარაღის ტარებასა და შენახვაზე. 


+
მუხლი 4. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა 
1. სალაროში ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემისას გამოყენებული დოკუმენტები (შემოსავალ-გასავლის საბუთები და სხვა) უნდა იძლეოდეს მომსახურე ბანკის, კოდის, ანგარიშის ნომრების, მიღებული და გაცემული თანხის (ციფრებით და სიტყვებით) ან სხვა ფასეულობის (აღწერილობით), ოპერაციის დანიშნულების და თარიღის დადგენის საშუალებას. აღნიშნული ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომსახურე ბანკის დასახელებას, გაყიდული ან შეძენილი ვალუტის დასახელებას, ოდენობას (სიტყვებით და ციფრებით), თარიღს და ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას, ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად შესრულებული ელექტრონული ხელმოწერით დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, თანხის ოდენობის აღმნიშვნელი ჩანაწერისას საკმარისია მიეთითოს  მხოლოდ ციფრები.

4. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესრულებისას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“   საქართველოს კანონის შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაცია სავალდებულო არაა, კონვერტაციის ოპერაციები შესაძლებელია აღირიცხოს რეესტრში, ცალ-ცალკე ოპერაციების მიხედვით.

5. ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტი დგება მინიმუმ ერთ ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა).

6. ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დამოწმებული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის კლიენტზე გადაცემა ხორციელდება მოთხოვნის შემთხვევაში.

7. ბანკს შეუძლია ნაღდი ფულის გაცემის ოპერაციები განახორციელოს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მეშვეობით, რომელთა დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესები რეგულირდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. იურიდიულ პირებს შეუძლიათ ნაღდი ფული შეიტანონ მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე.

9. დაუშვებელია კლიენტის მიერ სალაროში ფულის შემოტანის გარეშე თანხის მის ანგარიშზე ასახვა თანხის იმავდროულად გატანის მიზნით.

10. ნაღდი ფულის ინკასირების მიზნით, კლიენტისაგან დავალების (განაცხადის) მიღება შესაძლებელია დაცული ფორმის ელექტრონული (ინტერნეტ-ბანკი, ბანკი-კლიენტი და სხვა) საშუალებებით. ინკასაციის პროცესში თანხის მიღება-გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

11. ბანკს შეუძლია ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს ბანკომატისა და ფულის მიღება-გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უნდა იძლეოდეს ამონაბეჭდს, როგორც კლიენტისათვის გაცემული თანხის ოდენობის, ისე არსებული და ჩატვირთული ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ.

12. კლიენტის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის გადათვლისას ზედმეტობა-დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, ზედმეტობა უბრუნდება კლიენტს ან ჩაირიცხება მის ანგარიშზე, ხოლო გამოვლენილი დანაკლისის თანხა არ ექვემდებარება ანგარიშზე ასახვას.

13. კლიენტის მიერ შემოტანილ ფულში ან ინკასირებულ (მათ შორის, დაქვემდებარებული ობიექტებიდან) ნაღდ ფულიან ჩანთებში საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე) გამოვლენის შემთხვევაში, დგება ცნობა (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს (ან დაქვემდებარებულ ობიექტს), მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის.  ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 დღის განმავლობაში ატყობინებს ბანკს. ექსპერტიზის შედეგად:

ა) ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ხოლო ყალბი და/ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება;

ბ) ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება კლიენტს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კლიენტისათვის გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნება, ბანკი ფულის ნიშანს  ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

დ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე, ბანკის პასუხისმგებელი პირი ფულის ნიშანს ეროვნული ბანკიდან მიღებული ცნობის (შესაბამისად – დანართი №1 ან დანართი №2) ქსეროასლთან ერთად უბრუნებს ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც დასტურდება ბანკის პასუხისმგებელი პირის და კლიენტის ხელმოწერებით.

14. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ადგილზე ხდება ფულის ნიშნის გადასახდელად უვარგისად ცნობა, ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება:

ა) კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება კლიენტს. ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელიც ხელმოწერით დასტურდება ორივე მხარის მიერ. ცნობის ერთი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე – რჩება  ბანკს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის ფულის ნიშნის დაბრუნება, ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) ორ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სალაროს, მეორე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

გ) თუ კლიენტი უარს აცხადებს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის მიღებაზე,  ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №3) სამ პირად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად, ეგზავნება ეროვნულ ბანკს. ცნობაში კომენტარის სახით მითითებული უნდა იქნეს დაუბრუნებლობის მიზეზი, რაც უნდა დადასტურდეს ბანკის პასუხისმგებელი პირისა და კლიენტის ხელმოწერებით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი ექსპერტიზის შედეგად აღმოჩდა ვარგისი, შესაბამისი თანხა ექვემდებარება კლიენტისათვის ანაზღაურებას.

15. კლიენტს უფლება აქვს ბანკის სალაროდან მიღებული ნაღდი ფული გადაითვალოს ფურცლობით და ცალობით პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით. მიღებული ფულის გადათვლისას დანაკლისი ანაზღურდება, ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო ნაღდი ფული უბრუნდება სალაროს.

16. კლიენტის მიერ ფულის გადაუთვლელობის შეთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს მისი პრეტენზია დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №97/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 5. ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესი 
1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო სისტემაში მოქმედებს ამ მუხლში მოცემული ნაღდი ფულის (ბანკნოტებისა და მონეტების) ფორმირებისა და შეფუთვის ერთიანი წესი.

2. ბანკნოტებისა და მონეტების დახარისხება ხდება ვალუტების, ნომინალების, მოდიფიკაციის (ლარის ბანკნოტების/მონეტების შემთხვევაში) და ვარგისობის კატეგორიების მიხედვით ცალ-ცალკე.

3. ფულის ნიშნების შეფუთვა ხდება პოლიეთილენის პაკეტებში და მათ ფორმირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფორმირებელ მოლარეს (ბრიგადული სისტემის შემთხვევაში – მფორმირებელ ბრიგადას).

