საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.01.2018 ბოლო ცვლილება 23.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
300010000.10.003.020360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2018 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1

1. შეიქმნას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია დანართ №1-ით განსაზღვრული შემადგენლობით.

2. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება დანართ №2-ის შესაბამისად.

+
მუხლი 2
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30  აპრილის   დადგენილება №198  – ვებგვერდი, 30.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 ოქტომბრის  დადგენილება №489  – ვებგვერდი,  16.10.2018წ.


საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

+
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

8. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.

9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

14. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი.

15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი, კომისიის მდივანი.


+
დანართი №2
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენას.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში – კოდექსი), ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები

კომისიის ფუნქციებია:

ა) ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;

ბ) რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხილვა;

დ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების, ასევე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა კოდექსის შესაბამისად;

ე) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) და თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

დ) საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათი კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები;

ე) შეარჩიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტები;

ვ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებები, ასევე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობა;

 ზ) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ასევე თვითმმართველი ერთეულების შექმნასა და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ცენტრების სახელწოდებათა შეცვლის შემთხვევებში თვითმმართველი ერთეულების და თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრების სახელდების შესახებ დასკვნის მისაღებად;

 თ) კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელების მიზნით, შეიმუშაოს თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები.

მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადება და შუამდგომლობის განხილვა

 1. თვითმმართველი ერთეულების შექმნა/გაუქმება, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

 2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მის შესაბამისობას ამ დებულებითა და კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე. შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე უარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 3. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

 4. თუ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება კოდექსის მოთხოვნებს, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, რეკომენდაცია გაუგზავნოს თვითმმართველ ერთეულს. თვითმმართველი ერთეული ვალდებულია, ხარვეზი გამოასწოროს რეკომენდაციის მიღებიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველმა ერთეულმა უნდა წარადგინოს ახალი შუამდგომლობა.

 5. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას თან ერთვის კომისიის დასკვნა.

 6. კომისია უფლებამოსილია, მოამზადოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობის დავალებისა და კომისიის წევრების ინიციატივის საფუძველზე.

 7. კომისია უფლებამოსილია, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ რამდენიმე ალტერნატიული წინადადება.

მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციის წესი

 1. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციას, კოდექსით დადგენილ შემთხვევაში, უზრუნველყოფს კომისია.

 2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაცია ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

 3. კომისია უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხის საჯარო განხილვისას დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მოსაზრებების განზოგადებასა და საქართველოს მთავრობისთვის/მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადაგზავნას კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

მუხლი 6. კომისიის ხელმძღვანელობა

 1. კომისიის თავმჯდომარე:

 ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

 ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

 გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

 2. კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.

 3. კომისიის მდივანი:

 ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

 ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე.

 4. კომისიის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის მდივნის უფლებამოსილებას მისი არყოფნისას.

მუხლი 7. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების, მათ შორის, ელექტრონული სხდომების მეშვეობით.

2. კომისიის ელექტრონული სხდომა ტარდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

3. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება კომისიის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.

6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას, კენჭისყრის შედეგად, მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევაში – კომისიის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

8. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები, ასევე სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად, სხდომაზე დასწრების გზით ან მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 ოქტომბრის  დადგენილება №489  – ვებგვერდი,  16.10.2018წ.

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №44, 29.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.020360 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4033522-2/