ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.03.2018 ძალადაკარგული 25.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.113.016344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 7 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
+



დანართი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული  თანასწორობის საბჭოს დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს  წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

2.  საბჭო  თავის  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს   კონსტიტუციის,  საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის  დამტკიცების შესახებ“  დადგენილებით, ამ დებულებისა და სხვა   სამართლებრივი   აქტების  შესაბამისად.

3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

4. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება  საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.


+
მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და  უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და  ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია  და მონიტორინგი;

ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად  წინადადებების  შემუშავება;

დ) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება საჭიროების შემთხვევაში და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

ე) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების შეფასება გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და   დაგეგმვა;

თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების    მომზადება;

ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც  დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების  შემუშავება;

ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და  წელიწადში ერთხელ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსათვის  წარდგენა;

მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ნ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი  წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის   საბჭოს.

2.  საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;

ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო  და  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, დამოუკიდებელი  ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.   


+
მუხლი 3. საბჭოს  სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის   მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2. „საბჭოს“ თავჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.

5. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.


+
მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 2 თვეში ერთხელ მაინც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს   საქმიანობას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას  ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. საბჭოს სხდომებში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მონაწილეობის მიუღებლობა გამოიწვევს საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან გარიცხვას.

4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.

5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის  ხმა.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

8.საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს, ასევე ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების  შესახებ აცნობონ საბჭოს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.


+
მუხლი 4​1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლები
1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ინფორმაციის გაცვლისა და ღია დიალოგის უზრუნველსაყოფად, ვალდებულია აუდიტორიისა და გარემოს შესაბამისად, შეარჩიოს საუბრის ენა, ტონი, სტილი და ფორმატი.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, განურჩევლად გამოხატვის ფორმისა და ადგილისა, ვალდებულია კორექტული და თავაზიანი იყოს იმ პირთა  მიმართ,  რომლებიც  მას  მიმართავენ საბჭოს საქმიანობის ფარგლებში. დაუშვებელია პირადი შეხედულებების საბჭოს მანდატისათვის მიუღებელი აგრესიული და არატოლერანტული, სიძულვილის ენით გამოხატვა.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივისცემით  ეპყრობა საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს  მოქალაქეებს,  განურჩევლად  რასისა,  ენისა,  სქესისა,  რელიგიისა, პოლიტიკური  და  სხვა  შეხედულებებისა,  ეროვნულ-ეთნიკური  და  სოციალური  კუთვნილებისა,  წარმოშობისა,  ქონებრივი  და  წოდებრივი  მდგომარეობისა  და  საცხოვრებელი  ადგილისა. არ უშვებს დისკრიმინაციას რასის, სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის მიმართ.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ჰომოფობიური განცხადებებისაგან. გენდერული საბჭო მხარს უჭერს პროფესიონალიზმს და კომპეტენციას.

5. გენდერული თანასწორობის საბჭო ხელს უწყობს საერთაშორისო და ეროვნული კანონების დამკვიდრებას, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით, გენდერულ თანასწორობას, ადამიანთა მდგრად განვითარებას, სიღარიბის დაძლევას და სოციალურ სამართლიანობას. ამასთან ერთად, პატივს სცემს უფლებებს და ღირსებას ყველა ადამიანის მიმართ.

6. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ცდილობს, თავიდან აირიდოს საბჭოს წევრისათვის შეუფერებელი საქციელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.


+
მუხლი 4​2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ქცევისა და ეთიკის ნორმები
1.გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივს სცემს საბჭოს სხვა წევრების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით  საბჭოს სხვა წევრის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს, პირველ რიგში, განიხილავს უშუალოდ ამ წევრთან.

3.გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას გენდერული თანასწორობის საბჭოს ავტორიტეტი, საზოგადოებრივი  ინტერესები და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის წესები.

4.გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია არ დაუშვას  საბჭოს სხვა წევრთა შეურაცხყოფა  და  უპატივცემულობა  მათი  განსხვავებული  პოზიციის  გამო.

5.გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას, ასევე, ჯგუფის ინტერესებს აყენებს პირად ინტერესებზე მაღლა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.


+
მუხლი 4​3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევისათვის
1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მიერ 4​​​1 და 4​​​2 მუხლების დარღვევის შემთხვევებზე, საბჭოს თავმჯდომარის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ინიციატივის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შემოსული წერილობითი მომართვის საფუძველზე, საბჭოს შემადგენლობა ყველა დაინტერესებულ პირთან დიალოგის შემდგომ მსჯელობს ამავე საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და საბჭოს დამსწრე წევრთა წერილობითი დასაბუთებული მოსაზრების საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს იმ წევრის მიერ, რომელიც ამავდროულად არის საკრებულოს/მერიის თანამდებობის პირი, საბჭოს წევრის მიერ ამ წესის 4​1 მუხლით გათვალისწინებული ეთიკური საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და გასცემს რეკომენდაციას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

3. გენდერული თანასწორობის საბჭო 4​​​1 და 4​​​2 მუხლებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის საკითხს განიხილავს დაუყოვნებლივ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.


+
მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის  ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 07.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016344 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4094123-1/