4. ბანკნოტების ფორმირება ხდება ნომინალების, მოდიფიკაციის და ვარგისობის კატეგორიების მიხედვით, ნეკნებად და კონებად. ერთი ნეკნი შეიცავს ერთი და იმავე ნომინალის ას ფურცელს, ხოლო ერთი კონა ათ ნეკნს. მონეტების ფორმირება ხდება ნომინალების მიხედვით. ერთ პაკეტში მოთავსებული ეროვნული ვალუტის მონეტების მაქსიმალური რაოდენობა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 2000 ცალი, 2 თეთრი – 1500 ცალი, 5 თეთრი – 1000 ცალი, 10 თეთრი – 1000 ცალი, 20 თეთრი – 800 ცალი, 50 თეთრი – 500 ცალი (ან 1000 ცალი), 1 ლარი – 500 ცალი, 2 ლარი – 500 ცალი, 10 ლარი – 500 ცალი.

5. ერთი და იმავე ნომინალის ბანკნოტების (ერთი და იმავე მოდიფიკაციის) სრული ნეკნები, რომელთაგან სრული კონების ფორმირება არ ხერხდება, შეიძლება შეიფუთოს არასრულ კონებად, რომლის ეტიკეტზე (ზედსადებზე) დამატებით აღინიშნება წარწერა ,,არასრული”.

6. სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტების სრული და არასრული ნეკნები შეიძლება დაფორმირდეს ნაკრებ კონებად, რომლის თითოეული ნეკნი არ უნდა შეიცავდეს ასზე მეტ ფურცელს. ნაკრები კონების ეტიკეტზე (ზედსადებზე) დამატებით აღინიშნება წარწერა ,,ნაკრები”.

7. მონეტების ფორმირება შესაძლებელია არასრულ და ნაკრებ პაკეტებად, რაზედაც შესაბამისად მიეთითება წარწერა -,,არასრული” ან ,,ნაკრები”.

8. ბანკნოტების კონებისა და მონეტების პაკეტის ეტიკეტზე (ზედსადებზე) უნდა მიეთითოს ვალუტის დასახელება, ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით), ბანკნოტების/მონეტების რაოდენობა, მთლიანი თანხა (ნაკრების შემთხვევაში დამატებით - თანხა ნომინალების მიხედვით), შეფუთვის თარიღი, მფორმირებელი პირის ხელმოწერა, ბანკის დასახელება და კოდი, ასევე შესაძლებელია მფორმირებელი პირის სახელის, გვარის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.

9. ბანკნოტებისა და მონეტების პოლიეთილენის პაკეტით შეფუთვა ხდება პაკეტის შედუღებით, რომლის ნაკერზეც ისმება კლიშეს ანაბეჭდი შემდეგი რეკვიზიტებით: ბანკის დასახელება და კოდი. 


+
მუხლი 6. ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები
1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები.

2. ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპებზე უნდა აღინიშნებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია მოლარის გვარის და სახელის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.

3. დასალუქ საშუალებებზე უნდა იკითხებოდეს რიგითი ნომერი, ბანკის კოდი ან დასახელება.

4. ფულადი საბუთების გასაფორმებელ ბეჭდებზე უნდა აღინიშნებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია სალაროს ტიპის და რიგითი ნომრის აღნიშვნა.

5. ინკასატორთათვის გამოსაყენებელ შტამპებზე უნდა იკითხებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ინკასატორის გვარი და სახელი ან რიგითი ნომერი.

6. ბანკებს შეუძლიათ დაამზადონ შტამპები წარწერით: „მოძველებული“, „ნაკრები“, „არასრული“, „საკონტროლო გადათვლა“, თარიღი და სხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 7. ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის მახასიათებლები და ფორმირება 
1. ეროვნულ ბანკში  ბანკებიდან ნაღდი ფულის მიღება და ეროვნული ბანკიდან ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა ხორციელდება კონტეინერების მეშვეობით.

2. კონტეინერის კონსტრუქცია უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კონტეინერის შიდა ზომა უნდა იყოს 345.5X345.5X185მმ, ხოლო გარე ზომა-395X395X200მმ;

ბ) ცარიელი კონტეინერის წონა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს, ხოლო დატვირთული კონტეინერი უნდა უძლებდეს მასში განთავსებული 35 კილოგრამი ტვირთის წონას;

გ) კონტეინერს უნდა გააჩნდეს ისეთი ფორმა, რომელიც გამორიცხავს მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში დაცურება/გადმოვარდნის შესაძლებლობას, უზრუნველყოფდეს 15 გრადუსამდე კუთხით დახრილ სიბრტყეზე მათ ერთმანეთზე დაწყობას და მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში 300 კილოგრამამდე დატვირთვას;

დ) კონტეინერი უნდა დამზადდეს მაღალი მდგრადობის ალუმინის ფურცლებისაგან, სპეციალური პრესის მეშვეობით და მისი კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მანიპულაციის/დაზიანების გარეშე მის შიდა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას;

ე) კონტეინერის კუთხეები და გვერდითა ზედაპირები უნდა იყოს მომრგვალებული. სახურავი უნდა იხსნებოდეს გარეთა მხრიდან. კონტეინერის შიდა ზედაპირები უნდა იყოს პოლირებული, რათა მასში ფულის ჩაწყობისა და ამოლაგების დროს ხახუნსა და წინააღმდეგობას არ ჰქონდეს ადგილი. გამოყენებული მოქლონვის დროს მისი თავის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მმ-ს ხოლო სახურავის უსაფრთხო მექანიზმზე 5 მმ-ს;

ვ) კონტეინერის სახურავის ასახდელი მექანიზმი დახურულ მდგომარეობაში დაცული უნდა იყოს მანიპულაციისაგან. სახურავის ახდის კუთხე უნდა შეადგენდეს 100 გრადუსს. კონტეინერის სახურავის გარეთა კიდე უნდა იყოს მოღუნული და გადაფარვით მთლიანად ეხურებოდეს კონტეინერის გვერდით ზედაპირებს;

ზ) სახურავის მჭიდროდ დახურვის მიზნით კონტეინერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზინის ჩანართებით. მას უნდა გააჩნდეს ორი გვერდითი და ერთი წინა მხარეს სახელური, რომლებიც ზამბარის დაჭიმულობის მეშვეობით მიბჯენილი იქნება კონტეინერის კედლებზე, თითოეული მათგანი უნდა უძლებდეს 35 კილოგრამამდე წონას;

თ) კონტეინერს გვერდითა ზედაპირებზე ერთ ზოლად უნდა ჰქონდეს მცირე ზომის საჰაერო ნახვრეტები. წინა მხარეს უნდა გააჩნდეს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისეთი ფორმის მყარი საკეტი, რომლებიც ზამბარის მეშვეობით უზრუნველყოფენ სახურავის ავტომატურ დაკეტვას. საკეტს უნდა ჰქონდეს ლუქის ჩამოსაკიდი 8 მმ დიამეტრის ნახვრეტი;

ი) კონტეინერს, წინა გვერდით ნაწილზე უნდა ჰქონდეს 165X60 მმ ზომის საინფორმაციო ბარათის ჩასადები, დარტყმაგამძლე მასალისაგან დამზადებული, გამჭვირვალე ჯიბე. აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილი კონტეინერის სახურავის დახურვისას უნდა დაიფაროს ნაწილობრივ, ისე რომ შეუძლებელი იყოს საინფორმაციო ბარათის ამოღება/ჩადება. ამ შემთხვევაში მისი ზომა უნდა იყოს 130X60 მმ;

კ) კონტეინერის წინა მხარეს, სახელურის ქვევით მითითებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ სიმაღლის ნომერი, რომლის პირველი ორი სიმბოლო ბანკის ორნიშნა კოდია, ხოლო დანარჩენი ციფრები ასახავს კონტეინერის რიგით ნომერს;

ლ) კონტეინერი უნდა გადიოდეს შემდეგი ტიპის გამოცდებს: კონტეინერის სახურავი, ძირი და ყველა გვერდი უნდა უძლებდეს 1 მეტრი სიმაღლიდან ფოლადის 32 მმ დიამეტრის და 7 კილოგრამის წონის ცილინდრის დაცემას, კონტეინერის 2.5 მეტრი სიმაღლიდან 35-კილოგრამიანი შიგთავსით ვარდნის შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს საკეტებისა და ლუქების მთლიანობა.

3. კონტეინერებში ნაღდი ფულის განთავსება ხორციელდება ვალუტების, ბანკნოტების/მონეტების, ნომინალების და მოდიფიკაციის (მხოლოდ ბანკნოტების შემთხვევაში) მიხედვით. კონტეინერებში შესაძლებელია განთავსებული იყოს როგორც სრული ისე არასრული კონები/პაკეტები.

4.კონტეინერებში განთავსებული ბანკნოტების თითოეული ნომინალის მიხედვით კონების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კონას, გარდა 200 ლარის ნომინალისა, რომლის რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 8 კონას.

5. კონტეინერებში განთავსებული მონეტების პაკეტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: 1 თეთრი – 12 პაკეტს, 2 თეთრი – 12 პაკეტს, 5 თეთრი – 14 პაკეტს, 10 თეთრი – 11 პაკეტს, 20 თეთრი – 8 პაკეტს, 50 თეთრი – 8 პაკეტს, 1 ლარი – 8 პაკეტს, 2 ლარი – 8 პაკეტს და 10 ლარი – 6 პაკეტს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 8. ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის ეტიკეტის მახასიათებლები 
1. კონტეინერს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, ზომით 165X58მმ, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

ა) ბანკის დასახელება;

ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (დასალუქი საშუალების ნომერი);

გ) ვალუტა;

დ) ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით);

ე) თანხა;

ვ) კატეგორია;

ზ) თარიღი;

თ) შტრიხკოდი (მათ შორის შტრიხკოდის სიმბოლოები);

2. ეტიკეტზე დატანილი ტექსტის ფონტი უნდა იყოს ,,Sylfaen“, ზომა - 11, სტილი - ,,Normal“.

3. კონტეინერის ეტიკეტი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილი მოიცავს ეტიკეტის ზედა კიდიდან 35მმ;

ბ) ბანკის დასახელების ველი უნდა განთავსდეს ეტიკეტის ცენტრში, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილიდან 4მმ დაშორებით;

გ) ველები (გარდა „ბანკის დასახელება“) უნდა განთავსდეს მარცხენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით;

დ) შტრიხ-კოდი უნდა განთავსდეს ვერტიკალურად, კონტეინერის თავსახურის დაფარვის ადგილსა და ქვედა კიდეს შორის ცენტრში, მარჯვენა კიდიდან 3.75 მმ დაშორებით;

ე) ველი „თარიღი“ უნდა განთავსდეს ქვედა კიდიდან 7.88მმ დაშორებით;

ვ) ველი „უკატეგორიო“ - ველი „თარიღი“-დან 7.88მმ დაშორებით;

ზ) ველი „კატეგორია“ - ველი „უკატეგორიო“-დან 5.25მმ დაშორებით;

თ) თანხის რაოდენობის ველი - ველი „კატეგორია“-დან 7.88მმ დაშორებით;

ი) ველი „თანხა“ - თანხის რაოდენობის ველიდან 5.25მმ დაშორებით;

კ) ნომინალის დასახელების ველი - ველი „თანხა“-დან 7.88მმ დაშორებით;

ლ) ველი „ნომინალი“ - ნომინალის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით;

მ) ვალუტის დასახელების ველი - ველი „ნომინალი“-დან 7.88მმ დაშორებით;

ნ) ველი „ვალუტა“ - ვალუტის დასახელების ველიდან 5.25მმ დაშორებით;

ო) კონტეინერის/ლუქის ნომრის ველი, ფონტის სტილი: Bold - ველი „ვალუტა“ -დან 11.88მმ დაშორებით;

პ) ველი „კონტეინერის/ლუქის ნომერი“ - კონტეინერის/ლუქის ნომრის ველიდან 6.63მმ დაშორებით;

4. კონტეინერის ეტიკეტის შტრიხკოდი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სტანდარტი: CODE 128;

ბ) სიგანე 9.25მმ;

გ) ფონტის ზომა: 9;

დ) ფონტის სტილი: Bold.

5.კონტეინერის ეტიკეტის შტრიხკოდის სტუქტურის აღწერილობა:

საწყისი პოზიცია

სიგრძე

აღწერა

ტიპი

 

1

1

ხელმოწერა

C

ყოველთვის - 7

2

2

ბანკის ორნიშნა IBAN კოდი

 

ბანკის კოდი

4

2

ფილიალის კოდი

BB

Base32-ში გადაყვანალი რიცხვი 0-დან 1023-მდე

6

1

ვალუტა/ბანკნოტი-მონეტა

 

პუნქტი 11

7

1

ნომინალი

 

პუნქტი 12

8

5

რაოდენობა

BBBBB

base32-ში გადაყვანალი რიცხვი

13

1

კატეგორია

 

base32-ში გადაყვანალი კატეგორიის ნომერი - 0

14

1

ემისიის ვერსია

C

ემისიის ვერსია. 2015 წლამდე დაბეჭდილი ლარების ვერსია=0

15

მაქს.10

კონტეინერის ნომერი

CCCCCCCCCC

მხოლოდ ლათინური დიდი ასოები და ციფრები

X

1

საკონტროლო ციფრი

C

პუნქტი 13

6. ვალუტა/ბანკნოტი-მონეტა

ვალუტა

ბანკნოტი/მონეტა

კოდი

GEL

ბანკნოტი

G

GEL

მონეტა

g

USD

ბანკნოტი

U

USD

მონეტა

u

GBP

ბანკნოტი

B

GBP

მონეტა

b

EUR

ბანკნოტი

E

EUR

მონეტა

e

7. ნომინალი

ნომინალი

კოდი

1

1

2

2

5

5

10

A

20

B

50

C

25

Q

100

D

200

E

500

F

8. საკონტროლო ციფრის დადგენა ხდება 2 ეტაპად:

ა) შტრიხკოდის ათობით კოდში გადაყვანა;

ბ) ჰეშირების ალგორითმით საკონტროლო ციფრის გამოთვლა (Verhoeff-ის ალგორითმით).

9.დაგენერირებული შტრიხ-კოდის ათობით სტრიქონში გადაყვანა ხდება შტრიხ-კოდის თითოეული სიმბოლოს ASCII კოდის შესაბამისი რიცხვის ტექსტური ეკვივალენტის ერთმანეთის გვერდით მიწერა.


+
მუხლი 9.  ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის შეტანა
1. ეროვნული ბანკის მიერ ბანკისაგან ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით, სადაც განთავსებული უნდა იყოს ამ წესით ფორმირებული ბანკნოტები და მონეტები.

2. ბანკისაგან მისაღები ნაღდ ფულიანი კონტეინერების გამჭვირვალე ჯიბეში განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი, შემდეგი მონაცემებით:

ა) ბანკის დასახლება;

ბ) კონტეინერის ლუქის ნომერი (ბანკის ორნიშნა IBAN კოდი და არაუმეტეს რვა ციფრი);

გ) ვალუტა;

დ) ნომინალი (მოდიფიკაციის მიხედვით);

ე) თანხა;

ვ) სახეობა (ბანკნოტი/მონეტა);

ზ) კატეგორია;

თ) თარიღი;

ი) შტრიხკოდი.

3. ბანკი ნაღდი ფულის შეტანის მიზნით, თანხის შეტანის დღის არაუგვიანეს 10:30 საათისა „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განაცხადის ნომერს;

ბ) თარიღს;

გ) თანხის შეტანის სავარაუდო დროს;

დ)  ბანკის დასახელებას;

ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;

ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;

თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ი) კონტეინერის ლუქის ნომერს;

კ) ვალუტას;

ლ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით);

მ) თანხას;

ნ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).

4. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ნაღდი ფულის მართვის სისტემაში (შემდგომში – საკასო მოდული) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს:

ა) კონტეინერებში ნომინალების მიხედვით განთავსებული კონების/პაკეტების რაოდენობის შემოწმებას, შეუსაბამობის შემთხვევაში კი კომენტარის ველში შესაბამისი მითითების გაკეთებას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის ცვლილებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში მიმღები საკასო ცენტრის ცვლილებას.

5. განაცხადის სისწორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში – ავტორიზაცია ხორციელდება ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება.

6. ბანკს უფლება აქვს, განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.

7. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის ავტორიზაციის შემდგომ „განაცხადების რეგისტრაციის სისტემა“ ავტომატურად ახდენს დაშვების და განგაშის პაროლების გენერირებას. პაროლების უფლებამოსილ პირზე გადაცემა ხორციელდება ისე, რომ გამოირიცხოს მისი სხვა პირისათვის წვდომა.

8. ბანკის უფლებამოსილი პირების და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ხორციელდება მხოლოდ ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ დაშვების პაროლის გაცხადების შემდგომ, ხოლო განგაშის პაროლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე სახის საფრთხე ნაღდი ფულისა და ფასეულობის დაცულობასთან დაკავშირებით.

9. დაშვების სწორი პაროლის გაცხადების შემდგომ, ეროვნულ ბანკში დაცვის სამსახური ახდენს ბანკის ინკასატორებისა და საინკასაციო მანქანების იდენტიფიცირებას და მომსახურების სალაროსთან მისვლის მიზნით მათზე სპეციალური ბარათის გადაცემას, რის შემდგომაც ბანკის თანხის შემოტანაზე უფლებამოსილი პირები კონტეინერებს ათავსებენ სპეციალურად გამოყოფილ ურიკებში.

10. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და ურიკებში განთავსებული კონტეინერების მიღებას ბანკის უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. კონტეინერების მიღება მოიცავს:

ა) კონტეინერისა და ლუქის მთლიანობის შემოწმებას;

ბ) შტრიხკოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის საკასო მოდულში აღრიცხვას, მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით;

გ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან;

დ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას.

11. საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ, პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას, რის შემდეგაც ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით.

12. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები.

13. განაცხადის მონაცემებისა და ფაქტობრივად მიღებული კონტეინერების შესაბამისობის შემთხვევაში, ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, მიღებული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე ასახვა საკასო მოდულში ხორციელდება ავტომატურად.

14. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა შემოტანაზე უფლებამოსილ პირს.

15. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერების მიღებისას დარღვეულია ლუქისა და კონტეინერის სიმრთელე ან საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ, დაფიქსირდა შეუსაბამობა (ლუქის ნომერი, ეტიკეტზე არსებული მონაცემები):

ა) კონტეინერის ეტიკეტის და განაცხადის მონაცემების შეუსაბამობა ან ლუქის ნომრის შეუსაბამობა ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან ან განაცხადთან კონტეინერების რაოდენობების შეუსაბამობა (ზედმეტობა ან დანაკლისი) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და შეუსაბამო კონტეინერის  ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება;

ბ) კონტეინერის მთლიანობის ან ლუქის ნომრის  დაზიანება, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონულ განაცხადში შეუსაბამობის მონიშვნა, მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და დაწუნებული კონტეინერის ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება;

გ) ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციის, დაბრუნებული კონტეინერის და სხვა მონაცემების ურთიერთშედარება და შეუსაბამობის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება;

დ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება როგორც ბანკის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული, ისე ფაქტობრივად მიღებული და დაწუნებული კონტეინერების მონაცემები, ასევე მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები;

ე) ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ, საკასო მოდული ავტომატურად ახდენს  ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და განაცხადის ბანკში გაგზავნას;

ვ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს.

16. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა განაცხადით დადგენილ დროს ნაღდი ფულის შემოტანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას.

17. ბანკის მიერ შემოტანილი ეროვნული და უცხოური ვალუტა საკონტროლოდ გადაითვლება თანხის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა.

18. გადათვლის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობის და/ან დანაკლისის შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება ბანკს. ზედმეტობის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ან/და დანაკლისის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

19. გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული უცხოური ვალუტის შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება გადათვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო შემოტანილი მოძველებული ფულის ნიშანი უბრუნდება ბანკს.

20. გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ეგზავნება ბანკს. ექსპერტიზის შედეგები ბანკს ეცნობება არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღისა.

21. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა, ასევე ყალბი უცხოური ვალუტა არ ანაზღაურდება და შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნების საკითხი რეგულირდება საკასო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 10. ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაუქმებული ან გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანა
1. ბანკი მკაცრის აღრიცხვის ფორმების ეროვნულ ბანკში შეტანის მიზნით, შეტანის დღის არა უგვიანეს 10:30 საათისა, „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განაცხადის ნომერს;

ბ) თარიღს;

გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის სავარაუდო დროს;

დ) ბანკის დასახელებას;

ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;

ვ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;

თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ი) დოკუმენტის დასახელებას;

კ) სერიას;

ლ) საწყის და საბოლოო ნომერს;

მ) რაოდენობას.

2. ბანკის მიერ განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, საკასო მოდულში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში – ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება.

3. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.

4. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეტანის მიზნით, ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

5. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადათვლას და ფაქტობრივად წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების საფუძველზე საკასო მოდულში შემდეგი ინფორმაციის შეყვანას:

ა) დოკუმენტის დასახელება;

ბ) სერია;

გ) ნომერი.

6. საკასო მოდულში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს შეტანილი ინფორმაციის დადასტურებას, რის შემდგომაც პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას და თუ პროგრამის მიერ დაფიქსირდა შესაბამისობა:

ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მონაცემების საბოლოო პროგრამულ დადასტურებას;

ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით;

გ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF” ფორმატის „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის და შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები;

დ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოტანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლად, რომელიც გადაეცემა შემოტანაზე უფლებამოსილ პირს.

7. იმ შემთხვევაში, თუ საკასო მოდულში მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ დაფიქსირდა შეუსაბამობა (მკაცრი აღრიცხვის ფორმების დასახელება, სერია, ნომერი და რაოდენობა):

ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ელექტრონული განაცხადის დაწუნება, კომენტარის ველში შეუსაბამობის აღნიშვნა, მონაცემების საბოლოო დადასტურება და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბანკის უფლებამოსილ პირზე დაბრუნება;

ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოახდინოს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ინფორმაციისა და დაბრუნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მონაცემების ურთიერთშედარება და აღნიშნულის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.

8. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ საკასო მოდული ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას  და მის ამობეჭდვას ერთ ეგზემპლარად.

9. განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს.

10. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განაცხადით დადგენილ დროს შეტანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 11. ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის გატანა
1. ეროვნული ბანკის მიერ ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა, მისი საკასო მომსახურების ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში, ხორციელდება დალუქული კონტეინერების მეშვეობით.

2. ბანკი, ნაღდი ფულის გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს ვალუტების მიხედვით „ნაღდი ფულის გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განაცხადის ნომერს;

ბ) თარიღს;

გ) თანხის გატანის სავარაუდო დროს;

დ) ბანკის დასახელებას;

ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;

ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;

თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ი) ვალუტას;

კ) ნომინალს (მოდიფიკაციის მიხედვით);

ლ) თანხას (სრული კონების/პაკეტების გათვალისწინებით);

მ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა).

3. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ საკასო მოდულში ხორციელდება განაცხადის დამუშავება, რაც მოიცავს:

ა) შემოწმებას, შედგება თუ არა მოთხოვნილი თანხა ნომინალების მიხედვით სრული კონებისაგან/პაკეტებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ველში შესაბამისი მითითების შეტანას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნომინალების (მოდიფიკაციის მიხედვით) ჭრილში ცვლილებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში საკასო ცენტრში შესვლის დროის ცვლილებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში გამცემი საკასო ცენტრის ცვლილებას.

4. განაცხადის სისწორის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს განაცხადის იმავდროულ ავტორიზაციას, ხოლო ცვლილების შემთხვევაში – ავტორიზაცია ხორციელდება ბანკის მიერ შესაბამისი ცვლილების პროგრამული დასტურის შემდგომ, რის შემდგომაც საკასო მოდული, საკორესპონდენტო ანგარიშიდან საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის გადატანის მიზნით, აგენერირებს საგადახდო დავალებას. ბანკის მიერ  ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება.

5. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.

6. ეროვნულ ბანკს შეუძლია განაცხადის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის გამო განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე საკასო მომსახურების ანგარიშზე არ მოხდა შესაბამისი თანხის ჩარიცხვა.

7. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება ნაღდი ფულის გატანის მიზნით ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

8. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და კონტეინერების გაცემას, რაც მოიცავს:

ა) შტრიხკოდის წამკითხველის მეშვეობით კონტეინერის საკასო მოდულში აღრიცხვას მასზე არსებული ეტიკეტის მიხედვით;

ბ) კონტეინერის ლუქის ნომრის შედარებას, ეტიკეტზე არსებულ და წამკითხველის ეკრანზე გამოტანილ მონაცემებთან;

გ) პროგრამაში კონტეინერების სრულად აღრიცხვის დადასტურებას.

9. საკასო მოდულში კონტეინერების სრულად აღრიცხვის შემდგომ პროგრამა ახდენს აღრიცხული და ბანკის მიერ რეგისტრირებული განაცხადის მონაცემების შედარებას და შესაბამისობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მონაცემების საბოლოო პროგრამული დადასტურება და ბანკის უფლებამოსილ პირზე კონტეინერების გადაცემა.

10. ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების, მიღებული კონტეინერების ეტიკეტზე არსებული მონაცემების და ლუქის მონაცემების ურთიერთშედარებას და ელექტრონული ხელმოწერით კონტეინერების მიღების დადასტურებას.

11. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF” ფორმატის „ბანკის მიერ ნაღდი ფულის გატანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები.

12. ბანკის მიერ გატანილი ნაღდი ფულის შესაბამისი თანხის საკასო მომსახურების ანგარიშიდან ჩამოჭრა ხორციელდება ავტომატურად.

13. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ ნაღდი ფულის გატანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა გატანაზე უფლებამოსილ პირს.

14. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა ნაღდი ფულის განაცხადით დადგენილ დროს გატანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას, რის საფუძველზეც შესაბამისი თანხა საკასო მოდულის მიერ ჩაირიცხება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 12. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა
1. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა ბანკის მიერ ამ მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ფორმების ღირებულების) ჩარიცხვის საფუძველზე.

2. ბანკი, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით, წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე „განაცხადების რეგისტრაციის სისტემაში“ ახდენს დასახელებების მიხედვით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის შესახებ განაცხადის“ რეგისტრაციას. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განაცხადის ნომერს;

ბ) თარიღს;

გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის სავარაუდო დროს;

დ) ბანკის დასახელებას;

ე) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;

ვ) გატანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ზ) საინკასაციო მანქანის ტიპს, ფერს და ნომერს;

თ) ინკასატორის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ი) დოკუმენტის დასახელებას;

კ) რაოდენობას.

3. განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, საკასო მოდულში ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება განაცხადის იმავდროული ავტორიზაცია, ხოლო განაცხადში მკაცრი აღრიცხვის ფორმების რაოდენობის და/ან საკასო ცენტრში შემოსვლის დროის და/ან საკასო ცენტრის ცვლილების შემთხვევაში – ბანკის მიერ პროგრამული დასტურის შემდგომ. ბანკის მიერ ცვლილების დაუდასტურებლობის შემთხვევაში განაცხადი უქმდება.

4. ბანკს უფლება აქვს განაცხადში მითითებული საინკასაციო მანქანისა და ინკასატორის მონაცემების ცვლილება მოახდინოს განაცხადის ავტორიზაციის შემდგომაც, ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი, თუ ბანკის მიერ არ განხორციელდა განაცხადის რეგისტრაციის დღის 16:20 საათამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმების ღირებულების შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა.

6. ბანკის უფლებამოსილი პირებისა და საინკასაციო მანქანების ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე დაშვება მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის მიზნით ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

7. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის დასახელების შემდგომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს საკასო მოდულში განაცხადის მოძიებას, პირის იდენტიფიცირებას და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, რაც მოიცავს საკასო მოდულში შემდეგი მონაცემების შეყვანას:

ა) დოკუმენტის დასახელება;

ბ) სერია (არსებობის შემთხვევაში);

გ) ნომერი.

8. ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს შეყვანილი ინფორმაციის პროგრამულ დადასტურებას, რის შემდგომაც პროგრამის მიერ ავტომატურად ხორციელდება შეყვანილი და ბანკის განაცხადით მოთხოვნილი მონაცემების ურთიერთშედარება და თუ პროგრამის მიერ დაფიქსირდა შესაბამისობა:

ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემას ბანკის უფლებამოსილ პირზე;

ბ) ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემებისა და მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ურთიერთშედარებას და ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.

9. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემდგომ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ხელმოწერის შესრულების დადასტურებას.

10. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების შემდგომ, პროგრამა ავტომატურად ქმნის „PDF“ ფორმატის „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის“ განაცხადს, რომელზეც ავტომატურად დაიტანება მონაცემთა ბაზაში არსებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირისა და გატანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერები.

11. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ბეჭდავს „ბანკის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანის“ განაცხადს ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა გატანაზე უფლებამოსილ პირს.

12. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ არ მოხდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანა, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, არაუგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებისა, ახდენს აღნიშნული განაცხადის გაუქმებას და შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვას.

13. გადმორიცხული თანხის მის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნება ხდება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 13. ბანკის მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის მიზნით ეროვნულ ბანკში შეტანა და ფულის ნიშნების ეროვნული ბანკიდან გაცემა
1. ბანკის მიერ კლიენტის შეტანილ ფულში ან ინკასირებულ ნაღდ ფულიან ჩანთებში გამოვლენილი საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენა ვერ ხერხდება ბანკის მიერ) ექსპერტიზის მიზნით მიღება ხორციელდება თანხმლებ ცნობასთან ერთად.

2. საეჭვო ფულის მიღების მიზნით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ბანკის უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, მიღებული საეჭვო ფულისა და წარმოდგენილი ცნობის მონაცემების ურთიერთშედარებას და მათ საფუძველზე საკასო მოდულში „საეჭვო ფულის ნიშნების მიღების შესახებ“ ცნობის შევსებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) თარიღს;

ბ) ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დასახელებას;

გ) ბანკის დასახელებას;

დ) შეტანაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ე) ვალუტას;

ვ) სახეობას (ბანკნოტი/მონეტა);

ზ) ნომინალს;

თ) რაოდენობას;

ი) თანხას (მონეტების შემთხვევაში);

კ) სერიასა და ნომერს;

ლ) ემისიის წელს;

მ) ბანკის კლიენტის სახელს, გვარს და პირად ნომერს (მისი არსებობის შემთხვევაში);

ნ) ბანკის მიერ გამოვლენის თარიღს.

3. საკასო მოდულში ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი მონაცემების სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.

4. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ საკასო მოდული ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის განაცხადზე დატანას და მის 2 ეგზემპლარად ამობეჭდვას.

5. განაცხადის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე რჩება ეროვნულ ბანკში.

6. წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების და თანდართული დოკუმენტების მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, საკასო მოდულში მონაცემების ასახვა ხორციელდება ფაქტობრივად წარმოდგენილი საეჭვო ფულის ნიშნების მიხედვით.

7. ბანკს ექსპერტიზის შედეგები ეგზავნება შესაბამისი ცნობის სახით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი:

ა) ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა ხორციელდება ექსპერტიზიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;

ბ) ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება ბანკს;

გ) ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება ბანკს.

8. ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური ან გადასახდელად უვარგისი ეროვნული, ასევე შემოტანილი უცხოური ვალუტის გადათვლის შედეგად გამოვლენილი მოძველებული ფულის ნიშნების გაცემა ხორციელდება ბანკის ერთჯერადი წერილობითი მინდობილობის (დანართი №4) საფუძველზე, რომელიც ივსება ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი ექსპერტიზის ცნობისა ან/და უცხოური ვალუტის გადათვლის შესახებ დოკუმენტის მიხედვით.

9. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საკასო მოდულში „ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაცემული ფულის ნიშნების შესახებ“ ცნობაში შემდეგი მონაცემების შეყვანას:

ა) ბანკის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ) გასაცემი ფულის ნიშნები.

10. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი, საკასო მოდულში გასაცემი ფულის ნიშნების სრულად აღრიცხვის შემდგომ, ბანკის უფლებამოსილ პირს გადასცემს ფულის ნიშნებს „საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად, რომელიც ახდენს მიღებული ფულის ნიშნებისა და ელექტრონულ ხელმოწერის დაფაზე გამოტანილი ცნობის მონაცემების ურთიერთშედარებას და სისწორის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას.

11. ბანკის უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერის პროგრამული დადასტურების შემდგომ, საკასო მოდულში ავტომატურად ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ცნობაზე დატანას და მის ამობეჭდვას ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა ბანკის უფლებამოსილ პირს. 

12. ბანკის მიერ გამოვლენილი გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნების ეროვნულ ბანკში შეტანა და ექსპერტიზის შედეგად მისი გადასახდელად ვარგისად დადგენის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხორციელდება ამავე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 14. ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდების გატანა
1. ეროვნული ბანკის მიერ CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურების შემდგომ ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში SWIFT შეტყობინება ეროვნულ ბანკს გაეგზავნება არაუგვიანეს იმავე დღეს, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში – 34 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ბანკი SWIFT შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით ეროვნული ბანკის სალაროდან მიიღებს ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო საბანკო დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის ვადაში, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) – ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან 35-ე კალენდარულ დღეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების შემთხვევაში ეროვნული ბანკის სალაროდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ზოდები ბანკზე შესაძლებელია გაიცეს განსხვავებულ ვადებში.

3. ზოდების გატანისას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი შესაბამისი ზოდის მიღებაზე ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის შემდგომ ახდენს მის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და SWIFT შეტყობინებით მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ავსებს სათანადო გასავლის ორდერს, ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და შესაბამის ზოდებთან ერთად ხელმოსაწერად გადასცემს ბანკის წარმომადგენელს.

4. ბანკის წარმომადგენელი ზოდის შემოწმებას ახდენს ვიზუალურად, შეფუთვასა და ზოდზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით (შეფუთვის დაუზიანებლად), მიღებას ადასტურებს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერით და გასავლის ორდერის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარე-ოპერატორს.

5. ბანკის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ზოდის თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან მათი სინჯისა და წონის შესაბამისობის ლაბორატორიული შემოწმება, თუ ასეთი უფლებამოსილება ბანკის მიერ მინიჭებული აქვს SWIFT შეტყობინებით. ამ შემთხვევაში შემოწმება ხორციელდება ბანკის წარმომადგენლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (შემოწმებისას ხდება შეფუთვის გახსნა/დაზიანება).

6. ეროვნულ ბანკში ბანკის წარმომადგენლისათვის ზოდის გადაცემისას რაიმე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუსაბამო ზოდი დაუყოვნებლივ შეიცვლება შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზოდით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდა ზოდის შემოწმება ადგილზე, პრეტენზიები რაიმე შეუსაბამობის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება.

8. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა SWIFT შეტყობინებაში ან/და ზოდის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მოთხოვნილი ზოდის გაცემაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 15. ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება
1. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების დამთავრების შემდგომ, ნაღდი ფული და სხვა ფასეულობა შემოსავალ-გასავლის საბუთებთან, ცნობებთან, აქტებთან, რეესტრთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად ბარდება შესაბამის პასუხისმგებელ პირებს.

2. პასუხისმგებელი პირები, წარმოდგენილი დოკუმენტების საბუღალტრო მონაცემებთან შედარების და ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამისობის შემოწმების შემდგომ, ადგენენ ცნობას შემოსული და გასული დოკუმენტებისა და თანხების, ასევე სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნაშთების შესახებ ვალუტების მიხედვით.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ყოველდღიური ნაშთების აღრიცხვა ბანკების მიერ წარმოებს კუპიურული წყობის უწყისში.

4. პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი ცნობები და კუპიურული წყობის უწყისი ინახება სალაროს დღიურ საბუთებთან ერთად.

5. სალაროში არსებულ ფულის (ფასეულობის) ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკის ხელმძღვანელობას. სხვაობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევამდე, სალაროში გამოვლენილი ზედმეტობის ან დანაკლისის დადასტურების შემდგომ, დგება შესაბამისი აქტი, რის საფუძველზეც ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის კრედიტორებში, ხოლო დანაკლისი თანხა – ბანკის დებიტორებში, ან დაეწერება იმ პირს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.

6. სალაროს დღიური საბუთები დანართებთან ერთად (აქტები, ცნობები, უწყისი და სხვა) იკინძება საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით.

7. თუ პირველადი დოკუმენტები შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, ბანკმა უზრუნველყოს მათი შინაარსის ამსახველი (საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით) სრულყოფილი სალაროს რეესტრის შექმნა, ამობეჭდვა, საბუღალტრო მონაცემებთან შედარება და აკინძვა სალაროს სხვა მატერიალურ დღიურ საბუთებთან და დანართებთან ერთად. ამასთანავე, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით შექმნილი პირველადი დოკუმენტებისთვის გამოიყენოს არქივაციის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო შენახვასა და დაცვას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 16. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
1.  ბანკის ფული და სხვა ფასეულობა ინახება ფასეულობის საცავში, რომლის გასაღებები ინახება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.

2. ფასეულობის საცავებს უნდა ჰქონდეთ გასაღებების დუბლიკატები, რომლებიც სათანადო ნუსხის თანხლებით იდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დალუქულ პაკეტში.

3. გასაღებთა დუბლიკატების პაკეტი, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილ წერილთან ერთად, ფასეულობათა საცავში შესანახად ბარდება  ბანკის ერთ-ერთ უახლოეს ფილიალს ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ბანკს, რის შესახებაც პაკეტის ჩამბარებელს ეძლევა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შემოსავლის ბალანსგარეშე ორდერის ერთი ეგზემპლარი. გასაღებთა დუბლიკატების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი საბუთები ინახება  ბანკის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან სეიფში.

4. გასაღებთა დუბლიკატებიანი პაკეტის ჩამბარებლისათვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ბანკის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების წერილობითი და ბანკის ბეჭდით დამოწმებული მოთხოვნით. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სათადარიგო გასაღებების პაკეტის გამოტანის შემთხვევაში გამოიწერება ბალანსგარეშე გასავლის ორდერი და გამოტანის მიზეზების აღნიშვნით დგება მიღება-ჩაბარების აქტი.

5. ფული და სხვა ფასეულობა საცავში ინახება ლითონის კარადებში, სეიფებში, ურიკებში და თაროებზე.

6. დაუშვებელია საცავში არაფორმირებული ფულის შენახვა, გარდა ბანკომატებისა და ფულის მიღება-გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი ფულისა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კასეტებში, ასევე ინკასაციისთვის განკუთვნილი ან შემდგომი გადათვლის მიზნით ინკასირებული დალუქული ნაღდფულიანი ჩანთებისა (ან შენახვის სხვა საშუალებები), რაც აღირიცხება მათში არსებული თანხის მიხედვით.

7. საეჭვო ფულის ნიშნები ეროვნულ ბანკში წარდგენამდე, ინახება ცნობებთან ერთად და აღირიცხება ჟურნალში ან კომპიუტერში (დანართი №5).

8. სხვა ფასეულობა (გარდა მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა) ვიზუალური დათვალიერების შემდგომ ინახება თანმხლებ აღწერილობასთან ერთად.

9. დაუშვებელია რადიაქტიული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერებების შემცველი ფასეულობების შენახვა.

10. ცალკეულ შემთხვევებში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის, ასევე სალაროს დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია სალაროს კვანძში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ან ინკასატორების პასუხისმგებელობის ქვეშ.

11. სალაროს დღიური საბუთები ინახება 6 წლის განმავლობაში სათანადოდ დაცულ ადგილზე, შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.


+
მუხლი 17. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება
1. ბანკი ვალდებულია სისტემატურად განახორციელოს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნატურის, მათი შენახვის მდგომარეობისა და სალაროს ოპერაციების წარმოების მოულოდნელი შემოწმება.

2. შემოწმება უნდა ჩატარდეს ყველა ფასეულობის აღწერით და ისეთი თანამიმდევრობით, რომ გამოირიცხოს ფულისა და ფასეულობების დანაკლისის ან დატაცების ფაქტის მიჩქმალვა.

3. შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს ბანკის მუშაობის და კლიენტთა მომსახურების პროცესი.

4. ჩატარებული შემოწმების შესახებ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს რევიზიის პროცესში მონაწილე ყველა პირი.

5. ჩატარებული რევიზიის აქტში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: რევიზიის დღისათვის ფაქტობრივად რიცხული თანხები და სხვა ფასეულობა, მათი საბუღალტრო მონაცემებთან შესაბამისობა, რევიზიისას აღმოჩენილი ფულის ზედმეტობები და დანაკლისები (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დარღვევები და რისკების შეფასება.

6. ბანკის მიერ სალაროს შემოწმება ასევე ხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის გადაბარების დროს. ამ შემთხვევაში სხვა მონაცემების გარდა, აქტში აღინიშნება საცავის გასაღებების, დასალუქი საშუალებებისა და ბეჭდების გადაცემა.

7. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, მის სრულ დაფარვამდე, დაეწერება იმ მუშაკს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი. სალაროში გამოვლენილი ზედმეტობა ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე.

8. შემოწმების შედეგებს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განიხილავს ბანკის ხელმძღვანელობა.

9. ბანკის შემოწმებების მასალები ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №236/04 - ვებგვერდი, 08.09.2023 წ.



+

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, №1/04, 05.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016268 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3987290-2/